div#header

Wednesday, August 20, 2008

გამოსავალი - დიპლომატია



ინტერვიუ კავკასიის საკითხებში ექსპერტთან, მამუკა არეშიძესთან.

ემზარ დიასამიძე/ გაზეთ ბათუმელები
ფოტო: "24 საათი "

_ რამდენად შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდან აცილება?
_ ჩვენ კონფლიქტში 8 აგვისტოს ჩაგვითრიეს. შეგვეძლო არ გვეპასუხა საარტილერიო დარტყმისთვის. თუ უკან დავიხევდით, კონფლიქტის გადადებას შევძლებდით, მაგრამ მის დასაწყებად რუსეთი რაღაც მიზეზს მაინც გამონახავდა. კუბის მაგალითს თუ გავიხსენებთ, იქ კინაღამ ბირთვული ომი დაწყო, მაგრამ შესაძლებელი გახდა ამ კონფლიქტის აცილება. რა თქმა უნდა, არსებობს დიპლომატიური გზები, რომლითაც კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა. პრინციპში რუსების გეგმა ომის დაწყებაზე ჩემთვის და ბევრი ექსპერტისთვის ცნობილი იყო. ჩვენ გვქონდა პატარა, მაგრამ სერიოზული შანსი, რომ ეს შეგვეჩერებინა.
_ როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურად რამდენად მომგებიან სიტუაციაში ახლა საქართველო?
_ ვერ დავიჯერებ, რომ ვინმეს ასეთი პოლიტიკური გათვლა ჰქონოდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ომის წაგება შედარებით ნაკლები დანაკარგებით შეიძლებოდა. რადგან ასეთი კატასტროფა მოხდა, გათვლები მაინდამაინც არ მუშაობდა.
_ როგორ ფიქრობთ, ეს კონფლიქტი რა გზებით შეიძლება მოგვარდეს?
_ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით სერიოზული სკეპტიციზმი მაქვს, არა მგონია ახლო მომავალში მოგვარდეს. ვფიქრობ, გამოსავალი დიპლომატიურ სვლებშია. დასავლეთის უფრო მკაფიო და აგრესიული ქმედებებია საჭირო, რომ მდგომარეობა ჩიხიდან გამოვიდეს. მერე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი.
_ ჯერჯერობით რუსეთი არ აპირებს დასავლეთის მოთხოვნების შესრულებას. გაუძლებს თუ არა იგი დასავლეთის წნეხს?
_ ეს წნეხი არ არის. ეს არის განცხადებები და მეტი არაფერი. წნეხი არის, როდესაც არის სანქციები, სამხედრო ან ეკონომიური. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც ასე იოლად დანებდება, თუნდაც სატელეფონო საუბრების მეშვეობით დაყანებულ მოთხოვნებს. იგი მხოლოდ ძალის დემონსტრირების შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას.
_ რა მოხდებოდა თუ რუსეთი კონფლიქტის ზონას არ გამოსცდებოდა?
_ იგი იქნებოდა აბსოლუტურად გამარჯვებული. ეს ტერიტორიები პრაქტიკულად ჩვენთვის სამუდამოდ დაიკარგებოდა. ამ შემთხვევაში ჩვენ არც ერთი არგუმენტი ხელთ არ გვექნებოდა, იმდენად კარგად ჰქონდათ საინფორმაციო პოლიტიკა აგებული. კონფლიქტის საზღვრებს რომ გადმოვიდა, რუსეთმა დაუშვა შეცდომა. ეს მდგომარეობა ჩვენთვის არის ახლა ტრაგიკული, მაგრამ სინამდვილეში რუსეთისთვის ეს კარგ შედეგს არ გამოიღებს. ეს მათი მხრიდან შეცდომა იყო.
_ რა იყო ამ შეცდომის მიზეზი?
_ ეს იყო პუტინის ახირება, პირად დამოკიდებულებაზე აგებული გადაწყვეტილება. როცა პოლიტიკაში პირადი გადაწყვეტილებები საქვეყნო ინტერესებზე მაღლა დგება, ის უკვე წამგებიან მდგომარეობაში გაყენებს.
_ ვრცელდება ინფორმაციები, რომ ასეთი ახირებები ქართული მხრიდანაც იყო.
_ ამაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ოპერაციებში ჩართული არ ვყოფილვარ. პირველ დღენახევარში ქართულმა არმიამ თავისი სამხედრო სული და პროფესიონალიზმი გამოავლინა, მაგრამ ვერავინ ამიხსნა, თუ რატომ არ იყო ეს არმია დაცული ჰაერიდან, როდესაც ამბობდნენ, რომ ამდენი ფული დაიხარჯა შეიარაღებაში. აქედან გამომდინარე, მე შეიძლება ვილაპარაკო კონკრეტული პირების მართვის სტილზე და არაპროფესიონალიზმზე. მე უმცროს სამხედრო ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან უამრავი პირადი გმირობის მაგალითი ვიცი. წარმოგიდგენიათ, რომ `უდაბნოს ქარიშხლის~ ოპერაციის დროს შვარცკოფი დაეჭრათ და მას მარტოს, პისტოლით ხელში, უმისამართოდ ერბინა?! ცხინვალის მისადგომებთან განადგურდა 58-ე არმიის შტაბი და მათი ხელმძღვანელი გენერალი ხულევი დაიჭრა.
_ რა შანსები აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?
_ ამ წუთში ამაზე საუბარი რთულია. ჯერ საომარი მოქმდებები უნდა დასრულდეს. ეს ყველაფერი ძალიან ეფემერულია. ჯარები აქედან უნდა გავიდნენ. მერე საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ფიქრი, ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე რუსეთის გარდა. ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი, როგორ აღვადგინოთ მდგომარეობა ქვეყანაში და ვილაპარაკოთ ტერიტორიების დაბრუნებაზე.
_ თბილისში რომ გამართულიყო ხელისუფლების საწინააღმდეგო თუნდაც 200-კაციანი აქცია, მაშინ რა შეიძლება მომხდარიყო?
_ მაშინ რუსების ტანკები თბილისში იქნებოდა. რუსი ოფიცრების სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში. ისინი სამეგრელოში მუშაობენ თემაზე, რომ მეგრელები ქართველები არ არიან. ისინი მიიწევენ ახალქალაქისკენ, ურეკავენ ყოფილ კონტრაქტორებს. ეს არის რუსული აგრესიის პოლიტიკური ნაწილი.
მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადადგეს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ის ადამიანები უნდა დაისაჯონ, ვინც ამ მდგომარეობაში მიიყვანა ქვეყანა. ვინც გვატყუებდა წლების განმავლობაში, რომ ჩვენ თავდაცვისუნარიანობა ისეთი გვქონდა, რომ არავის არ გავაჭაჭანებდით.
_ საქართველოს მოსახლეობა კონფლიქტის დროს ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა?
_ ქართულ მხარეს დაგეგმილი ამ მხრივაც არაფერი ჰქონია. ეს იყო ისევ და ისევ არაკვალიფიციური მუშაობა, სურვილი მოსახლეობისთვის რეალური მდგომარეობის დამალვისა, რამაც გამოიღო უკუშედეგი. ხალხი ჭორებითა და რუსული ტელეარხებით აპელირებდა. ეს კიდევ უფრო მეტ პანიკას და უბედურებას თესდა.
_ და ბოლოს, თქვენი აზრით, ამ კონფლიქტის ესკალაციაში ვინაა უფრო მეტად დამნაშავე?
_ მე აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას ვფლობ, რაც ომის დაწყებას უკავშირდება. ოსურ საარტილერიო ცეცხლს უპასუხა ქართულმა არტილერიამ. ხშირად ისმის დასავლეთიდან, რომ რუსეთის მხრიდან არ იყო ადეკვატური პასუხი, რაც მტკნარი სიცრუეა, რადგან ისინი ცდილობდნენ ომში ჩავეთრიეთ. ასევე ჩვენის მხრიდან ოსური არტილერიის ცეცხლზე არ იყო ადეკვატური პასუხი. არ იყო საჭირო გრადების გამოყენება.

No comments: