{თამთა კვარაცხელია - მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი}
სპეციალურად "ბათუმელებისთვის"
მასწავლებლის უფლებები, რა თქმა უნდა, ირღვევა. ჩვეულებრივ, თუ სახელმწიფოში ადამიანის უფლებები ირღვევა, მასწავლებელი გამონაკლისი არ არის. პირველ რიგში, დაბალი ხელფასები და გაზრდილი მოთხოვნები სახელმწიფოსა და მშობელთა მხრიდან, უკვე არღვევს მის უფლებებს.
სხვა საკითხია, როცა მასწავლებელს, ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებს, აგრესია მოსწავლეზე გადააქვს და მასზე იყრის ჯავრს. ვეთანხმები რეფორმას, რომლის ამოსავალი პრინციპია, რომ სკოლა ეკუთვნის მოსწავლეს. მაგრამ, სამწუხაროდ, განათლების მიმდინარე რეფორმა საზოგადოებამ ცუდად გაიგო. განსაკუთრებით ეს ეხება მშობელთა გაზრდილ პრეტენზიებს.
მასწავლებელს, ერთი მხრივ, ვთხოვთ, ინდივიდუალურად იმუშაოს მოსწავლესთან, გაითვალისწინოს ფსიქოლოგიის უახლესი მიმართულებები მაშინ, როცა ეს მას არ უსწავლია და, ფაქტობრივად, უნდა გადაემზადოს; მეორე მხრივ, უნდა დაეუფლოს სწავლების უახლეს მეთოდებს, დახვეწოს თავისი პროფესიული ცოდნა, მუდმივ განახლებას ესწრაფოდეს, ე.ი. მან უნდა იმუშაოს მთელი დღე და ეს ყველაფერი სულ რაღაც 200 ლარად...
მასწავლებელმა მუდმივად უნდა უსმინოს მშობელს, რომელსაც არ სცალია შვილის გასაზრდელად და აღსაზრდელად, რომელსაც ჰგონია, რომ შვილს თუ სკოლაში გაუშვებს და მასწავლებელს მიაბარებს, ყველა პრობლემა გადაჭრილია... თვითონ კი, მუდმივად მოუცლელობას იმიზეზებს და საუკეთესო შემთხვევაში ტრიმესტრის ბოლოს თუ გამოჩნდება ნიშნების გასაგებად...
კრიტიკულად უნდა მივუდგეთ მოსწავლეთა ქცევის კოდექსის იმ ნაწილსაც, რომელშიც მოსწავლისათვის განკუთვნილი დისციპლინური სახდელებია ჩამოთვლილი. ამის მიხედვით, მასწავლებელს თუ მოსწავლემ პირველად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მას გამოეცხადება საყვედური (წერილობითი სახით) და დაეკისრება სკოლის სასარგებლოდ სამუშაოს შესრულება.
განმეორების შემთხვევაში შეასრულებს სამუშაოს და დათხოვნილ იქნება ოთხი დღემდე ვადით სკოლიდან; მესამე შემთხვევაში ისევ მოქმედებს ანალოგიური დისციპლინური სახდელი; მხოლოდ მეოთხე შემთხვევაში განათავსებენ ალტერნატიულ სკოლაში...
ე.ი. თუ ალტერნატიული სკოლები ამოქმედდება და მასთან ერთად ეს კოდექსიც, გამოდის, მოსწავლეს შეუძლია 3-ჯერ სცემოს მასწავლებელს და მხოლოდ მე-4 შემთხვევაში წაიყვანენ მას სკოლიდან... მგონი, კომენტარი ზედმეტია...
აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა გაცნობა პედაგოგთა ქცევის კოდექსისა, რომელსაც ამ დღეებში შემოგვთავაზებენ.
ერთი რამ მინდა ვთქვა, ცალკე მასწავლებლის უფლებების დარღვევის ფაქტების განხილვა არაეთიკურად მიმაჩნია, რადგან საზოგადოდ, ყველა ადამიანის უფლება უნდა იქნას დაცული.
Wednesday, December 17, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment