div#header

Wednesday, December 17, 2008

გასხვისებული ფოთის პორტი და ექსპერტების დანახული საფრთხეები

ეკატერინე შარაშიძემ, სანამ ეკონომიკური განვითარების მინისტრის პორტფელს გამოემშვიდობებოდა, რამდენიმე დღით ადრე, ერთ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერა ხელი: "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი "RAK INVESTMENT AUTHORITY"–ი გახდა. არაბული კომპანიის მფლობელობაში, სახელმწიფოს ოქროს აქციების 49%-იც გადავიდა. ფოთის ნავსადგურის ანუ როგორც მას უწოდებენ _ საზღვაო კარიბჭის მომავალს ამიერიდან უცხოელი ინვესტორი განსაზღვრავს.

ლაშა ზარგინავა /სპეციალურად ბათუმელებისთვის

"ყველაფერი რაც კეთდება, ეს არის "საქმე ლაპარაკის ნაცვლად", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აპრილში, როდესაც ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის პრეზენტაცია მოეწყო. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა და ფოთის პორტის დარჩენილი 49 პროცენტი არაბულმა კომპანიამ 65 მლნ დოლარად იყიდა. ამ ექვსი თვის განმავლობაში, ამის გარდა ახალი არაფერი გაკეთებულა. აპრილის თვეში არაბებმა, უკვე ფოთის პორტის 51-პროცენტიანი წილი და ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეიძინეს, მათზე დამაგრებული 304 637 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით. ამაში არაბულმა კომპანიამ 90 მლნ დოლარი გადაიხადა.

ფოთის პორტი მთავარ შემგროვებელ და გამანაწილებელ პორტად უნდა გადაიქცეს, სადაც მსოფლიოს ტვირთები მოიყრის თავს. ამის შესახებ არაბული `Rak Investment Authority"-ის დირექტორმა ჰატერ მასაადმა შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. `მოხარული ვარ, რომ ორწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ფოთის პორტის გასაძლიერებლად. ჩვენ გვინდა ქართული პორტი ერთ-ერთ მთავარ პორტად გარდავქმნათ", _ აცხადებს უცხოელი ინვესტორი.

"კომპანია, რომელიც უკვე იყო 51-პროცენტიანი წილის მფლობელი, ორი წლის განმავლობაში ფოთში, პორტის მახლობლად ააშენებს ახალ ტერმინალს, რომელიც იქნება მოდერნიზებული. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 200 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება და 20-ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა", _ აღნიშნა უკვე ექს-მინისტრმა შარაშიძემ. მისივე თქმით, ძალაში დარჩება "ოქროს აქციის" პირობები _ მფლობელს არ შეეძლება რაიმე მნიშვნელოვანი რეორგანიზაციის განხორციელება, მაგალითად, ობიექტის ლიკვიდაცია.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, პოლიტიკური პარტიების მხრიდან სხვადასხვა შეფასება მოჰყვა. ზოგმა არაბული კაპიტალის უკან ტერორისტული დაჯგუფების საფრთხე იგრძნო, ზოგმაც _ ხელისუფლების უგუნურობის. ამ მხრივ, ყველაზე უფრო რადიკალური "ლეიბორისტული პარტიაა". პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის თქმით, "პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს, მეშვიდე საუკუნის ეპოქაში დაგვაბრუნოს, ამჯერად `RAK INVESTMENT AUTHORITY"-ის მფლობელი ჰატერ მასაადი იბატონებს, რომლის უკან "ალ-ქაედა" დგას". "ლეიბორისტები" ევროპულ სტრუქტურებსა და აშშ-ს ფოთის პორტის გაყიდვის დაბლოკვისკენ მოუწოდებენ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ `ხელისუფლებამ ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ამ ორგანიზაციაში ერთიანი ეკონომიკური თამაშის წესები არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ გაწევრიანების შემდეგ თავისუფალი ზონის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ევროკავშირი არ უშვებს ასეთ პრეცედენტებს. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, თუ ჩვენ ევროკავშირში შესვლა გვსურს, მაშინ რას ვუშვებით ინვესტორებს, რომლებთანაც გარკვეული ვალდებულება გვაკისრია და პირიქით, თუ ინვესტორთან 49-წლიანი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, მაშინ 49 წელი ევროკავშირში შესვლას დავემშვიდობოთ?"

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ლადო პაპავა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას ფოთში მთავრობის უდიდეს შეცდომად აფასებს: "ინდუსტრიული ზონა დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. როცა საქართველოში ინვესტიციური შიმშილია, ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი შემოვა არა ზოგადად ქვეყანაში, არამედ შეღავათების მქონე ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. იმავეს გააკეთებენ ადგილობრივი ინვესტორები. როცა მათ გაუჩნდებათ შემოსავლები ბიზნესში ჩასადებად, ისინი მათ არა რუსთავში ან ქუთაისში დააბანდებენ, არამედ დაელოდებიან იმ შეღავათებს, რაც ფოთშია".

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი, ჩვენთან საუბრისას აქცენტს პოლიტიკურ რისკებზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ფოთის პორტის აქციათა 100% არაბული კომპანიის _ `RAK INVESTMENT AUTHORITY~ მფლობელობაში გადავიდა, ფოთის პორტი შესაძლოა, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ აქციათა 100% რუსეთს გადასცეს.

"ომის დროს ფოთის პორტი დაიბომბა, მაგრამ არანაირი ზიანი არ მისდგომია არც სპილენძის, არც ოქროს მოპოვებას, არც გადამცემ ხაზებს და არც თბოენერგოგენერაციას, ანუ არც ერთი ის ობიექტი, რომელიც საქართველოში რუსული ინვესტიციების სიმბოლოა, არ დაზიანებულა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით პროვოკაციები მუდმივად გაგრძელდება. საკმაოდ დიდია იმის ალბათობაც, რომ არაბებმა აქციები რუსეთს ნებაყოფლობით გადასცენ, რადგან ფოთის პორტის გამო რუსეთთან ომს არავინ დაიწყებს. ერთია, რომ ვკარგავთ ამ ობიექტს, მეორე _ არსებობს საფრთხე ფოთის პორტის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოყენების. თუ არაბული კომპანია დაინახავს, რომ რუსეთთან დაპირისპირებას აზრი არ აქვს, ის ადვილად დათანხმდება პორტის გადაცემაზე", _ აცხადებს ცისკარიშვილი.

ქართველი ექსპერტის აზრით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ფოთის პორტი კვლავ მაღალი რისკის მატარებელია. რაც შეეხება ეკონომიკურ ზარალს, ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზარალი მაშინ შეიძლება მივიღოთ, თუ აქციების გაყიდვის პირობები საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამო იქნება. თუმცა, იქვე დასძენს, რომ პირობები, როგორც წესი, იქამდე არ ხმაურდება, ვიდრე კრიტიკულ სიტუაციას არ წავაწყდებით.
ხელშეკრულების თანახმად, არაბული კომპანია ფოთში კიდევ ერთ ნავსადგურს ააშენებს. ახალი პორტის აშენების პარალელურად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამოქმედდება. 300 ჰექტარზე განთავსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხუთი წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადება, 450 ახალი საწარმოს და 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმილი.

No comments: