div#header

Wednesday, August 20, 2008

როგორ გადაურჩა ბათუმი რუსულ ბომბებს



8 აგვისტოს, ბათუმში ხმა გავრცელდა, რომ რუსული თვითმფრინავები ბათუმის პორტსა და ხელვაჩაურის სამხედრო ბაზას დაბომბავდნენ. ქალაქი პანიკამ მოიცვა, მაღაზიის დახლებიდან უეცრად გაქრა პური, ყველა სახლისკენ მიიჩქაროდა და ერთმანეთს უყვებოდნენ, რომ `სარწმუნო წყაროებიდან~ იცოდნენ, რომ ბათუმის დაბომბვა იგეგმებოდა. საღამოს საათებში ქალაქი აბსოლუტურმა წყვდიადმა მოიცვა. ჩააქრეს ქუჩის განათებები, ბანერები, სხვადასხვა ფერად განათებული სახლები. ღამის ეთერში რეგიონალური ტელევიზიით ბათუმის მერი და მთავრობის თავმჯდომარეც გამოვიდნენ და ხალხს სიმშვიდისაკენ მოუწოდეს, თუმცა დაბომბვის შიში მათი ეკრანზე გამოჩენით არ გამქრალა.
ნანა კვაჭაძე/ გაზეთი ბათუმელები
ფოტო: ნესტან ცეცხლაძე. ბათუმში გამართული საპროტესტო აქციიდან

საბედნიეროდ, ბათუმი დაბომბვას გადაურჩა. ხელვაჩაურში რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე ჭურვი ჩამოყარეს, მაგრამ მოსახლეობა არ დაშავებულა. ბათუმის მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კონკრეტული წყარო უცნობია, ამ თემაზე საზოგადოებასა და ექსპერტებს სხვადასხვა აზრი აქვთ. ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძე, რომელმაც 8 აგვისტოს მიმართა ბათუმის მოსახლეობას და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, ამბობს, რომ ამ ჭორსა თუ მართალს თავისი საფუძველი ჰქონდა: `რუსული მხარის მოქმედება არავითარ ჩარჩოს არ ექვემდებარებოდა და აქედან გამომდინარე რამდენად რეალურად არსებობდა ბათუმის დაბომბვის საფრთხე, ცოტა რთულია. ამ დღეებში რაც ხდებოდა, არ ექვემდებარება არავითარ ლოგიკას. საიდან გავრცელდა ეს ჭორი, ძნელი სათქმელია. ხალხი ამ დღეებში ბევრ რამეზე საუბრობდა, ზოგმა მახინჯაურის გვირაბშიც კი დაინახა ტანკი~.

ბათუმში ომის ცხელ დღეებში საუბრობდნენ, რომ რუსეთის აგრესია ბათუმს ვერ შეეხებოდა, ამ მოსაზრებას საზოგადოების ერთი ნაწილი 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით ამყარებდა, რომელიც ბათუმის სამხედრო ხელშეუხებლობას ითვალისწინებს. 1921 წლის ხელშეკრულება დღემდე არ არის გაუქმებული, თუმცა მისით თურქულ მხარეს არასოდეს უსარგებლია. ქართულ-თურქული ურთიერთობების სპეციალისტ, ისტორიკოს ზაზა შაშიკაძის განცხადებით, ეს ხელშეკრულება მოძველებულია, მაგრამ თეორიულად მისი ამოქმედება შესაძლებელია.

გარდა წინა საუკუნეში დადებული ხელშეკრულებისა, ბათუმის ხელშეუხებლობის არგუმენტად თურქეთის, როგორც ევროატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის სიახლოვე მოჰყავდათ.

`ნატოს~ საკითხების ექპერტის, ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ნატოს წესდებაში არ არის აღნიშნული, რომ ნატო შეიძლება ჩაერთოს კონფლიქტში, თუკი საომარი მოქმედებები მისი წევრი ქვეყნის საზღვართან მიმდინარეობს. ევროატლანტიკური ალიანსი საბრძოლო მოქმედებაში მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა ნატოს წევრი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე, თუმცა ნიკა ჩიტაძის განცხადებით, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს: `ნატოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ჩათვლის თუ არა საჭიროდ საომარ მოქმედებებში მიიღოს მონაწილეობა. ავღანეთში ნატომ ეს საჭიროდ ჩათვალა, მიუხედავად იმისა, რომ ავღანათი ბევრად შორს არის ევროატლანტიკური რეგიონიდან. არ არის გამორიცხული, ნატომ საქართველოში გარკვეული სამშვიდობო მისია განახორციელოს, თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია~.
იმ შემთხვევაში, თუკი ნატოს წევრი სახელმწიფოს საზღვართან მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რაც საფრთხეს უქმნის ალიანსის წევრ ქვეყანას, შესაძლებელია მეოთხე მუხლის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც ნატო აწარმოებს მოლაპარაკებას თავის წევრ ქვეყანებთან და იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ნიკა ჩიტაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში სამხედრო ძალების უშუალო გამოყენებაზე საუბარი არ არის.

No comments: