ნელი კუხალეიშვილი, ინგლისური ენის სპეციალისტი,
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული
ამ მოვლენის განხილვა ჰააგის სასამართლოში მაშინვე უნდა მომხდარიყო, როგორც კი ჩვენ იქედან გამოგვდევნეს. ჩვენ, დევნილებს მაინც უნდა გვევარგა. მობილიზება გაგვეკეთებინა და დაგვეწყო ეს პროცესი, მაგრამ მაშინ ისეთი დათრგუნულები და შეურაცყოფილები ვიყავით, ამაზე არც გვიფიქრია. სამასი ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მარტო სვანეთის გზაზე რამდენი დაიღუპა, ამის სტატისტიკაც არ არსებობს. დამცირებული ვიყავით იმითაც, რომ არავის აინტერესებდა ჩვენი მდგომარეობა და ბედი.
იმის დასამტკიცებლად, რომ დისკრიმინაცია ნამდვილად მოხდა, სტატისტიკაც საკმარისია _ რამდენი ადამიანი იქცა დევნილად, რამდენი დაიღუპა. არქივით და მონაცემებით ამ ყველაფრის დამტკიცება შეიძლება. მარტო ის კადრები რომ აჩვენონ, როგორ მოდიოდნენ ადამიანები ზამთარში, სვანეთის გავლით აფხაზეთიდან. ჩვილი ბავშვებით მორბოდნენ, უკან კი ყუმბარებს ესროდნენ.
რუსულ არხებზე ამ კონფლიქტის განხილვისას მესმის, ქართველები აფხაზებს მეორეხარისხოვნებად მიიჩნევდნენო. აქაც სტატისტიკა ნახონ. რამდენი ქართულ-აფხაზური ოჯახია. კარგი ურთიერთობები რომ არ ყოფილიყო, განა ოჯახები შეიქმნებოდა? ისიც ნახონ, რამდენი ოჯახია აფხაზურ-რუსული. ამ ბრალდებებს ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა უნდა უპასუხონ. ოღონდ, ყველაფერ ამას დამტკიცება სჭირდება.
თანამდებობების პირები ვინ იყვნენ? თავად ბაღაფში ვინ იყო? ოჩამჩირეში, საიდანაც მე ვარ, რაიკომის პირველი მდივანი იყო. შემდეგ სოხუმში გადაიყვანეს. სამეცნიერო დაწესებულებებსა და სახელწიფო სამსახურებშიც ყველა თანამდებობაზე აფხაზი მუშაობდა. ისინი ბერიასა და სტალინის დროს იხსენებენ, აფხაზური სკოლები დაგვიხურესო, მაშინ ყველა ტერორში იყო და ამაში ქართველების ხელი არ ურევია. პროვოკაცია რუსებმა შემოგვიგდეს და ჩვენ ეს `ვჭამეთ~.
ის, რაც აფხაზეთიდან დევნილებმა გადავიტანეთ, საშინელებაა. გახსენებაც არ მინდა. სალაპარაკო იყო, რა უნდათ დევნილებს ქალაქის ცენტრში, სასტუმროებში რომ ცხოვრობენო. სასტუმრო არც ბათუმის ცენტრში მჭირდებოდა და არც თბილისის, ჩემი სახლი მერჩივნა. არა მარტო ახლო ნათესავები, მეზობლები და მეგობრები დავკარგე, არამედ ფესვები დავკარგე. აქ არავინ იცის, ვინ ვარ. 40 წლის ასაკში თავიდან დავიწყე ცხოვრება. ჩემი ახლობლები, ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო, ზოგი სად არის და ზოგი სად.
როცა საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, მხოლოდ ჩემს თავს არ ვგულისხმობ. დევნილების სახელითაც ვლაპარაკობ. ჩემი უფლებები რომ შეილახა, ამაზე ვინ იფიქრა? ჩემს ძმიშვილებს და ძალიან ბევრს იმის კომპლექსი ჰქონდა, რომ დევნილი ერქვა. არ ვიცი, რა მოხდება ამ სასამრთლო პროცესზე. აქ მოგების შანსი 50\50-ზეა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ამის შესახებ ალაპარაკდნენ. არ შეიძლებოდა, ეს დამალული ყოფილიყო. როგორ შეიძლება 300 ათასი ადამიანის ბედი არავის აინტერესებდეს?!
Wednesday, September 10, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment