div#header

Wednesday, December 10, 2008

სახალხო დამცველმა ჯილდოზე უარი თქვა

{ნათია როყვა/ბათუმელები}
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებების სფეროში გაწეული ღვაწლის გამო, „დამსახურების ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია უნდა გამართულიყო 4 დეკემბერს, აუშვიც-ბირკენაუს სიკვდილის ყოფილ ბანაკში.
3 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წერილით მიმართა პოლონეთის პრეზიდენტს და უარი განაცხადა ამ ჯილდოს მიღებაზე. სოზარ სუბარმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის მხარემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რათა მას თანხმობა მიეცა საქართველოს სახალხო დამცველისთვის „ოქროს ჯვრის“ მინიჭებაზე.

სახალხო დამცველის პოლონეთის პრეზიდენტისადმი მიმართვაში ნათქვამია: „მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია იმ ადამიანების დაცვა, რომელთა უფლებებიც სახელმწიფოს მიერ იქნა შელახული. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ამ დარღვევებს სისტემური ხასიათი აქვს და ამის უმთავრესი მიზეზი ადამიანის უფლებების დაცვისათვის პოლიტიკური ნების არარსებობაა მთლიანად ხელისუფლების და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ეს არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს მოხსენებებში.
ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა ამ ჯილდოს მიღება და ამას აღვიქვამდი საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერად და იმ ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატულებად, ვისი უფლებებიც ირღვევა საქართველოში. მაგრამ, მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ჯილდოს ჩემთვის მონიჭების საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა, ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია, უარი განვაცხადო ამ პრემიაზე“ .

No comments: