div#header

Wednesday, December 17, 2008

პედაგოგებს შეიძლება რეპეტიტორობა აუკრძალონ


ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, "ყოველ ადამიანს აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ასევე უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე; უფლება, იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისთვის..."

ნათია როყვა/ბათუმელები

საქართველოში მასწავლებლობა ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი პროფესიაა. პედაგოგების საშუალო ხელფასი 200 ლარს აღწევს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს განაკვეთი ანუ 18 სამუშაო საათი აქვს. ახალგაზრდა თაობა უნივერსიტეტებში აღარ ირჩევს პედაგოგობას. სკოლაში მუშაობა დღეს არაპრესტიჟულია.

ქართული ტიპის ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში, ყველაზე მაღალი ანაზღაურება პედაგოგებს აქვთ. ქართველი მასწავლებლები კი, დაუსაქმებლების შემდეგ, ყველაზე ღარიბ ფენად ითვლებიან. პედაგოგების ნაწილმა თვითონ გამონახა დამატებითი შემოსავლის წყარო, რეალურ საარსებო მინიმუმთან მიახლოების გზა _ რეპეტიტორობა (ქვეყანაში საარსებო მინიმუმი ოფიციალურად 115 ლარია, მაგრამ ეს ციფრი რეალობას ვერც კი უახლოვდება).

თუმცა, გასულ კვირას განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, გია ნოდიამ განაცხადა, რომ პედაგოგებს საკუთარი მოსწავლეების რეპეტიტორობა უნდა აეკრძალოთ; სამინისტრო დაამტკიცებს პედაგოგების ქცევის კოდექსს, სადაც რეპეტიტორობის აკრძალვის გარდა, სავარაუდოდ, სხვა მოთხოვნებიც იქნება გაწერილი (თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ექსმინისტრის შემუშავებული გეგმა ახალმა მინისტრმა, ნიკა გვარამიამ მთლიანად შეცვალოს).

მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი, ანა ლორია ამბობს, რომ მასწავლებლის დამატებით მუშაობას _ რეპეტიტორობას, "თავის რჩენის აუცილებლობა მოითხოვს. დღევანდელი ცხოვრების პირობები, გაზრდილი ფასები, განაპირობებს დამატებითი სამუშაოების ძიებას. თუ პედაგოგს ხელფასი მოემატება, ოღონდ არა 50 ლარით (ეს ცინიზმია), მაშინ გაუქმდება რეპეტიტორობის ინსტიტუტი".

ანა ლორიას უჭირს იმის დაჯერება, რომ "ახლო მომავალში პედაგოგი აღარ იქნება ისეთ დამამცირებელ სიტუაციაში, რომ თავი რეპეტიტორობით ირჩინოს".

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, თამთა კვარაცხელია საქართველოსა და დასავლეთში "რეპეტიტორობისადმი დამოკიდებულებას~ ადარებს ერთმანეთს: უცხოეთში მოსწავლეს რეპეტიტორი როცა სჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლას მაღალი მოთხოვნები აქვს, რასაც ბავშვი ვერ ძლევს და ეს სკოლის პლუსია. ჩვენთან, რეპეტიტორი მოსწავლეს იმიტომ კი არ სჭირდება, რომ სკოლის მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირს, არამედ მისაღები გამოცდების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს".

კვარაცხელიას განმარტებით, მე-11, მე-12 კლასების პროგრამები ეროვნული გამოცდების პროგრამასთან შეუსაბამოა.

სკოლის დირექტორი კიდევ ერთ პრობლემად მასწავლებლების გადაუმზადებლობას ასახელებს: `არ არსებობს მასწავლებლის გადამზადების ჩამოყალიბებული პროგრამა. მოთხოვნებმა კი რეალობას გაუსწრო". ამიტომ დირექტორი რეპეტიტორობის აკრძალვას შეუძლებლად მიიჩნევს.

ფილოლოგი ია კუპრაძე თვლის, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე ისე უნდა იხარჯებოდეს, მოსწავლეს მასთან მომზადება არ უნდა დასჭირდეს. მართალია, მას ბევრი აბიტურიენტი ჰყავს, მაგრამ მათ შორის თავისი მოსწავლე არც ერთი არ არის. რეპეტიტორობის მიზეზად ია კუპრაძეც განსხვავებულ პროგრამებს ასახელებს. მისი თქმით, სკოლაში იმას არ ასწავლიან, რასაც ეროვნულ გამოცდებზე ითხოვენ: "წლევანდელი ეროვნული გამოცდების პროგრამა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც განსხვავდება იმისგან, რასაც სკოლაში ვასწავლით".

მომავალი წლიდან პედაგოგებს ხელფასი 50 ლარით მოემატებათ, ოღონდ მათ, ვისაც 18 სამუშაო საათი აქვს. თუმცა, მეორეს მხრივ, რეფორმის შედეგად, სკოლებში საათების რაოდენობა შემცირდა, მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებში.

მიუხედავად ხელფასის მატებისა, ზოგიერთი მასწავლებელი ფიქრობს, რომ თუ რეპეტიტორობას აუკრძალავენ, სკოლაში მუშაობაზე უარს იტყვის ანუ მოსწავლეებს სახლში მოამზადებს. ბიოლოგიის მასწავლებელი ინეზა წულაძე: `ბიოლოგია მხოლოდ პირველ ტრიმესტრში ისწავლება, მეორესა და მესამე ტრიმესტრში კი მას ქიმია, შემდეგ ფიზიკა ენაცვლება~.

რეპეტიტორობის ერთადერთ მიზეზად ქალბატონი ინეზა დაბალ ანაზღაურებას ასახელებს.
პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, ოლიკო ლომინიძე: `მოსწავლეებს კერძოდ იმიტომ ვამზადებ, რომ ხელფასი არ მაკმაყოფილებს. თუ უკეთესი სამსახური ვნახე, სამუშაოს შევიცვლი".

მე-16 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ჯანელიძე რეპეტიტორობის აკრძალვის შემთხვევაში გამოსავალს კოლეგებთან მოსწავლეთა გაცვლაში ხედავს. როგორც ამბობს, საკუთარ მოსწავლეს არ ამზადებს, `რადგან ეს ურთიერთობებზე აისახება".
ინგლისურის პედაგოგ ნატო მაჭუტაძეს თუ მოსწავლეების მომზადება აეკრძალება, სკოლაში საათებს ნაწილობრივ მაინც დატოვებს, რადგან აბიტურიენტების მომზდებით უფრო მეტი შემოსავალი აქვს.

განათლების ექსპერტის, პაატა პაპავას აზრით, "დღეს ბევრი მასწავლებელი სხვა სამსახურში ანაზღაურების გამო გადადის, განსაკუთრებით ახალგაზრდები".
ექსპერტის განმარტებით, პედაგოგთა ანაზღაურება, არ შეესაბამება მოთხოვნებს. `თუ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს თვალს გადავავლებთ (საგნობრივ სტანდარტებს, ეთიკის კოდექსს და სხვა მოთხოვნებს), დავრწმუნდებით, რომ მასწავლებლების მიმართ საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მასწავლებელმა ეს სტანდარტები დააკმაყოფილოს, თანაც მოტივაცია არ არსებობს".

პაპავას განცხადებით, სკოლების უზარმაზარი პრობლემა ისაა, რომ პროფესიაში არ შემოდის ახალი რესურსი (ნაკადი). `თუ გადავხედავთ უნივერსიტეტებს, მასწავლებლების კადრის დაბერების საშიშროების წინაშე ვდგავართ. ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა მონახოს რესურსი და გაზარდოს ხელფასები. ამის გარეშე, შესაძლებელია, ძალიან მალე, კატასტროფული სურათი მივიღოთ. სკოლებში ადამიანური რესურსის თვალსაზრისით გარღვევა იქნება".

განათლების სამინისტროს დაკვეთით, უკვე ჩატარდა კვლევები იმის გასარკვევად, ასეთი დაბალი ანაზღაურების პირობებში, რამდენ ხანს შეძლებენ სკოლებში პედაგოგების დაკავებას. კვლევის შედეგები, ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა.

No comments: