div#header

Wednesday, November 19, 2008

სამშენებლო ბიზნესზე სესხები აღარ გაიცემა

ქართული ბანკები საკრედიტო პოლიტიკას იმ სფეროებშიც შეზღუდავენ, სადაც სესხების მიღება აქამდე შესაძლებელი იყო. სესხები აღარ გაიცემა სამშენებლო ბიზნესზე, ტურიზმი კი ჯერ კიდევ კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას.
ირმა ზოიძე/ბათუმელები

გაზრდილი რისკების გათვალისწინებით, ბანკები მომავალი წლიდან უკვე აღარ გეგმავენ კრედიტების გაცემას სამშენებლო ბიზნესზე. ეს განცხადება ბათუმში, სასტუმრო `ინტურისტში~ შეკრებილმა ბანკირებმა გააკეთეს. აჭარაში მოქმედი ექვსი ბანკის ფილიალის მენეჯერებმა კვირას 2009 წლის გეგმებზე ისაუბრეს. შეკრება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ბანკი ”ქართუს” აჭარის ფილიალის დირექტორი, არჩილ ხაბაძე აცხადებს, რომ სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ბაზარიც ამყარებს: ”ამ ეტაპზე მიწოდება ამ სფეროში აჭარბებს მოთხოვნას”.
სამშენებლო ბიზნესისგან განსხვავებით ბანკის წარმომადგენლები ასე კატეგორიულად არ საუბრობენ ტურიზმის სფეროზე. იმის მიუხედავად, რომ ამ სფეროში წელს გაცემული სესხები აგვისტოში შექმნილი ვითარების გამო ბანკებისთვის პრობლემად იქცა. ”ტურისტულ სესხებზე განაცხადები იანვრის შემდეგ შემოდის. ბოლომდე გადაწყვეტილი არ გვაქვს, გავცემთ თუ არა ამ მიმართულებით თანხას. შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები~, _ განაცხადა ”პროკრედიტ ბანკის” რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა, ავთანდილ გოგოლიმ.

ტურისტული სესხების პირობებისა და რისკების გადაფასების აუცილებლობაზე მოსაზრება ექვსივე ბანკის წარმომადგენელმა გამოთქვა, თუმცა, საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ ტურიზმის სფერო აჭარაში მოქმედი ბანკების ინტერესის სფეროში მაინც რჩება.
ტურისტული სესხების ყველაზე დიდი პორტფელი `პროკრედიტ ბანკს~ აქვს, რომელიც მეტად არის ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესზე, ასეთი სესხები `საქართველოს ბანკისა~ და `ვითიბი ბანკის~ საკრედიტო პოლიტიკის მხოლოდ 10 პროცენტია. მშენებლობისა და წარმოების სექტორზე ორიენტირებული ”თი ბი სი” და ”ქართუ” ბანკებია. თუმცა, ყველა ბანკი ერთნაირად მაღალი წილით იძლევა სესხებს სავაჭრო და მომსახურების სფეროზე.

ბანკები ყველაზე ნაკლებ პრობლემატურად სავაჭრო და მომსახურების სფეროებს განიხილავენ. ამ სფეროებზე სესხების გაცემა 2009 წელს ჩვეულებრივ გაგრძელდება.
მომავალში ბიზნესსესხების აღების შანსები კვლავაც არ ექნებათ დამწყებ ბიზნესმენებს. თუმცა `ქართუ ბანკის~ რეგიონული მენეჯერის განცხადებით, ისინი მზად არიან დააფინანსონ პარალელური ბიზნესი. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ბიზნესს ეწევა და მას ახალი, სრულიად განსხვავებული საქმის დაწყება სურს, შანს მისცემენ.
აგროსესხების მიმართულებით მუშაობა აჭარაში არც მომავალი წლისთვის იგეგმება. ფილიალების წარმომადგენლები ამას რეგიონის მცირემიწიანობითა და აგროსექტორში დაბალი მოსავლიანობით ხსნიან. აჭარის რეგიონისგან განსხვავებით, აგროსესხები წარმატებით გაიცემა შიდა ქართლსა და კახეთში.

`ინტურისტში~ ბანკების მენეჯერთა შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. ვახტანგ გოგუაძის განცხადებით, აჭარაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების დეფიციტია და ამ სფეროსთვის ყურადღების მიქცევა ღირს: ”ჩვენ ადგილობრივი პროდუქციით მხოლოდ სამი თვე ვიკვებებით, დანარჩენი ცხრა თვე ირანული, თურქული და სირიული პროდუქტები იყიდება...” იმისთვის, რომ ბანკირებს თავიანთი პოლიტიკისთვის გადაეხედათ, ეს არგუმენტი დამაჯერებელი არ აღმოჩნდა.
ბანკირების თქმით, აგროსექტორის მიმართულებით რისკებს ისიც ზრდის, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი და საკონსერვო მრეწველობა არ არის განვითარებული: ”პრობლემა, ძირითადად, წარმოება-გადამუშავება-რეალიზაციის ჯაჭვის არასრულფასოვნებაშია”.





No comments: