div#header

Wednesday, December 3, 2008

ექსპერიმენტების თაობა - გამოცდები მეცხრე კლასში

2009 წლის გაზაფხულზე, მაისში, საქართველოს სკოლების მეცხრე კლასებში ჩატარდება ტესტირება ანუ შემოწმდება მოსწავლეების ცოდნის ხარისხი, _ ამის შესახებ ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის ტესტირების ჩატარების ინსტრუქციაში წერია.
ნათია როყვა / ბათუმელები

საჯარო სკოლებში გამოცდების გაუქმების შემდეგ, პირველად გასულ კვირას, ბათუმის ორ სკოლაში ექსპერიმენტი ჩატარდა _ მეათეკლასელებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებმა საცდელი ტესტირება ქართულსა და მათემატიკაში ჩაუტარეს.

ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის ჯგუფის კოორდინატორის, შორენა საძაგლიშვილის ინფორმაციით, ”ტესტირება, რომელიც 2009 წლის გაზაფხულზე, ყველა საჯარო სკოლაში ჩატარდება (შერჩევა პროცენტული მაჩვენებლებით რეგიონების მიხედვით მოხდება), დასკვნების გასაკეთებლადაა საჭირო: რას მიაღწიეს მოსწავლეებმა ბოლო ოთხ წელში; რა ზეგავლენა მოახდინეს ამ შედეგებზე მასწავლებლებმა და სახელმძღვანელოებმა; ზოგადად, რა ხდება განათლების სფეროში.

გასულ კვირას პილოტირებულ სკოლებში ჩატარებული საცდელი ტესტები ჰოლანდიაში საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად დამუშავდება. თუმცა, შედეგები _ რა მდგომარეობაა საქართველოს საჯარო სკოლებში, გაზაფხულზე ჩატარებული ტესტირების შემდეგ დაიდება. გასულ კვირას ჩატარებული ტესტირება არაა გადამწყვეტი იმისათვის, მოსწავლე გააგრძელებს თუ არა სწავლას სკოლაში, მომდევნო საფეხურზე”.

ბათუმში ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლის, იურისტ ასლან ჭანიძის ინფორმაციით, `ბავშვებმა როცა გაიგეს, რომ ეს მათ ნიშნებზე ზეგავლენას არ მოახდენდა, ტესტების შევსებაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ მოზარდებს მუშაობა გაუჭირდათ. მათ ტესტებზე დაახლოებით სამი საათი იმუშავეს და დაიღალნენ”.

ტესტები, რომლებიც მეოთხე საჯარო სკოლის მეათეკლასელებს დაურიგეს ამოსახსნელად, სულ 42-გვერდიანი იყო (22-ქართულში, დანარჩენი კი _ მათემატიკაში).

არიან თუ არა საქართველოში მეცხრეკლასელები მზად იმისათვის, რომ სამომავლოდ ტესტირება ჩააბარონ? მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საცდელი ტესტირება გაიარეს, ამბობენ, რომ ტესტების ამოხსნა მათემატიკაში გაუჭირდებათ.
მეათეკლასელი თამუნა დიასამიძე ტესტების სიმრავლეზე, დროის სიმცირესა და გადაღლაზე საუბრობს: `ტესტი იყო ძალიან ბევრი, სამუშაოდ კი ოთხი საათი გვქონდა. თავიდან გვითხრეს, რომ დრო განსაზღვრული არ იყო, მაგრამ ბოლოს შეგვზღუდეს. 42-გვერდიანი ტესტის შევსება ამ დროში შეუძლებელია: მათემატიკაში ორნიშნა ციფრებს ზეპირად ვიყვანდით. ბოლოს ხელის გულებსა და მერხებზე ვანგარიშობდით, თან ვცდილობდით გამომცდელებს არ დავენახეთ”.

”ქართულის გამოცდის შემდეგ გადავიღალეთ და ვეღარ ვაზროვნებდით. ვფიქრობ, მათემატიკის ტესტები რთული იყო”, _ ამბობს მარი ხოზრევანიძე. მარის აზრით, მეცხრეკლასელებს მათემატიკაში მსგავსი ტესტირების გავლა გაუჭირდებათ.
მალხაზ შაინიძეც თვლის, რომ ტესტების ამოხსნა ქართულში უფრო გაუადვილდა. თანაკლასელებისგან განსხვავებით კი, ჯაბა ქამადაძე თვლის, რომ მისთვის მათემატიკაში ტესტები მარტივი იყო და სამუშაო მხოლოდ იმიტომ ვერ დაამთავრა, რომ `დრო არ ეყო”.

სკოლაში საცდელი ტესტირების ჩატარების თაობაზე ინფორმირებული არ იყო მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი, ზოია სტურია. დირექტორსა და პედაგოგებს ტესტების გაცნობის საშუალება არ მიეცათ: `ტესტები დალუქული იყო, მაგრამ როგორც მოსწავლეებმა გვითხრეს, რთული არ იყო. უბრალოდ, ბავშვები დაიღალნენ”.

დირექტორის აზრით, სკოლებში მსგავსი ტესტების ჩატარებით სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. მართალია, კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ დირექტორი უფლებამოსილია, პედსაბჭოსთან შეთანხმებით, კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები ჩაატაროს: ”კათედრები ამუშავებენ ტესტებს და ყოველწლიურად ვატარებ ტესტირებას ექვს საგანში, მეშვიდე და მეცხრე კლასებში”.
დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელს მეცხრე კლასში ხუთბალიანი სისტემა 15-მა მეცხრეკლასელმა ვერ დაძლია, ისინი სკოლიდან წავიდნენ: ”თავად არჩიეს წასვლა, უმრავლესობამ კოლეჯებში ჩააბარა”. დირექტორის თქმით, თუ მოსწავლე ვერ სწავლობს, უმჯობესია პროფესია მეცხრე კლასის შემდეგ აირჩიოს.

ასლან ჭანიძის აზრით, თუ ტესტირების შედეგებით განისაზღვრება, გააგრძელებს თუ ვერა სწავლას მოზარდი მეათე კლასში, რეაქცია იქნება უარყოფითი, რადგან ამისთვის მზად არავინაა: `მშობლებს და მით უფრო მოზარდებს, თუ წინასწარ არ ექნებათ ინფორმაცია ამის თაობაზე, ისინი, ფაქტობრივად, დაკარგავენ მესამე საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებობას და, შესაბამისად, უმაღლესი განათლების მიღების შანსს”.

ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრმა საქართველოში, ასი საჯარო სკოლა, სახელმძღვანელოების გამოცდისა და სწავლების ახალი მეთოდების დანერგვის მიზნით, სამი წლის წინ შეარჩია. აქედან აჭარის ცხრა საჯარო სკოლა შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა: ბათუმში ორ საჯარო სკოლაში დაინერგა პილოტირებული სწავლება _ მცირეკონტიგენტიან და მაღალკონტიგენტიან სკოლებში.

საქართველოში პილოტირებული მეთოდით პირველი, მეშვიდე და მეათე კლასის მოსწავლეები სწავლობენ.

No comments: