div#header

Wednesday, September 10, 2008

არჩევნებში გამარჯვებისთვის ცხრა პარტია იბრძოლებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ცხრა პარტიამ: ”ქართული დასი”, ”ჩვენ თვითონ”, "ქრისტიან-დემოკრატები", "კონსერვატორები", "საქართველოს კომუნისტური პარტია", "ქართული პოლიტიკა", "ნაციონალური მოძრაობა", "მრეწველები", და "ეროვნულ დემოკრატიული პარტია". "ქართული დასი" უსკო-მ რეგისტრაციაში უკვე გაატარა. განაცხადების განხილვა 13 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები

”ქრისტიან-დემოკრატების” ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის। ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა. მისი ლიდერი გიორგი თარგამაძე, ასლან აბაშიძის პოლიტიკური პარტიის, `აღორძინების~ წევრი და გამორჩეული სახე იყო. თარგამაძემ ახალი პარტია ტელეკომპანია `იმედიდან~ წამოსვლის შემდეგ დააფუძნა. პარტიის რეგიონალური წარმომადგენელი, ნიაზ ზოსიძეც აბაშიძესთან წლების განმავლობაში მთავრობის პრესსამსახურში მუშაობდა. იგი ამ წლებს, დღემდე როგორც საუკეთესოს, ისე იხსენებს. აპირებს თუ არა უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას ნიაზ ზოსიძე, ჯერ არ ადასტურებს. მისი განცხადებით, პარტია ყველა რაიონსა და ოლქში აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას.

`ქართული დასიც~ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. მისმა ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ პოლიტიკური კარიერა `აღორძინებიდან~ დაიწყო. ამის შემდეგ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წევრი იყო. ბოლოს იგი გაერთიანებულ ოპოზიციაში `მემარჯვენეებს~ წარმოადგენდა. მას ოპოზიციაში, როგორც არასაიმედო პოლიტიკურ პარტნიორს, ისე აფასებენ. ჯონდი ბაღათურია ბათუმში ოფისის გახსნას კვირის ბოლოს გეგმავს. როგორც აცხადებს, კანდიდატები შერჩეული ჰყავს, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს. `შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი აჭარლები არიან~, _ ამბობს იგი.
პოლიტიკურ გაერთიანებას `ჩვენ თვითონ~, აჭარაში წარმომადგენლები არ ჰყავს, პარტიული ოფისის გახსნას 20 სექტემბრისთვის აპირებს। პაატა დავითაია `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ პარტია პროპორციულ სისტემაში მიიღებს მონაწილეობას, ამიტომ `მაჟორიტარი კანდიდატები, სავარაუდოდ, არ გვეყოლება~.

`ქართული პოლიტიკაც~ ახალი პარტიაა। საპარლამენტო არჩევნების დროს, მათი მაჟორიტარი კანდიდატი ბათუმში შოთა ზოიძე იყო, რომელიც პოლიტიკაში ასლან აბაშიძის მთავრობის დროს მოვიდა. ზოიძე აჭარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. ამბობს, რომ არჩევნებს პროტესტს უცხადებს. პარტიის წარმომადგენლის, გურამ თურმანიძის თქმით, მწერალ ანზორ კუდბას კანდიდატურის დასახელება სურთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

`საქართველოს კომუნისტური პარტიის~ ხელმძღვანელი პანტელეიმონ გიორგაძე, იგორ გიორგაძის მამაა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული। მას რამდენიმე ბრალდებას უყენებენ. პანტელეიმონ გიორგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხსნა რუსეთთან ურთიერთობაშია.

არჩევნებში მონაწილეობას `მრეწველების~ წარმომადგენელი, ირაკლი ჯაში აღარ აპირებს, სავარაუდო კანდიდატები არც მათგანაა ცნობილი. `მრეწველები~ ყველა არჩევნებში მონაწილეობენ, თუმცა კანდიდატურის გაყვანა ერთხელაც ვერ შეძლეს.
`ეროვნულ დემოკრატიული პარტიის~ ხელმძღვანელი ბაჩუკი ქარდავაა। ბათუმში ოფისი არ აქვთ. ადრე მათ პარტიას აჭარაში ილია ვერძაძე წარმოადგენდა, რომელიც ამჟამად აჭარის პროფკავშირებში მუშაობს. იგი პარტიის გეგმებზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ეს პარტია ირინა სარიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეა, რომელიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევა.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, _ `კონსერვატორებმა~ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანეს, თუმცა მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის მიზეზად ისინი საკანონმდებლო ხარვეზებს ასახელებენ.
არჩევნებში არც `რესპუბლიკელები~ მიიღებენ მონაწილეობას। პარტიის რეგიონალური ხელმძღვანელის, მურმან დუმბაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისა და მისი სამხედრო გენერალიტეტის მიმართ იმდენად ბევრი კითხვა გაჩნდა, რომ ის ფარავს აჭარის უმაღლესი საბჭოს საპოლიტიკო დებატებს. `ხელისუფლებას პასუხს ვთხოვთ მთავარ კითხვაზე, _ ვინ იყო ომის ინსპირატორი, რატომ დამარცხდა საქართველო რუსეთთან ომში ასე უეცრად და რატომ იქნა ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება, რომელსაც ბაღაფში და კოკოითიც აწერენ ხელს?~, _ აცხადებს მურმან დუმბაძე. ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე, `რესპუბლიკელები~ არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების ვადაზე ადრე შეცვლის მოთხოვნის ინიციატივითაც გამოვიდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ივლისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 30-დან 18-მდე შემცირდა। მათგან ექვსი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ ხმების 1/3-სა, გამარჯვებულად გამოცხადდება. დანარჩენ 12 ადგილს პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები დაიკავებენ.

ცვლილებების შედეგად, საარჩევნო ბარიერი 7-დან 5-პროცენტამდე შემცირდა.
უმაღლესი საბჭოს არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.


No comments: