Wednesday, December 3, 2008
მამაკაცური ღირსების ტელევიზია
ტელეკომპანია ”მაესტროს” მფლობელი ”ბათუმელებთან” აცხადებს, რომ ”ლიცენზიისა და გაჩუმების” სანაცვლოდ ხელისუფლებამ ფული შესთავაზა. გასულ კვირას კი ”მაესტრომ” ყოფილ პრემიერ-მინისტრს უარი უთხრა საკონტროლო პაკეტის მიყიდვაზე. უფრო ადრე მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ მზადაა აიღოს ფული ყველასგან, თუკი ხელისუფლება და ოპოზიცია ტელევიზიის სარედაქციო საქმიანობაში არ ჩაერევა.
ლელა დუმბაძე, ნესტან ცეცხლაძე/ ბათუმელები
ფოტზე: მამუკა ღლონტი, თამარ ჩიქოვანი
ლიცენზიის მოდიფიცირება - პოლიტიკური გადაწყვეტილება
ტელეკომპანია ”მაესტროს” უკვე შეუძლია საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემები გადასცეს - კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, რამდენიმე დღის წინ, მიიღო გადაწყვეტილება არხის ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ. ანუ, თუ აქამდე ”მაესტროს” სპეციალიზებული ლიცენზიით მხოლოდ შემეცნებით-გასართობი პროგრამების გადაცემის უფლება ჰქონდა, ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ შეუძლია საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემები მოამზადოს.
თუმცა კომისიის გადაწყვეტილებამდე პოლიტიკური შეთანხმება მოხდა: 10 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მონაწილეობით, კონსულტაციები გაიმართა `მაესტროსთვის~ ლიცენზიის მოდიფიცირებაზე და გადაწყდა, რომ ეს შესაძლებელია. საერთოდ კი, ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის გაცემისა და მოდიფიცირების საკითხი კანონით, მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებაში შედის და პარლამენტის კომპეტენციას არ განეკუთვნება.
პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ ”მაესტრომ” უარი თქვა ლიცენზიის მოდიფიცირების სამართლებრივ გზებზე და რამდენიმე თვის წინ დაწყებული სასამართლო დავა შეწყვიტა.
”მაესტროს” სასამართლოში მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას შემდეგი წინაპირობები ჰქონდა: არხმა კომისიას მიმართა ახალი ლიცენზიის ან გასართობი-შემეცნებითი ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კომისიამ მოსთხოვა დაეზუსტებინა, ახალ ლიცენზიას ითხოვდა თუ ლიცენზიის მოდიფიცირებას. ამასობაში, `მაესტრომ~ პარალელურ რეჟიმში დაიწყო პოლიტიკური პროგრამების გადაცემა, რისთვისაც მარეგულირებელმა კომისიამ სანქციები დააკისრა, რაც აღარ იძლეოდა ახალი ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობას. ”მაესტრო” სასამართლოში სანქციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ლიცენზიას თხოვდა.
სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისში იმართებოდა ე.წ. პირაკრულების აქციები - მონაწილეები არხისთვის ლიცენზიის მიცემას ითხოვდნენ.
ამავე დროს, შეიქმნა ”მაესტროს” საბჭო, რომლის შემადგენლობაში ცნობილი ჟურნალისტები: ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, თამარ ჩიქოვანი, ნინო ჟიჟილაშვილი და სხვები შევიდნენ.
დღეს, როგორც არხის მფლობელი მამუკა ღლონტი ”ბათუმელებთან” აცხადებს, მარტში სააკაშვილის ხელისუფლებამ ფული შესთავაზა ლიცენზიის და გაჩუმების სანაცვლოდ, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო. აქამდე ეს ინფორმაცია უცნობი იყო. მამუკა ღლონტი ამბობს, რომ მას ელაპარაკა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც დღესაც ხელისუფლებაშია და ვიდრე ხელისუფლებაში იქნება, მის ვინაობას არ გაამხელს: `მამაკაცი ვარ და მამაკაცური ღირსება გამაჩნია”.
”მაესტრომ” საქმე პირველ ინსტანციაში წააგო. არხის უფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, რომლის წარმომადგენლის, თამარ კორძაიას თქმით, სასამართლოს მეორე ინსტანციაში მარეგულირებელმა `მაესტროს~ მორიგება შესთავაზა პარლამენტის მიერ ზემოთ მოყვანილი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, რაზეც ”მაესტრო” დათანხმდა.
თუ რატომ აღარ ჩათვალა საჭიროდ ”მაესტროს” ხელმძღვანელობამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლის სასამართლო წესით გაგრძელება, მამუკა ღლონტი პასუხობს, რომ ეს შეიძლება წლობით გაგრძელებულიყო. ”მე ის მივიღე, რაც მეკუთვნოდა. ამიტომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. ვფიქრობ, ტელევიზიის ტრიბუნა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სასამართლო ბრძოლა”.
”მაესტროს” უკვე ყოფილი ადვოკატი ამბობს, რომ `იმ ფონზე, როცა სასამართლოში დავა უკვე მიმდინარეობდა, საკითხის ასეთი ფორმით (მორიგებით) გადაწყვეტა, საბოლოო ჯამში, დიდ დარტყმას აყენებს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადობის ნდობას. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა აჩვენა, რომ საკითხის გადაწყვეტისას პოლიტიკური ნებაა გადამწყვეტი და არა კანონიერი, სამართლებრივი გზა”.
ფული, მედია და გავლენა - საიდან დაფინანსდება ”მაესტრო”?
„ტელეწარმოება ძვირია და დიდ სახსრებს მოითხოვს“, - განაცხადა „მაესტროს“ ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა 24 ნოემბერს, გადაცემა „უცნობი კავკასიის“ ეთერში. თუ „მაესტრომ“ შეძლო ფინანსების მოზიდვა, საეთერო დროის დიდი ნაწილი დაეთმობა საინფორმაციო გამოშვებებს, რადგან, რაც დღეს საინფორმაციო სივრცეში ხდება, სრული კატასტროფაა”.
ამავე გადაცემაში ღლონტმა განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მას უკვე შესთავაზეს ფინანსური დახმარება და ის მზად არის ასეთი დახმარება მიიღოს, მხოლოდ ერთი პირობით: ისინი არ უნდა ჩაერიონ ჟურნალისტების საქმიანობაში.
ჩვენი ტელეკომპანია მზად არის დაფინანსება თვით სააკაშვილისგანაც მიიღოს, თუ სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს ანუ „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნება“.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მამუკა ღლონტი დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებებს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ზურაბ ნოღაიდელთან აწარმოებდა. თუმცა ეს საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა არხი იძულებული გახდა უარი ეთქვა ნოღაიდელის წინადადებაზე, რადგან ამ უკანასკნელმა დაფინანსების სანაცვლოდ ”მაესტროს” საკონტროლო პაკეტი მოითხოვა, რაც მას არხის გაკონტროლების საშუალებას მისცემდა.
ია ანთაძე, ”მაესტროს” სამეურვეო საბჭოს წევრი, ”ბათუმელებთან” ამბობს, რომ მამუკა ღლონტი ”თითქმის თანახმა იყო” მიეღო ფული ნოღაიდელისგან: `სამწუხაროდ, ჩვენ, საბჭოს წევრებმა, ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა, რომ უარი ეთქვა ამ ფულზე. თვითონ ნოღაიდელმა ათქმევინა უარი, როცა საკონტროლო პაკეტი მოსთხოვა”.
მისივე ინფორმაციით, როცა არხის დირექტორი ნოღაიდელთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, საბჭოს რამდენიმე წევრმა _ ია ანთაძემ, ზვიად ქორიძემ, თამარ ჩიქოვანმა და ლაშა ტუღუშმა უარი თქვეს საბჭოს წევრობაზე.
ია ანთაძის თქმით, ”მამუკამ იცის, რომ ახლა დიდი მოთხოვნაა სწორედ სიმართლეზე, რაც სხვა ტელევიზიებით იგნორირებულია. ამიტომ, მას ჰქონდა ილუზია, რომ შესაძლებელი იყო კერძო თანხების მოზიდვა სიმართლის სათქმელად. მე ვეკითხებოდი, მიშა ხვალ რომ წავიდეს, ეს ფული რას მოემსახურება-მეთქი? ამბობდა, სერიოზული შეკითხვააო, მაგრამ მაინც თავისას ცდილობდა. ახლა არ ვიცი, რას ფიქრობს”.
მამუკა ღლონტმა ”ბათუმელებთან” დააზუსტა, რომ, როცა საუბრობდა სხვადასხვა წრეებიდან დაფინანსების მიღებაზე, მას მხედველობაში ჰქონდა ”სუფთა ფული”: ”ვიცი, რომ ასეთი ფული ამ ძალებს არა აქვთ”.
”ნებისმიერი სხვა ტიპის ფული იწვევს გავლენას და ამას ვერავინ გაექცევა”, _ ამბობს ბადრი კოპლატაძე, მედიის ექსპერტი, კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის ლექტორი. - მამუკა ღლონტის ამ განცხადებას დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ ნებისმიერ ტელევიზიას თუ მედიასაშუალებას აქვს შემოსავლის რამდენიმე წყარო - სარეკლამო შემოსავლები, საკაბელოს შემთხვევაში გადასახადები და ა. შ. ამიტომ ცნება - ”ფულის ჩადება” ჩემთვის გაურკვეველია. სხვა ტიპის ფული, იწვევს გავლენას - მთავრობის თუ ოპოზიციის. არის ასევე, სხვადასხვა ტიპის ფონდები, რომლებიც მხარდაჭერის მიზნით აძლევენ გრანტებს. ეს კიდევ ფულის მოზიდვის სხვა ფორმაა”.
სწორედ საერთაშორისო ფონდებიდან დაფინანსების იმედი აქვს ია ანთაძეს: ”ყველანი დავრბივართ დონორებთან - საბჭოს ყველა წევრი. რადგან, როგორც ჩანს, მამუკა მაინცდამაინც, უცხოურ ფულს არ ეძებს. თქვა, მე არ ვიცი, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თქვენ დამეხმარეთო. მე მზად ვარ, ცოტა ხანს კიდევ ვცადო უცხოური ფულის მოზიდვა ამ ტელევიზიისთვის. თუმცა, გული ნამდვილად მთელი აღარ მაქვს. ბოლო შანსია და არ მინდა, ასე ადვილად შეველიო. თუ მაესტრო დაფინანსდება საერთაშორისო ფონდების მიერ, მე ვითანამშრომლებ ამ კომპანიასთან. თუ დაფინანსდება კერძო პირების მიერ, არ ვითანამშრომლებ. დანარჩენი მამუკას გადასაწყვეტია”.
”მაესტრო”, ჯერჯერობით, თბილისში მაუწყებლობს. ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, მას შეუძლია საზოგადოებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები შესთავაზოს. რადგან ტელევიზიას ფული არა აქვს, ჟურნალისტები, ჯერჯერობით, უხელფასოდ იმუშავებენ, აცხადებს არხის მფლობელი.
Labels:
მედია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment