div#header

Thursday, December 25, 2008

შემცირებები ბათუმშიც დაიწყო

{ემზარ დიასამიძე/ბათუმელები}
ბათუმის ნავთობტერმინალმა ასამდე შტატი შეამცირა. პროფკავშირების ინფორმაციით, შემცირებები იგეგმება პორტში, ელექტროკავშირში, ენერგო-პრო ჯორჯიაში, ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებში. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, ამ პროცესს წინ ვერავინ აღუდგება, რადგან ამის საშუალებას შრომის კოდექსი არ იძლევა.

გაერთიანებული პროფკავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დოდო მექვაბიშვილის განცხადებით, საწარმოებში სამუშაო ადგილების შემცირებას მასობრივი ხასიათი მიეცა. მაგალითად, ბათუმის ნავთობტერმინალში 100-მდე თანამშრომელი დაითხოვეს.

"ჩემთან მოსული იყო ტერმინალის თანამშრომელი, რომელიც ამ საწარმოში 24 წელზე მეტია მუშაობს. მას სხვა პროფესია არ გააჩნია. მითხრა, არ ვიცი რა გავაკეთო, თავს მოვიკლავო. მის გარდა ოჯახში დასაქმებული არავინაა", _ ამბობს მექვაბიშვილი.
მექვაბიშვილის თქმით, საქართველოს შრომის კოდექსით დასაქმებულთა უფლებები იგნორირებულია: "მიუხედავად ამისა, ტერმინალის ხელმძღვანელობა გარკვეულ დათმობებზე მაინც წავიყვანეთ. 200-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება იგეგმებოდა, მაგრამ ეს ციფრი გაანახევრეს. დათხოვნილებს ხუთ-ხუთი თვის კომპენსაცია, 1500 დოლარის ოდენობით და სამედიცინო დაზღვევის ბარათებიც მისცეს. ხელმძღვანელს რომ მოენდომებინა, ამაზეც უარს იტყოდა და პასუხს ვერავინ მოსთხოვდა".

პროფკავშირების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შემცირებები იგეგმება პორტში, ენერგო-პროსა და აჭარის ელექტროკავშირშიც:
`ელექტროკავშირი 1 იანვრიდან ტელეკომს უერთდება. ალბათ, შემცირებები მანამდე მოხდება. ტელეკომსა და პროფკავშირებს შორის არსებობს შეთანხმება, რომელიც სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს. ამ შეღავათებით მხოლოდ პროფკავშირის წევრები სარგებლობენ".

იმავე წყაროს ინფორმაციით, მასობრივი შემცირებები მიმდინარეობს ბანკებშიც. თუმცა, ამაზე პროფკავშირები ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს: `საბანკო სექტორში პროფკავშირულ ორგანიზაციებს ვერ ვქმნით, რადგან პროფკავშირებში გაწევრიანებულ ადამიანებს, კომერციულ საწარმოთა უმრავლესობა, სამსახურებიდან ათავისუფლებს. რაც მთავარია, მათ ამის უფლება აქვთ".

საერთაშორისო ორგანიზაციები ქართული შრომის კოდექსის შეცვლას მუდმივად ითხოვენ. საქართველოში ჩამოსული იყო შრომის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური დირექტორი, რომელიც პრემიერ-მინისტრ გეგა მგალობლიშვილს შეხვდა. `მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ უნდა დაიდოს ხელშეკრულება მთავრობასა და პროფკავშირებს შორის, რაც ცალკეულ საწარმოებზეც გავრცელდება", _ ამბობს მექვაბიშვილი.

შრომის კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით ნოემბრის ბოლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პროფკავშირების სარჩელი განიხილა. მოსარჩელე კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების შეცვლას ითხოვდა, რომლითაც დამსაქმებელს უფლება აქვს შტატების შემცირების მოტივით თანამშრომელი კომპენსაციის გარეშე დაითხოვოს. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ახალ წლამდე გახდება ცნობილი.

No comments: