div#header

Wednesday, November 26, 2008

ევროპა-საქართველოს სავიზო რეჟიმი

ევროსაბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ ჩქარობს _ ამას ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ. ევროპაში რუსეთთან დამთბარი ურთიერთობის პარალელურად, საქართველოს მიმართ შენიშვნებმა და რეკომენდაციებმა იმატა, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საქართველომ ევროპისგან გამარტივებული სავიზო რეჟიმი მიიღოს.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

როდის მიიღებს საქართველო გამარტივებულ სავიზო რეჟიმს ევროპასთან? ამ კითხვაზე ბრიუსელში ევროკრატებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ.
სამხრეთკავკასიელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბრიუსელში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დირექტორმა, მარკუს კორნარომ განაცხადა, რომ საქართველოსთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე საუბარი, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს.

ქართველი ჟურნალისტების შეკითხვაზე, ევროპის გულგრილი დამოკიდებულება ხომ არ გამოიწვევს იმედგაცრუებას ქართველ ხალხში, მარკუს კორნარომ უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს და აღნიშნა, რომ რუსეთის საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე ევროპის პასუხი იყო ძალიან სწრაფი და ერთსულოვანი, ისე როგორც არასდროს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ხავიერ სოლანას პრეს-სპიკერმა, ქრისტინა გალაკმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე საუბარი მალე დაიწყება და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამარტივდება. სავარაუდოდ, გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეღავათები შეეხება სტუდენტებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ ევროპაში და ა.შ.
ამ განცხადების მიუხედავად, ქრისტინა გალაკს არ დაუკონკრეტებია, როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობას.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ საქართველო ევროპისგან განსაკუთრებულ შეღავათებს მიიღებდა. საუბარი იყო პრივილეგირებულ სავაჭრო ურთიერთობებსა და გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ საქართველოში ევროპული ქვეყნების საელჩოებთან ხალხმრავალი რიგები კვლავინდებურად არ წყდება. ევროპაში გამგზავრების მსურველები ამბობენ, რომ არაფერი შეცვლილა და, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებშიც არ შეიცვლება.

საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ საუბრის დროს ძალიან კატეგორიული იყო ბრიუსელში ერთ-ერთი ოფიციალური პირი. მან აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა თქვა სარკოზიმ, ამ ეტაპზე, ევროსაბჭოში, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი არ განიხილება.

საქართველოს ხელისუფლება კი მაინც იმედიანადაა განწყობილი. საქართველოს ელჩმა ბელგიის სამეფოში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიაში, სალომე სამადაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევროპის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა; მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი, ევროპა მხარს უჭერს საქართველოს.

რაც შეეხება გამარტივებულ სავიზო რეჟიმს ევროპასთან, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი განცხადებით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეეხება რამდენიმე კატეგორიას, გარკვეული პროფესიისა და სტატუსის მქონე ადამიანებს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები 2009 წლისთვის უნდა დასრულდეს და კონკრეტული შედეგებიც მხოლოდ მაშინ იქნება თვალსაჩინო.
ევროპაში სასწავლებლად და სამუშაოდ წასვლის სურვილი საკმაოდ ბევრ საქართველოს მოქალაქეს აქვს. ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელთაც გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა შეეძლებათ, ევროპაში წასვლისათვის ვიზის ასაღებად პრობლემები არც ახლა ექმნებათ. გამარტივებული სავიზო რეჟიმი ევროპასთან განსაკუთრებით საქართველოს იმ მოქალაქეებს აინტერესებთ, რომელთაც ევროპაში სამუშაოდ წასვლა უნდათ.

საქართველოში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ქართველი იმყოფება საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ მათი რიცხვი რომ საკმაოდ დიდია, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაახლოებით ასი ათასამდე ქართველი მუშაობს. იქ მცხოვრები ქართველების თქმით, დაახლოებით ოცდაათი პროცენტი არალეგალია, მათ საბერძნეთის საზღვარი უკანონოდ გადალახეს, ზოგი მათგანი არალეგალური ცხოვრების გამო ან ციხეში ხვდება, ან ტრეფიკინგის მსხვერპლია.


No comments: