div#header

Wednesday, August 20, 2008

ბათუმი - თბილისი


ავიარეისი თბილისი-ბათუმი-თბილისი აღსდგა, ფასი გაიზარდა, ფრენის ზუსტი განრიგი კი არ არსებობს.


ნესტან ცეცხლაძე/გაზეთი ბათუმელები

რუსი სამხედროების მიერ სარკინიგზო ხიდის აფეთქების შემდეგ აჭარაში დარჩენილი დამსვენებლებისთვის შემოვლითი გზის (სამცხე-ჯავახეთი) გარდა, თბილისში დაბრუნებისთვის საჰარეო მიმოსვლა დარჩა.
ბათუმის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენას ამჟამად ორი ქართული ავიაკომპანია _ `საქართველოს ნაციონალური ავიახაზები~ და `აირზენა~ ასრულებენ. რეისები თბილისის მიმართულებით მეოთხე დღეა აღსდგა. თუმცა რეგულარული რეისიები არ არსებობს. ბათუმის აეროპორტში მგზავრები საათობით ელოდებიან ავიაკომპანიებიდან ინფორმაციას ფრენის განრიგის შესახებ.
40 წლის ფატიმა თოდუა ამბობს, რომ აეროპორტში არაფერი იციან: `გაფრინდა ახლა და არ იციან იქნება თუ არა დამატებითი რეისი. პასუხს თბილისიდან ელიან~.
`გვეუბნებია, რომ ერთ საათში ეცოდინებათ, ხვალ გაფრინდება თუ არა `აირზენა~ _ ამბობს ნატო ბეროზაშვილი. კიდევ ერთი მგზავრი, ლელა მარტიროსიანი კი ამბობს, რომ ვერ გაიგო რა ხდება: `დღეს ვიყიდე ბილეთი, გვითხრეს სამის ნახევარზე აფრინდებაო, მოვედი და ვიგებ, რომ ჩვენი ადგილები სხვამ დაიკავა. ბავშვები დასვეს. ჩვენ დავრჩით~.
`გაუგებრობა კი იმან გამოიწვია, რომ თვითმფრინავი გამოვიდა მწყობრიდან კიევში, ახლა შეაკეთებენ და გამოფრინდება~, _ განაცხადა ბათუმის აეროპორტის დირექტორის თანაშემწემ, ნოდარ კაკაბაძემ.
19 აგვისტოს ავიარეისები დაიწყო კომპანია `აირზენამაც~, რომელიც საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე კვირაში ერთხელ ასრულებდა ბათუმი-თბილისი-ბათუმი რეისს და ბილეთი 120 ლარი ღირდა. ახლა ამ კომპანიით ფრენა 160 ლარი ღირს.
`აირზენას~ პრესმდივნის, ნინო გიორგობიანის თქმით, ფასის გაზრდა იმან გამოიწვია, რომ `ეს ჰუმანიტარული რეისია _ უფასოა 7-წლამდე ბავშვების, ინვალიდებისა და ვეტერანებისთვის. ამასთან, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრების რაოდენობა თითქმის არ არის~.
გიორგობიანის თქმით, `აირზენამ~ რეისები ეკონომიკური სამინისტროს თხოვნით დამსვენებელთა გაყვანის მიზნით აღადგინა, მგზავრები ბოინგით გადაჰყავთ და თუ საჭირო იქნება, რეისებს დღესაც განახორციელებს.
`ნაციონალური ავიახაზების ბილეთი 220 ლარი ღირს. ეს ნორმალურია? არანაირი ფასდაკლება არ არის ბავშვზე. ასე როგორ შეიძლება ხალხის გაწვალება? თან არც ინფორმაცია იციან. ზოგი ღამეს ათევს აეროპორტში. ჩემი რვა წლის შვილი დილიდან მშიერია. გუშინაც აქ ვიყავი~, _ ამბობს 38 წლის თეა ცერცვაძე.
`ნაციონალური ავიახაზების~ ბათუმიდან ჩარტერულ რეისზე ბილეთის ფასი მართლაც 220 ლარია. ავიაკომპანიის დირექტორი, გიორგი კოდუა აცხადებს, რომ ფრენები ბათუმიდან ოთხი დღის წინ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თხოვნით განაახლეს: `მესმის, რომ ტარიფი ძვირია, მაგრამ ასეთი შიდა რეისი ძალიან არარენტაბელურია. ეს იყო თხოვნა. თბილისიდან მგზავრი არ არის. ამასთან, შიდა რეისებზე ძალიან მაღალია ხარჯი. უნდა გადავიხადოთ აეროპორტის, საჰაერონავიგაციის, საწვავის ღირებულება. ჩვენ არა ვართ ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მე 50 ათასი ლარი გავიღე გორიდან დაზარალებულებისთვის. რაც შეეხება მგზავრს, რომელიც ისვენებს, ამ მგზავრზე აეროპორტი თუ საქაერონავიაგაცია თანხას მთხოვს, საწვავის თანხას ვუხდი `ვისოლისაც~. ჩარჩენილი მგზავრები მარტო მე უნდა მახსოვდეს? მხოლოდ ერთი სტრუქტურა არ უნდა მიაჭყლიტო~.

1 comment:

Anonymous said...

ერთის მხრივ, მართალია ეს ხალხი... მართლა არ არის ვალდებული, ფასი დაწიოს და ამით სერიოზულად ავნოს საკუთარ ბიზნესს, მაგრამ არის მეორე მხარეც – არა მგონია, ამ 2 კომპანიიდან რომელიმეს ძალიან სერიოზული ზარალი მიდგომოდა 3–4 დღე "იაფი" რეისების მოწყობით.
თუმცა, შეიძლება – ვცდები.