div#header

Wednesday, October 29, 2008

ცრუ ჩვენება მოკლულის ოჯახის წინააღმდეგ

ბათუმში, ჯონი ცივაძის წინააღმდეგ, ცრუ ჩვენების ბრალდებით, სასამართლო პროცესი დაიწყო. თავის დროზე, ცივაძის ჩვენებით, თბილისში, კორტებთან ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის მამას კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. ცივაძემ ახლახან აღიარა, რომ მაშინ ცრუ ჩვენება მისცა. ვაზაგაშვილი სამართალდამცავებს შვილის მოკვლისთვის უჩიოდა და მის გასაჩუმებლად, როგორც თვითონ აცხადებს, ზეწოლას ახორციელებდნენ.

ემზარ დიასამიძე

ზურა ვაზაგაშვილი თავის მეგობრებთან ერთად სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა 2006 წლის 2 მაისს, თბილისში, კორტებთან მოკლეს. დაღუპულის მამა, იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ რადგან იგი სიმართლის გარკვევისთვის იბრძვის, ძალოვნები მასზე პირდაპირ და ირიბ ზეწოლას ახორციელებენ.

ვაზაგაშვილი ამბობს, რომ 2007 წლის 23 მაისს, მას თავს დაესხნენ და ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვეს BMW-ს მარკის ავტომანქანა: `სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 20-მდე ადამიანი ყაჩაღურად დამესხა თავს და მანქანა ისე წამართვეს, მოტივი არ უთქვამთ. როგორც მერე გავიგე, რამდენიმე მათგანი პოლიციელი იყო. როცა მეზობლები შეიყარნენ და ჩოჩქოლი ატყდა, ამასობაში კი ადვოკატები და ჟურნალისტებიც მოვიდნენ, განმიმარტეს, რომ მანქანა მოსამართლის ბრძანებით მიჰყავდათ, მაგრამ ბრძანება არ უჩვენებიათ. მანქანის ამოღების შესახებ ბათუმელი მოსამართლის, ნინო ვაშაყმაძის ბრძანება რამდენიმე საათის შემდეგ წარმომიდგინეს”.

გამოძიების მასალებით, ჯონი ცივაძის მიერ 2005 წლის 5 ოქტომბერს პროკურატურაში შეტანილ საჩივარში წერია, რომ მას BMW-ს მარკის ავტომანქანა 2004 წლის მაისში მოპარეს.
ძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული მანქანა იური ვაზაგაშვილს ჰყავდა.

ორი დღის წინ ცივაძემ სწორედ ეს ჩვენება შეცვალა და ბათუმის სასამართლოს შემდეგი განმარტება მისცა: `მანქანა ჩოგბურთელ ლეილა მესხისგან 1999 წელს შევიძინე, როცა ბათუმის კორტების დირექტორი ვიყავი. თუმცა, მასზე მხოლოდ გენერალური მინდობილობა მქონდა და ისიც 2002 წლამდე. ეს მანქანა სპეცდაკვეთით იყო დამზადებული”.
ცრუ ჩვენებაში კი ცივაძეს ეწერა, რომ მას პირადი მანქანა ასლან აბაშიძის ბათუმიდან წასვლის შემდეგ მოპარეს.

ვაზაგაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ცივაძე ძალოვნების დავალებით მოქმედებდა: "ავტომანქანა 2005 წელს დავით ბერუაშვილისგან ვიყიდე, ბერუაშვილმა კი 2003 წელს ლაშა ნებიერიძისგან. ამ არაკაცის ცრუ ჩვენებით ჩემი უფლებები ფეხქვეშ გაითელა~.
პროცესზე ადვოკატმა ხატიაშვილმა ვაზაგაშვილის დაზარალებულად ცნობა მოითხოვა: `ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ხელშეუხებელია. ვაზაგაშვილს წაართვეს საკუთრება, რომელიც დღემდე ვერ დაიბრუნა და აქედან გამომდინარე, იგი დაზარალებულია”.

ვაზაგაშვილის დაზარალებულად ცნობის წინააღმდეგი პროკურორი წავიდა. შესაბამისად, მოსამართლე თემურ კაკაბაძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ საქმეს მალე სტრასბურგის სასამართლო განიხილავს: `ვაზაგაშვილის ოჯახს ძალოვნებმა ორი ავტომანქანა წაართვეს და, ჯერჯერობით, არც ერთს არ უბრუნებენ, რაც არის ადამიანის საკუთრების უფლების უხეში დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან. საჩივარი შემაქვს აჭარის პროკურორის, ვასილ როინიშვილის წინააღმდეგ, რომლის მითითებით ცივაძის საჩივარი არასწორად გამოიძიეს, რის გამოც ვაზაგაშვილს მანქანა უკანონოდ წაართვეს და დღემდე არ უბრუნებენ. სარჩელი უკვე შესულია ევროსასამართლოში. პროკურორებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ. არც ერთ პროკურორს, ჰიტლერის პერიოდში იყო ეს თუ სტალინის, უკანონო საქმეები ბოლომდე არ შერჩენია და არც ამათ შერჩებათ”.

იური ვაზაგაშვილს სამართალდამცავები არც იმ მანქანას უბრუნებენ, რომელშიც მისი შვილი მოკლეს. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა ამ საქმის დეტალების გასაიდუმლოებას დღემდე ცდილობს: `კორტებთან დაცხრილული ავტომანქანაც ვაზაგაშვილების საკუთრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დიდი ხნის წინ დასრულდა, ოჯახს დღემდე არც იმ მანქანას უბრუნებენ. ძალოვანებმა თქვეს, რომ მანქანის ჩაცხრილვა აუცილებელი იყო, რადგან მასში მსხდომმა თავად გახსნეს ცეცხლი პოლიციელების წინააღმდეგ. ერთ-ერთ საგამოძიებო დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ მანქანის უკანა საქარე მინა იყო გატეხილი, საიდანაც დამნაშავეები პოლიციას ესროდნენ. სპეცოპერაციის დროს გადაღებულ კადრებზე კი ჩანს, რომ ჩაცხრილული ავტომანქანის უკანა საქარე მინა მრთელია. ორ წელზე მეტია ვითხოვთ მანქანის კრიმინალურ ექსპერტიზას, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ”.

ჯონი ცივაძის ადვოკატის, ნადიმ მალაყმაძის განცხადებით, ცივაძეს შეცდომა გამოუცდელობით მოუვიდა: `მან მესხისგან მანქანა ნამდვილად იყიდა, რომელიც შემდეგ გიორგი აბაშიძემ წაართვა. რევოლუციის შემდეგ, როცა მანქანა თბილისში ნახა, იფიქრა, რომ პოლიციის მეშვეობით დაიბრუნებდა. მას სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენება აქვს მიცემული, რაც ჩვენი კანონმდებლობით დასჯადია. მან ადვოკატი მას შემდეგ აიყვანა, როცა ბრალი წაუყენეს. რაც შეეხება ვაზაგაშვილს, ცივაძემ საერთოდ არ იცოდა, მანქანა თუ მას ჰყავდა. ეტყობა, ძალოვანებს თავიანთი ინტერესი ჰქონდათ და ამით ისარგებლეს”.
ცივაძის სასამართლო პროცესი 5 ნოემბრისთვის გადაიდო, რა დროსაც საქმის მთავარი მოწმის, ლეილა მესხის დაკითხვა იგეგმება.

ცივაძე განსხვავებული ჩვენებების მიცემასა და გამოძიების შეცდომაში შეყვანას აღიარებს და პატიებას ითხოვს. მას სამ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა ემუქრება.


No comments: