div#header

Wednesday, September 10, 2008

ახალქალაქელები ომის შესახებ

რა ხდებოდა ჯავახეთში აგვისტოში? რა განწყობაა მოსახლეობაში? საიდან იღებენ ადგილობრივები ინფორმაციას და როგორ აფასებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს?

რიმა ღარიბიანი, ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
1 სექტემბერს, ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე 200-მდე მოქალაქემ ქართულ-ოსური კონფლიქტისადმი დამოკიდებულების გამოსახატავად ცოცხალი ჯაჭვი შეკრა.
ცოცხალ ჯაჭვში სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები ჩაებნენ. მოსახლეობა მხოლოდ დამკვირვებლის როლში იყო.
ახალქალაქელებს ომი უშუალოდ არ შეხებიათ. მათ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მაგრამ ომის დაწყებას ყველა განიცდიდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 200 იძულებით გადაადგილებული პირი შეიფარა. ნაწილი ნაცნობებთან დაბინავდა, ნაწილი კი ქალაქის სხვადასხვა შენობებში შეასახლეს.

`ლტოლვილები სოფლებში: ხულგუმოში, დილისკასა და სხვებში დაბინავდნენ। ამ სოფლებიდან ისინი უკვე წავიდნენ. კოთელიაში დარჩენილი ოთხი დევნილი კი დახმარების მისაღებად ორ კვირაში ერთხელ ჩამოდის~, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამმართველოს ხელმძღვანელი რაფაელ თოქმაჯიანი.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა თითოეულ დევნილს დღეში ხუთი ლარი გამოუყო। იძულებით გადაადგილებულ პირებს ფინანსური დახმარება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმაც გაუწიეს. სამსახურების ხელმძღვანელებმა ხელფასიდან 50 ლარი, ხოლო სპეციალისტებმა 20-20 ლარი გაიღეს. ლტოლვილებს დახმარება გაუწია არასამთავრობო ორგანიზაციამ `მერსი ქორი~, დახმარება შემოვიდა რეგიონული ცენტრიდანაც.

ადგილობრივ მოსახლეობას ლტოლვილთა დახმარებაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან საჭიროება არ იყო. მაგრამ ხალხი ამბობს, რომ დევნილებს სიამოვნებით შეიფარებდნენ.
ახალქალაქის მცხოვრებნი თანაუგრძნობენ ორივე მხარეს დაღუპულთა ოჯახებს। ისინი დაძაბულად ადევნებენ თვალს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას, რადგან უმრავლესობას რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვს.

`მინდა, საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. რუსეთში ვსწავლობდი. მაშინ ეროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. რუსეთთან საუკუნოვანი კავშირი გვაქვს. სჯობს, ახლო მეზობელთან ვიმეგობროთ, ვიდრე შორეულთან~, - ამბობს ექიმი-გინეკოლოგი კლარა პეტროსიანი.

კლარას სამივე ქალიშვილი რუსეთში ცხოვრობს. მისი თქმით, მოსახლეობა ფინანსურად და გეოგრაფიულად რუსეთზეა დამოკიდებული. იგი იმედოვნებს, რომ ოდესმე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მოგვარდება, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არარეალურია. ექიმი არავის ადანაშაულებს.

`ვინც არ უნდა ომობდეს, უარყოფითად ვარ განწყობილი. ომი საქართველომ დაიწყო, რადგან მათ თავიანთი მიზეზები ჰქონდათ, საკუთარი ტერიტორიების დაკარგვა არ უნდოდათ. ვინც უნდა იყოს დამნაშავე, ორივე მხარე მეცოდება. ეს პოლიტიკური საკითხია, შედეგად კი უბრალო ადამიანები ზარალდებიან~, - ამბობს პეტროსიანი.
მოსაზრებას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამა თუ იმ ხარისხით რუსეთზეა დამოკიდებული, ბევრი იზიარებს.

სტუდენტი იუჰაბერ კაზარიანი მიიჩნევს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ არ უნდა დაეწყო, რადგან გამარჯვების შანსი არ ჰქონდა.। მისი მამა ოჯახის შესანახად ყოველწლიურად რუსეთში დადის სამუშაოდ. იუჰაბერს უნდა, რომ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგეს.

`ისეთი ურთიერთობა მაინც დამყარდეს, როგორიც ომამდე იყო। საქართველოსა და რუსეთს მაინცადამაინც კარგი დამოკიდებულება არც მაშინ ჰქონდათ, მაგრამ ახლანდელთან შედარებაც არ შეიძლება~, - ამბობს სტუდენტი.

პროფესიით ჟურნალისტ ნინო მახარაძეს რუსეთში ბევრი ნათესავი ჰყავს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მისთვისაც არასასურველია. მაგრამ, ომის შემდეგ ნინოს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი აღარ აქვს:
`რუსეთს ჩვენთვის მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წართმევა არ უნდოდა, სადამდე მოვიდნენ, თავადაც ხედავთ, შესაძლოა, მომავალში წავიდეთ რუსეთში, მაგრამ ახლა საერთო არაფერი მინდა ამ ქვეყანასთან~.

ნინო მახარაძე მიმდინარე მოვლენებს ქართულ და რუსულ სატელევიზიო არხებზე ადევნებდა თვალყურს। ამბობს, რომ რუსული მასმედია ობიექტური და დამოუკიდებელი არ იყო: `მათ თავისუფალი პრესა არ გააჩნიათ. ამბობენ, რომ საქართველომ თავისი ხალხი გაწირა, მაგრამ როგორ შეეძლო ჩვენს ქვეყანას ეს გაეკეთებინა?! სროლა მათ დაიწყეს და ჩვენ ვუპასუხეთ~.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა, ძირითადად, რუსულ არხებსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა `მოამბეს~ სომხურ თარგმანს უყურებს, რომელიც დღეში ერთხელ, მხოლოდ საღამოს რვა საათზე გადის। ომის პერიოდში საინფორმაციო გადაცემების სიხშირე არ გაზრდილა, მხოლოდ ხანგრძლივობა გაიზარდა ორ საათამდე.

ჯავახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე საუბრობს, რადგან ქართული არ იცის। ამიტომ მოსახლეობა ინფორმაციას, ძირითადად, რუსული და სომხური არხებიდან იღებს. მოსახლეობაში რუსული პროპაგანდის გავლენა იგრძნობა. აშკარაა, რომ ჯავახეთში საინფორმაციო ომი რუსეთმა მოიგო.

სოფელ ბავრას მცხოვრებმა ჟორა შირინიანმა არ იცის, რომელ ინფორმაციას ენდოს, რადგან იგი ორ, ერთმანეთისაგან აბსოლუტურად საწინააღმდეგო ვერსიებს ისმენს। შირინიანი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ქართულ ვერსიას იჯერებს, ზოგჯერ კი _ რუსულს. მას სურს, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, რადგან მისი თქმით, სოფელ ბავრასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია: `სოფელში დაახლოებით 400 ოჯახია, 200-მდე ადამიანი წელს სამუშაოდ რუსეთში წავიდა~.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შირინიანს საქართველოს `კარგად ყოფნა~ სურს და არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ექნება ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა: `რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მთავრობა, ჩვენც მით უკეთ ვიცხოვრებთ”.

No comments: