div#header

Wednesday, December 10, 2008

სოზარ სუბარი: რატომ ღირს, იყო ომბუდსმენი საქართველოში

სოზარ სუბარი

სპეციალურად “გაზეთ ბათუმელებისთვის”

სახალხო დამცველი ანუ როგორც მსოფლიოში უწოდებენ _ ომბუდსმენი, შვედური სიტყვაა და წარმოშობითაც შვედური ინსტიტუტია. დღეს ეს ინსტიტუტი სხვადასხვა ფორმითა და სახელით მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს და დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნები ლამის სავალდებულოდ მიიჩნევენ, რომ ომბუდსმენი ჰყავდეთ. თუმცა, 50 წლის წინ მის შესახებ იშვიათად თუ ვინმეს სმენოდა, ისიც, ძირითადად, სკანდინავიაში.

არადა, პირველი ომბუდსმენი თითქმის სამასი წლის წინ გაჩნდა და ის სულაც არ იყო დემოკრატიის პირმშო: შვედეთის მეფემ, მას შემდეგ, რაც რუსეთთან ომი წააგო, გადაწყვიტა, მოკავშირე შორეულ თურქეთში მოეძებნა და ხანგრძლივი მოგზაურობისთვის მოემზადა. დაბრუნებამდე კი, იმისათვის, რომ ჩინოვნიკებს ხალხი არ გაემწარებინათ, სპეციალურად შექმნა ომბუდსმენის თანამდებობა, რომელსაც ხალხი მოხელეთა თვითნებობისა და უკანონობისგან უნდა დაეცვა. ომბუდსმენად კი თავისი ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნა.

ამგვარად, ომბუდსმენი ფორმალურად მეფის მეგობარი იყო _ კაცი, ვისაც მეფე ენდობოდა, არსით კი _ ხალხის მეგობარი _ ვინც ხალხს ჩინოვნიკთა თვითნებობისგან იცავდა. შესაბამისად, ეს ძალზე საპასუხისმგებლო საქმეც იყო და სასიამოვნოც _ რა ჯობია, იყო მეფის მეგობარი და აკეთო კეთილი საქმეები, დაიცვა ადამიანები, ხალხსაც ასიამოვნო და მეფესაც...

მაგრამ თუ მეფეს არ უნდა, რომ ქვეყანა კანონებით მართოს? ესეც არ არის პრობლემა _ ომბუდსმენს არათუ არაფერს ჰკითხავს, სულაც მოხსნის, ინსტიტუტსაც გააუქმებს და მეტსაც იზამს _ იმას იზამს, რაც მოეპრიანება _ მეფეა და იმიტომ.

მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი მეფობს და არა მეფე. შესაბამისად, ომბუდსმენიც კანონს ემორჩილება და არა ქვეყნის მმართველთა ნებას. და როცა მმართველები თავად არღვევენ კანონს, მაშინ ცხადი ხდება, რომ ხალხის დაცვა სულაც არაა ისეთი ადვილი საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. პასუხისმგებლობა ათმაგდება, სიამოვნების ნაცვლად კი უძილო ღამეები და მუდმივი ფიქრი იწყება _ ფიქრი იმაზე, თუ სად გადის ზღვარი, რასაც ომბუდსმენმა არ უნდა გადააბიჯოს!

2004 წლის 16 სექტემბერს, როცა პარლამენტში მირჩევდნენ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი პრობლემის გადალახვა მომიხდებოდა; რომ ადამიანის უფლებების შელახვა სისტემურ ხასიათს მიიღებდა; რომ კანონის აბუჩად აგდება ცხოვრების წესად იქცეოდა; და, რაც მთავარია, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანები, რომლებიც მანამდე კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობდნენ, თავად იქცეოდნენ მთავარ დამრღვევებად. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა, მაგრამ მაინც მიჭირდა ამის დაჯერება.

პარლამენტში არჩევის დღეს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა მკითხა _ თუ შეძლებ მეგობრებთან დაპირისპირებას, თუკი ისინი დაარღვევენ ადამიანის უფლებებსო. ვუპასუხე, ძნელია, მაგრამ შევძლებ, რადგან სხვანაირად, უბრალოდ, ვერ მოვიქცევი-მეთქი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალი მტყუანად უნდა გამომეყვანა, რასაც მართლა ვერ შევძლებდი. ასე რომ, არჩევანი, უბრალოდ, არ მქონდა. თუმცა, ამდენ უსამართლობას მაინც არ ველოდი.

დიდხანს მეგონა, რომ ეს დარღვევები გამონაკლისი იყო და არა სისტემა. დიდხანს მეგონა, რომ დიალოგით, ყოველდღიური მუშაობით უსამართლობის შეჩერებას შევძლებდი. მით უმეტეს, რომ თავიდანვე სერიოზული შედეგები გვქონდა: პოლიციის მონიტორინგმა ის შედეგი გამოიღო, რომ პოლიციაში ყოველდღიურმა ცემა-ტყეპამ იკლო, ფსიქიატრიული საავადმყოფოების მონიტორინგის შედეგად იქ მდგომარეობა გაუმჯობესდა, ჩვენ მიერ აღმოჩენილ დარღვევებს კი ბევრი თანამდებობის პირი შეეწირა _ ზოგი თანამდებობიდან გათავისუფლდა და ზოგიც პასუხისგებაში მიეცა. თითქოს რაღაც იმედები არსებობდა.
თანაც, სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ფაქტობრივად, თავიდან იყო შესაქმნელი. ახალ გამოწვევებს ახლებური მუშაობა სჭირდებოდა. გამოცდილებასაც გზადაგზა ვიძენდით _ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ვერავისგან ვისწავლიდით. შვედეთის ომბუდსმენის ინსტიტუტი წელიწადში 4-5 მონიტორინგს აწყობს პოლიციაში, ესპანეთისა _ თითქმის ორჯერ მეტს, ჩვენ კი მხოლოდ 2005 წელს 2000-მდე მონიტორინგი ჩავატარეთ. თანაც, არც დღე ვიცოდით, არც ღამე, არც დასვენების დღეები...

სახიფათო ტენდენციები პირველივე დღეებში გაჩნდა. ჩემი არჩევიდან ორ კვირაში სოფელ კეხვთან, ცხინვალის რეგიონში, ქართულმა პოლიციამ რუსეთიდან შემოსული საქართველოს 300-მდე მოქალაქე გააჩერა და მათ უკან, რუსეთში გაბრუნება მოსთხოვა. მშიერ-მწყურვალი ხალხი, ყოველგვარი ჰიგიენის გარეშე, რამდენიმე დღე ავტობუსებში ათევდა ღამეს. მათ შორის იყვნენ ღრმად მოხუცებიც, ავადმყოფებიც, იყო წლინახევრის ბავშვიც. რუსეთში მათი გაძევების მოთხოვნა უკანონობაც იყო _ ამას საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს და შეუძლებელიც _ რუსეთი არ შეუშვებდა ამ ხალხს თავის საზღვარზე. მათთან ჟურნალისტებსაც არ უშვებდნენ _ დიდი ლიახვის ხეობაში შესასვლელი გზა პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. შესაბამისად, ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

ამ ამბის შესახებ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ შემატყობინა, რომელიც იქ იყო. ჩემს ჩასვლამდე მას პოლიციელებმა ცეცხლიც კი გაუხსნეს. მაშინვე გავეშურე კეხვისკენ, მაგრამ პოლიციამ გზა მეც გადამიკეტა. არანაირი არგუმენტი და კანონის მოშველიება მათზე არ ჭრიდა. მაშინ მძღოლს ვუთხარი, პირდაპირ გადასულიყო ციცაბო ფერდობზე _ თუ დავიღუპებით, დავიღუპოთ-მეთქი. ამის შემდეგ პოლიციელებმა სადღაც დარეკეს და გზა მოგვცეს. ჟურნალისტებიც თან მახლდნენ _ მთხოვეს და წავიყოლე.

მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან ხანგრძლივმა საუბარმა და კამათმა შედეგი არ გამოიღო. პრემიერ-მინისტრმა ჩემს ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ საჯაროდ განვაცხადე, სანამ ეს ხალხი აქ არის, მეც მათთან ვიქნები-მეთქი და პირველი ღამე მართლაც ქუჩაში გავათენე.

მეორე დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გამოაგზავნა ჟურნალისტი, რომელმაც საქმეს საინტერესო ელფერი შესძინა _ როგორ თანამშრომლობენ ვლადიმირ ჟირინოვსკი და სოზარ სუბარი!!! ლოგიკა თავად მკითხველმა მოძებნოს, ფაბულა კი ასეთი იყო: იმ 300 კაცს შორის, რომელთაც ჩვენი ხელისუფლება გაძევებას უპირებდა, რამდენიმე ისეთიც ერია, ვინც ჟირინოვსკის პარტიის წევრებმა მოსკოვის ქუჩებში დაიჭირეს, სასამართლოში წაიყვანეს და სასამართლოს გზით გამოაძევეს რუსეთიდან _ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია მაშინ ქართველების საწინააღმდეგო აქციას ასეთი ფორმით ატარებდა. ამავე ადამიანებს ახლა უკვე მათი ხელისუფლება მათივე სამშობლოდან უპირებდა გაძევებას და მე ვცდილობდი ეს არ დამეშვა. რა გვქონდა საერთო მე და ჟირინოვსკის? _ მკითხველმა განსაჯოს!

შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი კიდევ უფრო შორს წავიდა და საჯაროდ განაცხადა, იმ ავტობუსებში სუბარის ნათესავები სხედან, რომელთაც საქართველოში კონტრაბანდა შემოაქვთო და ამიტომ გამოექომაგაო. არადა, ამ დროს ჩვენს თვალწინ უზარმაზარი სატვირთო მანქანები, კონტრაბანდით დატვირთული, ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ ცხინველისკენ და მათ უბატონოდ ხმას არავინ სცემდა.
ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ბოლოს თავად პრეზიდენტმა დამირეკა და დიდხანს ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, დამეტოვებინა იქაურობა. თავიდან კეთილგანწყობილი საუბარი ბოლოს ძალზე უსიამოვნო კამათში და ყურმილის დახეთქებაში გადაიზარდა. საუბრიდან ორიოდე საათში კი ახალი ბრძანება მოვიდა და ხალხს ოჯახებში დაბრუნების ნება მისცეს.

ასეთი შემთხვევა ბევრი იყო, თუმცა, ცალკეული შემთხვევების განზოგადებებს ყოველთვის ვერიდებოდი. სულ იმას ვუფრთხოდი, რომ არ გადამელახა ის ზღვარი, რაც ომბუდსმენს პოლიტიკოსისგან აშორებს. მით უმეტეს, რომ ეს იყო ყველაზე ეფექტური იარაღი, რითაც ჩემს განეიტრალებას ცდილობდნენ _ რატომ უნდა მოვუსმინოთ ომბუდსმენს, რომელიც გასცდა თავის მანდატს და პოლიტიკაში გადავიდა?

თანაც, ეს არ იყო მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების აზრი. ასე ფიქრობდა ზოგიერთი ჩემი კოლეგაც. მაგალითად, 2008 წლის 21 მაისის არჩევნების შემდეგ დაიწყო პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტების დევნა _ მათ სასტიკად სცემდნენ ნიღბიანი პირები. ხელწერა ყველგან ერთი და იგივე იყო. ცხადი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკური ტერორი და ასეც განვაცხადე. პრესკონფერენციას ჩემი ესტონელი კოლეგა ესწრებოდა, რომელიც იმ დროს ჩემს ოფისში მუშაობდა. მან მიიჩნია, რომ ომბუდსმენმა უნდა შეაფასოს ფაქტები, მაგრამ არ უნდა მისცეს პოლიტიკური შეფასება.

მაგრამ, ვთქვათ ისე მოვქცეულიყავი, როგორც ჩემი კოლეგა მირჩევდა, რამდენად მართალი ვიქნებოდი? მაშინ, როცა დანამდვილებით ვიცოდი, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა და ტერორი, რამდენად მართალი ვიქნებოდი, რომ ეს არ მეთქვა? რამდენად გამართლებული იქნებოდა, თუ მხოლოდ ნახევარ სიმართლეს ვიტყოდი? ვფიქრობ, სიმართლის ნახევრად თქმას ისევ დუმილი სჯობია _ ეს უფრო პატიოსანი საქციელი მგონია. ჩემმა ესტონელმა კოლეგამ კი ბოლომდე მაინც ვერ გაიგო, როგორ ქვეყანაში მოუწია მუშაობა. მართალია, ბოლოს და ბოლოს დაიჯერა, რომ საქართველო არ არის დემოკრატიის ფორპოსტი, მაგრამ მაინც ეგონა, რომ ჩვენთან კანონი, თუნდაც კოჭლობით, მაგრამ მაინც კანონობდა. ამაში, ეტყობა, მე და ჩემი კოლეგებიც ვართ დამნაშავე _ ჩვენ მას ბოლომდე მაინც არ გავუმხილეთ, როდის და რატომ გადაწყვიტა ევროკავშირმა ჩვენთან მისი ჩამოყვანა: 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლებს შეეშინდათ, რომ სპეცრაზმები სახალხო დამცველის ოფისსაც დაარბევდნენ, როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ აქ, ამ ქვეყანაში არავის სიცოცხლე და უსაფრთხოება არ არის დაცული, მათ გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოეყვანათ ვინმე _ „სახალხო დამცველის დამცველი“ _ ვინც ცოტათი მაინც დაიცავდა ჩვენს უსაფრთხოებას.

ამის დაჯერება ძალიან ძნელია, როცა შვედეთის ან ესტონეთის ომბუდსმენი ხარ და ვერ წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება აქციო სასამართლო ბუტაფორიად, ხოლო „დემოკრატიის ახალი ტალღა“ _ მორიგ ფორმალობად.

მაგრამ მათ ასევე უჭირთ იმის გაგება, რას გრძნობ, როცა ამდენი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მაინც შეძლებ ვინმეს დაეხმარო და ხალხის ნდობა მოიპოვო _ თუნდაც ამისთვის ღირს იყო ომბუდსმენი სწორედ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

No comments: