div#header

Wednesday, October 8, 2008

ომის შემდეგ - ნაცმოძრაობიდან რესპუბლიკელებისკენ

ხელისუფლების ერთ-ერთი აქტივისტი, საკრებულოს წევრი, დავით ჩხარტიშვილი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა. ჩხარტიშვილის ამ გადაწყვეტილებით ”რესპუბლიკელებს” საკრებულოში ფრაქციის შექმნის საშუალება მიეცათ. ჩხარტიშვილი, ვახტანგ ღლონტის შემდეგ, ბათუმის საკრებულოში მეორე დეპუტატია, რომელმაც უმრავლესობა დატოვა. ვახტანგ ღლონტმა 8 ნოემბერს სტუდენტების დარბევა გააპროტესტა. `ბათუმელები~ შეეცადა გაერკვია, რა ხდება საკრებულოში ან რატომ მიიღო დავით ჩხარტიშვილმა ეს გადაწყვეტილება:

ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტოზე: დავით ჩხარტიშვილი

_ `გადაწყვეტილება ღირებულებების გადაფასების შემდეგ მივიღე. ავტორიტარული მმართველობა არ აძლევს საშუალებას ინდივიდს, გამოხატოს თავისი აზრი. გუნდურ პრინციპს ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში, გუნდი კი არა, ფარა არსებობს, რომელიც ელამ ვაცს დაჰყავს. დემოკრატია შინაგანი მოთხოვნილებაა, რომელიც უნდა აღზარდო ადამიანში.
ჯიბის საკრებულო, ჯიბის სასამართლო, დამშეული ხალხი, სააღლუმო ჯარი, რომელიც პირველი შეტევისთანავე გაიქცა. ომის დღეებში დაცარიელებული ბათუმის მერია და გაზიდული აპარატურა, ეს არის ღირსება? საკვანძო პოსტები რომ უკავიათ და კრიტიკულ დღეებში არ გამოჩენილან. სამი კაცი ვიყავით მერიიდან გორში წასული. მე, ვახტანგ ღლონტი და ნოდარ დუმბაძე. სახალხო დამცველი გიორგი ჩარკვიანი და რამდენიმე ვეტერანიც შემოგვიერთდა, მაგრამ გორში ხუთი კაცი ეგრევე სადღაც გაქრა. ვხედავდი, როგორ გარბოდნენ ღამით ჩვენი მანქანები და ჯარისკაცებს გზაზე ტოვებდნენ. მეთაურების ღალატის გამო ბიჭები ტიროდნენ...
-არც ქალაქის მერი და ვიცემერები გამოჩენილან?
- როგორც ვიცი, ისინი შტაბში იმყოფებოდნენ, სხვა თანამშრომლებზეა აქ საუბარი.
- თქვენ თქვით, რომ საკრებულოში არიან ადამიანები, რომლებსაც საკრებულოს უუფლებობის გამო შინაგანი პროტესტი აქვთ. რატომ არ გამოხატავენ ამას?
-ყველას ვერ მოთხოვ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. ზოგი კომფორმისტია, ზოგი კონიუნქტურას აყოლილი და ზოგიც, უბრალოდ, რაღაცას ელის. ნუ ვიქნებით კატეგორიული. შეიძლება დადგეს მომენტი, როცა იტყვიან სათქმელს.
ადამიანის ნამდვილი სახე კრიტიკულ სიტუაციაში ვლინდება. მე მაშინ გამოვხატე პროტესტი, როცა ჩემს ღირებულებებს შეეხნენ. როგორც ჩანს, მათ სათანადოდ არ შეხებიან... ამიტომ ვამბობ, რომ თუ ადამიანი შინაგანად არ არის თავისუფალი, ყოველთვის იქნება ფარის წევრი. ბევრი ადამიანი, რომელიც თავის დროზე, ღირებულებების მოტივით `ნაციონალებში~ გაწევრიანდა, სულით `რესპუბლიკელია~. ამიტომ მინდა ვუთხრა მათ, რომ დროულად გააკეთონ არჩევანი. `ნაციონალებმა~ ევროპული ხედვა შირმად აქციეს, შინაგანად კი `ლეიბორისტები~ არიან.
-საკრებულოს თავმჯდომარეზე რას იტყვით, ისიც `სულით რესპუბლიკელია?~
- ჩემგან არ გამოდის ამაზე საუბარი, ვმეგობრობ მაგ ბიჭთან...
- როგორც საკრებულოში ამბობენ, ფრაქციის შექმნის სურვილი ჰქონია, მართალია?
-მისი ბრალი არ არის საკრებულო დეკორაციად რომ იქცა... კარგი ბათუმელი ბიჭია...
- რას ნიშნავს `კარგი ბათუმელი ბიჭი?~
- კარგ მეგობარს... ყველას გმირობას ნუ მოვთხოვთ. უმრავლესობა იმაზე ფიქრობს, სახლში რა მიიტანოს. რა აჭამოს ოჯახს, როგორ იცხოვროს კომფორტულად... როგორც კოლეგაზე, შემიძლია ვთქვა, რომ მას არასახარბიელო როლს ასრულებინებენ. ის სახეა ამ ხელისუფლების, მსხვერპლი და მძევალი. სათანადოდ რომ ვერ წარმართა სიტუაცია, პირველ რიგში, იმის ბრალია, რომ განათლება და გამოცდილება არ ეყო. ეს კი აუცილებლად სჭირდება ადამიანს, ვინც ამხელა ქალაქს იბარებს. არ ვიცი, თვითონ აცნობიერებს თუ არა ამას, მაგრამ ის ნამდვილად ხვდება, ვინაც იგი ამ თანამდებობაზე დანიშნა.
- საკრებულოს თავმჯდომარე კატეგორიულად უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე, ამიტომ თქვენ გკითხავთ _ ლევან ვარშალომიძესთან კონფლიქტი მართლა ჰქონდა?
- არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. მოარული ჭორებია, არ ვიცი. ვფიქრობ, კარგი ადამიანია, უბრალოდ, თავისი თანამდებობისთვის შეუთავსებადია.
- როგორც ვიცი, საკრებულოს წევრებს ნარკოლოგიური შემოწმება არ გაგივლიათ, ხომ არ აპირებთ ამ ინიციატივით შეხვიდეთ?
- ამ საკითხის დაყენებას შემდეგ სხდომაზე ვაპირებთ. ეს შემოწმება საკრებულოსა და მერიის ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს.
- საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კირთაძის კანდიდატურის განხილვას აპირებენ, მას თუ მისცემთ ხმას?
- როგორც მეგობარს, მივცემ ხმას, მაგრამ როგორც პოლიტიკურ ფიგურას, _ არა. მნიშვნელობა არ აქვს, ქაჯაია იქნება თუ კირთაძე, რადგან აქ სტრუქტურული ცვლილებაა საჭირო. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარე აუცილებლად შეიცვლება. `რესპუბლიკელები~ ალტერნატივის შეთავაზებასაც ვაპირებთ. ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, რაღაც მარგინალური ფენებიდან, რომლებსაც არაფერი უკეთებიათ. საზოგადოების შპანიზაცია მოხდა, ბიჭუკელების ხელში ვართ.
- თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, რომ `დღევანდელი საზოგადოება ღრმად გროტესკულია~, რა იგულისხმეთ?
- ამაში ვიგულისხმე საზოგადოება, რომელიც ტაშ-ფანდურით, აღლუმებით და სადღეგრძელოებით შემოიფარგლება. ის, როცა ფორმა არ შეესაბამება შინაარს. ერს დონ-კიხოტის სინდრომი გაუჩინეს, რეალობას სათანადოდ ვერ აფასებენ. ეს ის ხალხია, ვინც ხმა 30 ვერცხლად გაყიდა.
- საკრებულოს წევრები არ ყიდით ხმას 30 ვერცხლად?
- ხელისუფლებას ვადანაშაულებ, რადგან მან აიძულა ადამიანები ასეთები ყოფილიყვნენ. არ შეიძლება მილიონები დაიხარჯოს თითიდან გამოწოვილ ტურისტულ პროგრამაზე. არ შეიძლება იმ ოლიგარქებთან თანამშრომლობა, რომლებიც, ზოგადად, ბიზნესს ვნებენ... იცით როგორ ხდება საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება? სხდომის წინა დღეს შემოდის საკითხები და ერთ დღეში იღებენ გადაწყვეტილებას.
რეალური თვითმმართველობა გვინდა. ბათუმელებს მარტო ჩვენი იმედიც არ უნდა ჰქონდეთ. ამ ფონზე ჩვენ ბეგრაუნდს შევქმნით, მაგრამ მათი მხარდაჭერაც გვჭირდება. შემომძახეს კიდეც, შენ არ იყავი ამ სისტემას რომ ქმნიდიო? ვუთხარი, _ ეროსი კიწმარიშვილიც აღარ უყურებს `რუსთავი 2~-ს-მეთქი. მე რედაქტორი ვიყავი და მაქსიმუმს ვაკეთებდი, ჟურნალისტები იმაზე თავისუფალი რომ ყოფილიყვნენ, ვიდრე მანამდე.


3 comments:

Anonymous said...

ჩხარტიშვილი რესუბლიკელი კი არა ფაშისტია - მისი წიგნი ამორ ფატი თუ გაქვთ წაკითხული - კაცთმოძულე ფილოსოფისა - რევანშისტი და ნაცისტი - მასეთების გამო დავკარგეთ აფხაზეთი

Anonymous said...

რაც გინდათ უძახეთ მაგარი ბიჭი კია- მაგის ბაბუბა გენერი იყო - თვიტონაც კარგი პუბლიცისტი და მებრძოლი სულის პატრონია - თუ ფაშისტია დეოლოგიით რა მისი ბრალია - ასე გაზარდეს ელიტარულ ოჯახში ფაშისტად რაც ყველა ქართველის სენია - აფხაზეთი რა შუაშია - თქვენისთანა პაციფისტების გამო დაიკარგა აფხაზეთი - თორე მასეთნაირები რომ ყოფილიყვნენ ბლომად აფხაზეთი კი არა სოჭი იქნებოდა ჩვენი

Anonymous said...

წიგნი რა შუაშია - მაგიზ დროინდელი გაზეთი აჭარა გადაშალეთ - მიხვდებით - ჰიტლერის მაინ კამპფი მონაგონია - გესტაპოს ცირკულარი გეგონებოდა გაზეთი მის დროს - გაზეთი კი შეცვალა უკეთესობისკენ მაგრამ ნამეტარი ფილოსოსია იყო მასში - თანაც ტერორისტული ლიტერატურის პოპულარიასაც ეწეოდა - ტერნერის დღიურები ხომ გახსოვთ - მაგი წაგნი ამერიკაშიც კი აკრძალულია - რაც მის ბაბუ გენერალს შეეხება, მამაც მაგარი ტიპი ჰყავდა მაგრამ ეს რა შუაშია - თვითონ მართლა ფაშისტია - დაჰაუს კომენდანტი იქნებოდა გერმანიაში რომ დაბადებულიყო - ისე კი აქ არიული იერი - ბედის ირონიაა არა?;)))