div#header

Wednesday, December 10, 2008

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

{რამინ პაპიძე, ადვოკატი}

კანონებში შეტანილი გაუთავებელი ცვლილებებისა თუ დამატებების კვალობაზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სრულყოფისათვის, ისე საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დემოკრატიზაციისათვის, მაინც ხშირად ირღვევა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საკუთრებისა და სხვა დანარჩენი უფლებები, თვით სახელმწიფოს მხრიდანაც კი.

ქართული მართლმსაჯულება კი ამ ყველაფერზე სდუმს თუ სძინავს, არ ვიცი.
ე.წ. სასამართლო რეფორმის პროდუქტი _ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, როგორი ხარისხით დაიცავს და უზრუნველყოფს ჩვენი დარღვეული უფლებების აღდგენას, არც ესაა ჩვენთვის ცნობილი. ხელისუფლება საზოგადოებას მასმედიით ხშირად ეუბნება, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობას უშუალოდ მიაღებინებს, ოღონდ მცირე დოზით.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებამდე კი, დარღვეული უფლებები `საპროცესო გარიგებების~ წყალობით უნდა დავიცვათ ანუ პროკურორებს ადვოკატები უნდა `ვეფეროთ~ საპროცესო გარიგებების გასაფორმებლად. თუ ასე არ მოიქცევი, ჭეშმარიტების ძიებაში შეიძლება ან განსასჯელი გარდაიცვალოს, ან პროკურორი გაგინაწყენდეს და კონკრეტული ადამიანის ბედი ცუდად გადაწყდეს.

რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად საკმარისი თანხა არ აქვთ და ასეთი უსამართლობის გამო ხანგრძლივი დროით საპყრობილეებში გამოკეტვა ემუქრებათ? _ მხოლოდ იმედი უნდა იქონიონ.

საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება თეატრალიზებულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, რითაც დადგენილია დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის (ბრალდებულის, განსასჯელის თუ მსჯავრდებულის) უფლებები, აგებულია არადემოკრატიულ საწყისებზე. კერძოდ, მითითებული კოდექსით, ჩამოთვლილ პირთა უფლებების რეალიზება ვერ ხორციელდება იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ადვოკატს გამომძიებელთან და პროკურორთან შედარებით არავითარი უფლებები არ გააჩნია. მაგალითად, ადვოკატს გამომძიებლისგან განსხვავებით, არ გააჩნია ჩხრეკისა და ამოღების უფლება, არ გააჩნია ნებისმიერი პირის დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება, ბრალდებულის უფლების დასაცავად საჭირო ინფორმაცია-მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და სხვა. პირიქით, კანონმდებელმა კანონში შეტანილი ცვლილებებით წინასწარი გამოძიების სტადიაზე გააუქმა ისეთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, როგორიც იყო დაპირისპირება იმ პირთან, ვინც ამხელდა ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში. მიზეზი გახლავთ ის გარემოება, რომ ამ დროს ირკვეოდა გამომძიებლის შემოქმედება.ადვოკატის უუფლებობას ემატება მართლმსაჯულების განხორციელების მიკერძოებულობაც, რასაც ხელს უწყობს (წინასწარ გამოძიებაში) სასამართლოში პროკურორისა და ადვოკატის არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ვგულისხმობ შეჯიბრებითობის პრინციპის არარსებობას, ხაზს ვუსვამ _ არარსებობას და არა დარღვევას.

დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოში მისულ ადამიანებს, საქმის განხილვისას, სამწუხაროდ, დამატებით ერღვევათ როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციით დადგენილი ისეთი მნიშვნელოვანი უფლება, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ გარემოებას ადასტურებს სასამართლოების მიერ მიღებული მრავალი უკანონო განაჩენი თუ გადაწყვეტილება.

სამართლიანი სასამართლოს უფლება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის თუ ჩვენი დარღვეული უფლებების გამო არსებული სამოქალაქო საქმეები, უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა და ობიექტურმა სასამართლომ.

ვინმეს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს, თუ რატომ არის სასამართლო მიკერძოებული და რატომ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. პასუხი ცალსახაა: ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს, სასამართლო ობიექტური და დამოუკიდებელი რომ იყოს. თუკი ვინმეს კითხვა იმაზეც გაუჩნდება, თუ რატომ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, პასუხი _ ეს ჩვენი პოლიტიკური არჩევანია.

ხშირია შემთხვევა, როცა დარღვეული უფლებების აღსადგენად ადამიანი სასამართლოს საერთოდ ვერ მიმართავს (მხედველობაში მაქვს ქონებრივი ხასიათის დავები), იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანებს არ გააჩნიათ საქმის განხილვისთვის კანონით დადგენილი (დავის საგნის ღირებულების 3%) სახელმწიფო ბაჟის გადასახადი, ასევე ადვოკატის იურიდიული მომსახურებისთვის საჭირო თანხა.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის უსაფუძვლოდ განაწყენებული ადვოკატის პოზიცია, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს მცდარი შეხედულებაა... ჩვენ ქვეყანაში, დამნაშავე ჩინოვნიკს, გაუპატიურებისათვის "გაუპატიურებული სამართლით" ასამართლებენ (ე.წ. საპროცესო გარიგების საფუძველზე პატიმრობიდან ათავისუფლებენ), ხოლო სადისტურად მოკლულს, როინ შავაძეს _ "მკვდარი სამართლით". დამერწმუნეთ, ჩვენი ქართული "მართლმსაჯულება" _ პროკურატურა, ბევრ უსამართლობას "ამართლებს".
მეც იმედს ვიტოვებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში მაიმუნის განვითარების გზა არ გვექნება გასავლელი.

No comments: