ირმა ზოიძე/ბათუმელები
მეწარმეები თანამშრომლობაზე რომ არ მოდიან, ამას ომბუდსმენის რეგიონალური რწმუნებული, გიორგი ჩარკვიანი კონკრეტული მაგალითებით ადასტურებს: "მეწარმეებს არასოდეს არ მოუმართავთ. ჩვენ ვიგებდით დარღვევების შესახებ და ვთავაზობდით დახმარებას, მაგრამ ისინი უარს ამბობდნენ. უფრო მეტიც, გვიმტკიცებდნენ, რომ მათთვის პრობლემა არავის შეუქმნია.
ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ქიბარ ხალვაშის ძმა ფინანსურ პოლიციას დაკითხვაზე ჰყავდა. შევედით კუდში და ვიკითხეთ, რა მიზეზით იმყოფებოდა ბიზნესმენი მათთან. ოფიციალური პირების თქმით, მათ მეგობრული საუბარი ჰქონდათ. თუ ასეა, მაშინ ეს ადამიანი ჩემთან ერთად წამოვა-მეთქი, განვუცხადე, მაგრამ ის არ გამომყვა. მითხრა, მართლაც მეგობრული საუბარია და თქვენი დახმარება არ მჭირდებაო.
იმ ღამეს ქიბარ ხალვაშის ძმა დააკავეს. რომ გამომყოლოდა, მეორე დღეს, წესით, ხელს ვეღარ მოკიდებდნენ. ამის შესახებ მასაც ვუთხარი, მაგრამ მაინც ასეთი არჩევანი გააკეთა".
რეგიონში ომბუდსმენის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევებში უნდობლობაზე მეტად შიშის ფაქტორი მოქმედებს. მისი თქმით, ბიზნესმენებს ურჩევნიათ ითანამშრომლონ კუდთან, საპროცესოები გააფორმონ და ფული გადაიხადონ. ისინი მზად არიან, ყველაფერი მისცენ, ოღონ სახლში "მშვიდად" ეძინოთ.
გიორგი ჩარკვიანი ამბობს, რომ ხალხის პარტიის რეგიონული ლიდერის, ჯუმბერ თავართქილაძის ძმა ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მათ დასახმარებლად მიმართა. საგადასახადომ მისი მაღაზია "ბუმერანგი" დალუქა, რის შედეგადაც მესაკუთრემ დიდი ფინანსური ზარალი ნახა.
ეს საქმე საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენებაშიც მოხვდა. თუმცა, იმ საქმეთა უმრავლესობაზე, სადაც კანონის უხეში დარღვევა იკვეთებოდა, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს არც ერთი კუთხით არ მოჰყოლია რეაგირება _ არც დამნაშავეები დასჯილან და არც მესაკუთრეთა უფლებები აღდგენილა.
სახალხო დამცველის მოხსენებაში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის საქმეც ფიგურირებს: "ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანი“ შეიქმნა 2005 წლის დასაწყისში. მისი დამფუძნებლები იყვნენ თურქეთის მოქალაქეები: ოსმან ერსაინი, ისმაილ ქაზმაზი და საქართველოს მოქალაქე ქიბარ ხალვაში. 2007 წლის 23 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის (ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს) და მისი თანაშემწის, რეზო ჭარბაძის ნაცნობ ნოტარიუსთან, ღამის სამ საათზე განხორციელდა შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ კუთვნილი წილების მალხაზ ოსაძესა და ზაზა გოცირიძეზე გადაფორმება. ზაზა გოცირიძე გახდა კომპანიის 75%-ის მფლობელი, ხოლო მალხაზ ოსაძე _ 25%-ის.
სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი მასალები ადასტურებს, რომ შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ წილების გადაფორმება განხორციელდა სხვადასხვა არამართლზომიერი მეთოდებით, დიდი ზეწოლისა და კომპანიის მესაკუთრეთა იძულების შედეგად.
კომპანიის წილების გადაფორმება უშუალოდ უკავშირდებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს თანხის გადახდას. სახელმწიფო თანამდებობის პირები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული მოლაპარაკებების პროცესებში, დაინტერესებული იყვნენ, რომ გირაოს თანხა მხოლოდ ქიბარ ხალვაშს გადაერიცხა, რასაც ქიბარ ხალვაში არ დათანხმდა. ხოლო წილების გადაფორმების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილის გირაოდ ჩაირიცხა სწორედ ის თანხა, რომელიც კომპანიას სახელმწიფოსაგან უნდა მიეღო შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ. გირაოს თანხა კომპანიის ახალმა დირექტორმა მალხაზ ოსაძემ გადარიცხა და არა ქიბარ ხალვაშმა, როგორც ეს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ გააჟღერა. ხელისუფლებას სურდა, გირაოს თანხის გადახდა ქიბარ ხალვაშთან ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან იგი ოქრუაშვილის მეგობარი იყო.
პოლიტიკური ნიშნით კერძო საკუთრების ხელყოფასა და შევიწროებაზე "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძეც საუბრობს. მისი განცხადებით, 7 ნოემბერს, როცა ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და პრეზიდენტს აკრიტიკებდა, მისი ძმის ოფისში ფინანსური პოლიცია შევიდა. საქმე დღესაც სასამართლოშია.
არც სახალხო დამცველისთვის და არც სასამართლოსთვის არ მიუმართავს ფირმა `გორგიას~ მფლობელს, რომლის ობიექტის მუშაობაც (თითქოს გადასახადებს მალავდა) ფინანსურმა პოლიციამ, ეჭვის საფუძველზე, სამი თვით გააჩერა.
ასევე დააყადაღეს ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა ქობულეთში, რომლის მფლობელიც შპს "ქართული" პროდუქტია.
ფინანსურმა პოლიციამ დალუქა რესტორანი "მეგრულ-ლაზურიც". აქციიდან მეორე დღეს ამ რესტორანში მიხეილ სააკაშვილი და ჰავიერ სოლანა მივიდნენ, დაგეგმილ ვახშამზე. დალუქული ობიექტი, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა უკვე გატანილი ჰქონდათ, ფინანსური დოკუმენტაციების შემოწმების მიზნით, სწორედ ამის გამო გახსნეს.წლის განმავლობაში იყო შემთხვევები, როცა ერთი და იმავე დარღვევის დროს ერთს მთელი სიმკაცრით სჯიდნენ, მეორეს კი _ შეღავათებს აძლევენ. მშენებლობის ვადების დარღვევის გამო, ბათუმში ბიზნესმენებმა შეიძლება მილიონობით ლარი იზარალონ. ერთ-ერთი მათგანი სამშენებლო კომპანია "ცვლილებათა ქარია", რომელსაც ქალაქის მერიამ ვადების დარღვევის გამო, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის უფლება შეუჩერა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიუხედავად, "სილქ როუდ ჯგუფთან" 2008 წლის 27 თებერვალს დამატებითი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით, სასტუმროების მშენებლობის ვადები 2015 წლამდე გადაიწია.
1 comment:
იქნებ ამიხსნათ, საკუთრების ხელყოფასთან ეს გაფუჭებული ნამცხვარის ფოტო რა შუაშია???
Post a Comment