საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ ლეგალურად, დამსაქმებელთან ოფიციალური ხელშეკრულებითა და სამუშაო ვიზით ჩავიდნენ ევროპაში. ამას ორი მიზეზი აქვს _ ერთი ის, რომ აღმოსავლეთ ევროპას გარკვეული სიმპათიები გააჩნია საქართველოს მიმართ. და მეორე, იქ მუშახელისა თუ მომსახურე პერსონალის დეფიციტია.
უცხოეთში ლეგალურად მუშაობის ახალ ტენდენციებზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ ჰულსტი საუბრობს.
ირმა ზოიძე/ბათუმელები
ფოტო: ნ.ცეცხლაძე
_ ბატონო მარკ, დასაქმების სააგენტოში გაჩნდა განცხადებები, სადაც უცხოეთში მუშაობის მსურველებს ლეგალურად გამგზავრებას სთავაზობენ. როგორც წესი, სამუშაო ვიზების მიღება რთული იყო, დღეს რა შეიცვალა?
_ ევროკავშირმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა მზადყოფნა, რომ `მობილური პარტნიორობის ფარგლებში~, ერთ-ერთი პარტნიორი საქართველო ყოფილიყო. მარტივად რომ ვთქვათ, ამით ამ ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისა და ლეგალურად დასაქმების ნებართვა ეძლევათ, ოღონდ მუდმივი ბინადრობის შესაძლებლობის გარეშე. თუ რა ხანგრძლივობით შეიძლება ადამიანი წავიდეს სამუშაოდ, ეს მოლაპარაკების საგანი იქნება: სავარაუდოდ, ორი წლით. ეს იმას ნიშნავს, რომ საემიგრაციო სამსახურისა და დამსაქმებლების თანამშრომლობა გამჭვირვალე იქნება. ადამიანები დასაქმდებიან, ოღონდ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდებიან.
_ გამოდის, რომ ეს საკითხი სახელმწიფოების დონეზე გადაწყდა?
_ დიახ, ეს პოლიტიკური ნებაა და კერძო სექტორის დონეზე არ წყდება. საქართველო მესამე ქვეყანაა, რომელთანაც ასეთი პარტნიორობა შედგა. პირველი იყო მოლდავეთი, არის კიდევ პატარა სახლმწიფო ატლანტიკის ოკეანეში; ახლა კი ასეთი პარტნიორობის უფლება საქართველოსთან ერთად სენეგალმა მიიღო. უბრალოდ, განვითარებული მოვლენების შემდგომ დაგვიანდა ხელშეკრულების გაფორმება. ასევე საუბარია ვიზების გამარტივებაზეც. ევროკავშირის დელეგაციის ჩამოსვლის შემდეგ უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
_ ანუ, გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ქართველებისთვის არა მარტო სამოგზაუროდ გაიღება
_ დასაქმების პერსპექტივები, ევროკავშირის მთლიან ტერიტორიაზე არ იქნება, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველომ ორმხრივი ხელშეკრულება დადო, 2009 წლის დასაწყისში ეს დოკუმენტი მომზადებული უნდა იყოს. სავარაუდოდ, უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქნება: პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთი, შვედეთი, რომლებმაც საქართველოს მხარდაჭერა მკაფიოდ გამოხატეს. ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების უფრო მეტი საშუალება გაჩნდება. ისინი დასაქმდებიან დროებით, მაგრამ ლეგალურად. ხოლო ვინც უკვე მუშაობს არალეგალურად, მათი ლეგალიზაცია ნაკლებად სავარაუდოა. ამით უფრო ისინი ისარგებლებენ, რომლებსაც სურვილი აქვთ წავიდნენ, ოღონდ თავიანთ ქვეყანას დაუბრუნდნენ.
_ 2-წლიანი ვადა კვლავაც ხომ არ შექმნის არალეგალურად იქ ყოფნის პერსპექტივას. იცით, ალბათ, რომ ამ გზით დასაქმებულების მიერ გამომუშავებული თანხის ნაწილი სააგენტოებს უბრუნდება.
_ თუ ადამიანი კარგად მუშაობს, გამოცდილება აქვს და თუ დამსაქმებელმა გადაწყვიტა კვლავ გაუგრძელოს კონტრაქტი, ეს შესაძლებელია, ოღონდ ამ შემთხვევაში ის მაინც უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, ერთი წლით მაინც. მერე კვლავ ექნება შანსი იმუშაოს საზღვარგარეთ, ისევ იმ ქვეყანაში, სადაც მანამდე მუშაობდა, ან სხვაგან, სადაც მას მოესურვება. ევროკავშირის სივრცე მისთვის უკვე ღია იქნება.
_ საქართველოდან წასული მამაკაცები, ძირითადად, მშენებლობაზე მუშაობენ, ქალები კი _ ძიძებად და მომვლელებად. ესეც პოლიტიკური ნებაა თუ, უბრალოდ, ვაკანსია?
_ დიახ, აღმოსავლეთ ევროპიდან ადამიანები ინგლისში, ირლანდიაში, გერმანიაში და ა.შ. გავიდნენ, შესაბამისად იქ მუშახელი ჭირს. ამასთან, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია, ამიტომ მზად არიან საქართველოსთან ითანამშრომლონ.
_ თუმცა, იმავე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში მიგრაციამ შრომის ბაზარზე ფასები შეამცირა. მაგალითად, გერმანიაში საკმაოდ აღიზიანებთ ემიგრანტები, რომლებიც დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობენ.
_ მართალია, მაგრამ, როცა ადამიანი ლეგალურად მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმალური ხელფასი ისეთივე უნდა ჰქონდეს, როგორიც ადგილობრივ მოქალაქეს. დაიდება ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირდება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივ მოქალაქეებთან თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ. ამას კი შრომის ინსპექცია გააკონტროლებს.
_ და მაინც, რატომ მხოლოდ ძიძა და მომვლელი?
_ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში _ იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში ძიძებისა და მოხუცების მომვლელების სადღეღამისო მომსახურების ტენდენცია გაჩნდა. მათ სურთ სახლში არა მარტო დღის საათებში, არამედ ღამითაც იყოს ვინმე. ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევნია საღამოს სახლში წავიდეს. ეს, ძირითადად, მოხუცების მომვლელებს ეხებათ. საქართველოს მოქალაქეს კი პირიქით, აწყობს ასეთი სამსახური, რადგან სახლი არ აქვს. თუ იქვე დარჩება, ნაკლები ხარჯი ექნება და სახლშიც მეტ თანხას გამოაგზავნის.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ქართველები ასრულებენ ასეთ სამუშაოს. მოლდაველებიც ასეთ სამუშაოზე მუშაობენ და სხვებიც. მოხუცების მომვლელები უფრო იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში აჰყავთ.
იმის გამო, რომ არ ფლობენ ენებს, სხვაგან დასაქმებაზე პრობლემა ექმნებათ. ამიტომაც ბაზარზე რა მოთხოვნაც არის, იმას აკმაყოფილებენ.
_ მას შემდეგ, რაც ლეგალურად მუშაობის შესახებ განცხადებები გაკეთდა, ხომ არ იცით, როგორია საელჩოებში სამუშაო ვიზების გაცემის სტატისტიკა?
_ საელჩოების ნაწილი ამ ინფორმაციას დიდი ხალისით არ იძლევა, თუმცა ჩვენი მონაცემებით ჯერ არალეგალური მიგრაცია უფრო არის. იმას, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს და უმრავლესობა ევროპაში სამუშაოდ ლეგალურად გავიდეს, ორი- სამი წელი მაინც დასჭირდება.
_ უფრო კონკრეტულად, რა სამსახურებზეა საუბარი?
_ 2012 წელს პოლონეთში ტარდება ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. მიმდინარეობს მშენებლობები. ადგილობრივი მოსახლეობა სრულად ვერ აკმაყოფილებს მუშა-მოსამსახურის ვაკანსიებს, ამიტომაც, კარგი მუშა, რა თქმა უნდა, სჭირდებათ. ასეთივე ინფრასტრუქტურის შექმნაა დაგეგმილი უკრაინაშიც, ლიტვაში კი უფრო სატყეო მეურნეობაში სჭირდებათ მუშახელი, კანადაში _ ხორცისა და თევზის მრეწველობაში.
ერაყსა და ავღანეთში ამერიკული დაცვის სამსახურები მუშაობენ, რომლებსაც დაცვის თანამშრომლები სჭირდებათ. ქუვეითში სატვირთო მანქანებზე ქართველი მძღოლებიც მუშაობენ.
_ ყველაზე ინტენსიურად ქართველები მაინც არალეგალურად თურქეთსა და საბერძნეთში მიდიან სამუშაოდ.
_ თურქეთში დამსაქმებელს ლეგალურად დასაქმების ინტერესი არ აქვს. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ესაზღვრება. იქ ისეც ხდება, რომ დამსაქმებელი და პოლიცია შეკრულია. ანკარასა და დასავლეთში უფრო მეტი კონტროლია. თუმცა სახლებში მუშაობის კონტროლი იქაც ძნელია.
საბერძნეთშიც იგივე პრობლემაა. კანონით კი რეგულირდება ყველაფერი, მაგრამ არ მუშაობს. ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კი ასე არ ხდება. თავად ქართველები საბერძნეთში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ _ მუშაობენ და პრობლემას არავის უქმნიან. ამიტომაც ხუჭავენ თვალს და არ ავიწროებენ. მაგალითად, ალბანელების, აფრიკელებისა და აზიელების მიგრაციას უფრო მეტად აკონტროლებენ.
_ ასე ხომ ის გადასახადები იკარგება, რომელიც ამ მუშახელის ლეგალიზების შემთხვევაში ბიუჯეტში შევიდოდა, ხელფასების დაქვითვით?!
_ ამას მეორე მხარე აქვს. `შავი~, იაფი მუშახელი უფრო მეტ პროდუქციას ქმნის და მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე შესაძლებელი იყო გადასახადების შეტანით მიეღოთ. ამიტომაც ხუჭავენ ამაზე თვალს.
Wednesday, September 10, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment