div#header

Wednesday, September 10, 2008

თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროპასთან

`საქართველო არის ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ინვესტიციების ჩადება. აქ თქვენ ბიზნეს საფრთხე არ ემუქრება”, _ ასე განმარტავს ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAჩ) დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ევროკავშირის მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლო შემოღების შესახებ.
ირმა ზოიძე/ბათუმელები


”თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ეკონომიკური ინტეგრაციის ახალი საშუალებაა, როცა ქვეყნები ერთმანეთთან სატარიფო ბარიერების გარეშე ვაჭრობენ”, _ ამბობს ექსპერტი, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებს სწავლობს.

დასავლეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი სხვადასხვაგვარია. იგი სამრეწველო საქონელზე საბაჟო გადასახადების გაუქმებას გულისხმობს, მაგრამ თუ შეთანხმება ეგრეთ წოდებულ ”ღრმა თავისუფალ ზონებზეა”, მაშინ შეღავათები სოფლის მეურნეობის, ფულად-საკრედიტო და მომსახურების სხვა სფეროებზეც ვრცელდება. ”ქართულ მხარეს სწორედ ასეთ რეჟიმს სთავაზობენ და მოლაპარაკებებიც სწორედ ამაზე მიდიოდა”, _ აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს შეთანხმება ევროპელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება და ისინი თავიანთ ბიზნესს გადახედავენ: ”თუ ასეთი რეჟიმი ამოქმედდა, დასავლელი ინვესტორები, რომლებიც პროდუქციას ჩინეთში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში აწარმოებენ, რათა მერე ევროპაში შეიტანონ, რატომ წავლენ ასე შორს?! თავიანთ საწარმოს ისინი საქართველოში გადმოიტანენ და აქვე დააბანდებენ კაპიტალს~.
დღევანდელ სიტუაციაში ასეთ რეჟიმზე მსჯელობა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი უფროა, ვიდრე ეკონომიკურის. თუმცა, ეს შეთავაზება შეიძლება ყველა იმ რისკ-ფაქტორების საპირწონეც გახდეს, რაც საქართველოში არსებობს, _ მიიჩნევს ექსპერტი და დასძენს, რომ სწორედ რისკ-ფაქტორების დასაბალანსებლადაა აუცილებელი ამ შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან: `ეს პოლიტიკური სიგნალიცაა. თუ ევროკავშირი აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ე.ი. დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყანაში არის სტაბილურობა, მუშაობს კანონი, შეთანხმებები, რომლებიც აქ დაიდება სრულდება, რომ მათ ბიზნესს არავინ შეავიწროვებს, კორუფცია მოთოკილია, საბაჟო და სხვა სამსახურები შესაბამის რეჟიმში იმუშავებენ. ეს კარგი სიგნალია ინვესტორებისთვის”.

`ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობების გააქტიურება აქვს გადაწყვეტილი, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და თავისუფალი ვაჭრობის ფართო არეალის საშუალებით, როგორც კი ამისათვის აუცილებელი პირობები იქნება შექმნილი~, _ აღნიშნულია ევროკავშირის დოკუმენტში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი რეჟიმი დაუყოვნებლივ ამოქმედდება. `აუცილებელი პირობების~ შექმნა მეტწილად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. გარდა სატარიფო ბარიერების მოხსნისა, ეს რეჟიმი შიდა ბარიერების მოხსნასაც გულისხმობს, ანუ იმ კანონების ჰარმონიზაციას, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობაზე, განსაკუთრებით ვაჭრობაზე, ახდენენ ზემოქმედებას.
`უნდა შეიცვალოს სურსათის უვნებლობის პოლიტიკა, უნდა დაწესდეს კონტროლი, შეიქმნას ფიტოსანიტარული სამსახურები, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებით იმუშავებენ~, _ აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტის აზრით, გამორიცხული არ არის, რეფორმის სწრაფად გასატარებლად საჭირო ხარჯი (რაც ქართული მხრიდან სტანდარტების ამოქმედებას შეიძლება დასჭირდეს) ევროკავშირმა გაიღოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, შესაბამისი პირობების შესრულებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება, ერთი წელიც კი იმ ხელშეკრულების ამოქმედებას, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოსთან გაფორმდება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ინვესტიციების დაბანდებას და ადამიანების დასაქმებას უკავშირდება, იაფი მუშახელია। ამის, ასე ვთქვათ, გამოცდილება აჭარაში უკვე არსებობს. რეგიონში გახსნილ შვიდ სამკერვალო ფაბრიკაში მომუშავე ადამიანები, სადაც, ჯერჯერობით, ყველაზე მეტი მუშახელია დასაქმებული, დაბალ ხელფასს უჩივიან. კახა გოგოლაშვილი ირწმუნება, რომ მდგომარეობა ამ მხრივაც გამოსწორდება, რადგან ევროპული ინვესტიციების შემოდინება ბაზარზე ახალი ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს და `მუშახელის ფასი~ გაიზრდება.

სამუშაო ადგილების გარდა, ექსპერტის აზრით, სამუშაოს ფორმების არჩევანის საშუალებაც იქნება: `მაგალითად, ჩინეთში იაფი მუშახელია, მაგრამ საუბარი არ არის მხოლოდ იმ წარმოებაზე, სადაც ასეთი მუშახელია საჭირო। არის სხვა სფეროები, უფრო მაღალტექნოლოგიური ოპერაციებით, რომლებიც გაცილებით მეტ ინტელექტს მოითხოვს, ვიდრე ტექსტილის წარმოებაში მარტივი ოპერაციების შესრულება. აქ კომპლექსურად უნდა შევხედოთ ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველოს მიმზიდველობას. მხოლოდ მუშახელზე კი არა, ნებისმიერი ტიპის პერსონალზეა საუბარი~.

რა პერსპექტივები აქვთ ადგილობრივ ბიზნესმენებს და რა შეიძლება მიიღონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ჰქონდა და აქვს GშP+ ცალმხრივი შეღავათები। ეს 2700 დასახელების სამრეწველო საქონელზე საბაჟო გადასახადების დაახლოებით 90-პროცენტიან შეღავათს გულისხმობს. ამით ქართული მხარე თითქმის არ სარგებლობდა. `ევროპაში თავისუფალი კონკურენციაა და ყოველთვის შეიძლება თავის დამკვიდრება, ძლიერი და კონკურენტუნარიანი თუკი იქნები. თავად ბიზნესმენებმა თუ არ გამოიჩინეს მარიფათი, ისე ფიანდაზად არავინ მიართმევს ბაზარს. ბაზარზე პროდუქციის გაყიდვა ამ უკანასკნელის ხარისხზეა დამოკიდებული, აგრეთვე მარკეტინგზე _ რამდენად ორიგინალური და მიმზიდველია შენი პროდუქცია. ჩვენთან, შესაბამის დონეზე, არც წარმოების და არც ბიზნესის კულტურა არ არის, ბაზრებზე თავის დამკვიდრება ამიტომაც გვიჭირს~.

ექსპერტის აზრით, ევროპელი ინვესტორები კაპიტალთან ერთად მოიტანენ თავიანთ ტექნოლოგიებს, ბიზნესისა და ბაზრების ცოდნას, `ნოუჰაუს~. ასე კი ქვეყანა შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად განვითარდეს.

No comments: