div#header

Wednesday, August 20, 2008

"ჯარს გენშტაბი კი არა, პოლიტიკოსები სარდლობდნენ"


ინტერვიუ ცხინვალის ბრძოლების ერთ-ერთ მონაწილესთან. ქართული სპეცრაზმის ოფიცერმა `ბათუმელებს~ ანონიმურობის დაცვა სთხოვა.

ემზარ დიასამიძე/ გაზეთი ბათუმელები
ფოტო: 24 საათი

_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ომში ბევრი ქართველი სპეცნაზელი დაიღუპა...
_ პირიქით, სპეცნაზელი ყველაზე ცოტა დაგვეღუპა. ეს იყო ქართული ჯარის ყველაზე ძლიერი მხარე. კარგად ორგანიზებულები და მობილიზებულები ვიყავით. საომარი მოქმედებების დროს სპეცნაზი, როგორც წესი, ჯგუფურად არ მოქმედებს. ამიტომაც მათზე შეტევისას დიდი დანაკარგები არ არის. მთელი ამ ოპერაციების დროს, სულ რამდენიმე სპეცნაზელი დავკარგეთ, რასაც სხვა ნაწილებზე ვერ ვიტყვით.
_ ამბობენ, მსხვერპლი ძალზე დიდია. ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით კი 200 კაცზე ნაკლები...
_ ზუსტი რიცხვი ამ დროს არავის ეცოდინება. შეიძლება მსხვერპლი იმაზე მეტი იყოს, რასაც ოფიციალურად ამბობენ, მაგრამ არა იმდენი, რაზეც არაოფიციალურად საუბრობენ.
_ შეიძლებოდა თუ არა ნაკლები დანაკარგი ყოფილიყო?
_ რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ჩვენი ჯარისკაცი უშუალო ხელმძღვანელობის არასწორი გადაწყვეტილების გამო დაიღუპა. ამასთან, იყო საერთო-ტაქტიკური შეცდომები, რაც ზემოდან მოდიოდა, ანუ ჩვენი ძალები ისეთ წერტილებზე განლაგდნენ, რომ მტრის იოლ სამიზნედ იქცნენ.
_ ამბობენ, რომ ადლიის ბატალიონი სრულად დაიღუპა?
_ ადლიის, ანუ ე.წ. `ობეერის~ ბატალიონი ასეთი სახით არ არსებობს. ამ ბატალიონის ბიჭები სხვადასხვა უწყებებში არიან გადანაწილებულები. რამდენიმე ბრიგადამ მართლაც სერიოზული ზარალი მიიღო, მაგრამ არც იმდენი, რამდენზეც ლაპარაკობენ.
_ რა იყო დამარცხების მიზეზი?
_ თავდაპირველად ჯარისკაცებზე ვიტყვი. ისინი მოტივირებულები და თავდადებულები იყვნენ. ჩვენ სახმელეთო ოპარაციებში რუსები ნამდვილად დავამარცხეთ. მიუხედავად იმისა, რომ მტერი შეირაღებითაც და რიცხოვნებითაც თითქმის ათჯერ მეტი იყო. ჩვენგან რეალურად 6 000 კაცი იბრძოდა, რომელსაც რუსეთმა 60 ათასიანი არმია დაუპირისპირა.
რაც შეეხება შეიარაღებას, აშკარა გახდა, რომ ჰაერი წავაგეთ. ამ მხრივ საჭიროა უფრო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა, მაგრამ რაც გვქონდა, სრულად ისიც ვერ გამოვიყენეთ.
რაც შეეხება სარდლობას, აქ მართლაც სერიოზული პრობლემები იყო. მთავარი შეცდომა კი ის იყო, რომ ჯარს პოლიტიკოსები სარდლობდნენ და არა გენშტაბი. გენშტაბს მართვის უფლება მაშინ მისცეს, როცა ომი, ფაქტობრივად, წაგებული გვქონდა.
_ თქვენ ახსენეთ 6000 კაცი, ჯარში გაცილებით მეტი მსახურობს.
_ ძალიან ბევრი ნაწილი მოუმზადებელი აღმოჩნდა. შეცდომა იყო რეზერვისტების გაწვევა და საერთოდ ეს სისტემა. მაგალითად, სენაკში პირველსავე დაბომბვისას რეზერვისტებმა ნაწილი მიატოვეს და გაიფანტნენ. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების გამო საქართველომ ძალიან ბევრი შეიარაღება მტერს ჩააბარა. სამწუხარო სიტუაცია განვითარდა კოდორშიც, ჩვენმა ჯარმა, ფაქტობრივად, იქაურობაც უბრძოლველად დატოვა.
_ პოლიტიკოსებმა რა შეცდომები დაუშვეს?
_ ყველაზე დიდი შეცდომა იყო უგულავას გამოსვლა 3-საათიანი მორატორიუმის შესახებ. მაშინ, როცა ჩვენ ჯავის მიდამოებში სერიოზული პოზიციები დავიკავეთ და 58-ე არმიას სერიოზული ზიანი მივაყენეთ, ჩვენი შეჩერება ღალატის ტოლფასი იყო. როკის გვირაბამდე 15 კილომეტრში ვიდექით. სწორედ ამ პერიოდში რუსებმა დიდი ძალა შემოიყვანეს და მათ საომრად განლაგება შეძლეს. ჩვენ ამის მერე გვირაბზე იერიში მივიტანეთ, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი საჰაერო დარტყმები მივიღეთ, რასაც, სამწუხაროდ, ვეღარ ვუპასუხეთ. თუმცა ცხინვალიდან ჩვენ დამარცხებულები არ წამოვსულვართ. როცა აშკარა გახდა, რომ დასავლეთ საქართველოში ვითარება ცუდად გვქონდა, ჯარს ბრძანებით დაატოვებინეს ბრძოლის ველი.
_ ავიაციამ ბოლო ეტაპზე მონაწილეობა ვეღარ მიიღო, გაანადგურეს?
_ არა. სამწუხაროდ რუსებმა ასაფრენი ბილიკები დაგვიბომბეს და ისინი ვეღარ აფრინდნენ. თუ რატომ ვერ მოხერხდა აეროპორტების და სხვა სტრატეგიული უბნების დაცვა, ეს სხვა თემაა.
_ თავდაცვის საშუალებები არ იყო?
_ იყო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ვერ ან არ გამოიყენეს, თუმცა ეს უფრო გამოძიების პრეროგატივაა.
_ ეს ომი დამარცხებისთვის თითქოს თავიდანვე იყო განწირული, თქვენ რას ფიქრობთ?
_ არა მგონია. რუსეთის არმიის უძლეველობის მითი, ფაქტობრივად, დავამსხვრიეთ. მათ მსოფლიოში საუკეთესო სპეცნაზი ჰყავთ, რომლებიც ქართველებმა ისე გავანადგურეთ, მხოლოდ ერთი დანაკარგი გვაქვს. თუკი დასავლეთი და ამერიკა ანტისარაკეტო ფარის რაკეტებს მოგვცემენ, შესაძლოა ომის მორიგი ეტაპი დაიწყოს. ჩვენ ამ შემთხვევაში რუსეთს ნამდვილად დავამრცხებთ.
_ ომის ბოლო პერიოდში არმიაში დეზორგანიზება დაიწყო. ამის მიზეზი რა იყო?
_ დასავლეთ საქართველოში შექმნილმა ვითარებამ ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ინფორმაციის გაჟონვასაც. რუსული ავიაცია სრული სიზუსტით ბომბავდა ჩვენ საარტილერიო დანადგარებს. მაგალითად, გრადის სისტემები, როცა ისვრიან, ტერიტორიას ტოვებენ, ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ამ საქმეზე სერიოზული მოკვლევა უკვე დაიწყო და ათეულობით ადამიანი, რამდენადაც ვიცი, უკვე დაკავებულია.

4 comments:

Anonymous said...

ძალიან საინტერესო მასალა იყო, თუმცა, ერთი ფრიად მნიშვნელოვანი შენიშვნა მაქვს რესპონდეტთან – მან ახსენა სენაკის ბაზის დაბომბვის ამბავი და აქვე დასძინა, რომ რეზერვისტები პირველივე დაბომბვისთანავე დაიშალნენ.
მას, ალბათ, არა აქვს ინფორმაცია, როგორ დაიღუპა დაახლოებით 16 რეზერვისტი ამ ბაზაზე დაბომბვისას – გაჩახჩახებულ საფრენ ბილიკზე რომ გამოიყვანეს ავტომატის გამოყენების უცოდინარი ბავშვები და "საზეიმოდ" დაუწყეს იარაღის ჩამორიგება, რა ეგონათ, რუსული ავიაცია "ზემოდან" გაარჩევდა, რომ ესენი მხოლოდ და მხოლოდ რეზერვისტები იყვნენ და არ დაბომბავდა? არაფერიც არ გაარჩია, პირდაპირ დაბომბა რიგზე გაწყობილი რეზერვისტები. შედეგი ტრაგიკულია, რბილად რომ ვთქვათ. ამის შემდეგ ნუ გაუკვირდება პატივცემულ რესპონდენტს, რომ რეზერვისტები დაიფანტნენ.

Anonymous said...

და იმაზე რას იტყვით, რომ რეზერვისტების უმრავლესობას არ ჰქონია ეს "მოტივაცია" – სრულიად ადამიანური სურვილი ჰქონდა, ნორმალურად ეცხოვრა, მშვიდობიან ქვეყანაში?!
ნუთუ ასეთი ძნელი გასაგები და მისაღებია ადამიანის ძირითადი ინსტინქტი – იყოს ცოცხალი, იცოცხლოს???

Anonymous said...

bodishi minda movuxado da samdzimari vutxra sukvela dagupulis ojaxs rac sheexeba baton giorgi samnidzes minda shevaxseno rom "mas dedis dzudzu tkbili shxamadac shergebia samshoblostvis sikvdili visac dazarebia"

Anonymous said...

ბოდიში, ანონიმურო, და სამშობლოსათვის მუშაობაზე, მშვიდობიანად ღვაწლზე და მის სასახელოდ რაღაცის მიღწევაზე როგორ ხართ?
ვერა? აუცილებლად უაზროდ უნდა დაიღუპო? მით უმეტეს, რომ ამ უაზრო და ნაადრევი სიკვდილით ვერც ვერაფერს გახდები? ავდგეთ მაშინ და გავწყდეთ სუყველანი და გვიხაროდეს, რომ თავი შევაკალით... ეგოიზმის უმაღლესი ფორმაა: "მე ყველაფერი გავაკეთე სამშობლოსათვის, თავი შევწირე! გმირი ვარ!"
არ მესმის მე ასეთი პათოსი. ბოდიში ყველას, ვისაც ეს სიტყვები ეწყინება. არავის გმირობას არ ვაყენებ ეჭვქვეშ.