div#header

Wednesday, December 17, 2008

ნოღაიდელი ვარშალომიძეების კორუმპირებულობაზე საუბრობს

ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძვის, პასუხისმგებლობას არ იღებს იმ საქმეებზე, რომელიც მისი პრემიერობის დროს მოხდა, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე; 7 ნოემბერზე; სამაგიეროდ, აჭარის ხელისუფლებაში მოსასვლელად ლევან ვარშალომიძისთვის, ყოფილი ბიზნეს-პარტნიორისთვის გაწეულ რეკომენდაციას აფასებს როგორც დანაშაულს.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ყოფილ პრემიერთან, რომელმაც საკუთარი პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა აჭარაში გასულ კვირას ისე დააფუძნა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ აურჩევია.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები

_ ბატონო ზურაბ, პრესაში თქვენ აცხადებთ, რომ აჭარას უავტორიტეტო და კორუმპირებული კლანი მართავს, ახლა რატომ ამბობთ ამას?
_ ეს დიდწილად ჩემი ბრალია, რადგან, თავის დროზე, ჩემს სიტყვაზე ბევრი იყო დამოკიდებული, თუ ვინ იქნებოდა აჭარაში მთავრობის თავმჯდომარე. ამ დანაშაულს აუცილებლად გამოვასწორებ. არ შეიძლება აჭარას ასეთი ზნედაცემული კლანი მართავდეს, მამა-შვილის სახით. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომელ ბიზნესს აკონტროლებენ ვარშალომიძეები, მაგრამ თითქმის არ არის დარჩენილი ბიზნესი, სადაც მათი კლანი ამა თუ იმ ფორმით არ მონაწილეობს. ძალოვანებმა ზუსტად იციან, ვარშალომიძეები კორუფციაში რომ არიან.
_ თქვენ ამბობთ, რომ ვარშალომიძეს რეკომენდაცია გაუწიეთ. მის ოჯახს მაშინაც ხომ იცნობდით?
_ გურამ ვარშალომიძის წარსულს კარგად ვიცნობდი, მაგრამ არ მეგონა, ასე ერთიანი ძალებით თუ იმოქმედებდნენ. ამის ნიშნები მაშინ არ ჩანდა, რადგან ეს იმდენად კლანზე არ იყო დამოკიდებული, რამდენადაც ცენტრალურ ხელისუფლებაზე. არ მეგონა, ამდენ შეცდომას თუ დაუშვებდა. ვარშალომიძეების კორუმპირებულობაზე შს მინისტრთან, პროკურორებთან და პრეზიდენტთანაც არაერთხელ მითქვამს, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე. ალბათ, რაღაც ფორმით, ამ კორუფციასთან ისინიც კავშირში არიან.
_ ზოგადად, თქვენზეც ამბობენ, რომ კორუმპირებული ხართ. თუ არ წარმოადგენთ მტკიცებულებებს, რატომ უნდა დაგიჯეროთ საზოგადოებამ?
_ დოკუმენტები გვაქვს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ხელისუფლების ხელში გამოძიება ბოლომდე მივა. ამ ყველაფერს ახალი ხელისუფლების პირობებში გამოვიძიებთ.
_ თქვენ მილიონერთა სიაში მაშინ მოხვდით, როცა პრემიერ-მინისტრი იყავით. ღარიბი ქვეყნის მთავრობაში გამდიდრება როგორ მოახერხეთ?
_ სამწუხაროდ, მილიონერი არ ვარ. საკონსულტაციო კომპანია `ნ კონსალტინგი~ (ადრე `ნოღაიდელი კონსალტინგი~ ერქვა) მთავრობაში მოსვლამდე დავაფუძნე, რომელიც ჩემი პრემიერობის დროს დაიხურა. ხელისუფლებიდან როცა წამოვედი, საკუთარი ბინაც კი არ მქონდა თბილისში, მაგრამ მუშაობა კერძო სექტორში დავიწყე, კარგ ანაზღაურებას ვიღებდი და გარკვეული ქონება დავაგროვე. მილიონერთა სიაში გამიზნულად შემიყვანეს: `ჯორჯიან თაიმსმა~ შეკვეთილი სტატია დაბეჭდა. ვნანობ, რომ თავის დროზე პასუხი არ გავეცი, რადგან პოლიტიკაში დაბრუნება აზრად არ მომსვლია. რაც შეეხება ჩემს ბიზნესს, `კალა-კაპიტალიდანაც~ წამოვედი. არც `სახალხო ბანკში~ მაქვს წილები, როგორც ამას ამბობენ.
_ მილიონერი თუ არ ხართ, ორ მილიონ დოლარს როგორ დებდით საკაბელო არხის, `მაესტროს~ განვითარებაში?
_ საკუთარ ფულს არ ვდებდი. იმასაც გეტყვით, რომ არავისთან მივსულვარ და არაფერი მითხოვია. თუმცა ის, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ტელევიზია, მნიშვნელოვანი საკითხია და ეს ყველა ჩვენგანის ინტერესში შედის, დღეს კი ყველა არხს მთავრობა აკონტროლებს.
_ ფული რომ ჩაგედოთ ამ ტელევიზიის განვითარებაში, თქვენზე კომპრომატების გამოქვეყნების უფლებას მისცემდით?
_ როგორ ფიქრობთ, ჩემ შესახებ კომპრომატები რომ არსებობდეს, აქამდე არ გამოაქვეყნებდნენ?
_ გარდა ვარშალომიძის რეკომენდაციისა, სხვა პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ, იმავე გვირგვლიანისა და რობაქიძის საქმეზე?
_ ნამდვილად არ ვიღებ მაგ საკითხებზე პასუხისმგებლობას. ისევე როგორც არ ვიღებ პასუხისმგებლობას 2 ან 7 ნოემბერზე. იმიტომ მოვდივარ პოლიტიკაში, რომ სხვის ქმედებებზე არ ვაგო პასუხი.
_ რატომ გაგათავისუფლათ მიხეილ სააკაშვილმა?
_ ხელისუფლებიდან წამოსვლა 7 ნოემბრის შემდეგ გადავწყვიტე. ვფიქრობ, ორივეს მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კი 8 აგვისტოს შემდეგ მივიღე.
_ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე რაიმე ახალს ხომ არ იტყვით?
_ მაგაზეც ვისაუბრებ, როცა დრო მოვა. ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი.
_ თქვენი პრემიერობის დროს აჭარაში შემოვიდა კომპანია "სილქ როუდ ჯგუფი", რომელსაც ის სასტუმროები მიყიდეთ, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ კომპანიის უკან ნიკა რურუა და მისი მეგობრები დგანან. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
_ არ ვიცი... ყველაფერს მაშინ დავაკონკრეტებ, როცა ამის დრო მოვა. ამაზე პასუხი პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ უნდა გასცეს.
_ როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის რუსული კაპიტალი სახიფათოა?
_ ხომ ვხედავთ, რომ პრობლემებს ვერ გვიქმნის. თუმცა, რუსეთმა თუ მოინდომა, ამას კაპიტალის გარეშეც გააკეთებს. საქართველო, ენერგომატარებლების თვალსაზრისით, რუსეთზე არ არის დამოკიდებული და ეს სწორია. ქვეყანას სულ სხვა პრობლემა აქვს, ეკონომიკურ კრიზისშია და ამ ხელისუფლების პირობებში კრიზისი კიდევ უფრო გაიზრდება. 2009 წლისთვის, მოსახლეობა შემოსავლების დიდ ნაწილს დაკარგავს.
_ ბოლო საკადრო ცვლილებები ხომ არ უკავშირდება პოლიტიკური კურსის ცვლას?
_ პოლიტიკური კურსი დიდი ხნის წინ შეიცვალა, _ რუსულ კურსს არ ვგულისხმობ, როცა ეკონომიკასა და პოლიტიკაშიც გაურკვეველ გზას დავადეგით. ამის მიზეზია შეცდომები, რომელიც პირამიდასავით იზრდება. ამ ცვლილებებში ვერ ვხედავ ლოგიკას, ეს არაადეკვატური ქმედებებია. როცა საგარეო საქმეთა მინისტრს, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს მისდამი, შუა გზაში ათავისუფლებ, არა მარტო მას აყენებ შეურაცხყოფას, არამედ პარტნიორ ქვეყნებსაც. ასეთი რამ დიპლომატიაში არ ხდება.
_ თქვენ ხისტ პოლიტიკოსს გიწოდებენ. ეს თვისება მხარდამჭერების მოპოვებაში ხელს თუ გიშლით?
_ სიხისტეს მე მაინც და მაინც უარყოფით თვისებად არ განვიხილავ. პირიქით, ქათინაურია იმ თვალსაზრისით, რომ სიხისტეში პრინციპულობა იგულისხმება და საკუთარ პოზიციაზე დგომა, მით უფრო თუ ეს ქვეყანას ეხება.
_ ვისთან აპირებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას?
_ ამაზე ვერ ვისაუბრებ. არჩევნები არ არის და განცხადების გაკეთება ნაადრევია.
_ ხელისუფლებაში თუ მოხვალთ, ისევ პრემიერ-მინისტრი იქნებით?
_ ჩვენი პარტიის კარი ყველა ლიდერისთვის ღიაა. ახლა თანამდებობების განაწილებაზე საუბარი იმას ჰგავს, მოუკლავი დათვის ტყავს რომ ვინაწილებდეთ. მთავარია, შევქმნა ისეთი პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც არამარტო ხელისუფლებას აიღებს ხელში, არამედ ქვეყანას კრიზისიდანაც გამოიყვანს.
_ რითია საზოგადოება დაზღვეული, რომ ამ ხელისუფლებას ახალი კლანები არ ჩაენაცვლება და ყველა საეჭვო საქმე გამოძიებული იქნება?
_ ვისაც შევპირდი, მათ იციან ჩემი სიტყვის ფასი.
_ რა ინფორმაცია გაქვთ ზურაბ ბერიძის დაკავებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რას ედავებიან ხომ არ იცით?
_ ზურაბ ბერიძეს, ჯონი ბაბილოძეს და პაატა კაიკაციშვილს ჩემ გამო ედავებიან. დანაშაული ვერც ერთ მათგანს ვერ აღმოუჩინეს. ესენი წესიერი ადამიანები არიან და აუცილებლად იპოვიან სამართალს. თუ არა, მაშინ ამ მოვლენებს მთავრობა გადაყვება.
_ პაატა კაიკაციშვილი ნარკომომხმარებელი არ იყო?
_ ნარკოტიკების მომხმარებელს ან გამსაღებელს დავიცავდი? ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ვპირდები შემსრულებლებს, რომ აუცილებლად დაისჯებიან, თანაც სასტიკად.

No comments: