div#header

Wednesday, August 20, 2008

დანაღმული და დაცარიელებული ქალაქი

თედო ჯორბენაძე/ გაზეთი ბათუმელები


`ბათუმელები~ დაუკავშირდა `ხალხის გაზეთის~ რედაქტორს, რეზო ოქრუაშვილს, რომელმაც ქალაქი გორი მხოლოდ გუშინ დატოვა:
გორში ათასობით დევნილის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რუსების მიერ ქალაქში შესასვლელი ყველა გზა დღემდე ჩაკეტილია და იქ არავის უშვებენ, მითუმეტეს მოქალაქეებს. მე წუხელ გამოვედი იქედან. რომ არ გავაზვიადო სიტუაცია, ქალაქში სიმშვიდეა. დღესაც დამირეკა იქ დარჩენილმა ახლობელმა და მითხრა, რომ მშვიდი ღამე იყო. რაიმე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. გორის დაბომბვისა და რუსი ჯარისკაცების შემოსვლის შემდეგ ქალაქი ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, ფაქტობრივად, დაიცალა. ჩანდა, რომ ვიყავით მხოლოდ 100-200 ადამიანი. როგორც კი ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანეს, ხალხი გამოჩნდა. არ ვიცი სად იყვნენ. ალბათ, სარდაფებიდან ამოვიდნენ. ამასთან, არის გორს გადაბმული სოფლები. ხალხი ამ სოფლებშიც იყო გადასული. ტრანსპორტით ვერა, მაგრამ ფეხით გადი-გამოდიან. იქ სახლები აქვს უმეტესობას. როცა ნახეს, რომ გორში სერიოზული მაროდიორობა აღარ იყო, ქალაქში დარჩნენ~.
მაროდიორობა
ესაა, რომ მასობრივად მიდის მაროდიორობა სოფლებში. 50-60 სოფელი იქნება გორსა და ცხინვალს შორის... შიგ გორში ნაკლებად, თუმცა თავად შევესწარი, როცა ერთ საათში ქალაქიდან 7-8 მანქანა გაიტანეს. რუსის ჯარმა კი... მართალია, არ მინდა ახლა დაკონკრეტება, მაგრამ... ძირითადად, ოფიციალური სტრუქტურების შენობები, სამხედრო ნაწილები გაძარცვა. რისი წაღებაც შეიძლებოდა _ ჩასაცმელიდან დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული _ ყველაფერი წაიღეს, თუმცა არა მოსახლეობიდან~. დაბომბვის დღიდან ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში არ იმყოფებოდა. მოსახლეობა რუსებს იქეთ ვეხვეწებოდით, პოსტები დაეკავებინათ, მაროდიორები რომ არ შემოსულიყვნენ.
`ბევრი დაღუპული~
დაღუპულების შესახებ კონკრეტული რიცხვის დასახელება შეუძლებელია. მითუმეტეს, როცა უამრავი სოფლიდან ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. მსხვერპლი არის, მაგრამ რაოდენობის შესახებ, ამ ეტაპზე, მიახლოებითაც ვერავინ ვერაფერს იტყვის. გორის ჰოსპიტალში, სანამ იგი ფუნქციონირებდა, 1000 კაცზე მეტი იყო დაჭრილი, ძირითადად, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც შემდეგ თბილისში გადაიყვანეს. ამ რაოდენობით დაჭრილების რეგისტრაციის მიხედვით (რა თქმა უნდა, იმათი, რომელთა გამოყვანაც მოხერხდა. არიან დაჭრილები, რომლებიც კონფლიქტის ზონიდან ვერ გამოიყვანეს) თუ ვივარაუდებთ, ბევრი იქნება დაღუპული. როგორც მიღებულია, დაჭრილთა რაოდენობის 30-40 პროცენტი უნდა იგულისხმო რომ დაღუპულია. ეს მარტო გორის ჰოსპიტალის მაგალითზე.
`ძალიან ბევრი~ ცხედარი
ამჟამად გორისა და ცხინვალის მიმდებარე სოფლებიდან ეტაპობრივად, მიცვალებულთა ცხედრები უმნიშვნელო რაოდენობით გამოაქვთ. ამ კუთხით ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, რომელთან კონტაქტის საშუალებასაც გორში მყოფ მოსახლეობას და ჟურნალისტებს არ აძლევენ.გუშინაც, გორში ეკლესიის წინ ვიდექი და გამოიარეს მანქანებმა, რომელშიც ქალები აირწინაღებით ისხდნენ... გასაგები იყო, რომ გვამები გადმოჰქონდათ. ამბობენ, რომ არის ძალიან ბევრი გვამი და ვერ გამოაქვთ, თუმცა, კონკრეტულად, არავინ არაფერს გვეუბნება. გორშიც კი, იმ დროს დაღუპულები, როცა ბომბები ჩამოაგდეს, დღემდე რჩებიან ნანგრევებში... თუმცა რაღაც ნაწილი დასახიჩრებული გვამებისა აკრიფეს. მეც იქ ვიყავი _ ბავშვის გვამიც იყო, გოგოს ფეხი, ქალის ტანის ნაწილი... რუსების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გვამების გამოტანის პროცესი ფაქტობრივად შეუმჩნეველია. ამის მთავარი მიზეზი რუსი სამხედროებია. რაღაც ადგილამდე თუ მიგიყვანენ, თან მოგსდევენ სამხედროები, მეტ გასაქანს არ გაძლევენ... არადა, ერთ ადგილას ხომ არ იყვნენ ჩვენი ჯარისკაცები, დაფანტულები იყვნენ სოფლებში, სხვადასხვა ადგილებში. ამიტომ ცხედრების შესახებ ინფორმაცია მწირია... სრული სურათის შექმნა ამ ეტაპზე რთულია, საამისოდ სერიოზული სამუშაოს ჩატარება და ადგილებზე მიღებული ინფორმაციების თავმოყრაა საჭირო~.
`შეშინებული~ რუსები
რუსი ჯარისკაცები, რომლებიც პოსტებზე დგანან, იქეთ ეხვეწებიან ქართველებს, არაფერი დაგვიშავოთო. ეტყობა, რაღაც იდეოლოგიაა. ისე დამუშავებულნი არიან, რომ ჰგონიათ კაცისმჭამელები ვართ. დიდი პროპაგანდა გაწიეს ეტყობა და რუს ჯარისკაცებს დააჯერეს, რომ ჩვენ, ქართველები, სისხლისმხსმელები ვართ... რუსები, რომლებიც დგანან ამ პოსტებზე, რაღაცნაირად შეშინებულები იყურებიან.
ქართველ ტყვეებს ცხინვალში ამუშავებენ
გორში დარჩენილ მოსახლეობაში ინფორმაცია ქართველი ტყვეების შესახებაც მწირია. თუმცა, როგორც მითხრეს, ცხინვალში ქართველ ტყვეებს ამუშავებენ მიცვალებულების გატანაზე. ოსები და რუსები აცხადებენ, თითქოსდა ეს ხალხი დაქირავებულია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანები ქართველი ტყვეები არიან _ ჩვენი ხალხი, რომლებსაც ცხინვალის დასუფთავებაზე ამუშავებენ. უცხოელებსაც არ მისცეს ამ ხალხთან დაკონტაქტების საშუალება.
კონტაქტი რუსებთან
გორში რუს სამხედროებსა და იქ დარჩენილ მოქალაქეებს შორის ურთიერთობა გართულებული არ არის. ჯარისკაცები მაღაზიაშიც იყვნენ შემოსულები (კანტი-კუნტად რაღაც მარკეტები მუშაობს), წვენი უნდოდათ ორი ბოთლი და თანხას იხდიდნენ. არ გადაახდევინა გამყიდველმა. რუს ჯარისკაცებს არაყს, ღვინოს მიუტანენ პოსტებზე და არიან თავისთვის. ის ორი გენერალიც, რომლებიც გორში სიტუაციას აკონტროლებენ, კონტაქტურები არიან. ეკლესიაშიც კი შემოვიდნენ წირვაზე, სადაც, რა თქმა უნდა, თავის ენაზე ლოცულობდნენ. ისიც გვითხრეს, 12 მაროდიორი გვყავს დაჭერილი და ვის ჩავაბაროთ, სად არის თქვენი ხელისუფლებაო. გენერლების თქმით, ოთხი დაკავებული ქართველია, დანარჩენების ეროვნებას კი, თურმე, ვერ არკვევენ.
გორის გზაზე
რუსი სამხედროები, ფაქტობრივად, საომარ მზადყოფნაში არიან, საბრძოლო პოზიციები უკავიათ, გათხრილი აქვთ სანგრები... ქალაქის მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია კიდეც. ჯარისკაცები `მასკიროვკას~ რომ იკეთებენ ხის ტოტებით, რაღაც ასე არიან მოფენილები _ გორის შესასვლელიდან იგოეთამდე, მთელს ფერდობზე დგას ტანკები, თავად კი გაწოლილები არიან მინდორში, ისე რომ გეგონება ომის დაწყებას ელიანო. ეტყობა, მეთაურები ცდილობენ, რომ ეს ჯარისკაცები ფხიზლად ამყოფონ. გუშინ, როცა გამოვდიოდი ღამით ქალაქიდან, გორიდან იგოეთის ჩათვლით, 20 საგუშაგო მაინცაა რუსების. ყველგან გვაჩერებდნენ და ბოდიშის მოხდით გვეუბნებოდნენ, _ ბრძანება გვაქვს ასეთი, საბარგული უნდა გავჩხრიკოთო.

No comments: