div#header

Wednesday, October 8, 2008

რუსული პროდუქცია: ”არ ვაფინანსებ ომს საქართველოს წინააღმდეგ”

სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის რუსეთს მეხუთე ადგილი უკავია. ამ ქვეყნიდან შემოსულ პროდუქციას ქართული ბაზრის შვიდი პროცენტი უჭირავს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ კონტრაბანდის სახით შემოსული რუსული პროდუქციაც, რომელიც ომამდე, ძირითადად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან შემოდიოდა.
ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

სულ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში რუსეთის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების მიუხედავად, რუსულ პროდუქციაზე უარის თქმა საქართველოში არავის უფიქრია. პროტესტი მხოლოდ ერთ-ერთ ინტერნეტ პორტალზე გამოითქვა, სადაც სახელდახელოდ სლოგანიც შეიქმნა: `მე არ ვყიდულობ რუსულ პროდუქციას, არ ვაფინანსებ ომს საქართველოს წინააღმდეგ~. ამ სლოგანს მომხრეც ბევრი გამოუჩნდა და მოწინააღმდეგეც, ბევრმა რუსული პროდუქციის მიმართ პროტესტს აბსურდულიც კი უწოდა. მიზეზი: ქართული ბაზრის წილი და მისგან მიღებული მოგება რუსეთისთვის მიზერულია და რატომ უნდა ვთქვათ უარი ნაცნობი პროდუქციის შეძენაზე?
რა თქმა უნდა, რუსეთის ბიუჯეტს ქართული ბაზრის პროტესტი ვერაფერს დააკლებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როცა საქართველოს ერთი კონკრეტული მოქალაქე ასეთი ფორმით გააპროტესტებს რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას და ზუსტად ეცოდინება, რომ მის მიერ გადახდილი არც ერთი თეთრი არ იქნება საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული.
ის აზრი, რომ რუსულ ბაზარს საქართველოს მოქალაქეების პროტესტი ვერაფერს დააკლებს, საზოგადოებაში დამკვიდრებულია. ამაში დასარწმუნებლად ბათუმში, ე.წ. `ხოფის~ ბაზრობაზე გავლაც საკმარისია.

ბაზარზე რუსული პროდუქციის ნახვა ადვილია. სავაჭრო ობიექტების მფლობელების თქმით, მოთხოვნა რუსულ პროდუქციაზე დიდია, მყიდველები ხშირად სწორედ რუსული წარმოების ზეთს, შოკოლადს, საყოფაცხოვრებო ნივთებს ითხოვენ. რატომ მაინცადამაინც რუსული? `ბათუმელები~ შეეცადა ამ კითხვაზე პასუხი მყიდველებისგან მიეღო.
ზეინაბ ბოლქვაძე: `რუსული პროდუქცია ყოველთვის უკეთესია. არ მეშინია, რომ მომწამლავს. ალბათ, სხვა ქვეყნების პროდუქტიც კარგია, მაგრამ დასავლური პროდუქცია ბაზრობაზე არ არის~.

კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება რუსული პროდუქციის მიმართ ომის შემდეგ, ზეინაბ ბოლქვაძე ამბობს, რომ შეიცვალა. ის თვლის, რომ რუსეთმა თავისი სახე აჩვენა, მაგრამ რუსული წარმოების პროდუქციის მიმართ აზრი არ შეუცვლია: `არ მიფიქრია, ომი ასეთი ფორმით გამეპროტესტებინა. შეიძლება ასეც უნდა მოვიქცეთ~.
სხვა მყიდველი, თამარ ცირეკიძე ამბობს, რომ რუსულ პროდუქციას უფრო ენდობა: `მართალია, უფრო ძვირია, მაგრამ უკეთესია~. კითხვაზე, გაუსინჯავს თუ არა სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქტები, ქალბატონ თამარს პასუხის გაცემა უჭირს.
ბაზრობაზე რამდენიმე ისეთი ადამიანიც ვნახეთ, რომელიც რუსულ პროდუქციას, ძირითადად, ერთი მოტივით არ იძენს: რუსული პროდუქტი ხარისხით არ გამოირჩევა. მაკა დონდოლაძე ამბობს, რომ რუსულ შოკოლადს ყოველთვის უკრაინულს ამჯობინებს, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ახალია და ფასიც ხელმისაწვდომია. მაკას არჩევანს პოლიტიკაც განაპირობებს: `მირჩევნია უკრაინული ვიყიდო, რადგან ამ ქვეყანასთან საერთო ინტერესები გვაქვს~.

ნათია სიხარულიძეს კი ქართული პროდუქციის შეძენა ურჩევნია, თუკი ასეთი ბაზრობაზე მოიპოვება: `მინდა ქართველ მეწარმეებს შევუწყო ხელი. მიხარია, როცა ბაზრობაზე ქართულ ნაწარმს ვხედავ. სამწუხაროდ, ბათუმში არც ქართული ფქვილი შემოდის და არც სხვა პროდუქტი. არ ვიცი, ბევრს რატომ არ აწარმოებენ~.

ნათია ამბობს, რომ რუსული პროდუქცია არასოდეს შეუძენია: `ჩვენი მშობლების თაობა ფიქრობს, რომ მხოლოდ რუსული პროდუქცია შეიძლება იყოს საუკეთესო. მე კი არ მჯერა, რომ რუსული პროდუქცია სჯობს ევროპულსა და ამერიკულს~

ის აზრი, რომ რუსული პროდუქცია სჯობს სხვა დანარჩენს, საბჭოთა მითების კატეგორიას განეკუთვნება, როცა დიად საბჭოთა კავშირში ყველაზე გემრიელი ძეხვი და ნამცხვარი აუცილებლად მოსკოვში იყიდებოდა. შეიძლება ეს ოდესღაც მართლაც ასე იყო, მაგრამ დღეს, როცა ბაზარზე დიდი არჩევანია, რუსული პროდუქციის საუკეთესო ხარისხის მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თუ სჯერათ.

დღეს ქართულ ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი არ შეინიშნება. იმავე ფასის მქონე თურქული, უკრაინული და თუნდაც ევროპული პროდუქციის შეძენა ნებისმიერ ბაზრობაზეა შესაძლებელი. არჩევანი თითოეულმა მოქალაქემ თავად უნდა გააკეთოს, ეს ყოველი ადამიანის მოქალაქეობრივი პოზიციაა. მაგრამ, როცა ქართული საზოგადოება ევროპას აყვედრის, რომ მას რუსულ გაზთან შელევა უჭირს და ამიტომ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ უწესებს, იქნებ ვუპასუხოთ კითხვას, რატომ უნდა შეიქმნას ევროპამ პრობლემა რუსეთთან საქართველოს გამო, თუკი ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ვერაფრით ელევა რუსულ `კალბასსა~ და `პეჩენიას~?

ყველამ ნახა ტელესიუჟეტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან _ პატარა მაღაზიიის მფლობელმა, რიგითმა ამერიკელმა, როგორ აალაგა თავისი მაღაზიის დახლიდან რუსული არაყი, მის ნაცვლად ქართული ღვინის გაყიდვა დაიწყო და ასე შეეცადა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაპროტესტებას.

ეს ერთი, რიგითი ამერიკელის პროტესტია. ამ ადამიანმა უარი თქვა მოგებაზე, რადგან არ უნდოდა იმ ქვეყნის პროდუქცია გაეყიდა, რომელიც მოგებულ თანხას სხვა ქვეყნის ანექსიისთვის იყენებდა.

ჩვენ არ ვცხოვრობთ ამერიკაში, არც ევროპაში, ჩვენ ზუსტად იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომლის თავზე ორი თვის წინ რუსულმა თვითმფრინავებმა ჭურვები ჩამოყარეს, სოფლები დაანგრიეს და ასი ათასზე მეტი ადამიანი დევნილად აქციეს.

No comments: