div#header

Wednesday, September 10, 2008

ფოთი - რუსული ბომბების სამიზნე

9 აგვისტო, 00।15 საათი. ფოთის პორტში პირველი რუსული ბომბი ვარდება, მერე მეორე, მესამე და ბოლოს მათი რიცხვი 8-ს აღწევს. 12 დაღუპული და 52 დაჭრილი ნავსადგურის მუშა და დაცვის თანამშრომელი. თავშესაფარი არსადაა, ყველგან ხანძარი და რუსული ბომბები მძვინვარებს...
ლაშა ზარგინავა/ფოთი/სპეციალურად ”ბათუმელებისთვის”
ფოტო : ნ.ცეცხლაძე/ბათუმელები
დაახლოებით ნახევარი საათი ადამიანებს იმის გაფიქრებისთვის სჭირდებათ, თუ რა მოხდა, თუმცა მანამ ყველა ექიმის, ექთნისა და სანიტრის ფუნქციას ითავსებს... ქალაქს სახანძროებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების საყვირის გაბმული კივილი აყრუებს। არ კმარა არც მანქანა, არც ექიმი და არც სისხლი, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა სრულიად უდანაშაულოდ დაკარგა და საბედისწერო გახდა.


მთლიანად შეწყვეტილია ნავსადგურის ელექტროფიკაცია, რაც დაუცველობის, უფრო მეტი, ომის საშინელების განცდას აათკეცებს.
საერთო გნიასში, ერთადერთ სიტყვას თუ გაარჩევ _ `მიშველეთ!~
ამის შემდეგ, ყურადღების ცენტრში საავადმყოფოები ექცევა, სადაც ზოგი თავის მიცვალებულს ეძებს, ზოგიც _ დაჭრილს. ნავსადგურში კი, სამარისებური სიჩუმე ისადგურებს, რუსულმა ბომბებმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა.
ბომბების უმრავლესობა იყო მსხვრევადი ტიპის, ე।წ კასეტური სისტემის, როგორსაც, ძირითადად, ცოცხალი ძალის დასაზიანებლად იყენებენ.


დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საკონტეინერო ტერმინალის ოფისები, ელექტროტრანსფორმატორი; დაზიანდა მახლობლად მდებარე სხვადასხვა აღჭურვილობა: სატვირთო მანქანები, მისაბმელები და ტერმინალზე განთავსებული რამდენიმე კონტეინერი.


მას შემდეგ, დღემდე ფოთის ნავსადგური ჩვეულ რეჟიმში ვერ ჩაჯდა. დატვირთულია სამრეწველო პორტის მხოლოდ 35-40%. უცხოურმა გემებმა ფოთს ზურგი აქციეს.
`ტვირთნაკადის შემცირების გამო, ნავსადგურმა 2 მლნ। აშშ დოლარი იზარალა, ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. 1 მლნ 100 ათასი დოლარის ზარალი მიადგა თურქულ-ქართულ ნავთობკომპანია `ჩენელ ენერჯის~. კასეტური ბომბის ნამსხვრევებმა მისი რეზერვუარები დააზიანა. ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ~, _ აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნავსადგურის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ლემონჯავა.


საერთაშორისო სასამართლოში ჩივილის თაობაზე განცხადება 16 ივნისს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალურ დირექტორად დანიშნულმა ალან მიდლტონმაც გააკეთა। ინგლისელი ხელმძღვანელის თქმით, „ჩემი და ჩემი კომპანიის უპირველესი მიზანი, ფოთის პორტის და საერთოდ, ამ რეგიონის განვითარებაა, რათა თანამედროვე მსოფლიო რუქაზე ფოთმა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი. აქ ჩაიდება მილიონობით დოლარის ინვესტიცია, გაჩნდება ათასობით სამუშაო ადგილი. პირველ რიგში დასაქმდება და უპირატესობა მიენიჭება ამ რეგიონის მოსახლეობას. რაც შეეხება ნავსადგურის თანამშრომლებს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათ რაიმე საშტატო ცვლილება არ ემუქრებათ, პირიქით, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მათ გადამზადებას და შევუქმნით ისეთ სამუშაო პირობებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ მოტივაციას“.


ალან მიდლტონი ნავსადგურში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ფოთის პორტის მმართველ კომპანიად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად არაბული - `ღAK Iნვესტმენტ Aუტჰორიტყ~ გამოვლინდა। ფოთის საზღვაო ნავსადგურის 51 პროცენტი და ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული ოთხი ჰექტარი მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით შპს `რაკ საინვესტიციო სააგენტოს~ 15 აპრილს საზეიმო ვითარებაში თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადასცა. სახელმწიფო, პორტის აქციების 49 პროცენტს და ე.წ. `ოქროს აქციას~ იტოვებს. კუთვნილი წილიდან მთავრობა ნაწილის ადგილობრივ საფონდო ბაზარზე გატანასაც გეგმავდა.


`რაკ საინვესტიციო სააგენტო~ ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პორტის აშენებას აპირებს, რაშიც დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება। გარდა ამისა, დაგეგმილია, ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, 40-მდე ახალი საწარმოს აშენება. პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის განმარტებით, ახალ პორტში თავდაპირველად აქცენტი საკონტეინერო ტერმინალებზე გაკეთდება. ახალი პორტი, დაახლოებით 100 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება. პარალელურად განვითარდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც~.


რამდენადაა ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი რუსული საოკუპაციო ჯარების მხრიდან განხორციელებული საომარი ქმედებების შემდეგ? ეკონომიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ფოთის პორტში მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად შეფერხდება: `ვფიქრობ, დღეს სახარბიელო დრო არ არის იმისათვის, რომ ფოთში ტენდერი გამოცხადდეს। არაბული კომპანია, რომელსაც აღებული აქვს მართვის სადაავეები, ჯერჯერობით, არაფრის გაკეთებას არ ფიქრობს, არადა ყველას ახსოვს, როგორი იმედებით შემოვიდა ეს კომპანია, რამხელა გეგმები ჰქონდა. კონფლიქტებამდე არაფერი გაუკეთებიათ და ეჭვი მეპარება, ამ სიტუაციაში რამე გააკეთონ. რაც შეეხება ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ჩემი აზრით, მას დიდი პერსპექტივა აქვს. მთავარია, ყველაფერი სწორად გაკეთდეს, კვლავ აღვადგინოთ ინვესტორებთან ნდობა. თუმცა, არავინ ამბობს, რის გაკეთებას აპირებს~.


გაცილებით ოპტიმისტურადაა განწყობილი ექსპერტი ლადო პაპავა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ძვრები მაშინვე იქნება, როცა საქართველოს ტერიტორიას რუსული საოკუპაციო ძალები დატოვებენ.
`საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომელიც რუსების მიერ არის ოკუპირებული, ეკონომიკა მანამ ვერ განვითარდება, სანამ რუსული შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიას არ დატოვებენ। იმედი მაქვს, ევროპა რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას მანამ აიძულებს, სანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებს ეკონომიკური საფრთხე დაემუქრება~.


რუსი ჯარისკაცები ისევ დაუღალავად აგრძელებენ სანგრების თხრას, გადაადგილდებიან ქალაქის ტერიტორიაზე, აწიოკებენ და აყაჩაღებენ მშვიდობიან მოსახლეობას და კერძო მეწარმეებს। ქალაქის შემოსასვლელ ხიდთან, ე.წ `მეშვიდე კილომეტრთან~ რუს ჯარისკაცებს ერთი შეხედვით, ძალიან პატარა ტერიტორია უჭირავთ, მაგრამ თუ კარგად განვსაზღვრავთ ამ ადგილის მნიშვნელობას, მათი დისლოკაციის ადგილი შემთხვევით არ არის შერჩეული. `მეშვიდე კილომეტრიდან~ ყველაზე ხელსაყრელია ფოთის პორტში შესასვლელი და გამომსვლელი ყველა ტვირთის კონტროლი, რომელმაც ეს გზა უნდა გაიაროს სამანქანე ან სარკინიგზო ტრანსპორტით. რუსული ხომალდები აკონტროლებენ პორტში შემსვლელ და გამსვლელ გემებსაც.


ფოთში განლაგებული ბლოკ-პოსტის მეშვეობით რუსებმა შეძლეს იზოლაცია გაეკეთებინათ ისტორიული `აბრეშუმის გზისთვის~, სადაც ამჟამად იშვიათად თუ გადაადგილდება ტვირთები ევროპიდან აზიისკენ და პირიქით.


მეორე, ასევე სტრატეგიული ტერიტორია, რომელსაც ამჯერად რუსები იყენებენ, ნაბადას უბანში მდებარეობს, იქ სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს და ახლო მომავალში ახალი, არსებულზე თითქმის ოთხჯერ დიდი სიმძლავრეების პორტი უნდა აშენებულიყო. არაბულ `რაკ ინვესტმენტს~ უკვე ჰქონდა შერჩეული 100 ჰექტარი ტერიტორია.


უიმედო განწყობაა ხალხში। ფოთელი მზია დანელიას ოჯახმა რუსული ინტერვენციის სიმწვავე ისევე იგრძნო, როგორც ათასობით სხვა ფოთელმა ოჯახმა: `ეს საშინელება იყო, გვეგონა ბომბები პირდაპირ ეზოში ცვიოდა. გასაქცევი არსად გვქონდა, იმ წუთებში ყველანი დაუცველები ვიყავით. ის გავიფიქრე, შვილები სად დამემალა. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს, ფოთში განმეორდა ის, რაც ამერიკაში 11 სექტემბერს ხდებოდა. არ იცი, როდის მოგადგებიან კარზე, რას გააკეთებენ. ჩვენმა ხელისუფლებამ ესენი აქედან უმოკლეს ვადაში უნდა გაიყვანოს~.


რუსული აგრესიის უარყოფით შედეგებზე საუბრობს ფოთელი ზურაბ აბრალავაც, `ფოთი, ერთი პატარა ქალაქია, სადაც დატვირთვა ეკონომიკაზე იყო, ეს არ გახლდათ რაიმე სტრატეგიული დანიშნულების ქალაქი. არ მესმის, რა საჭირო იყო აქ მათი შემოსვლა მძიმე შეიარაღებით?! რაც ეს ჯარები ქალაქში შემოვიდნენ, ხელსა და თვალს შუა გაქრა ყოველგვარი ეკონომიკური პერსპექტივა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სიკეთე. ეს უცხოელებიც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ადგნენ და წავიდნენ. არავინ გაჩერდება ისეთ ქვეყანაში, სადაც ბომბები ციდან სეტყვასავით ცვივა~.


60 წლის ლორა დადიანი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტ ძალისხმევას უნდა მიმართოს, რათა რუსულმა ჯარმა დაუყოვნებლივ დატოვოს ქალაქი: `ნიკორას~ ქარხანა ორჯერ დააყაჩაღეს მთვრალებმა, როცა უნდათ მაშინ უდანაშაულო მოსახლეობის ხან ძროხას კლავენ და ხან ღორს. ლეკიანობაა თუ რა ხდება? ქუჩაში ახალგაზრდები ვეღარ გამოდიან, ეშინიათ, რუსი არ დახვდეს და არ ცემოს, ან არ ესროლოს. ეს ცხოვრება კი არა ჯოჯოხეთია. რას უყურებს ჩვენი მთავრობა, მაინცადამაინც მათ უნდა შეუვარდნენ სახლებში. ბუშის აღშფოთება უშველის გაჭირვებულ ხალხს?”
დაკარგავს თუ არა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თავის ხიბლს და აქცევენ თუ არა ზურგს ინვესტორები ფოთს, ეს მას შემდეგ გაირკვევა, როცა რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებენ.


: ნ

No comments: