„ალასანიას ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ მის შესახებ არ არსებობს ამომწურავი ინფორმაცია“, _ ამბობს პოლიტოლოგი დავით აფრასიძე. საქართველოში ირაკლი ალასანიას დაბრუნებას ელიან. ექსპერტები ალასანიას, რესპუბლიკელებისა და მემარჯვენეების ალიანსსა და შესაძლო ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ:
ნესტან ცეცხლაძე/ბათუმელები
„რამდენადაც ნისლით და ბურუსითაა მოცული ალასანიას შემდგომი ნაბიჯები, უფრო დიდია მისი ძალა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაჩერდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დავით აფრასიძე. მისი აზრით, „ალასანიამ კარგად უნდა გათვალოს, რაა მისთვის უკეთესი – დარჩეს ცალკე მოთამაშედ თუ დადგეს ვინმეს გვერდით. გვერდით დადგომამ შეიძლება "რესპუბლიკელებსა" და "მემარჯვენეებს" პლუსი შესძინოს, თუმცა მისთვის შესაძლოა ცოტა ხანი ცალკე ყოფნა ჯობდეს“.
გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის „რესპუბლიკელები-მემარჯვენეების“ ალიანსის შესაძლო ლიდერობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, როცა ალასანიამ განაცხადა, რომ ის ხელისუფლებამ კი არ გაათავისუფლა, არამედ თავად დაწერა განცხადება გადადგომაზე და რომ ამას ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე აპირებდა.
რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება, განმარტება არ გაუკეთებია. მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით თქვა, რომ განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის მერე გააკეთებს და დაადასტურა კონსულტაციები "რესპუბლიკელებთან".
დავით აფრასიძე ამბობს, რომ ალასანიასთან დაკავშირებით მოლოდინები გადაჭარბებულია და ორივე ცდება – ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ალასანიასი და ოპოზიციაც, რომელსაც ალასანიას იმედი აქვს: „ალასანიას ყველაზე დიდი ძალა ის არის, რომ, ჯერჯერობით, არ ვიცით, რას აპირებს“.
„ბათუმელები“ სამშაბათს საღამოს ნიუ-იორკში დაუკავშირდა ირაკლი ალასანიას. მან განგვიცხადა, რომ კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ექსპერტ ანდრო ბარნოვისის აზრით კი, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ალასანია ქარიზმატული ლიდერის ტიპი არ არის. სინამდვილეში, სიდინჯითა და გაწონასწორებულობით სწორედ რომ ქარიზმატული ლიდერია.
ბარნოვი ამბობს, რომ მისი ლიდერობის შემთხვევაში "რესპუბლიკელებისა" და "ახალი მემარჯვენეების" ალიანსს სერიოზული წარმატების შანსი აქვს.
ამ ორმა პარტიამ ალიანსის შექმნის შესახებ განცხადება 8 დეკემბერს გააკეთა. ორივე პარტიის ლიდერმა თქვა, რომ ალიანსის მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა.
ანდრო ბარნოვს მიაჩნია, რომ, „ეს ორი პარტია ცხადია განსხვავდება ერთმანეთისგან (ძირითადად, ეკონომიკური ხედვით, მემარჯვენეები მომხრე არიან ბიზნესის გათავისუფლების, ლიბერალები – პირიქით), მაგრამ არა მგონია, რომ ამან პრობლემები შექმნას“. მისი აზრით, იდეოლოგიური სხვაობები ასეთი კრიზისის პირობებში ვერ იქონიებს გავლენას არჩევანის გაკეთებისას, რადგან ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.
ბარნოვისგან განსხვავებით უფრო მეტი კითხვები აქვს დავით აფრასიძეს: „როგორც წესი, კონსერვატიულ და ლიბერალურ პარტიებს კოალიციაში ვხედავთ, მაგრამ არა წინასაარჩევნო პერიოდში. „ნორმალურ ვითარებაში“ ცოტა შეუთავსებელია ლიბერალური და კონსერვატული იდეოლოგიები.
ავიღოთ, მაგალითად, ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება _ როგორც მოდელში, ასევე ამ ადამიანების გულებში, კონსერვატორები უფრო ეკლესიის განსაკუთრებულ როლს უჭერენ მხარს და გამყრელიძე არც მალავს ამას, მაშინ, როდესაც განსხვავებული პოზიცია აქვთ ლიბერალებსა და რესპუბლიკელებს ამ შემთხვევაში.
მეორე საკითხი არის ყბადაღებული თემა სახელმწიფოს მოწყობასთან დაკავშირებით. მართალია, უსუფაშვილმა თქვა, რომ ორივე საპარლამენტო მოდელია, მაგრამ დიდი განსხვავებაა კონსტიტუციურ მონარქიასა და რესპუბლიკურ საპარლამენტო მოდელს შორის. კონსერვატორები, როგორც წესი, არიან ძლიერი ცენტრის მომხრეები, ლიბერალები დეცენტრალიზაციას უჭერენ მხარს, თანაც არა ისე, რომ მერები და გამგებლები არჩეულ იქნას, არამედ ისე, რომ მათ ძალაუფლება რეალურად გადაეცეთ. ახლა კი ამბობენ, რომ რეგიონული პარლამენტები და ასე შემდეგ უნდა არსებობდეს. მაგრამ რამდენად შორს წავა ეს საკითხები, ვთქვათ, ბიუჯეტთან მიმართებაში?
კიდევ ერთი საკითხი, ზოგადად, საზოგადოებრივი ღირებულებებია – საკითხი ასე დგას: როგორ მიუდგებიან კონსერვატორები და ლიბერალები, რომ დაისვას საქართველოში, ვთქვათ, აბორტის თემა, დაისვას ჰომოსექსუალების უფლებების საკითხი? ექნებათ ერთი პოზიცია? ვეჭვობ, რომ ჰქონდეთ. კონსერვატორები, როგორც წესი, უფრო კონსერვატიულები არიან ამ საკითხში, ლიბერალებისთვის კი პიროვნული თავისუფლებაა მნიშვნელოვანი“.
კითხვაზე, რა საერთო აქვს ამ ორ პარტიას, აფრასიძე პასუხობს: „ორივე პარტია მემარჯვენე და მემარჯვენე ცენტრისტული, ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელის მომხრეა. ანუ ზოგად პრინციპში ფესვი ერთი და იგივე აქვთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე დიდი გამაერთიანებელი (და ამაში დასამალი არაფერია), ხელისუფლების გამოწვევის მცდელობაა. რესპუბლიკელებსაც და მემარჯვენეებსაც სჯერათ, რომ გაერთიანებული ძალებით უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიან მთავრობას, ვიდრე ცალკ-ცალკე. ამაში, ჩემი აზრით, ჭეშმარიტების მარცვალი არის“.
თუმცა დავით აფრასიძე ამბობს, რომ 2009 წელს ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ხელისუფლების სურათი არ შეიცვლება. ასეთი პროგნოზის საფუძველს მას სხვადასხვა კვლევა აძლევს და ამბობს, რომ ჯობია პარტიებმა 2009 წელი საარჩევნო კანონის შეცვლაზე ზრუნვას დაუთმონ, რომლის ტესტიც 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება.
ვადამდელი არჩევნები შესაძლებლად მიაჩნია ანდრო ბარნოვს. მისი თქმით, ხელისუფლებაში ამის ნება ახლა არ არსებობს, მაგრამ „პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, საერთაშორისო ნება, ამ გადაწყვეტილებას მიაღებინებს“.
Wednesday, December 17, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment