div#header

Wednesday, December 10, 2008

მედიის მდგომარეობა საქართველოში

"საქართველოში მედია ნახევრად თავისუფალია, სომხეთში _ არ არის თავისუფალი" - გვითხრა ერთ-ერთმა ამერიკელმა მედიაექსპერტმა ქართველ და სომეხ ჟურნალისტებს სამი წლის წინ, ვაშინგტონში ყოფნისას. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ქართული მედიის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა.

ეთერ თურაძე/ბათუმელები

მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაციამ _ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, გამოაქვეყნა „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი 2008“. ამ ინდექსით საქართველომ, გასულ წელთან შედარებით, 54 საფეხურით გაიუარესა პოზიცია. ახალ რეიტინგში, სადაც 173 ქვეყანაა შესული, საქართველოს 120-ე ადგილი უკავია. 2007 წლის რეიტინგში საქართველოს 66-ე ადგილი ეკავა.

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის დადებით დასკვნებს ყოველთვის ფართოდ ახმოვანებს, `რეპორტიორებს~ არ ეთანხმება. პარლამენტარი გოკა გაბაშვილი: „გაზეთების შინაარსი, უმეტესედ, კრიტიკულია, ინტერნეტმედიაც კრიტიკულია, შესაძლოა, პოლიტიკური ტელეგადაცემების დეფიციტი არსებობს, მაგრამ ვერ დაასახელებთ ფაქტს, რომ ოპოზიციის მიერ მედიისთვის შეთავაზებული მნიშვნელოვანი თემა არ გაშუქებულიყოს“.

კომერციულ არხებზე პოლიტიკური დებატები რომ არ გადის, გოკა გაბაშვილსაც აწუხებს, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ასე ამბობს.

ახლა კი იმაზე, რომელი ტელევიზია ვის ეკუთვნის. სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მოხსენებაში, რომელშიც 50 გვერდი სიტყვის თავისუფლებას ეხება, წერია: "სახელისუფლებო არხების _ `რუსთავი-2~-ისა და `მზის“ საწესდებო კაპიტალის წილის 55 პროცენტს ფლობს კორპორაცია `გეომედია გრუპი~. 2007 წლის 10 იანვარს `გეომედია გრუპი“ დარეგისტრირდა მარშალის კუნძულებზე. საწარმოს იურიდიული მისამართია მარშალის კუნძულები, მაჯურო, აჯელთეიქის კუნძული, აჯელთეიქის ქუჩა, MH 96960. ანუ ორ წამყვან სატელევიზიო სადგურში დომინანტური მდგომარეობის მქონე მეწილე ოფშორული კორპორაციაა, რომლის დამფუძნებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია. ოფშორულ ზონებში მოქმედი სამართლის ნორმები არ უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას".

`მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 61-ე მუხლით კი, რომლის მიზანი ხალხის ინფორმირების მაქსიმალური ხელმისაწვდომობაა, კერძო ტელევიზიები ვალდებული არიან, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინონ კომპანიის პარტნიორების, აქციათა არანაკლებ 5 პროცენტის მფლობელებისა და დირექტორების თაობაზე ინფორმაცია. სუბარს კი კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს: "რუსთავი-2" და "მზე“ ორი წლის განმავლობაში თავს არიდებდნენ მათი მფლობელების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას".

"რუსთავის-2"-ის, `მზისა“ და "პირველი სტერეოს“ 45 პროცენტის მფლობელი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელი, პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილია.

სახალხო დამცველისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ამ კომპანიების ყოფილმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა, რომ "რუსთავი-2~-ის წილის 78 პროცენტის მისთვის უცნობი პირისათვის გადაცემა თვით მიხეილ სააკაშვილმა აიძულა. ხალვაშის თქმით, აღნიშნული ტელეკომპანია, ისევე როგორც `მზისა“ და `პირველი სტერეოს“ საწედებო კაპიტალის წილები, მან პრეზიდენტის თხოვნითვე შეიძინა.

ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო გადაწყვეტილებაში ერეოდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პრეზიდენტის მაშინდელი ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი არველაძე და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე, გიგა ბოკერია.

სოზარ სუბარის თქმით, ლიცენზია აქვს არარსებულ ტელეკომპანია `მეცხრე არხს“. 2005 წლის 25 იანვარს კომუნიკაციების კომისიამ ამ კომპანიაზე გასცა მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის ლიცენზია #1444. რაც ასევე უკანონობაა.

"რუსთავი-2~-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ `მეცხრე არხის“ საწესდებო კაპიტალის 100 პროცენტი წილის მფლობელიც "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი, ირაკლი ჩიქოვანია.
აგვისტოს ომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა `დემოკრატიის ახალ ტალღაზე~ ისაუბრა. ახალი ტალღის ფონზე პრეზიდენტმა თქვა, რომ ოპოზიციას „მეორე არხს“ „ჩუქნის“. ანუ იმ არხს, რომელიც ხალხის საკუთრებაა და, შესაბამისად, ვერც ვერავინ გააჩუქებს და ვერც იჩუქებს. ეს არხი მთელი ქვეყნის მასშტაბით არ მაუწყებლობს, თუმცა, ოპოზიციას ამ ტელევიზიის საჩუქრად მიღებაზე უარი არ უთქვამს.

რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას, ის აჭარის ხელისუფლების საქვეუწყებო დაწესებულებაა. რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობა, ეს არხი თავისი სტატუსით მაუწყებლის კანონში საერთოდ არ ჯდება. მოკლედ, აჭარის ტელევიზია უკანონოდ მუშაობს და ყოველწლიურად ხალხის ფულს _ რამდენიმე მილიონს, ასევე უკანონოდ ხარჯავს, მაგრამ მარეგულირებელ კომისიას ამ ტელევიზიისთვის ლიცენზიის თუნდაც შეჩერებაზე არასდროს უმსჯელია.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House კი აცხადებს: "საქართველოში მედია ექვემდებარება უსამართლო და გაუმჭვირვალე სალიცენზიო რეგულირებას".

No comments: