div#header

Wednesday, October 8, 2008

მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია რუსული ფულით

მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის, ბრაიან ადამსის თბილისში გამართული კონცერტი იმ კომპანიამ დააფინანსა, რომელშიც რუსული ინვესტიციაა ჩადებული. მომღერალს პრეზიდენტიც შეხვდა და შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას მომღერლის მიერ გორში სკოლის აშენების გადაწყვეტილების შესახებ თავად აცნობა. რუსული ფულით საქველმოქმედო კონცერტები გაიმართა ცხინვალსა და სოხუმშიც. ამ ქალაქებში საქართველოზე გამარჯვებას ზეიმობდნენ.

ნანა კვაჭაძე/ ბათუმელები

რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა ცნობილი კომპოზიტორი, ვალერი გერგიევი ცხინვალში ჩავიდა და 50-წუთიანი კონცერტი გამართა. მან თავის კომენტარში ხაზი გაუსვა, `რომ არა დიდი რუსეთის ძალისხმევა, ტრაგედია უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევდა~. ეს 22 აგვისტოს იყო. 15 სექტემბერს კი, სოხუმში რუსეთის `დუმის~ დეპუტატმა და მომღერალმა, იოსიფ კობზონმა აკადემიურ ანსამბლთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი გამართა და საბჭოეთის გამარჯვების სიმბოლო _ `დენ პაბედი~ შეასრულა.
ერთი სიტყვით, საქართველოზე გამარჯვება საქართველოს დე-ფაქტო რესპუბლიკებში რუსული ფულით იზეიმეს.

გამარჯვების სიმღერები ამ დღეებში არც თბილისს მოკლებია. მუსიკალურ პროპაგანდას საქართველო არ ჩამორჩა და ჯერ ქართველი ესტრადის ვარსკვლავებმა გაუმართეს გრანდიოზული კონცერტი ევროპელ პრეზიდენტებს და ამ ომს სახელდახელოდ სიმღერებიც მიუძღვნეს; 19 სექტემბერს კი, თბილისში, რიყეზე მსოფლიო პოპ-ვარსკვლავმა, ბრაიან ადამსმა ჩაატარა უფასო კონცერტი სახელწოდებით: `მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია.

სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე მომღერალმა განაცხადა, რომ მშვიდობის მოყვარული ადამიანია, ამიტომაც იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციაში. კონცერტის დაწყებამდე კანადელ მომღერალს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბრაიან ადამსი გორში დაზარალებულებისათვის სკოლას ააშენებს.

ბრაიან ადამსის კონცერტის სპონსორი კომპანია `მადნეული~ იყო. რამდენადაც ცნობილია, ამ კომპანიაში რუსული ინვესტიციაა ჩადებული. `მადნეული~ 2005 წელს რუსული `პრომიშლენნიე ინვესტორის~ შვილობილმა კომპანიამ შეიძინა. გამოდის, რომ კანადელი პოპ-ვარსკვლავის საქართველოს მხარდამჭერი კონცერტი რუსული კაპიტალით ჩატარდა.

მაშინ, როცა რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, რამდენად მისაღებია, რომ რუსული კაპიტალის მქონე კომპანიამ თბილისში, თუნდაც ისეთი ვარსკვლავის კონცერტი დააფინანსა, როგორიც ბრაიან ადამსია, ამის შესახებ ”ბათუმელებს” კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ესაუბრა:
_ ქალბატონო თეო, თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს თუ არა ხალხს პროტესტის გრძნობა, როცა რუსეთთან საბრძოლო მოქმედებების ფონზე საქართველოში ასეთი სახელწოდების კონცერტი რუსული ფულით ტარდება?
_ საკამათო და უხერხულია დღემდე გაგრძელებული აგრესიული პოლიტიკის ფონზე რუსული ფულით ისარგებლო. თუმცა, პროტესტი ქართულ საზოგადოებას მაშინ უნდა გამოეთქვა, როდესაც სტრატეგიულ ობიექტებსა თუ მსხვილ საწარმოებს რუსული კომპანიები იძენდნენ.
_ ამ კონცერტს წინ უძღოდა გერგიევის კონცერტი ცხივნალში და კობზონის კონცერტი სოხუმში. გამოდის, რომ საქართველოს სამივე ქალაქში `გამარჯვების~ აღსანიშნავი კონცერტები რუსული ფულით გაიმართა. ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით?
_ მუსიკალური პროპაგანდა საქართველოში დიდი ხანია რუსული ფულის გარეშეც მიმდინარეობს; მხედველობაში მაქვს პატრინოტის კონკურსები და მილიტარისტული ხასიათის კლიპები. ვერ გეტყვით, რომ ამ კლიპებმა მიგვიყვანა საბოლოოდ ომამდე, თუმცა, საამისო განწყობა არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ მოსახლეობის დიდ ნაწილშიც რომ არსებობდა, ფაქტია. მე საერთოს ვერ ვხედავ ბრაიან ადამსისა და კობზონის კონცერტებს შორის. თუ მართლა გვინდა საბოლოოდ ჩამოვშორდეთ რუსეთის გავლენების სფეროს, პოლიტიკური რიტორიკა და ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს. აქ საერთო ეკონომიკური სტრატეგიაა უფრო მნიშვნელოვანი და არა კონკრეტული კომპანიის მიერ დაფინანსებული კონცერტი, მით უმეტეს, თუ მას სამშვიდობო ხასიათი აქვს.
_პოსტ-საბჭოთა სივრცეში, კონკრეტულად რუსეთსა და საქართველოში რამდენად ხშირად იყენებდნენ კულტურულ პროპაგანდას და თქვენი აზრით, რამდენად არის ამის ნიშნები ახლა?
_ საბჭოური მენტალიტეტი, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად არ აღმოფხვრილა. როგორც ხელისუფლება იყენებს მის მეთოდებს, ისე ვერც კულტურის მოღვაწეები თავისუფლდებიან იდეოლოგიის ნებაყოფლობითი სამსახურისგან. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი დირექტივა ყოველთვის არ არსებობს, მაგრამ არჩევანი, ძირითადად, იმის სასარგებლოდ კეთდება, რაც მოწონებული იქნება.

მაგალითად მოვიყვან ყველაზე თვალნათელ, რელიგიურ საკითხს _ მართალია, ხელისუფლება რელიგიური სიმბოლიკითა და ეკლესიით ხშირად სპეკულირებს, მაგრამ, საბედნიეროდ, მართლმადიდებლური პროპაგანდის გატარება ხელოვნების ამა თუ იმ ნაწარმოებში არ არის `სავალდებულო~. თუმცა როგორია სურათი? ჩემთვის ნაცნობ სფეროს მოვიშველიებ _ უკანასკნელ ხანებში ასობით დოკუმენტური ფილმია გადაღებული, რომელიც ეკლესიის ნანგრევებს, ხატების გადასვენებას, რაიმე დღესასწაულს თუ რიტუალს და ა.შ. გვიჩვენებს თხრობითი ნარატივის დონეზე. მაშინ, როდესაც გამიჭირდება, თუნდაც ორი-სამი ფილმის გახსენება, ვთქვათ, აფხაზეთიდან თუ ცხინვალიდან 90-იან წლებში დევნილებზე, სოციალურ პრობლემებზე, საქართველოს არამართლმადიდებელი თუ არაქართული მოსახლეობის შესახებ და ა.შ.

რუსეთიც, რა თქმა უნდა, იყენებს კულტურულ პროპაგანდას და თანაც ბოლო ათწლეულის რუსულ კულტურაზე ძალზე ფრაგმენტული წარმოდგენის მიუხედავად, გავბედავ და გამოვთქვამ ეჭვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ინტენსიურად. კულტურულ პროპაგანდას, პრინციპში, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს, მაგრამ ტოტალიტარული რეჟიმის გამოცდილება, სამწუხაროდ, დიდხანს განსაზღვრავს მისი დოზირების მაღალ ნიშნულს.



No comments: