ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
„ინკლუზიურ სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები ყველაზე ეფექტური გზაა დისკრიმინაციული დამოკიდებულების დაძლევისთვის. კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის, ინკლუზიური საზოგადოების შენებისა და განათლების საყოველთაო მიზნების მისაღწევად~
სალამანკას დეკლარაცია UNESCO 1994
ნესტან ცეცხლაძე/სთეფ ფორვარდი
ერთ-ერთი ბავშვის დედამ, რომელსაც შვილი ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ინტეგრირებულ კლასში დაჰყავდა, იმის გამო, რომ სკოლა მისი საცხოვრებელი სახლიდან შორს იყო, გადაწყვიტა ბავშვი ახლოს მდებარე სკოლაში გადაეყვანა. ახლა კი იძულებულია ბავშვი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, ისევ ინტეგრირებულ კლასში დააბრუნოს.
ერთ-ერთი ბავშვის დედამ, რომელსაც შვილი ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ინტეგრირებულ კლასში დაჰყავდა, იმის გამო, რომ სკოლა მისი საცხოვრებელი სახლიდან შორს იყო, გადაწყვიტა ბავშვი ახლოს მდებარე სკოლაში გადაეყვანა. ახლა კი იძულებულია ბავშვი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, ისევ ინტეგრირებულ კლასში დააბრუნოს.
2015 წლისთვის ყველა ბავშვს, მიუხედავად მისი საგანმანათლებლო საჭიროებისა, უნდა ჰქონდეს საშუალება ისწავლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საცხოვრებელ ადგილთან ახლოს - ეს UNESCO-ს პროგრამის "განათლება ყველასათვის“ ერთ-ერთი მიზანია. სპეციალურ საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების პოლიტიკის დაგეგმვისას, ქვეყნებმა ამ პროგრამით უნდა იხელმძღვანელონ.
საცხოვრებელ ადგილთან ახლოს სწავლა ერთადერთი არაა, რასაც იუნესკო ქვეყნებს მიზნად უსახავს. ასეთ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა:
• მიიღოს ცოდნა მრავალფეროვანი, მოქნილი, აკადემიური და სოციალურ უნარებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით;
• ჩაერთოს განათლების უწყვეტ პროცესში, სკოლამდელი განათლებიდან სახელობო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ჩათვლით;
• სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს სკოლისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში;
• იყოს თანასწორუფლებიანი მოსწავლე და მაქსიმალურად განავითაროს საკუთარი პოტენციალი.
დღეისათვის საქართველოში განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილი სწავლობს საჯარო სკოლებში, თანატოლებთან ერთად. მათი უმრავლესობა სპეციალიზებულ სკოლებში იღებს განათლებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბავშვების იზოლაციას. ბავშვების ნაწილი კი საერთოდ არ სწავლობს სკოლაში. არსებობს ასევე საპილოტე პროგრამები _ თბილისის 10 სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტი, ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში კი _ ინტეგრირებული ჯგუფი.
ინკლუზიური სწავლება არის მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის მისი შესაძლებლობებისა და უნარების შესაბამისი განათლების ხელმისაწვდომობას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში.
ბათუმის მე-6 სკოლაში არსებული ინტეგრირებული ჯგუფი წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს ინკლუზიური სწავლებისკენ _ სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვები სწავლობენ ერთ სკოლაში, თუმცა სხვადასხვა კლასებში. „ინტეგრირებული ჯგუფიდან ჩვეულებრივ კლასებში ექვსი ბავშვი უკვე გადავიყვანეთ; დანარჩენზე, ჯერჯერობით, ვერ გავბედეთ, რადგან ტრავმებისგან თავი დავიზღვიეთ. ამასთან მშობლებსა და პედაგოგების მხრიდანაც იყო პრობლემები“, _ ამბობს ინტეგრირებული ჯგუფის კოორდინატორი ციალა ტუღუში.
ტუღუშის თქმით, მშობლებთან დაკავშირებული პრობლემები შემდეგში გამოიხატება: იმ მშობლებს, რომელთა ბავშვებსაც არა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები, არ სურთ, მათი შვილები განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების ბავშვებთან ერთად სწავლობდნენ: „მათი პირველი არგუმენტი იყო: არ მინდა „ინვალიდთან“ სწავლობდეს. მშობლები ფიქრობდნენ, რომ სწავლების ხარისხის მათ შვილებზე უარყოფით გავლენას მოახდენდა, მათ ბავშვებს დისკომფორტს შეუქმნიდა“.
ინკლუზიური განათლებისადმი საზოგადოების განწყობა-დამოკიდებულების კვლევა 2007 წელს განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტისა და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ჩაატარა. კველევის მიხედვით, ზემოთ მოყვანილი განწყობა არა მხოლოდ მშობლებს, არამედ მასწავლებლებსაც აქვთ.
"ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე მასწავლებლების აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ინკლუზიური განათლების პირობებში შესაძლებელია უსინათლო და სმენადაქვეითებული ბავშვების საჯარო სკოლებში სწავლება. ეს მათ წარმოუდგენლად, პირველ რიგში, იმიტომ მიაჩნიათ, რომ არ იციან, როგორ უნდა ასწავლონ ასეთ ბავშვებს", _ აღნიშნულია ამ კვლევაში, რომლის დასკვნის მიხედვით, ინკლუზიური განათლებისადმი უარყოფითი განწყობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არაინფორმირებულობაა.
ამ კვლევასა და ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასევე იუსაიდთან და გაეროს ბავშვთა ფონდ „გადავარჩნოთ ბავშვები“ თანამშრომლობით, განათლების სამინისტრომ დაამტკიცა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2011 წლებისთვის.
„ეს ინიციატივა ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ნამდვილად ასახავს ყველა დაინტერესებული პირის მოტივაციისა და საჭიროებების ოპტიმალურ შეთანხმებას, ხოლო სახელმწიფო წარმოადგენს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე ორიენტირებულ სუბიექტს. შესაბამისად, მსგავსი პრაქტიკის გავრცელება მხოლოდ ხელს შეუწყობს შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოში“, _ აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის 2008 წლის ანგარიშში.
ამ სტრატეგიამ საქართველოში „განათლება ყველასათვის“ წინაპირობები უნდა შექმნას, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის თანაბარი განათლების მიღებას ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2009 წლიდან დაიწყება სსსმ ბავშვთა იდენტიფიკაციისა და მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტებისა და სისტემის დანერგვა.
დღეისათვის საქართველოში არ არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა მონაცემთა ბაზა. მაგალითად, ორგანიზაცია „სტეფ ფორვარდის“ მონაცემებით, აჭარაში 116-ი სმენის პრობლემების მქონე ბავშია, მონაცემები ზუსტდება. გარდა ამისა, სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ერთიანი ბაზა არ არსებობს, როგორც აჭარაში, ასევე მთლიანად ქვეყანაში.
სსსმ ბავშვთა იდენტიფიკაციის გარდა სტრატეგიის პრიორიტებებია:
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების ეროვნული მოდელის შემუშავება;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების რეგულაციები და სახელმძღვანელო წესები;
• ინკლუზიური განათლების ეროვნული მოდელის დანერგვა;
• საუნივერსიტეტო განათლება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;
• სპეციალიზებულ სკოლებში სწავლების ხარისხი;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა ადრეული განათლება;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სახელობო განათლება.
კომენტარი
ინკლუზიური საზოგადოება
მაია მგელიაშვილითბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სოციალური მუშაკი
ინკლუზიური საზოგადოება ისეთი საზოგადოებაა, სადაც მის ყველა წევრს მიცემული აქვს თანაბარი თანაარსებობისა და თანაცხოვრების საშუალება; სადაც გარემო და საზოგადოება იმგვარად არის მოწყობილი, რომ თითოეულ ინდივიდს შეუძლია ინტერესების დაკმაყოფილება: ინდივიდი კი არ უნდა მოერგოს საზოგადოებას, არამედ საზოგადოებას გააჩნია ისეთი მექანიზმები და საშუალებები, რომ ყოველას საჭიროება დაკმაყოფილდეს შესაბამისად.
ინკლუზიური საზოგადოება ისეთი საზოგადოებაა, სადაც მის ყველა წევრს მიცემული აქვს თანაბარი თანაარსებობისა და თანაცხოვრების საშუალება; სადაც გარემო და საზოგადოება იმგვარად არის მოწყობილი, რომ თითოეულ ინდივიდს შეუძლია ინტერესების დაკმაყოფილება: ინდივიდი კი არ უნდა მოერგოს საზოგადოებას, არამედ საზოგადოებას გააჩნია ისეთი მექანიზმები და საშუალებები, რომ ყოველას საჭიროება დაკმაყოფილდეს შესაბამისად.
ქვეყნებისთვის ინკლუზიური საზოგადოება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო საშუალება, სახელმწიფოს ხედვიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ხდება სტერეოტიპების დაძლევა და განსხვავებულის დანგრევა. საზოგადოებას ერთგვარად ეშინია განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირების. ეს სტიგმაა. თუკი სახელმწიფო გააკეთებს იმას, რომ სტერეოტიპებისგან გაათავისუფლებს საზოგადოების დიდ ნაწილს, ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?
ინკლუზიური განათლებისადმი არაკეთილგანწყობილი საზოგადოება
იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
ამ ტიპის განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, ჩემთვის გასაკვირი იმიტომ არ არის, რომ მთელი საბჭოთა პერიოდი და შემდეგაც, დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადეობაში არ გვიცხოვრია. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, არ გვიცხოვრია ეგრეთ წოდებულ, ინკლუზიურ საზოგადოებაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ ასეთი განწყობა _ არ მინდა ჩემმა შვილმა ისწავლოს მათთან ერთად და ასე შემდეგ, ადამიანების კულტურის განმსაზღვრელი ინდიკატორიცაა.
ისევე როგორც კულტურის ნებისმიერ ასპექტს, ამასაც სჭირდება აღზრდა. კულტურის ფენომენი გენეტიკურად არ მოგვეცემა. ლიბერალური ღირებულებები მას შემდეგ გაქვს, როცა ვიღაცა გასწავლის. სწავლების სხვადასხვა ფორმა არსებობს _ ტრენინგები, გადამზადება. ამასაც სწავლება სჭირდება.ამაზე აპელაცია მედიის და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტების მხრიდან მუდმივად უნდა ხდებოდეს. ამაზე მუდმივად უნდა იყოს საუბრები მასწავლებლებთან; მედიაში უნდა იყოს სტატიები, გადაცემები, სარეკლამო რგოლები, რომ ეს კულტურა და ინკლუზიური ცნობიერება ჩამოგვიყალიბდეს. ადამიანი, რომელიც იმ პირობებსა და იდეოლოგიაში გაიზარდა, რომ ისინი საზოგადოებისგან იზოლირებულად უნდა იყვნენ, ამისგან უცებ გადართვა რთულია. მე ეს ძალიან კარგად მესმის. ამას სჭირდება გეგმაზომიერი ზემოქმედებმა. საზოგადოებამ რაღაცა, რაც უწინ გასაკვირი იყო, ისწავლა და ამასაც ისწავლის. მაგალითად, ინფიცირებულების მიმართ ხომ შეიცვალა დამოკიდებულება? მანამდე, როგორც კეთროვანებს ისე უყურებდნენ, მაგრამ ახლა ინფიცირებულები აღარ განიხილებიან ისეთ ადამიანებად, რომლებიც რაღაც გეტოში უნდა ჩასვა.
No comments:
Post a Comment