ემზარ დიასამიძე/ბათუმელები
_ ქალბატონო ნონა, ომის შემდეგ ჯარისკაცებს შორის ფსიქიკური პრობლემები ხშირია?
_ ომის შემდეგ ფსიქიკური პრობლემა, მეტნაკლებად, ყველა ადამიანს უჩნდება. ეს მძიმე სტრესია. ძალიან გულგრილი ადამიანი თუ შეძლებს, რომ სტრესი არ დაემართოს. ეს ადამიანების ნორმალური რეაქციაა.
ეტყობა, ჯარისკაცთა უმრავლესობას ომი მაინც ვირტუალურად წარმოედგინა. ჯარში მყოფ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ამას სახელმწიფოს სახის შესანარჩუნებლად აკეთებდნენ. ის შემაძრწუნებელი კადრები, რაც კინოებში გვინახავს, თურმე რეალურადაც შეიძლება ნახო: ადამიანების დაგლეჯილი სხეულები _ იმათი სხეულის ნაწილები, ვინც რამდენიმე წუთის წინ შენ გვერდით იყო და ბევრთან მეგობრობდი კიდეც. ბუნებრივია, ამაზე ადეკვატური რეაქცია გექნება. არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც ყველაზე შემაძრწუნებელ სტრესსაც უმკლავდებიან, მაგრამ სხვა ტიპის ადამიანები ამას ვერ უძლებენ. ასეთი ფსიქოლოგიური ტრავმის ასატანად ყველა ადამიანს რესურსი არ ჰყოფნის.
_ თქვენ ბევრმა ჯარისკაცმა მოგმართათ. როგორია მათი მდგომარეობა?
_ ეს პრობლემა ბევრმა უკვე გადალახა. არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ სტრესის გადახარშვა. სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ცოტას აქვს. მცირე ნაწილმა, შესაძლოა, შრომის უნარი დაკარგოს.
მარცხზე მეტად სტრესული მდგომარეობა გააღრმავა ურთიერთგამომრიცხავმა, გაუგებარმა მდგომარეობამ. საზოგადოებამ ვერ გაარკვია, ამ ომით საბოლოოდ დავმარცხდით თუ გავიმარჯვეთ. ხალხს გაურკვევლობა, დისოციაცია (ფსიქიკური პროცესების კავშირის დარღვევა) დაემართა. ეს განსაკუთრებით მძაფრად ჯარისკაცებზე აისახა.
_ ამ ომის მონაწილე ჯარისკაცების ნაწილი შეიძლება დაისაჯოს. ამას ფსიქოლოგიურად რა გართულება მოჰყვება?
_ თუ ასე იქნება, ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს სამუშაო მოგვემატება. ახლა მათი უმუშევრად დატოვება კიდევ უფრო გაამწვავებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ამ ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა. როცა ასეთი რამ ხდება, ადამიანებს ინდივიდუალური განცდები უქრებათ და კოლექტიური შფოთები ეწყებათ. თითქოს ნორმალურია პატრიოტიზმი, მაგრამ მაინც ხდება ადამიანების ზოგადი დისტრესი. მე, პირადად, ამაზე პროტესტი მაქვს.
_ ომით გამოწვეული მასობრივი ფსიქოზის პრობლემა მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს წარმოჩნდა. ეს თანამედროვე ადამიანის პრობლემაა?
_ ეს საკითხი მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი შეუსწავლელი იყო. ევროპელმა და ამერიკელმა ფსიქიატრებმა ამ პრობლემის შესწავლა ვიეტნამისა და ავღანეთის მოვლენების შემდეგ დაიწყეს. საქართველოში ამაზე ორგანიზებული დახმარება ახლახან დაიწყო. აფხაზეთში არანაკლები სტრესი გადაიტანეს ადამიანებმა, მაგრამ მაშინ მათი დახმარებისთვის არავის ეცალა.
_ ვიეტნამის სინდრომზე რას იტყვით. საქართველოში ეს საკითხი უფრო მკაცრად დადგება?
_ ნაომარი ადამიანის სტრესული მდგომარეობა, როცა საზოგადოებაში ვერანაირ უკუკავშირს ვერ ჰპოვებს, კიდევ უფრო ღრმავდება. როცა საზოგადოებაში არავის აინტერესებს, რითი იყო ეს ადამიანი დაკავებული ომში და რა გააკეთა, არათუ დაფასება, უბრალოდ, ინტერესიც არ არის მის მიმართ, მას მიტოვებულობის, უარყოფილის განცდა უჩნდება.
_ ამ ადამიანების რეაბილიტაციისთვის რა უნდა გაკეთდეს?
_ ჯარისკაცების პრობლემებზე, ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს და ისინიც, ძირითადად, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვა სახის სოციალური თანადგომა, პირველ რიგში კი _ დასაქმება.
_ სამოქალაქო საზოგადოებაზე რა გავლენა მოახდინა აგვისტოს მოვლენებმა?
_ ძალიან მძიმე. მუდმივად ნეგატიური ფონი როცა ვითარდება, პროტესტი და ბრაზი გროვდება. ჩნდება ვიღაცის დასჯის მოთხოვნა. ამ დროს ხახაში შეუგდებენ ვიღაცას, ვთქვათ მოღალატეს. ამის გამოა, რომ ქუჩაში ადამიანის მოკვლა პროტესტს არ იწვევს, თუნდაც მოღალატე იყოს ანუ სასამართლოს არსებობა არავის ახსოვს.
No comments:
Post a Comment