div#header

Wednesday, November 26, 2008

პოლიტიკა დაცვის გარეშე- პოლონური პრესა ახალგორის ინციდენტზე

მიხეილ სააკაშვილსა და პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, ახალგორის რუსულ საგუშაგოსთან ცეცხლი გაუხსნეს. მაღალტირაჟიანი პოლონური გაზეთი _ `გაზეტა ვიბორჯა~ ახალგორის ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას თავის წყაროზე დაყრდნობით (რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელია) ავრცელებს.
”გაზეტა ვიბორჯა”
თარგმნა მაგდა ნოვაკოვსკამ

”იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი კვირას თბილისში მიდიოდა, ჩვენ მხოლოდ პარასკევს, 21 ნოემბერს, 13.44 საათზე გავიგეთ. იმის დრო, რომ ჩვენი ოფიცრები საქართველოში გზატკეცილის შემოწმების მიზნით ჩასულიყვნენ, აღარ გვქონდა. ეს ჩვენი მოვალეობაა, როდესაც პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი სადმე გამგზავრებას აპირებს.

გადმოგვცეს წუთებში გაწერილი ვიზიტის გეგმა, რომლის მიხედვით პრეზიდენტი კაჩინსკი უნდა ჩაფრენილიყო თბილისში, აეროპორტიდან წასულიყო მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში და იქედან ოპერაში, მერე ისევ რეზიდენციაში და იქედან აეროპორტში. პრეზიდენტის თბილისის გარეთ გამგზავრება არ იგეგმებოდა.
გეგმის შეცვლის შესახებ ჩვენ მაშინ გავიგეთ, როცა პრეზიდენტის რეზიდენციასთან, პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტ კაჩინსკის მანქანაში ჩაუჯდა და ლტოლვილთა დასახლებაში, მეტეხში გაემგზავრნენ. ალბათ, პრეზიდენტმა კაჩინსკიმ ვიზიტის გეგმის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიიღო.
ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენთან კონსულტაცია წინასწარ არავის გაუმართავს _ არ ვიცოდით, სად მიდიოდა პრეზიდენტი კაჩინსკი, რა მარშუტით, რა მდგომარეობა იყო გზაში, იქ, სადაც მივდიოდით.

სიტუაცია დინამიურად ვითარდებოდა _ უნდა ჩავსულიყავით ერთ სოფელში, მაგრამ საბოლოო ჯამში სხვა სოფელში ჩავედით. სოფელ მეტეხში მგზავრობის დროს მარშრუტი მეორედ შეიცვალა _ პრეზიდენტებმა ახალგორში წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ტერიტორია რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება, ამიტომ იქ რუსული საგუშაგოებია.

ქართულ დაცვას მარშრუტი აბსოლუტურად მოუმზადებელი ჰქონდა. გზაში სამჯერ შეჩერდა კორტეჟი, რადგან გზას ცხოველები ბლოკავდნენ. ეს დაუშვებელია.
დაუშვებელი იყო ისიც, რომ ჟურნალისტების მანქანა პრეზიდენტების მანქანაზე წინ წავიდა. სხვათა შორის, ისიც სკანდალურია, რომ პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთი მანქანით მგზავრობდნენ, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა. გარდა ამისა, მანქანაში არ იმყოფებოდა ქართული დაცვის ოფიცერი. ახალგორის საგუშაგოსთან ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მიგვასწრეს. შტატივები და კამერები მომზადებული ჰქონდათ; მათ ჩვენზე ადრე იცოდნენ, რომ პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები იქ უნდა ჩასულიყვნენ.

კორტეჟი საგუშაგოსთან გაჩერდა. ავტომატური იარაღიდან სამი გასროლა მაშინ გაისმა, როცა ორივე პრეზიდენტი მანქანიდან გადმოვიდა.
”ვერ გეტყვით, რომელი მხრიდან ისროლეს: რუსული პოსტიდან, როგორც პრეზიდენტი კაჩინსკი ამბობს, თუ... - გვეუბნება ჩვენი წყარო. - სროლის ხმა მინიმუმ 300 მეტრის მოშორებიდან ისმოდა, ამიტომ მიმართულების გარკვევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. არც იმის თქმა შემიძლია, რა იარაღიდან ისროდნენ. არ ვიცი, ჰაერში ისროდნენ თუ არა, ტყვიის კვალი არც ერთ მანქანაზე არ ჩანს. სროლა ნამდვილად 5-7 წუთს გრძელდებოდა, როგორც წავიკითხე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაში.

საზღვარგარეთ ყოფნის დროს ჩვენი პრეზიდენტის დაცვაზე მასპინძელი მხარეა პასუხისმგებელი. ჩვენ არაფერს ვწყვეტთ. ამ შემთხვევაშიც არაფრის გაკეთების საშუალება არ გვქონდა. ქართული დაცვის ბრალია, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა. პოლიტიკა უსაფრთხოებაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა”, - ამბობს ”გაზეტა ვიბორჯას” წყარო.


კახა ლომაია: ორივე პრეზიდენტი თანაბარი რისკის ქვეშ იმყოფებოდა


საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, კახა ლომაიას შეფასება:
ლელა დუმბაძე/ბათუმელები


- ეს არის ადგილი, სადაც თითქმის ყოველდღიურად ჩადიან ევროპელი დამკვირვებლები, სოფელ ოზისში უამრავი უცხოელი სტუმარია ნამყოფი. ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, როგორც ჩვენი სამართალდამცავებისთვის და ოფიციალური პირებისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. იყო თუ არა ეს პროტოკოლით გათვალისწინებული, ინფორმაცია არ მაქვს.
- პოლონურ პრესაში წერია, რომ მარშრუტი მოულოდნელად იცვლებოდა, რის თაობაზეც დაცვის სამსახური ინფორმირებული არ იყო. რატომ ხდებოდა ასე?
- იმ ადგილებიდან, სადაც ოკუპანტები დგანან, გზატკეცილამდე რამდენიმე მეტრია. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, ასპროცენტიან უსაფრთხოებაზე ვერ ისაუბრებ. როცა 13 აგვისტოს გორში მივდიოდი, ჩემთან ერთად თავისი ინიციატივით წამოვიდნენ ესტონეთის ელჩი და რამდენიმე საზოგადო მოღვაწე, რომლებსაც რისკის ესმოდათ, მაგრამ ეს სოლიდარობის ერთ-ერთი ჟესტი იყო. სწორედ კაჩინსკის ინიციატივა გახლდათ, რომ ენახა ის ბლოკ-საგუშაგოები, რომლების გახსნითაც ექვსპუნქტიანი შეთანხმება უხეშად დაირღვა. გვესმის, რომ დაცვა საქართველოს პრეზიდენტის იყო და ორივე პრეზიდენტი თანაბარი რისკის ქვეშ იმყოფებოდა.
- უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაუშვებელი იყო ორივე პრეზიდენტის ერთი ავტომანქანით გადაადგილება, რატომ დაირღვა ეს წესები?
- ეს მათი სურვილი იყო, რაც აკრძალული არ არის. პრეზიდენტს მანქანაში ხშირად უზის სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი. როცა თავად ჩადის სტუმრად, იქაც არის ასეთი შემთხვევა. ამაში გასაკვირი არაფერია.
- მედიაში ახალგორის ინციდენტი, როგორც დადგმული სცენარი, ისე შეფასდა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- არ ვიცნობ ამ შეფასებებს. რუსეთის პოზიცია კი საინტერესო იყო. პირველ დღეს განაცხადეს, რომ არავითარი სროლა არ ყოფილა, შემდეგ _ სროლა იყო, მაგრამ ჩვენი მხრიდან არაო და მხოლოდ დღეს აღიარეს, რომ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ისროდნენ.
- ევროკავშირის დამკვირვებლები თუ იმყოფებოდნენ ინციდენტის ადგილზე?

- რამდენადაც ვიცი, ისინი იქ არ იმყოფებოდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში სადამკვირვებლო მისია გააკეთებს განცხადებას მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ისინი კარგად იცნობენ ამ ადგილებს და ყოველდღიურ ინფორმაციას ფლობენ.

პრეზიდენტების სახიფათო ”ექსკურსია”

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასება:
ლელა დუმბაძე/ბათუმელები

- ბატონო პაატა, რა ინფორმაციას ფლობთ ახალგორის ინციდენტთან დაკავშირებით?
- პირველ რიგში, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ მოხვდა ორი ქვეყნის პრეზიდენტი სარისკო ზონაში. როგორც წესი, მარშრუტის ადგილზე უსაფრთხოების სამსახურები უნდა მუშაობდნენ. პასუხისგებაში არიან მისაცემი კაჩინსკისა და სააკაშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსები, რომლებმაც ასეთ ვითარებაში ჩააგდეს მათი დაცვის ობიექტები. მით უმეტეს, ლეხ კაჩინსკი არის ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტი და ასეთ უაზრო გაუგებრობაში არ უნდა მოხვედრილიყო.
- როგორ ფიქრობთ, პროტოკოლით არ იყო ეს მარშრუტი გათვალისწინებული?
- შეიძლება შეხვედრების გეგმას სტუმარი არ იცნობდეს, მაგრამ მარშრუტზე მასპინძლისა და სტუმრის უსაფრთხოების სამსახურები თანხმდებიან. სწორედ ამაშია პრობლემა: როგორ მოხვდა ეს ხალხი გამშვებ პუნქტზე, სადაც რუსები დგანან და დაფრთხობის თუ რაღაც ნიშნით ისვრიან... თუმცა, ესეც საკითხავია, ვინ გაისროლა, მაგრამ, ალბათ, რუსებმა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ტერიტორია არის ევროკავშირის დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ. გამოძიება მათ უნდა ჩაატარონ.
- ეს ფაქტი კონფლიქტურმა მხარემ უკვე შეაფასა, როგორც პროვოკაცია.
- მტკიცებულებით ფორმაში საუბარი ძნელია. გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილმა ბოლო მომენტში მოინდომა კაჩინსკისთვის ეჩვენებინა რუსული ბლოკ-საგუშაგოები. ეს მოულოდნელად მოხდებოდა, რუსები არ იქნებოდნენ გაფრთხილებული, ალბათ, შეეშინდათ და ჰაერში გაისროლეს. ყველასათვის ცნობილია, სად დგანან რუსები უკანონოდ. ამიტომ იქ მისვლა იმას გამოიწვევდა, რაც მოხდა. კაჩინსკი მიიყვანეს ექსკურსიაზე და აჩვენეს, სად დგანან რუსები. ალბათ, დაძაბულობის შექმნაზე იყო გათვლილი, მაგრამ არა სროლებზე.
- პოლონურმა მედიამ, ეს ფაქტი, როგორც დადგმული სცენარი, ისე შეაფასა. ხომ არ გაამწვავებს ეს საქართველო-ევროპის ურთიერთობებს?
- ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ქართველების მიერაა დადგმული თუ არა ეს სცენარი, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. ფაქტი მოხდა საქართველოს გზატკეცილზე, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ტვირთები გადის. ძალიან ბევრი სადაზღვევო ფირმა, რომლებიც ამ ტვირთებს აზღვევენ, მომსახურებას გააძვირებენ ან ტვირთების დიდი ნაწილი საქართველოს გვერდს აუვლის. ამ უგუნური ქცევით, საქართველო გახდა სახელმწიფო, რომლის ნდობა არ შეიძლება. პოლონელი ჟურნალისტები ამ ფაქტზე უფრო მკაფიოდ იმიტომ საუბრობენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია თავიანთი ხელისუფლებისგან.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ დასვეს ეს კითხვები ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტებმა გამართეს?
- პოლონელ ჟურნალისტებს ეყოთ იმის გამბედაობა, რომ ეკითხათ კაჩინსკისთვის, რითი ამტკიცებთ, რომ რუსებმა ისროლესო. მაგრამ ქართველ ჟურნალისტებს არ ეყოთ ვაჟკაცობა, ეს სააკაშვილისთვისაც ეკითხათ. ის, რომ თავდასხმის მომენტში იქ იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და არა ევროპელი დამკვირვებლები, კიდევ უფრო ამყარებს იმის ეჭვს, რომ ინციდენტი დადგმულია.

ეროსი კიწმარიშვილი: “ამათგან დაკავებას არ გამოვრიცხავ”

საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, “რუსთავის 2”-ის ყოფილი მეპატრონე, ეროსი კიწმარიშვილი საპარლამენტო კომისიის წინაშე გუშინ წარდგა. კიწმარიშვილზე გაბრაზებულმა დეპუტატებმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს. ბლიც-ინტერვიუ ეროსი კიწმარიშვილთან.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

- ბატონო ეროსი, საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. რას ფიქრობთ, ხომ არ დაგაკავებენ და ასეთ შემთხვევაში რა ალიბების დადება შეგიძლიათ?
- ამათგან არაფერია გამორიცხული. როცა ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი გაქვს და საჯაროდ აფიქსირებ შენს პოზიციას, უკვე რისკის ქვეშ ხარ. ამაღამ შეგროვდებიან და გამთენიისას გავიგებთ, რა დასკვნებს გააკეთებენ.
- თქვენ განაცხადეთ, რომ იცოდით საქართველოს მთავრობის გეგმები, აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებაზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ აგვისტოს მოვლენებამდე ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, მეტი შანსი იქნებოდა კონფლიქტის შესაჩერებლად?
- არა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ომთან და სირთულეებთან დაკავშირებით საფრთხეები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყოველკვირეულად გვქონდა; ყოველ კვირას ამის გამჟღავნება არაფერს მოგვიტანდა. ეს იქნებოდა ერთჯერადი მოხმარების თემა. ამ თემაზე მე პიარი არ მჭირდებოდა. სხვათა შორის, ორ-სამჯერ მოვახერხე სააკაშვილისთვის ჩემი აზრის მიწოდება. სამწუხაროდ, აღარ დარჩა ადამიანი, ვინც სააკაშვილს სიმართლეს ეტყვის და ეს აღარც თავად სურს.
- ახლა რატომ დაიწყეთ ლაპარაკი?
- მე სააკაშვილთან და მის გარემოცვასთან ბოლომდე თავდაუსხმელობის რეჟიმს ვინარჩუნებდი. მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებისთვის ბევრი მიზეზი მქონდა, ვთვლიდი, რომ ეს იყო ჩემი პირადი წყენა. ხელისუფლებამ საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც რუსეთს არ დაესიზმრებოდა. საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ხელისუფლებამ დაკარგა. ახლა უფლება აღარ მაქვს, ხელისუფლების ეს ქმედება ურეაქციოდ დავტოვო. საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს სიმართლე იცოდეს. იცოდეს, როგორ გააგრძელოს თანაარსებობა ამ ხელისუფლების პირობებში ან ამ ხელისუფლების გარეშე.
- რა შანსი არსებობდა კონფლიქტის შესაჩერებლად?
- ზუსტად ამაზე მინდოდა საპარლამენტო კომისიაზე საუბარი. საომარი ესკალაციის თავიდან აცილების შანსი გვქონდა; ქართულ-რუსული ურთიერთობის წარმატებით განვითარების კარგი პირობები იყო. ამაში დარწმუნებული ვარ და ამ აზრს საქართველოსა და რუსეთში ბევრი იზიარებს. დასავლეთისთვის საქართველო-რუსეთის კონფრონტაცია აბსოლუტურად მიუღებელია. იმ სცენარს, რომელიც აგვისტოში განვითარდა, როგორც კატასტროფას, ისე აფასებენ. რუსეთის ქმედებას გამართლება არა აქვს, მაგრამ ომის დასაწყებად პირველი ნაბიჯის გადადგმა მართლაც კატასტროფა იყო.
- თქვენ ამერიკაც ახსენეთ…
- არც ამერიკას აწყობდა ეს კონფლიქტი. ამერიკა ოთხი წელი ცდილობდა ჩვენი თავგახურებული ლიდერების გადარწმუნებას, რომ ასეთი ნაბიჯი სიკეთეს არ მოგვიტანდა. ჩვენი სახელმწიფოს მთავარმა იდეოლოგმა, გიგა ბოკერიამ დღეს ბრძანა, რომ, თურმე, ისინი ამერიკას ბოლომდე არ უსმენენ, თურმე, სუვერენული სახელმწიფოს ლიდერები არიან. ივლისში კი, ისინი აცხადებდნენ, რომ კონდოლიზა რაისისგან მხარდაჭერა მიიღეს. ამის შესახებ ბოკერიასგანაც მომისმენია. ამ თემაზე ვაშინგტონშიც მქონდა საუბარი _ საკმაოდ მაღალი დიპლომატებისგან მხარდაჭერაზე კატეგორიული უარი მივიღე.
_ უკვე გადანაშაულებენ, რომ თქვენ რუსული პოლიტიკის პოზიციას მუახლოვდით. ამაზე რას იტყვით?
_ კომისიაზე ჩემი გამოსვლა მათ მიერ დადგმული სპექტაკლი იყო, რომელსაც ამდენი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ. იქ განსხვავებული აზრი არ ყოფილა. ქვეყანამ დაიწყო და წააგო ომი, გადაიჩეხა უფსკრულში და ამ პირობებში საუბარია იმაზე, რომ ვიღაცა რუსეთის აგენტია. რუსეთის სპეცსამსახურებზე ის ადამიანები მუშაობდნენ, ვინც ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დაგეგმილი ოპერაციები ჩატარებულიყო.
_ თქვენს პოლიტიკურ გეგმებზე რას იტყვით?
_ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ჯერ არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია მარტივია. თუ საჭირო იქნება, რომელიმე მათგანში გავწევრიანდები. ჯერჯერობით `ფონდი 2002-ის~ პრეზიდენტი ვარ. მინდა თავისუფალი მედიის გაძლიერებას ხელი შევუწყო.
_ გივი თარგამაძემ სხდომაზე შეურაცხყოფა მოგაყენათ. შემდეგ თქვა, რომ თქვენ მას გარეწარი უწოდეთ. ეს თქვენთვის გარკვეულ საფრთხეს ხომ არ შეიცავს?
_ თარგამაძის, გოგორიშვილის, გაბაშვილის მიმართ არანაირი ემოცია არ მაქვს. ისინი იმაზე მუშაობენ, პატრონი როგორ დაინახავს.

ნარკოტიკზე დაკავებული დეპუტატი გაათავისუფლეს - გაუხმაურებელი სპეცოპერაცია

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, სოდ-მა დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა. თუმცა, დაკავებიდან სამ დღეში სასამართლომ ბადრი ქაჯაია გაათავისუფლა.
ემზარ დიასამიძე
ნათია როყვა


20 ნოემბერს, ბათუმში, გორგილაძისა (ყოფილი ერას) და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში, სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბადრი ქაჯაია დააკავა. დაკავებულს 0,108 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, ქაჯაია სპეცოპერაციის დროს სასტიკად სცემეს.

23 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბადრი ქაჯაიას 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია: “ბადრი ქაჯაიამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა სამ ე.წ. `ჩეკად~ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” - 0,108 გრამის ოდენობით და უკანონოდ შეინახა შარვლის ჯიბეში. გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ, პროკურორ მიქაილ ქობულაძის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ბადრი ქაჯაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ.

თუმცა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა და გამომძიებელმა მხარი არ დაუჭირეს სასამართლოში მათ მიერ წარდგენილ შუამდგომლობას, კერძოდ, მოითხოვეს ბრალდებულ ქაჯაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით შეფარდება”.

ბათუმის საკრებულოს წევრის, დავით რობაქიძის განცხადებით, ქაჯაიას დაკავება და გათავისუფლება საკრებულოს უმრავლესობის წევრების დასაშინებლად მოხდა: `ეს არის ქართული სპეცსამსახურების მიერ საკრებულოს წევრების დაშინების კიდევ ერთი მცდელობა. საქმე დიდი ხნის წინ, საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის, ნოდარ დუმბაძის წინააღმდეგაც აღიძრა, რომელიც დღესაც არ დაუხურავთ. შესასძლოა, ქაჯაიას საქმეც ასე გაიწელოს”.

ქაჯაიას დაკავების ერთ-ერთი თვითმხილველი, “ახალი მემარჯვენეების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თენგიზ კახიძე: `ქაჯაია ასფალტზე დააგდეს, სასტიკად სცემეს, მერე ცოცხალ-მკვდარი აიღეს და მანქანაში ჩაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ტელეჟურნალისტებიც გამოჩნდნენ. სოდ-ის თანამშრომლებმა ტელეკამერის დანახვაზე ქაჯაიას სასწრაფოდ მოწმინდეს გასისხლიანებული სახე, თუმცა ოპერატორს კადრების გადაღების საშუალება ამის შემდეგაც არ მისცეს”.

ქაჯაიას დაკავების ფაქტით სახალხო დამცველის ოფისიც დაინტერესდა. აჭარაში ომბუდსმენის რწმუნებულის, გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, მან დაკავებულის მონახულება წინასწარი დაკავების იზოლატორში სცადა, მაგრამ ეჭვმიტანილმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. “რაც შეეხება მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტს, ეს აშკარაა. იზოლატორის სარეგისტრაციო ჟურნალში აღნიშნულია, რომ დაკავებულს სახის არეში აღენიშნებოდა დაჟეჟილობები, რაზეც თავად დაკავებული განმარტავს, რომ ეს დაზიანებები დაკავებისას თავად მიიღო. ჩვენთვის ცნობილია, რომ იზოლატორში ქაჯაიასთან რამდენჯერმე სასწრაფო დახმარების მანქანაც იყო გამოძახებული”.

ქაჯაიას დაკავების ფაქტს “ბათუმელების” ჟურნალისტი ნათია როყვაც შეესწრო. სოდ-ის თანამშრომლებმა ჟურნალისტს ფოტოაპარატი წაართვეს და კადრები გაუნადგურეს: “ერას ქუჩაზე ბევრი ნიღბიანი შევნიშნე თუ არა, ფოტოების გადაღება დავიწყე. როგორც კი დამინახეს, რამდენიმე სპეცრაზმელი მოვიდა და ფოტოაპარატი ხელიდან ძალით გამომართვა. სპეცოპერაციის ამსახველი ფოტოების წაშლის შემდეგ აპარატი დამიბრუნეს და გამაფრთხილეს, რომ ფოტო აღარ გადამეღო. კიდევ ერთი ფოტოს გადაღება მოვახერხე და იქვე ბანკის შენობაში შევედი. სოდ-ის თანამშრომელი შენობაშიც შემომყვა, ფოტოაპარატს მთხოვდა, მაგრამ ძალით წართმევა აღარ უცდია”.

ჟურნალისტისთვის სპეცოპერაციის ამსახველი მასალის წართმევის შესახებ არაფერი იცოდა აჭარის სოდ-ის ხელმძღვანელმა. ყოველ შემთხვევაში, გოგიტა კახიძემ `ბათუმელებს~ ასეთი განმარტება მისცა.

ბადრი ქაჯაიას 25 ნოემბერს ქორწილი ჰქონდა დანიშნული, რომელიც გუშინ შედგა კიდეც. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი სასამართლომ 23 ნოემბერს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ევროპა-საქართველოს სავიზო რეჟიმი

ევროსაბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ ჩქარობს _ ამას ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ. ევროპაში რუსეთთან დამთბარი ურთიერთობის პარალელურად, საქართველოს მიმართ შენიშვნებმა და რეკომენდაციებმა იმატა, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საქართველომ ევროპისგან გამარტივებული სავიზო რეჟიმი მიიღოს.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

როდის მიიღებს საქართველო გამარტივებულ სავიზო რეჟიმს ევროპასთან? ამ კითხვაზე ბრიუსელში ევროკრატებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ.
სამხრეთკავკასიელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბრიუსელში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დირექტორმა, მარკუს კორნარომ განაცხადა, რომ საქართველოსთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე საუბარი, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს.

ქართველი ჟურნალისტების შეკითხვაზე, ევროპის გულგრილი დამოკიდებულება ხომ არ გამოიწვევს იმედგაცრუებას ქართველ ხალხში, მარკუს კორნარომ უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს და აღნიშნა, რომ რუსეთის საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე ევროპის პასუხი იყო ძალიან სწრაფი და ერთსულოვანი, ისე როგორც არასდროს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ხავიერ სოლანას პრეს-სპიკერმა, ქრისტინა გალაკმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე საუბარი მალე დაიწყება და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამარტივდება. სავარაუდოდ, გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეღავათები შეეხება სტუდენტებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ ევროპაში და ა.შ.
ამ განცხადების მიუხედავად, ქრისტინა გალაკს არ დაუკონკრეტებია, როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობას.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ საქართველო ევროპისგან განსაკუთრებულ შეღავათებს მიიღებდა. საუბარი იყო პრივილეგირებულ სავაჭრო ურთიერთობებსა და გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ საქართველოში ევროპული ქვეყნების საელჩოებთან ხალხმრავალი რიგები კვლავინდებურად არ წყდება. ევროპაში გამგზავრების მსურველები ამბობენ, რომ არაფერი შეცვლილა და, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებშიც არ შეიცვლება.

საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ საუბრის დროს ძალიან კატეგორიული იყო ბრიუსელში ერთ-ერთი ოფიციალური პირი. მან აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა თქვა სარკოზიმ, ამ ეტაპზე, ევროსაბჭოში, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი არ განიხილება.

საქართველოს ხელისუფლება კი მაინც იმედიანადაა განწყობილი. საქართველოს ელჩმა ბელგიის სამეფოში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიაში, სალომე სამადაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევროპის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა; მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი, ევროპა მხარს უჭერს საქართველოს.

რაც შეეხება გამარტივებულ სავიზო რეჟიმს ევროპასთან, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი განცხადებით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეეხება რამდენიმე კატეგორიას, გარკვეული პროფესიისა და სტატუსის მქონე ადამიანებს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები 2009 წლისთვის უნდა დასრულდეს და კონკრეტული შედეგებიც მხოლოდ მაშინ იქნება თვალსაჩინო.
ევროპაში სასწავლებლად და სამუშაოდ წასვლის სურვილი საკმაოდ ბევრ საქართველოს მოქალაქეს აქვს. ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელთაც გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა შეეძლებათ, ევროპაში წასვლისათვის ვიზის ასაღებად პრობლემები არც ახლა ექმნებათ. გამარტივებული სავიზო რეჟიმი ევროპასთან განსაკუთრებით საქართველოს იმ მოქალაქეებს აინტერესებთ, რომელთაც ევროპაში სამუშაოდ წასვლა უნდათ.

საქართველოში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ქართველი იმყოფება საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ მათი რიცხვი რომ საკმაოდ დიდია, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაახლოებით ასი ათასამდე ქართველი მუშაობს. იქ მცხოვრები ქართველების თქმით, დაახლოებით ოცდაათი პროცენტი არალეგალია, მათ საბერძნეთის საზღვარი უკანონოდ გადალახეს, ზოგი მათგანი არალეგალური ცხოვრების გამო ან ციხეში ხვდება, ან ტრეფიკინგის მსხვერპლია.


საბაჟო თავისუფალი ვაჭრობის პირობებში

პროდუქციაზე, რომელზედაც სერტიფიკატი ”ევრო 1”-ია გაცემული, 12-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი 1 ნოემბრიდან გაუქმებულია. თურქეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზნით დადგენილი ამ შეღავათით კი, ბიზნესმენების ნაწილი დღემდე ვერ სარგებლობს.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

ბათუმელი იმპორტიორები, რომლებსაც თურქეთიდან სურსათი შემოაქვთ, ამბობენ, რომ საბაჟო გადასახადს ჩვეულებრივად იხდიან.
”შეხვედრაზე ვიყავით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. გვითხრეს, რომ ტექნიკური პრობლემებია, რაც ამ დღეებში მოგვარდება. იმასაც დაგვპირდნენ, რომ ერთი კვირით ადრე გვაცნობებენ, თუ როდიდან ამოქმედდება ეს შეღავათი”, _ ამბობს ერთ-ერთი ბიზნესმენი (ამ და სხვა ბიზნესმენებს, საბაჟოზე შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ვინაობის გამხელა არ სურთ).

კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ სხვა ინფორმაციას გვაწვდის: ”სამინისტროში გვითხრეს, შეღავათები იმიტომ არ მოქმედებს, რომ პრობლემებს თურქეთი ქმნის. ეტყობა, ახლა მიხვდნენ, ხელი რასაც მოაწერეს: არ აწყობთ, ჩვენი საქონელი, მაგალითად, ციტრუსი მათთან განუბაჟებლად რომ შევიდესო”.

ასეთი მოსაზრება ალოგიკურად მიაჩნია ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილს: ”რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს თურქეთის მხარე ამ შეთანხმების ამოქმედებას… შეიძლება ისეთი რამე წერია, რაც მე გამომრჩა, არ ვიცი. ის, რომ პრობლემებს თურქეთი ქმნის, მინიმუმ, არ არის ლოგიკური”.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, სულხან ჯორთმენაძე ”ბათუმელებთან” ამბობს, რომ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროში ბიზნესმენებთან შეხვედრა არ გამართულა.

მინისტრის თქმით, `დეტალები არ ვიცით, რადგან შეთანხმების საკითხი სამთავრობო დონეზე გადაწყდა. ამდენად, არ გვაქვს ინფორმაცია, რომელ საქონელზე ვრცელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათი და რომელზე _ არა. სამინისტრო არც სერტიფიკატ ”ევრო 1”-ს გასცემს. აქედან გამომდინარე, ოფიციალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ”.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის ინფორმაციით კი, `1 ნოემბრის შემდეგ იყო შეფერხებები, მაგრამ ახლა ყველაფერი დარეგულირდა. პროდუქციაზე, რომელზედაც `ევრო1~ სერტიფიკატია გაცემული, საბაჟო გადასახადს ბოლო ერთი კვირაა აღარ იხდიან”.
ამ თემის ირგვლივ ადლიის საბაჟო ტერმინალზე კომენტარს არ აკეთებენ და ”ხელმძღვანელობასთან ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ან პრესსამსახურში” გვამისამართებენ: ”კომენტარს ოფიციალურად იქ გაგიკეთებენ. რაც შეეხება შეთანხმებას, ტვირთის განბაჟება შესაბამისი საბუთების მიხედვით ხდება. `ევრო 1~ ჯერ არავის წარმოუდგენია, თუმცა ერთი-ორი შემთხვევა იყო, დოკუმენტები ჰქონდათ, მაგრამ საეჭვო იყო და საქონელი არ განვაბაჟეთ”.

საწინააღმდეგოს ამბობს საბაჟოს სხვა თანამშრომელი (რომელიც ასევე ინკოგნიტოდ დარჩენას გვთხოვს): `ცემენტი შემოიტანეს ამ დღეებში, სერტიფიკატი `ევრო 1~ ჰქონდა, მაგრამ მაინც გადავახდევინეთ საბაჟო გადასახადი. ინსტრუქცია, რომ 12 პროცენტი არ გადავახდევინოთ, აქ, საბაჟოზე არ მიგვიღია. არც შესაბამისი პროგრამაა კომპიუტერში ჩატვირთული”.

`ევრო 1~-ს, ბათუმში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმოშობის სერტიფიკატების გამცემი ორგანოს წარმომადგენელი გასცემს. ეს სერტიფიკატი გაიცემა იმ პროდუქციაზე, რომელიც ქართული წარმოშობისაა და თურქეთში გააქვთ (მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, წიაღისეული, ხე-ტყე, ფერადი და შავი ლითონის ჯართი და ა.შ.), ქართული მხარე `ევრო 1~-ს გასცემს იმ პროდუქციაზეც, რომელიც საქართველოშია წარმოებული, ნედლეული კი თურქულია (ანალოგიური სერტიფიკატი ნედლეულზე თურქეთის მხრიდან უნდა იყოს გაცემული).

`ევრო 1~-ის მისაღებად ბიზნესმენმა სერტიფიკატების გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს ხელშეკრულების ასლი (რომელიც გაფორმებულია მყიდველსა და გამყიდველს შორის, ან/და იმ დოკუმენტაციის ქსეროასლები, რაც პროდუქციის ქართულ წარმოშობას ადასტურებს), ანგარიშფაქტურის (ინვოისის) ასლი და უნდა შეავსოს განაცხადისა და დეკლარაციის ფორმები (ეს ფორმები გაიცემა ადგილზე). `ევრო 1~-ის აღება უფასოა. დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების უტყუარობაზე კი პასუხისმგებელია ბიზნესმენი. მონაცემების შესაბამისობას საბაჟო აკონტროლებს.
`თურქეთ-საქართველოს შეთანხმების მიხედვით, სამრეწველო პროდუქციაზე სხვა კვოტებია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე _ სხვა; ზოგიერთ მათგანზე მთლიანადაა გაუქმებული საბაჟო გადასახადი, ზოგზე კი _ გარკვეული შეღავათია, ზოგიერთ პროდუქციაზე რაღაც პერიოდით მოქმედებს ხელშეკრულება. იმის თქმა, რომ საბაჟო გადასახადი მთლიანად გაუქმებულია, არ შეიძლება~, _ აცხადებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი ბათუმში, ვახტანგ ჩხარტიშვილი. მისივე თქმით, 1 ნოემბრიდან დღემდე, ბათუმში 11 `ევრო 1~-ია გაცემული. სერტიფიკატები გაცემულია ხე-ტყეზე (თურქეთში გაიტანეს ფიცარი) და `ბათუმი ტექსზე~ (სამკერვალო ნაწარმი).

რაც შეეხება ციტრუსს, ორმხრივი შეთანხმებით, თურქეთში, მხოლოდ ოთხი ათასი ტონა ქართული ციტრუსის შეტანაა ნებადართული. ჯერჯერობით კი, არც ერთი კილოგრამი არ შეუტანიათ. `რამდენის შეტანაც შეიძლება, იმდენი მაინც შეგვატანინონ, ვთქვათ, მანდარინი, თაფლი, თხილი… თურქეთი ამაზეც პრობლემებს გვიქმნის”, _ ამბობენ ბიზნესმენები.

ბანკის “სიურპრიზი” კლიენტებს

”ბაზის ბანკში” მისულ კლიენტებს, რომლებიც სესხს ჩვეულებრივ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, კონკრეტულ ვადაში და კონკრეტული თანხით ფარავდნენ, იქვე აცნობებენ, რომ მათ ცხრილში მითითებულ თანხაზე გაცილებით მეტი უნდა გადაიხადონ.
ირმა ზოიძე/ბათუმელები

`გაუგებრობაში~ აღმოჩენილ კლიენტებს ბანკის თანამშრომლები ხელშეკრულებაზე მიუთითებენ, სადაც წერია, რომ `კრედიტის გამცემი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია კრედიტის გამცემს აუნაზღაუროს კრედიტის გაცემისა და დაფარვის დღეებში მოქმედი აშშ დოლარის მიმართ დაფიქსირებული ლარის კურსის სხვაობით მიღებული ზარალი~.

ასე აღმოაჩინეს კრედიტორებმა, რომ შეთანხმებულ ცხრილს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ბანკის ადმინისტრაცია, უპირველეს ყოვლისა, კურსის სხვაობის დაფარვას ითხოვს და ამას იმით ხსნის, რომ მას ბანკისთვის ფინანსების მოზიდვა უცხოურ ვალუტაში უწევს: ამ შემთხვევაში ბანკი თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებული კურსით სარგებლობს, თუმცა ეს კლიენტისთვის მაინც ვერაფერი შეღავათია.

სხვაობა, რომლის გადახდასაც `ბაზის ბანკი~ კრედიტის გადასახდელად მისულ კლიენტს ავალდებულებს, ნასესხები თანხის რაოდენობასთან ერთად იზრდება. ამ მოულოდნელი ცნობით შოკირებულ კლიენტს, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამს, ბანკის თანამშრომლები მშვიდად აცნობებენ, რომ ამის შესახებ მის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში წერია. კლიენტის კითხვაზე, თუ რატომ არ აცნობეს მას ამის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, ისევ ეუბნებიან, რომ ხელშეკრულების თანახმად ბანკი ამ ვალდებულებას თავზე არ იღებს.

`გასესხებული თანხის სანაც¬ვლოდ ბანკი საკმაოდ კარგ პროცენტს იღებს.
მე, როგორც მომხმარებელი, თანახმა ვარ ნასესხებ 2000 ლარზე 350 ლარი ზემოდან გადავიხადო, მაგრამ ახლა რა გამოდის?! იმ შემთხვევაშიც კი, თუ დოლარის კურსი დღევანდელ ნიშნულზე შეჩერდა, დამატებით 500 ლარი მაქვს გადასახდელი. ანუ, სულ 850 ლარი.

მაგრამ თუ დოლარის კურსი აიწევს, წარმოგიდგენიათ ეს სამომხმარებლო სესხი, რომელიც ბიზნესის საკეთებლად არ ამიღია, რა დღეში ჩამაგდებს?!~ _ იქვე, `ბაზის ბანკში~ აცხადებს ერთ-ერთი გაღიზიანებული კლიენტი.

ბანკები სესხებს გარკვეული რისკ-ფაქტორებით გასცემენ. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ სავალუტო ანუ გაცვლითი კურსის რისკია, თუმცა ამ ზარალის ანაზღაურებას კლიენტს თითქმის არც ერთი ბანკი არ ავალდებულებს. `როცა დოლარის კურსი დაეცა და ბანკმა მისი შეძენის დროს, სავარაუდოდ, მოგებაც მიიღო, რატომღაც კლიენტი არავის გახსენებია. თუ რისკებს ითვალისწინებ, მაშინ მოგებაზეც შემითანხმდი. დოლარის კურსი რომ აიწევდა, ამის მოლოდინი ყველას ჰქონდა, ამიტომაც არ გამოვიტანე თანხა დოლარებში და თურმე უარესი მელოდა~, _ ამბობს დაზარალებული კლიენტი.

რამდენი ასეთი კლიენტი ჰყავს `ბაზის ბანკს~, `ბათუმელებმა~ ვერ გაარკვია. ამ თემაზე კომენტარის მისაღებად აჭარის ფილიალიდან ცენტრალურ ოფისში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, თამუნა ხადურთან გადაგვამისამართეს, რომელმაც ბანკის ოპერატორების მსგავსად განმარტა: `კრედიტორებისთვის ეს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ამის შესახებ მათ ხელშეკრულებაში ეწერათ~.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარის, იურისტ ასლან ჭანიძის თქმით, დოკუმენტების საფუძვლიანად არგაცნობა, ქართველებისთვის შემდგომ `თავის ტკივილის~ ერთ-ერთი საფუძველი მართლაც არის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში არის მუხლები, რომელზეც შესაძლებელია კლიენტს პრეტენზიები გაუჩნდეს, კარგი მომსახურების პირობებში მას ამას აცნობენ კიდეც: `პირობების შეთანხმების დროს, ბანკი ხელშეკრულების რამდენიმე მუხლზე - თანხის ოდენობაზე, პროცენტულ განაკვეთზე, ვადებსა და გრაფიკზე, როგორც წესი, კლიენტს ელაპარაკება. თუ `ბაზის ბანკი~ მას ამ მუხლსაც ზეპირსიტყვიერად შეუთანხმებდა, როგორც თავის ერთ-ერთ ექსკლუზიურ პირობას, კლიენტს აღარ გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ ატყუებენ~.

საქართველოში მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიმართულებით, ჯერჯერობით, არაფერი იგეგმება. რამდენიმე დღის წინ, ბათუმში მოქმედი ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე, სწორედ მომხმარებლის ინტერესების დამცველ მექანიზმებზე ჩამოვარდა საუბარი. ბანკირები ამ ინიციატივას უხალისოდ შეხვდნენ.

დასავლეთის ქვეყნებში კი ამ სფეროში კლიენტების დაცვის არაერთი მექანიზმი არსებობს.
ექსპერტების თქმით, დამცავი მექანიზმის შემუშავება ცვალებად და არასტაბილურ ეკონომიკურ პირობებში ორივე მხარეს სჭირდება. მანამდე კი, უკმაყოფილო კლიენტს მხოლოდ ის შეუძლია, რომ არჩევანი ფრთხილად და პირობების საფუძვლიანად გაცნობის შემდეგ გააკეთოს.

საზოგადოებისთვის ნაკლება¬დაა ცნობილი, რომ `ბაზის ბანკი~ კრედიტებს გასცემს. იგი, ძირითადად, რეგიონის საბიუჯეტო ორგანიზაციებს ემსახურება. თუმცა როგორც ბანკის პიარმენეჯერი აცხადებს, ბანკმა ახალი მომსახურების შეთავაზება 2008 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მათი ერთ-ერთი აქციონერი ევროპის განვითარების ბანკი გახდა.

ნარკოტიკები და ბათუმის საკრებულო

{ლელა დუმბაძე/ბათუმელები}
გასულ კვირას სოდ-მა ბათუმის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბადრი ქაჯაია სპეცოპერაციით დააკავა. ბადრი ქაჯაიას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალი წაუყენეს.

ბათუმის მერიის თანამშრომლები, ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით წინა წლებშიც არაერთხელ დაითხოვეს სამსახურიდან. ამის მიუხედავად, არც მერიაში და არც საკრებულოში თანამშრომლებს ნარკოტიკზე ტესტი არ ჩაუბარებიათ.


ნოდარ დუმბაძე, ფრაქცია `ნაციონალების” თავმჯდომარე: მე ნარკოლოგიური შემოწმება ორჯერ მაქვს გავლილი, პირველად, როცა მთავრობის აპარატში დავიწყე მუშაობა და მეორედ, როცა საგზაო მოძრაობის წესები დავარღვიე. ყოფილი თავმჯდომარე რატომ დააკავეს, არ ვიცი. კულუარებშიც კი არ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ნარკოტიკებთან რაიმე შეხება ჰქონდა. ვფიქრობ, შემოწმება ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს, თუმცა ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება, ბიუჯეტში ამისთვის თანხები უნდა გამოიყოს. გიორგი კირთაძე, საკრებულოს თავმჯდომარე: ამ საკითხზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ.
ჯუმბერ კახიძე, თავმჯდომარის მოადგილე: ბადრი ქაჯაიას დაკავების თაობაზე არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. ვერც იმას ვიტყვი, რომ რაიმე შეხება ჰქონდა ნარკოტიკთან. სულ ერთად ვიყავით, ჩვენი მეგობარია.
ვახტანგ ღლონტი, საკრებულოს წევრი: ამ თემაზე საუბარი ჩვენგან ძალიან ძნელია. გაუგებრობაში ვართ, ყველაფერი გაირკვევა.
დავით რობაქიძე, ”ლეიბორისტი”: იყო თუ არა მომხმარებელი, ვერ გეტყვით, ჭორის დონეზე ვიცით, ამაზე საუბარი არ ყოფილა. საკრებულოსა და მერიის მიმართ მსგავსი ინფორმაციების გავრცელება რომ დამთავრდეს, ყველა თანამშრომელმა ნარკოლოგიური შემოწმება აუცილებლად უნდა ჩაიტაროს.
დავით ჩხარტიშვილი, ფრაქცია ”რესპუბლიკელები”: ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მთელი საკრებულო ავგიას თავლაა და ჩვენ ვაპირებთ ამის გამოსწორებას. თუ საზოგადოება არ იაქტიურებს და პასუხს არ მოსთხოვს საკრებულოს, ისე აქ არაფერი შეიცვლება.
თემურ ყურაშვილი, ფრაქცია ”რესპუბლიკელები”: საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ თავიანთ რჩეულებს პასუხი მოსთხოვოს. ყველას უნდა, რომ ეს სხვამ გააკეთოს. ჩვენ წინა სხდომაზეც მოვითხოვეთ, რომ ნარკოლოგიური შემოწმება არა მარტო დეპუტატებმა, არამედ მერიის ყველა თანამშრომელმა ჩაიტაროს. როცა საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ავირჩიეთ, მასაც მოვთხოვეთ, ტესტი წარმოედგინა.
ირაკლი ჩავლეიშვილი, ფრაქცია `რესპუბლიკელები”: მართლაც ბევრი ჭორი ვრცელდება მერიისა და საკრებულოს მისამართით. ერთმა ახლობელმა ისიც მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ აქ ვიღაცები ისე ცუდად ყოფილან, სასწრაფოები დარბოდნენო. პიროვნულად ვისზე იყო საუბარი, არ ვიცი.
გენო თებიძე, უმრავლესობის წევრი: ვერაფერს გეტყვით, რატომ აღმოჩნდა ბადრი ქაჯაია ამ მდგომარეობაში. მე მომხრე ვარ, რომ საკრებულოს წევრებმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ.

შენიშვნები ლევან ვარშალომიძეს


აჭარის მთავრობას 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის უმაღლესი საბჭოდან გატანა და ხელახლა შედგენა მოუწევს. პროექტი მთავრობას საშემოსავლო გადასახადის 24-პროცენტიან განაკვეთზე აქვს გათვლილი, 20-პროცენტიან განაკვეთზე გადასვლის შემთხვევაში კი, მასში გაწერილი შემოსავლები (შესაბამისად, ხარჯებიც) 12 მილიონი ლარით მცირდება.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

უმაღლეს საბჭოში, 26 დღის წინ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა დღემდე არ დაწყებულა. კანონით, ეს პროცედურა ორ კვირაში უნდა დასრულებულიყო და მთავრობაში პროექტი შენიშვნებთან ერთად უნდა დაებრუნებინათ. შენიშვნები მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს, მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც რიგითმა დეპუტატმა, ისე გაუგზავნა. ამასთან, კანონის პროექტი განსახილველად მერაბ ქიძინიძისთვის, უმაღლეს საბჭოში, ოფიციალურად არავის გადაუცია.

უმაღლესი საბჭოს კომიტეტებთან არც მთავრობა თანამშრომლობს. `...ბიუჯეტის პროექტის მომზადებასთან მიმართებაში თანამშრომლობა უმაღლესი საბჭოს შესაბამის კომიტეტებთან კვლავ უგულებელყოფილია, რაც არაა გამართლებული. ვიმედოვნებ, ამ მდგომარეობის გამოსწორებას მომავალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეძლებს და შექმნის თანამშრომლობის სასურველ პირობებს~, _ აცხადებს მერაბ ქიძინიძე.

ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა 4 დეკემბრამდე უნდა დანიშნოს. მომავალი წლის ბიუჯეტს სწორედ ახალი უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს, რომელსაც მთავრობა, სავარაუდოდ, ბიუჯეტის გადაკეთებულ კანონპროექტს წარუდგენს. გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა ქიძინიძის შენიშვნებს, წესით 1 იანვრამდე უნდა გამოჩნდეს.

ბიუჯეტის პროექტს, კანონით, სრული სახით უნდა ერთვოდეს მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალი, რაც ამ შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული. ამასთან, შენიშვნებში აღნიშნულია, რომ `წარდგენილი უნდა იყოს 2, 3 და მრავალწლიანი მიზნობრივი პროგრამები. ყველა მათგანზე კი სავალდებულოა შესაბამისი სამინისტროს დასკვნა. ასევე საჭირო და არსებითია დამოუკიდებელ ექსპერტთა (ან სპეციალიზებულ ორგანიზაციათა) შეფასებები~.

დეპუტატი საკანონმდებლო მოთხოვნათა მორიგ უგულებელყოფად თვლის პროექტიდან სოფელ ხინოში მდებარე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა-რესტავრაციის (250 ათასი ლარი) ამოღებას, ვინაიდან აპრილ-მაისში ამ ღონისძიების დაფინანსება, როგორც მთავრობამ ისე უმაღლესმა საბჭომ მოიწონა.

მთავრობის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ შენიშვნებში ასევე აღნიშნულია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საპრემიო მოცულობების სხვადასხვაობა და გამოქვეყნებული დებულებები ცხადყოფს მნიშვნელოვანი ხარვეზის არსებობას, რაც გამოიხატება საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვით, პრემიის შინაარსის გაიგივებით დანამატის სახეობებთან; აუცილებელია, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე პრემიების გაცემის ერთიანი წესის შემოღება, რაც საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად, მომჭირნეობით და ეფექტურად ხარჯვის საშუალებას შეუწყობს ხელს; სასურველია შეჭირვებულ მოსახლეობაზე შეშითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის ასიგნებების გათვალისწინება; ასევე, დაფინანსების გათვალისწინება მეორე და მესამე კატეგორიის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

არსებულ კანონპროექტში ხარჯები არ არის დაკონკრეტებული და გამჭვირვალე. ამასთან, ქიძინიძის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის `მიმდინარე ხარჯების~ დასაფარავად, ფინანსური დახმარების (52 მილიონი ლარი) გაწევა არა სპეციალური, არამედ მიზნობრივი ტრანსფერით უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში აკუმულირდება თვითმმართველი ერთეულების საშემოსავლო გადასახადის სახით და შემდეგ, როგორც ფინანსური დახმარება, ისე გადაეცემა ისევ თვითმმართველობებს. ”ეს არაა გამართლებული. ეს რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის მაჩვენებლით ლავირებაა, ანუ რეალური ბიუჯეტი შეადგენს 52 მილიონით ნაკლებს”. აჭარის მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, არა პროექტით გაწერილი 116 მილიონი, არამედ 52 მილიონით ნაკლები, ანუ 64 მილიონია; უფრო რეალისტები თუ ვიქნებით, ამას ზემოაღნიშნული 12 მილიონიც უნდა გამოვაკლოთ.

შენიშვნების მიხედვით, მომავალი წლისთვის აჭარის მთავრობას არაფერი აქვს დაგეგმილი დასაქმების, სესხებით უზრუნველყოფის (წინასაარჩევნო დაპირება), მცირებიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის კონკრეტული, დასაბუთებული პროგრამების შესახებ, განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება სოფლის მეურნეობისა და ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულებს, რასაც ბევრი სახელმწიფო (თუნდაც მეზობელი თურქეთი) ეფექტურად ახორციელებს: ამ მიზნით გასცემს საბიუჯეტო დაბალპროცენტიან სესხებს, რათა მაქსიმალურად წახალისდეს (დასაქმდეს) ადგილობრივი მოსახლეობა და გაიზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები (ნაცვლად გადინებისა): ”მიზანშეწონილია, ამ მიზნით, 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში გათვალისწინებულ იქნეს ხუთ მილიონ ლარამდე ასიგნებების გამოყოფა.... აუცილებელია, პროექტის ხელახალი გადამუშავება, შემოსულობებისა და გადასახადების დაბალანსება, პროგრამების დახვეწა, სოციალურ ეფექტზე გადაწყობა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში დარეგულირება”.



ბათუმის ციხიდან 165 პატიმარს გაათავისუფლებენ

”ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ამნისტიის კანონით ამჟამად 165 საქმეა შესული ანუ ბათუმის ციხიდან გათავისუფლებას 165 პატიმარი ელის.კანონის თანახმად, ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების მიმართ ამნისტიის თაობაზე გადაწყვეტილება შესაბამისმა პროკურორმა უნდა მიიღოს.

იმ განსასჯელთა და მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა საქმის სამართალწარმოება არ დასრულებულა, გადაწყვეტილებას შესაბამისი სასამართლო იღებს. ხოლო იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა სამართალწარმოებაც დასრულებულია, გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს შესაბამისი რაიონული ან საქალაქო სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ამნისტიის კანონით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი და მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 124-ე; 128-ე; 129-ე; 191-ე; 193-ე; 195-ე; 196-ე; 203-ე; 204 პრიმა; 207-ე; 211-ე; 213-ე; 216-ე; 219-ე; 221-ე; 243-ე; 259-ე; 279-ე; 301-ე; 303-ე; 305-ე; 344-ე; 344 პრიმა; 347-ე; 357-ე; 360-ე; 361-ე; 384-ე; 385-ე; 386-ე; 387-ე. 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე 1 ნაწ; 188-ე 1 და 2 ნაწ; 192 1 ნაწ; 197-ე 1 ნაწ; მე-200 1 და 2 ნაწ; 239-ე 1 ნაწ; 246-ე 1 ნაწ; 276-ე 1, 2 და 3 ნაწ; 284-ე მუხლის პირველი ნაწ; 304-ე მუხლის პირველი ნაწილით;

გათავისუფლდნენ დანაშაულის ჩადენის პერიოდში არასრულწლოვნები 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ მუხლებზე წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი.სასჯელის ვადა გაუნახევრდებათ: 180-ე მუხლის 1 ნაწილით, 182-ე 1 ნაწ; 197-ე, მე-2 ნაწ; 200 პრიმა 1 ნაწ; 200 (2) 1 ნაწ; 220-ე მუხლით; 272-ე 1 ნაწ; 273-ე; 276-ე მე-4, მე-5 და მე-6 ნაწ; 284-ე 2 ნაწ; 362-ე 1 ნაწ; 363-ე 1 ნაწ; 260-ე 1 ნაწ; 261-ე 1 ან 2 ნაწ. ძირითადი სასჯელი გაუნახევრდებათ იმ პირებს, რომელთა საქმეებსაც კანონის მიღების დროს სასამართლო განიხილავდა.

ამ კანონით გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი ან სხვა სასჯელისგან. კანონი არ ვრცელდება გადახდილ ან შეფარდებულ ჯარიმებზე. ამნისტიის შესახებ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 21 ნოემბერს მოაწერა ხელი. იგი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და ორი თვის ვადაში უნდა შესრულდეს. კანონი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული 2008 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს.პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასულ კვირას 144 ადამიანი შეიწყალა. აქედან 80 მსჯავრდებულის მონაცემები პრეზიდენტს შეწყალების კომისიამ მიაწოდა, 64-ის კი _ პროკურატურამ.


სკოლა ბავშვებს საფრთხეს უქმნის

ქედის რაიონის სოფელ ხარაულას საჯარო სკოლას ჩამონგრევის საშიშროება ყოველი წვიმის დროს იქმნება: სკოლის მთავარი კედელი შერყეულია, შენობას გაუჩნდა ნაპრალები. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სკოლაზე მიერთებულია სპორტული დარბაზი, რომელიც მცოცავ მიწაზეა განთავსებული.

ეკა ბარამიძე/ბათუმელები

ხარაულას საჯარო სკოლის სპორტდარბაზის კედლები ინგრევა და ეს მთლიანად სკოლის შენობას უქმნის პრობლემას. `სკოლა რომ არ ჩამოინგრეს, მთავარი კედლები სასწრაფოდ საჭიროებს გამაგრებას~, _ ამბობს სკოლის დირექტორი, მაყვალა ზანაქიძე.დირექტორის განცხადებით, სკოლის ასეთი დაზიანება ნაწილობრივ იმითაც არის გამოწვეული, რომ წვიმის დროს სკოლის შენობაში წყალი ჩადიოდა.

დირექტორმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად რამდენჯერმე მიმართეს განათლების სამინისტროს, მაგრამ დღემდე არანაირი დახმარება არ მიუღიათ: `რადგან სკოლის დემონტაჟი არ მოხდა, ამიტომ სკოლა ბოლოს ჩვენი ხარჯებით გადავხურეთ~.

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, განათლების სამინისტრო ხარაულის საჯარო სკოლის რეკონსტრუქციას მომავალში გეგმავს. მაგრამ დირექტორის თქმით, იქამდე სკოლის ასე დატოვება არ შეიძლება. მას იმედი აქვს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ანუ ბავშვებისთვის საფრთხის ასაშორებლად, ვინმე დროულად გამოეხმაურება. ხარაულას საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტში ერთადერთია, რომელმაც მოსწავლეთა მოზიდვის მიზნით, ავტოსწავლების უფლება მოიპოვა. სწავლების ხარჯებს სკოლა ანაზღაურებს ანუ მოსწავლეები მანქანის მართვას უფასოდ სწავლობენ.ხარაულის სკოლის სამსართულიანი კაპიტალური შენობა 1985-86 წლებშია აშენებული. მას შემდეგ შენობას რემონტი არ ჩატარებია. 265 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში ამჟამად 150 ბავშვი სწავლობს.

მოსახლეობა ავტობაზრობის წინააღმდეგ

დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ე.წ. `ავტობაზრობის~ გადატანა იგეგმება. ყოველ შემთხვევაში, ბაზრობის ხელმძღვანელობას და ადგილობრივ მოსახლეობას ამის სურვილი აქვთ.

ნინო მგელაძე/ბათუმელები

ტერიტორია ჯამბულ მიქელაძემ ხუთი წლის წინ აუქციონის წესით შეიძინა და როგორც თავად ამბობს, აქ მანამდე არსებული საქმიანობა, უბრალოდ, დროებით გააგრძელა. იგი უკმაყოფილოა ბაზრობის შემოსავლებით და სხვა სახის ბიზნესის დაწყებას აპირებს. სამომავლოდ, ჯამბულ მიქელაძე ამ ტერიტორიაზე, კერძო ინვესტორის დახმარებთ, საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს: `გასაყიდი ავტომობილების მეპატრონეების მხოლოდ 50% თუ იხდის ბაზრობის მოსაკრებელს. ეს კომუნალურ გადასახადებსაც კი ვერ ფარავს. გადასახადის თავის არიდების მიზნით ხალხი ავტომობილებს ბაზრობის გარეთ, სავალ გზაზე აჩერებს. ვფიქრობ, მათ ამის უფლება მერიამ არ უნდა მისცეს, ამას ზედამხედველობის სამსახური უნდა აწესრიგებდეს”.

მანქანებით მოვაჭრეები ბაზრობის გარეთ ავტომობილების თვითნებურად გაჩერების მიზეზად ტერიტორიაზე სიმჭიდროვეს და მაღალ გადასახადს ასახელებენ: ბაზრობაზე ერთი მანქანის გაჩერება ოთხი ლარი ღირს, ღამით დატოვება კი _ ერთი ლარი. გასაყიდად გამოყვანილი ავტომობილების მძღოლები, ბაზრობის გარეთ ადგილებს სწორედ ამ გადასახადის თავიდან ასაცილებლად იკავებენ.ბაზრობა ყოველ შაბათ-კვირას, გამთენიის ხუთი საათიდან იწყება და დღის თორმეტ საათამდე გრძელდება. ამ დროს ადამიანებს, ჩვეულებრივ, სძინავთ, აქაურებს კი ბაზრობის ხმაური დილის ექვსი საათიდან აღვიძებთ. უკმაყოფილო მოსახლეობა აღმაშენებლის ქუჩიდან ბაზრობის გადატანას ითხოვს. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ წესრიგს საპატრულო პოლიცია იცავს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის _ აქ ქაოსი და უწესრიგობაა.

აღმაშენებელზე მცხოვრები შოთა მიქელაძე ამბობს, რომ `ბაზრობის დღეებში აზრი არა აქვს სახლში გაჩერდები თუ გარეთ, აუტანელი ხმაურია~.ამ უბანში მცხოვრები ხათუნა მიქელაძე კი ერთ ინციდენტს იხსენებს: `წინა შაბათს ჩემი მეუღლე სამუშაოდან როცა დაბრუნდა საკუთარი მანქანით, ეზოში ვერ შემოვიდა, გასაყიდად გამოყვანილ ავტომობილებს ეზოს შემოსასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ. მძღოლს გზის დათმობა სთხოვა, მაგრამ ის გაბრაზდა და ჩემს ქმარს აქეთ დაუწყო ჩხუბი. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ბაზრობა დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს~.გარდა ამისა, გადაკეტილი გზისა და შეფერხებული მოძრაობის გამო დანიშნულების ადგილზე მისვლას, სულ ცოტა, ნახევარი საათით იგვიანებენ ის ადამიანები, ვინც ამ დღეს სამსახურში მიდიან.ის, რომ ბაზრობა მოსახლეობას აწუხებს, ჯამბულ მიქელაძემაც იცის: `სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს ტერიტორია სხვა საქმისთვის გამოვიყენო. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მაქვს გეგმაში. თუკი მერია შემომთავაზებს ალტერნატიულ ფართს, სიამოვნებით შევცვლი ადგილს”. შეუცვლიან თუ არა ბაზრობას ადგილს, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების უფროსი, გოგა ლომაძე ამბობს: ”ადგილი, სადაც მანქანების ბაზრობა იმართება, კერძო საკუთრებაა და, შესაბამისად, მეპატრონის გადასაწყვეტია, რა ბიზნესს აწარმოებს საკუთარ ფართობზე. იმ შემთხვევაში, თუკი იქ მცხოვრებლებს არსებული სიტუაცია აწუხებთ, მაშინ მოგვმართონ განცხადებით, განვიხილავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ”.

24 საათი გაფრენის მოლოდინში

{ნანა კვაჭაძე}
ევროპასთან მკაცრი სავიზო რეჟიმის არსებობით გამოწვეული უხერხულობა პირველად მიუნხენში ვიგრძენი. გერმანელმა მებაჟემ გულდასმით შეისწავლა ჩემი პასპორტი, შემდეგ კი რიგრიგობით მთხოვა უკან დასაბრუნებელი ბილეთის, სადაზღვევო პოლისისა და სასტუმროს ჯავშანის ჩვენება. ბოლოს და ბოლოს, ევროკომისიის მოწვევამ გაჭრა. საბუთები უკან გადმომცეს და გამკაცრებულ სახეზე მებაჟეს ღიმილიც დაუბრუნდა: `ჭელცომე ინ Eვროპე!~ე.წ. შენგენის ზონაში პირველად 1999 წელს მოვხვდი. ვიზის აღებაც პირველად სწორედ მაშინ მომიხდა. საბერძნეთის საელჩოში სასწავლებლად მიმავალ სტუდენტებს პრობლემები ნაკლებად ექმნებოდათ, მაგრამ რიგში დგომა აუცილებელი იყო. ეს ჩვეულებრივი რიგი არ გახლდათ, დილის რვა საათზე მისული ადამიანები დაახლოებით ათ საათზე საელჩოს სარდაფში ჩაგვიყვანეს, სადაც საღამომდე რიგ-რიგობით იძახებდნენ მოქალაქეებს გვარების მიხედვით. ზაფხული იყო, სარდაფში ძალიან ცხელოდა, მაგრამ ევროპაში მოხვედრის სურვილით შეპყრობილები თანახმა ვიყავით აგვეტანა არა მარტო სიცხე, არამედ საელჩოს თანამშრომლების ცინიკური დამოკიდებულებაც. დაახლოებით ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ წელს ისევ მოვხვდი ევროპაში. ჰოლანდიის საელჩომ ევროკომისიის ეგიდით დაგეგმილ ექვსდღიან სემინარზე ქართველ ჟურნალისტებს ზუსტად ექვსდღიანი ვიზა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოგვცა. პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა უკვე დასაბრუნებელ გზაზე აღმოჩნდა, რომ ავიარეისი ბრიუსელი-მიუნხენი უამინდობის გამო ნახევარი საათით გადაიდო. ნახევარი საათი ერთი შეხედვით რა ბედანაა, მაგრამ ქართველი ჟურნალისტების ჯგუფისათვის ეს `საბედისწერო~ ნახევარი საათი იყო, რადგან ზუსტად თავისუფალი ოცდაათი წუთი გვქონდა მიუნხენში თბილისის ავიარეისზე გადასასხდომად. მიუნხენში თოვდა. თბილისის რეისი, რა თქმა უნდა, გერმანული სიზუსტით გაფრინდა თბილისში და შვიდი ქართველი ჟურნალისტი მიუნხენის აეროპორტში დავრჩით. ასეთ შემთხვევაში წესიერი ავიაკომპანია მგზავრის სასტუმროსა და კვებას მომდევნო ავიარეისამდე მთლიანად უზრუნველყოფს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯგუფიდან ოთხ ადამიანს, მათ შორის მეც, ეს არ გვეხებოდა. ჩვენს ვიზას ვადა ზუსტად თბილისში გამოფრენის დღეს ეწურებოდა და აეროპორტის შენობიდან გასვლა გვეკრძალებოდა. ჯერ კიდევ ოპტიმისტურად განწყობილებმა აეროპორტის პოლიციას მივმართეთ, იმ იმედით, რომ ვიზას ერთი დღით გაგვიგრძელებდნენ და სასტუმროში შევძლებდით ღამის გათევას. ინგლისურად მოსაუბრე სიმპათიურმა გერმანელმა ჩვენს ოპტიმიზმს ცივი წყალი გადაასხა: `თქვენ არა ხართ ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები, ახალგაზრდა ხალხი ხართ და ერთ ღამეს აეროპორტში გაძლებთ, სხვა გზა არ გვაქვს, ასეთი შემთხვევები ყოველდღიურად ხდება და ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცევით~.როგორ უნდა მოიქცე, როცა იცი, რომ 24 საათი აეროპორტის გრძელ, სარეკლამო ბანერებით აბრჭყვიალებულ დერეფანში უნდა გაატარო და სკამებზე დაიძინო?! პირველ წუთებში, რა თქმა უნდა, სასოწარკვეთილი ხარ, შემდეგ ბრაზი გიპყრობს და ჯერ გერმანულ პოლიციას ლანძღავ, ვიზა რომ არ გაგიგრძელა, მერე ავიაკომპანიას, რომელმაც თვითმფრინავი არ გააჩერა და არ დაგელოდა, შემდეგ ჰოლანდიის საელჩოს, რომელმაც არ გაითვალისწინა ასეთი შემთხვევა და ვიზა ზუსტად ექვსი დღით მოგცა, საკუთარ ქვეყანას, რომლის მთავრობამაც ვერაფრით შეძლო ევროპასთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და ბოლოს ღმერთსაც საყვედურობ, რომ მაინცადამაინც დღესაა ცუდი ამინდი... აი, აქ ბრაზი გადაგივლის, გაგეცინება, საკუთარ თავს დაამშვიდებ, რომ ეს მშვენიერი გამოცდილებაა და დასაძინებლად დაიწყებ ადგილის ძებნას. ერთ-ერთი საფირმო მაღაზიის მახლობლად `დავბანაკდით~. უზარმაზარი ფანჯრები აეროპორტის ასაფრენ ბილიკებს გადაჰყურებდა, სავარძლებსაც არა უშავდა რა. დრო სწორედ მაშინ არ გადის ჩქარა, როცა თავზესაყრელად გაქვს. ხან ფსიქოლოგიური ტესტებით ვცადეთ გართობა, დაკეტილი მაღაზიების გულდასმით დათვალიერებისა და ნოუთბუქში მელოდრამის ყურების მცდელობაც გვქონდა და როცა მივხვდით, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ერთი საათიც კი არ გავიდა, მოვეშვით. ღამე საკმაოდ სწრაფად გავიდა. დილით გაღვიძებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ღამით ლამის უკაცრიელი აეროპორტი მგზავრებით იყო სავსე, მაგრამ იმ სკამებს, სადაც ჩვენ გვეძინა, არავინ გაკარებია. აეროპორტში ერთი ღამისთევა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მაწანწალას დაემსგავსო, მაგრამ რაფინირებულ ევროპელებზე მთლად კარგი შთაბეჭდილება მაინც ვერ დავტოვეთ. ჩვენს რეისამდე უკვე ათი საათი იყო დარჩენილი და გაცილებით უფრო ოპტიმისტური განწყობა გვქონდა. ამ ხნის განმავლობაში საათობით ვისხედით ბარში, ვათვალიერებდით მაღაზიებს და ათას რამეზე ვსაუბრობდით. თბილისში გამოფრენის წინ მიუნხენში ისევ გათოვდა, მაგრამ რეისი ამჯერად არ გადადებულა. ბავარიის დედაქალაქს მხოლოდ ზემოდან მოვკარი თვალი, ეს იყო თვითმფრინავიდან დანახული მბჟუტავი სინათლის ერთი წერტილი. მერე ღრმად დამეძინა. სტიუარდესას ხმის ჩანაწერმა გამომაღვიძა: `ქალბატონებო და ბატონებო ჩვენ ვეშვებით. გთხოვთ...~
ნანა კვაჭაძე

Wednesday, November 19, 2008

ხალხის მმართველობა თუ მმართველობა ხალხის ხარჯზე

ოქტომბრის თვეში ბათუმის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბადრი ქაჯაიას ხელფასისა და პრემიის სახით 6000 ლარი აქვს ხელზე აღებული: 2500 ლარი ხელფასი, 3200 ლარი პრემია, 800 ლარი სადებუტატო სარგო.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტოზე: საკრებულოს ახალი თავმჯდომარე

ათ თვეში ბადრი ქაჯაიამ, მთლიანობაში, 39 862 ლარი (დაქვითვის შემდეგ) აიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის პარალელურად, ქაჯაია მიწის მართვის კომისიის თავმჯდომარეც იყო და თვეში 1500 ლარ ხელფასსაც იღებდა.

საკუთარ თავს პრემიებს 15-წევრიან საკრებულოში თანამდებობის პირები ყოველთვიურად უნიშნავენ. მაგალითად, ჯუმბერ კახიძეს სახელფასო ანაზღაურების სახით, ათ თვეში 15 400 ლარი აქვს მიღებული. პრემიალური თანხა _ 10 130, სადეპუტატო სარგო _ 8 ათასი ლარი. ეს მთლიანობაში (დაქვითვის შემდეგ) 25 147 ლარს შეადგენს.

საკრებულოს 15 დეპუტატზე, ათ თვეში, სადეპუტატო სარგოს სახით, დახარჯულია 120 ათასი ლარი. პრემიის სახით _ 59 740 ლარი; თანამდებობის პირებზე კი სახელფასო განაკვეთის მიხედვით _ 83 000 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, `პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების შესახებ~ კანონით 4720 ლარია; აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის შრომითი ანაზღაურება კი _ 3310 ლარს შეადგენს.

პრემიების განაწილების პრინციპი

ასეთი კონკრეტული პრინციპი არ არსებობს. პრემიების საკითხს თავად საკრებულო წყვეტს. თუმცა, ცნობილია, რომ პრემიას ადამიანს იმ შემთხვევაში აძლევენ, როცა ის არასამუშაო საათებში მუშაობს ან სამუშაო კარგად აქვს შესრულებული.

ამ საკითხსაც ბადრი ქაჯაიას მაგალითზე თუ განვიხილავთ, ასეთი მდგომარეობა იყო: ოქტომბერში, როცა მან 3200 ლარი მიიღო პრემიის სახით, არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაჯაია ვარშალომიძის მოთხოვნით თანამდებობას ტოვებდა.
იმ პერიოდში `ბათუმელები~ თითქმის ყოველდღე ცდილობდა საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას, მაგრამ იგი მობილურზე საუბრისას აცხადებდა, რომ კომენტარს არ აკეთებდა, ხოლო საკრებულოს პრესცენტრში ამბობდნენ, რომ ქაჯაია სამსახურში არ დადიოდა.

ერთადერთი კომენტარი ქაჯაიამ თანამდებობიდან წასვლის დღეს გააკეთა. ”რა დამსახურებისთვის მომცეს პრემია? კომისიას ჰკითხეთ”, _ განაცხადა მან. მისი `რესპუბლიკელი~ კოლეგები კი ამბობენ, რომ `ნაციონალური~ დამსახურებისთვის: ”3 ნოემბრის არჩევნების დროს იგი დილიდან საღამომდე საარჩევნო შტაბში იჯდა”.
თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძე, რომელიც ამავე დროს საპრემიო კომისიის ხელმძღვანელიცაა, აცხადებს, რომ ბადრი ქაჯაიამ პრემიის სახით მათგან ბოლო საჩუქარი მიიღო (საკრებულოდან წასვლის შემდეგ იგი გზების დეპარტამენტში უფროსის მოადგილედ დანიშნეს). `წლის ბოლოს დიდ პრემიებში ვეღარ მოხვდება, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს საჩუქარი მისთვის ოქტომბერში გაგვეკეთებინა”.

ჯუმბერ კახიძის თქმით, საპრემიერო ფონდი `შინაურულად ნაწილდება~. კომისია ყოველი თვის ბოლოს ჯდება და პრემიას თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ანაწილებს. `ამ ციფრების მოსახლეობაში გამომზეურება არ არის ლამაზი, რადგან ბევრი უმუშევარი გვყავს~, _ ამბობს კახიძე, რომელიც ფიქრობს, რომ საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაცილებით მეტს იმსახურებენ. პრემიებს საკრებულოში, ძირითადად, რვა თანამდებობის პირი იღებს.

წელს საკრებულოს ბიუჯეტი 853 ათასი ლარია. მარტო ათი თვის განმავლობაში, დეპუტატების ხელფასებზე 262 740 ლარი დაიხარჯა.

საკრებულოს დეპუტატების საქმიანობა

ბადრი ქაჯაიამ საკრებულოს თავმჯდომარედ ორი წელი და ერთი თვე იმუშავა. ამ პერიოდში, როგორც ოპოზიციონერი წევრები ამბობდნენ, `საკრებულოში არ ტარდება კომისიის სხდომები, იგნორირებულია რეგლამენტი, ყალბდება დოკუმენტაცია, არ ტარდება ბიუროს სხდომები და დებენ ყალბ დოკუმენტებს~. რეგლამენტის დარღვევას ადასტურებს გიორგი კირთაძეც, რომელიც 15 ნოემბერს საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.
საკრებულოს სხდომებზე საკითხების განხილვა-დისკუსია არ მიმდინარეობს.

გადაწყვეტილება მექანიკურად, ხელის აწევ-დაწევით მიიღება. მსგავსი აქტიურობა იყო ბოლოს წინა სხდომაზეც _ 12 საკითხიდან ათი, დეპუტატებმა ყოველგვარი კომენტირების გარეშე, რამდენიმე წუთში დაამტკიცეს.

`ამ წლებში საკრებულოს დისკრედიტაცია გაიზარდა _ ვირტუალურ სამყაროშია~ _ აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი. მისი აზრით, საკრებულო უსუსურ ორგანოდ, მოქმედმა ქალაქის მერმა და ხელისუფლებამ აქცია, რადგან ისინი უხეშად ერევიან საკრებულოს ფუნქციებში.

ბათუმის საკრებულოს არჩევნები 2006 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა. ბათუმში 90 ათასი ამომრჩეველია.

24 წლის საკრებულოს თავმჯდომარე

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ოპოზიცია ყოფილი თავმჯდომარისგან ანგარიშის მოსმენას ითხოვდა, თუმცა ბადრი ქაჯაია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ვინც ქაჯაიას შრომა ანგარიშის მოსმენის გარეშეც დაუფასა, მისი მემკვიდრე _ გიორგი კირთაძე იყო. `დიდი მადლობა ბადრის საკრებულოს ჩამოყალიბებისთვის~, _ განაცხადა მან. გიორგი კირთაძე აქამდე `ნაციონალების~ ფრაქციას თავმჯდომარეობდა. უმრავლესობამ განაცხადა, რომ მისი მთავარი ღირსებაც ესაა.

კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიციასაც ჰყავდა _ `ნაციონალი~ ბაჩუკი ჩხეიძე; თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა. საკრებულოს 15 წევრიდან ოთხმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, `ლეიბორისტმა~ რობაქიძემ ბიულეტენი გააფუჭა _ ხმა `ეძგვერაძე ბარნაბას~ მისცა. დანარჩენებმა გიორგი კირთაძე აირჩიეს.

ოპოზიცია კირთაძის კანდიდატურას პროტესტით შეხვდა. `24 წლის ბიჭი თავმჯდომარედ?~, `ბარემ კოკა-კოლას ბოთლი დანიშნეთ~ _ განაცხადა დავით ჩხარტიშვილმა. ამ რეპლიკაზე `ნაციონალმა~ გიორგი დიასამიძემ კუნთებზე დაიხედა. `ვიღაცის ხუშტურებით რატომ ვირჩევთ თავმჯდომარეს~, _ თქვა ჩავლეიშვილმა. `რადგან ვარშალომიძეს მოსწონს, იმიტომ~, _ არ ცხრებოდა რობაქიძე.

ოპოზიცია ქალაქის მერსაც გადაწვდა. `რობერტ ჩხაიძე საკრებულოს პატივს არ სცემს, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობთ?~ _ ჰკითხა უმრავლესობას ირაკლი ჩავლეიშვილმა. `რესპუბლიკელებმა~ დარბაზი დატოვეს.

სხდომაზე ბევრი ითქვა `ქუჩურ და სიაფანდ ნათქვამებსა~ თუ `კაი ტიპობაზე~. ამ ფრაზებით საკრებულოს წევრები, თავმჯდომარის მოადგილეს მიმართავდნენ.

ოპოზიციის შეცდომები

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძე ფინანსებთან დაკავშირებით `ოპოზიციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე~ საუბრობს: `ლეიბორისტი~ დავით რობაქიძეც ოპოზიციაა, მაგრამ უსკოს კომისიაშია და ოთხ თვეში 15 ათას ლარს აიღებს.

`რესპუბლიკელებმა~ უსკოში თავიანთი კანდიდატურა მოხსნეს. მათგან კომისიაში ადგილი თემურ ყურაშვილს ეკუთვნოდა. არ მძინებია იმაზე ნერვიულობით, რომ რაღაც აბსურდული პოლიტიკის გამო, ყურაშვილს 15 ათასი ლარი დააკარგვინეს. გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება მეგობარს ასეთი რამ გაუკეთო~.



აჭარის ბიუჯეტი მცირდება

მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტით, წლევანდელზე ორი მილიონით ნაკლები იქნება


აჭარის 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 116 317 800 ლარითაა განსაზღვრული. პროექტში გათვალისწინებული არ არის თანხები დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად; ერთი მილიონით შემცირებულია ჯანდაცვის დაფინანსება, 2,7 მილიონი კი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩამოაჭრეს. სტიქიის ზონაში მოქცეულ რეგიონში, ეროზიულ ტერიტორიაზე ტყის განაშენიანებისთვის გამოყოფილია 900 ლარი. სამაგიეროდ გაზრდილია აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციული ხარჯები.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

`წელს და 2009 წელშიც ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი ტემპებია მოსალოდნელი~, _ აცხადებს აჭარის მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარე კი, 3 ნოემბრის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სწორედ ეკონომიკის გაძლიერებით ასაბუთებდა.

რამდენად ადეკვატურია აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებები, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით: ბიუჯეტში ამ კუთხით თითქმის არანაირი ღონისძიება თუ პროგრამა არ არის დაფინანსებული. მთავრობის თავმჯდომარემ ამის შესახებ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც იცოდა, ვინაიდან კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 14 ოქტომბერს გადასცეს, ანუ 3 ნოემბრის არჩევნებამდე. ეს ვარიანტი კი თითქმის უცვლელად გადაიგზავნა უმაღლეს საბჭოში.

ცენტრალურ ხელისუფლებაზე მიბმული და მისი მოიმედე ადგილობრივი მთავრობა სამომავლოდ, წლევანდელთან შედარებით, რესპუბლიკურ ბიუჯეტსაც ამცირებს _ 2,3 მილიონი ლარით.
`თუმცა, სახელმწიფოს მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებებით მოხდება უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა. 2010 წლიდან საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ჩვეულ სწრაფ ზრდას; ხოლო აჭარის რეგიონი იქნება ქვეყნის ფლაგმანი~, _ აღნიშნულია 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც მთავრობამ უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნა.

პროექტი მთავრობამ უმაღლეს საბჭოში, კანონით 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს, უმაღლესმა საბჭომ კი 14 დღეში განიხილოს და შენიშვნებთან ერთად ისევ მთავრობას გადაუგზავნოს. უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონპროექტი 31 ოქტომბერს მიიღეს, თუმცა 14 ნოემბრისთვის კანონმდებლებს მისი განხილვაც კი არ აქვთ დაწყებული. ამით, ჯერ კიდევ მოქმედმა უმაღლესმა საბჭომ, მის მიერვე მიღებული კანონი დაარღვია.
მთავრობა კი, ვიდრე `აგვისტოს ცნობილი მოვლენებისა~ თუ `მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისით~ დაზარალებული საქართველოს ეკონომიკა `ჩვეულ სწრაფ ზრდას გააგრძელებს~, დაფინანსებას უმცირებს აჭარის სოფლის მეურნეობის, ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; ამასთან, სხვადასხვა უწყების დაფინანსება თითქმის 50 პროცენტით მცირდება.

`გასულ წელთან მიმართებაში, კიდევ უფრო გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება~, _ აღნიშნულია მთავრობის განმარტებით ბარათში. საპირისპირო მონაცემია ბიუჯეტის პროექტში, სადაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯები ერთ მილიონამდე ლარითაა შემცირებული.

ავტონომიის მთავრობისთვის `პრიორიტეტულია გზების გაუმჯობესა-რეაბილიტაციის პროგრამები... კიდევ უფრო გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება~, თუმცა, იგივე მთავრობა, შარშანდელთან შედარებით, დაფინანსებას 2,7 მილიონი ლარით უმცირებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს.

13 მილიონამდე ლარია გაწერილი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის; აქედან 8 167 800 ლარი, როგორც დავალიანება, სამინისტრომ სს `თუსთაშს~ უნდა გადაურიცხოს. განმარტებით ბარათში ისიც აღნიშნულია, რომ `გრანტების მოცულობა 2009 წელში, განსხვავევბით 2008 წლისა, როცა რესპუბლიკურ ბიუჯეტს გრანტები საერთოდ არ მიუღია, შეადგენს 8 167.8 ათას ლარს~, ანუ ზუსტად იმ თანხას, რაც მთავრობამ `თუსთასშს~ უნდა მისცეს (თურქული ფირმა `თუსთაში~ მახინჯაურის გვირაბს აშენებდა. მას მშენებლობის უფლება ჩამოართვეს. ფირმამ ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფირმის სასარგებლოდ თანხის გადახდა აჭარის მთავრობას ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკისრა).

სტიქიის ზონაში მოქცეული რეგიონის ბიუჯეტიდან, მომავალ წელს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომელთა ხელფასებში 1,3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამავე სამმართველოს სამ მიზნობრივ პროგრამაში კი _ 12 800 ლარი (`ტყის განახლებისა და დაცვის პროგრამა~ _ 1 600 ლარი, `ეროზიულ ტერიტორიაზე ტყის განაშენების ღონისძიება~ _ 900 ლარი, `აჭარის სანაპირო ზოლის ზღვის წყლისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი~ _ 10 300 ლარი).

იზრდება აჭარის ტელევიზიისა და რადიო-მაუწყებლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხარჯები. დეპარტამენტისთვის გამოყოფილი 5,4 მილიონი ლარიდან, 4,3 მილიონი `ტელევიზიის საინფორმაციო-სამაუწყებლო ღონისძიებებში~ უნდა დაიხარჯოს.
აჭარის 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, მთლიანობაში, 116 317 800 ლარითაა განსაზღვრული (თუ ქვეყანაში გადასახადების ოდენობა შემცირდება, გამორიცხული არაა, ეს მაჩვენებელი შემცირდეს). ზემოაღნიშნული თანხიდან საჯარო მოხელეთა ხელფასებში სულ 10,5 მილიონი ლარი (აქედან მთავრობის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში 1,2 მილიონი ლარი) დაიხარჯება, 18,8 მილიონი სხვა მომსახურებაზე, ხოლო სოციალურ უზრუნველყოფას 2,3 მილიონი ლარი მოხმარდება.

ბიუჯეტის კანონპროექტი უმაღლესმა საბჭომ 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.
მიმდინარე წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 118 667 700 ლარითაა განსაზღვრული.



ევროკომისარი შავაძის საქმით ინტერესდება

16 აგვისტოს მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ქვრივი, ციცინო შავაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს კომისარს, თომას ჰამარბერგს შეხვდა. შეხვედრა დაგეგმილი სამი წუთის ნაცვლად სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

`კომისარმა დაწვრილებით გამომკითხა როინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი. მერე იმით დაინტერესდა თუ რას ვითხოვდი. მე ვუპასუხე, რომ საქმის სამართლიანი გამოძიება მინდა. კომისარი საკითხის პირად კონტროლზე აყვანას შემპირდა, მითხრა, რომ გამოძიების სამართლიანად ჩასატარებლად ყველა ღონეს გამოიყენებს. ჰამარბერგმა თქვა: ფოტოსურათები ვნახე და ეს იმდენად მძიმე შემთხვევაა, მარტო საქართველოს განსახილველი თემა არ არის. ეს სტრასბურგმა უნდა გამოიძიოსო~, _ ამბობს ციცინო შავაძე.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ჰამარბერგმა განაცხადა, რომ იგი კონკრეტული საქმეებით არ ინტერესდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმეს კომისია შეისწავლის. `სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი საქმეები სისტემურ ხასიათს იძენს~, _ განაცხადა ჰამარბერგმა.

შავაძის საქმით საფრანგეთის ელჩი, ერიკ ფურნიეც დაინტერესდა. `ელჩი დახმარებას შემპირდა. მან თქვა, რომ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და გამოძიების მიმდინარეობას თვალს მიადევნებს. თქვა, რომ მივა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში და ამ საკითხზე პასუხს წერილობით მოითხოვს~,_ აცხადებს ციცინო შავაძე.

თბილისიდან დაბრუნებული ციცინო შავაძე მისი და მისი ნათესავების მიმართ მუქარის გაგრძელებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ძალოვნებმა მისი ახლო ნათესავების დაშანტაჟება დაიწყეს: `გვესმის, რომ ჩვენს გასაჩერებლად რომელიმე ახლო ნათესავს დაიჭერენ: შეიძლება ნარკოტიკი ჩაუდონ ან სხვა `ფაქტი~ შექმნან. ყველა შეშინებულია~.

მუქარებთან დაკავშირებით შავაძის ოჯახის წევრებმა პროკურატურას ჩვენებები უკვე მისცეს. ადვოკატი რამინ პაპიძე ამასთან დაკავშირებით აცხადებს: `ამ საქმეზე რამდენიმე ადამიანის დაპატიმრებას აპირებენ. ახლა სპეცსამსახურები იმაზე მუშაობენ, თუ ვინ გაწირონ თავიანთი რიგებიდან, რაც, ბუნებრივია, მათთვის ძალიან მტკივნეულია. პარალელურად, ამის შესამსუბუქებლად, _ შავაძის ოჯახის გაჩერებაზეც მუშაობენ. სწორედ ამის გამო მიმართავენ ზეწოლას ოჯახის ახლობლებზე~.

რაც შეეხება შავაძის სისხლის სამართლის საქმეებს, ადვოკატს მისი გაცნობის უფლებას ჯერ კიდევ არ აძლევენ.

ჯარისკაცი როინ შავაძე 16 აგვისტოს მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოტიკზე დაკავებული ჯარისკაცის ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის დროს მოხდა. საზოგადოებაში არსებული ინფორმაციით კი, ის სამართალდამცავებმა მოკლეს, როგორც სამშობლოს მოღალატე.

”ქალწულობის აღდგენა”- სექსის ბედი ტრადიციულ საზოგადოებაში

სტატიაში მოყვანილი ყველა გმირის სახელი პირობითია. ისინი მცირეწლოვნები არიან. მათი გამოსავალი აბორტი იყო.
- მე აბორტი იმიტომ გავიკეთე, რომ არ ვიცოდი ბავშვი სად წამეყვანა;
- მე მუცელი იმიტომ მოვიშალე, რომ დედაჩემს არ მოსწონდა ჩემი ღარიბი შეყვარებული;
- აბორტის გაკეთებას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ... ძაღლზე უარესი ვარ, შვილი გავწირე;
- ბავშვი იმიტომ მოვიშორე, რომ ბავშვის მამამ ჩემთან ქორწინებაზე უარი თქვა;
- აბორტი არ გავიკეთე. ეს ჯოჯოხეთურად ძნელი იყო. ახლა ბედნიერი ვარ _ 24 წლის შვილი მყავს.

ნათია როყვა/ბათუმელები

ქორწინების გარეშე დაფეხმძიმებული 15-20 წლის ბათუმელი გოგონების ისტორიები იდენტურია: ამ გოგონებმა არ იცოდნენ, ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, როგორ უნდა ეცხოვრათ; შეყვარებულებმა არ მოისურვეს ამ გოგონებთან ქორწინება; წყვილის მშობლებმა უარი თქვეს `უკანონო~ შვილიშვილების ოჯახებში მიღებაზე.

მშობლებმა 26 წლის ივეტა გ-ს ფეხმძიმობის ამბავი რომ გაიგეს, აბორტის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. ის რვა თვე დადიოდა მუცელაკრული და ტყუპები ცოტა ხნის წინ გააჩინა: `დედაჩემი სამშობიაროში მოვარდა და იძახდა, მოგიკლავ შვილებს და შენც მოგკლავო. კიოდა, რომ ჯვარზე ვიყავი გასაკრავი ან ვირზე შესასმელი... გაგიჟებული დედაჩემი რომ დავინახე, თავის მოკვლა ვცადე, ექიმებმა გადამარჩინეს. სახლში არ მიმიღო, ვერც შვილიშვილებმა მოულბეს გული. დროებით მეგობარმა შემიფარა. დედაჩემის შიშით არც ერთი ნათესავი არ მოსულა და დახმარება არ შემოუთავაზებია. კაცი, ვისგანაც შვილები გავაჩინე, უცხოეთშია წასული. ამ ხნის განმავლობაში არ დაურეკავს. თუ ბავშვების მამა ჩვენზე უარს იტყვის, არ ვიცი, რა გვეშველება...~

საქართველოში ქორწინების გარეშე ქალის ფეხმძიმობა ცოდვაცაა და სირცხვილიც _ სირცხვილია ოჯახისთვის, ნათესავებისთვის. გინეკოლოგთანაც სირცხვილის გამო მიჰყავთ გოგონები, ძირითადად, ნათესავებს ან მეგობრებს. `16 წლის გოგონამ აბორტიც ჩემთან გაიკეთა და ქალიშვილობაც `აღიდგინა~. ის ძალიან განიცდიდა ბავშვის მოშორებას, თუმცა, იმისიც ეშინოდა, მუცელი რომ გამეზრდება, კლასელები დამცინებენო. ნათესავი ეხმარებოდა. როგორც შევატყვე, აიძულებდა კიდეც~, _ ყვება ექიმი ერთი გოგონას ისტორიას.

ნატო მ-ს 25 წლის წინანდელი ისტორიაც არაფრითაა განსხვავებული: `ბათუმში დაბრუნება მრცხვენოდა, სტუდენტი, უქმროდ, შვილიანი ჩამოვედი, საზოგადოების მეშინოდა. წლობით სახლში ჩავიკეტე, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. მერვე კლასში იყო ჩემი ბიჭი, როცა მოვიდა და მკითხა, ნაბიჭვარი რატომ დამიძახესო... ეს სიტყვა თანაკლასელმა წამოაძახა... ჩემს შვილს დეპრესია დაემართა, ორი წელი ექიმთან მკურნალობდა. უხერხულ მდგომარეობაში შვილიც და მეც არაერთხელ აღმოვჩნდით. ეს იმათგან მოდიოდა, ვინც მუდამ მაკრიტიკებდა. ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ, ახლა 24 წლის შვილი მყავს~.

ექიმები აბორტებს 25 წლის წინაც აკეთებდნენ, `ქალწულების აღდგენის~ პრაქტიკა კი ცოტა დროს ითვლის. ქალწულობის აღსადგენი ოპერაციები საქართველოში `ღირსეულად გათხოვების~ ეფექტური საშუალებაა. სამ გინეკოლოგთან საუბრის შემდეგ, ალბათ, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ამ ოპერაციას საკმაოდ ბევრი გოგონა იკეთებს. რაც შეეხება ფასებს, თბილისის ფორუმზე ასეთი ინფორმაცია დევს: `ექიმი ვარ და ვიცი, რომ ნებისმიერი გინეკოლოგი აკეთებს ამას. ფასი 200-300 დოლარია და გამორიცხულია, მამაკაცი რამეს მიხვდეს~.
იმავე თბილისის ფორუმზე, რომელსაც საქართველოში ყველა ინტერნეტ გამოცემაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, წერია: ”არც ერთ ქართველ კაცს არ მოსწონს მისი ნათესავი, და, დეიდა, ბიძაშვილი, ვინმეს საყვარელი რომაა, მაგრამ მათ ვიღაცის ბიძაშვილი ჰყავთ საყვარლად, ან დეიდაშვილი ან და...~ იგივე წყარო _ ”აბა, არაქალიშვილი რომ ჩავბარდე ქმარს, ცოდვა არაა”; და იქვე: ”ყველაფერს ავიტან _ 40 რევოლუციას, დისერტაციას კარალიოკის კურკებზე, შიმშილს, უინტერნეტობას, სიცივეს, უდიპლომობას, მაგრამ მომკალით და ვეღარ ვიტან ამ მენტალიტეტს, აღარ შემიძლიააა...”

ყველა ახალგაზრდა მამაკაცის აზრით კი (ვისთანაც ამ თემაზე ვისაუბრეთ), ეს მათ არ ეხება, რადგან, როცა დაქორწინებას გადაწყვეტენ, საცოლეს სკოლაში მოძებნიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს, აჭარაში, სულ ორი ათას სამოცდახუთი აბორტი გაკეთდა, 15_18 წლის პაციენტებში _ 72 აბორტი. ერთ-ერთი ინკოგნიტო გინეკოლოგი კი ამბობს, რომ თვეში, საშუალოდ, 20-30 მცირეწლოვანს უკეთებს აბორტს. ეს ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ აბორტი კანონით დაშვებულია, მაინც ინკოგნიტოდ დარჩენას ითხოვს.

სტერეოტიპი - ”ცოდვის შვილები”
საქართველო გაეროს დეკლარაციას წლების წინ შეუერთდა. ამ დეკლარაციის მიხედვით, ქალი და მამაკაცი თანასწორია. ფსიქოლოგი რუსუდან კეჭაყმაძე: `გაეროს ეს ნორმები მხოლოდ ქაღალდზე წერია… იმ უფლებით, რაც კანონით აქვთ ქალებს მინიჭებული, რეალურად ვერ სარგებლობენ. ჩვენთან საუკუნეების წინ მიღებული ნორმები მოქმედებს. თუ ეს ნორმა ირღვევა, იწყება ზეწოლა, დაცინვა, გაკიცხვა”.

რუსუდან კეჭაყმაძის აზრით, `ეს სტერეოტიპები სიცოცხლეს უწამლავს როგორც ქალს, ისე ბავშვს: შესაძლოა, ბავშვს წამოაძახონ, რომ უკანონოდ გაჩნდა. თუ ბიჭია, ამას მძიმე შედეგი მოსდევს, მოზარდი აგრესიული ხდება. იყო შემთხვევა, როცა ბავშვს დედა ეზიზღებოდა. უმჯობესია, თუ ბავშვს თავიდანვე ეცოდინება, რომ მამა მისი გაჩენის წინააღმდეგი იყო~.
ფსიქოლოგის აზრით, ამ სტერეოტიპების შენარჩუნებას ხელს რელიგიაც უწყობს: `ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე: უნდა გიყვარდეს მოყვასი, მაგრამ, მეორეს მხრივ, რელიგიური დოგმებიდან გამომდინარე, ადამიანს სასტიკად ექცევი. ამ დოგმებზე გაყოლა არამართებულად მიმაჩნია: თუ ადამიანს სასულიერო გზა არ აქვს არჩეული, მაშინ ყველაფერს ისე ვერ გააკეთებ, რასაც მღვდელი გეუბნება. გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა ადამიანს ფეხი არ ჰკრა, ვიდრე ილოცო~.

”უკანონო შვილს”, ”ქალიშვილობის ინსტიტუტის” სტერეოტიპს სირაქლემას პოზად მიიჩნევს ექიმი-გინეკოლოგი, ჯუმბერ უნგიაძე: ”ორი ქალიშვილი მყავს და, შესაბამისად, ეს საკითხი ჩემთვისაც მტკივნეულია. მაგრამ უმჯობესია, ბოიფრენდის ინსტიტუტი არსებობდეს და შვილებს ვასწავლოთ, როგორ დაიცვან თავი, ვიდრე ისინი გავწიროთ და დავამახინჯოთ, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ალბათ, მეტყვიან, რომ ქართველები ვართ და ჩვენი მორალი გვაქვს, მაგრამ პრობლემა თავის სილაში ჩარგვით ვერ გადაიჭრება”.

ბათუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მარკოზი ამბობს: `ქორწინების გარეშე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა მრუშობაა. მაგრამ ეს ცოდვა აბორტის გაკეთებით ჩადენილ ცოდვასთან არ შეიდრება, რადგან მკვლელობა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო საკუთარი შვილის. ცოდვა მრუშობაში გაჩენილ შვილზე არ გადადის. ქალი როცა დაფეხმძიმდება, ბავშვი აუცილებლად უნდა გააჩინოს”.

გაზრდილი ფასები და საარსებო მინიმუმი

დიასახლისი ინგა ნაკაშიძე 34 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მუშაობს რუსულის მასწავლებლად ახალშენის სკოლაში. მისი ხელფასი 90 ლარია. მგზავრობაში სკოლოდან სახლამდე და პირიქით 30-ლარამდე ეხარჯება, ანუ, ფაქტობრივი შემოსავალი თვეში 60 ლარი აქვს. ამ ოჯახს, ყოველდღიურად, საკვებში 15 ლარი სჭირდება. ანუ ინგას ხელფასი ოჯახისთვის მხოლოდ ოთხი დღის სამყოფია.
ნათია კოპალიანი/ბათუმელები

18 პროცეტით გაიზარდა
ოჯახის დღის მენიუ, რაშიც 15 ლარს ხარჯავდნენ, ფასების მომატებამდე, ძირითადად, ასე გამოიყურებოდა: სამი პური, კარტოფილი, ყავა, მწვანილი, მარგარინი, ყველი, ჩაი, შაქარი და სიგარეტი. მენიუში არც ხილი შედის და არც დესერტი. ასევე არ შედის სარეცხი და ჰიგიენისთვს აუცილებელი საშუალებები, ელექტროენერგიისა და სხვა სოციალური გადასახადები.

გასულ კვირას ლარის დევალვაციის შედეგად (ლარი 18 პროცენტით გაუფასურდა _ კურსმა 1.40-დან 1.65-ლარს მიაღწია) სურსათზე ფასები 10_15 პროცენტით გაიზარდა, მაგალითად, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე მოვაჭრე მალხაზ მიქელაძის თქმით, შოკოლადი `ქინდერი~, რომელიც 1,10 ლარი ღირდა, ათი თეთრით გაძვირდა. `რაფაელოს~ ფასი 4,80 ლარიდან ხუთ ლარამდე გაიზარდა. ზეთმა 2,90 ლარიდან, 3,40 ლარს მიაღწია. `ხოფის~ ბაზრობაზე საბითუმოდ მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასებმა სადისტრიბუციო ბაზარზე ყველა იმ საქონელზე მოიმატა, რომელიც ლარის გაუფასურების შემდეგ შემოიტანეს უცხოეთიდან. მატებამ 15-20 პროცენტს მიაღწია.

რითი უნდა ვიკვებოთ და რა რაოდენობით? ეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი არ აქვს. ტექნოლოგების თქმით, ზემოთ მოცემული რაციონი იმ სტანდარტებს, რაც თვითონ შეიმუშავეს, არ შეესაბამება.

ოჯახურ პირობებში ქართველი მზარეულების მიერ ოთხ ადამიანზე შემუშავებული მენიუ თავისი დანახჯებით: საუზმე _ ყველი 0,5კგ _ 3,5 ლ, პური 2 _ 1,2 ლ, კარაქი 0,25 _ 3 ლ, მურაბა 0,3 _ 1,5 ლ, ნაღები 1 ქილა _ 3 ლ, ჩაი ან ყავა _ 1 ლ. სულ 12,7 ლარი. მთლიანობაში 16,20 ლარი.
სადილი: პური 2 _ 1,2 ლ, მჭადი 4 კაცზე _ 1,5 ლ, ყველი 0,5კგ _ 3,5 ლ, სალათი 4 კაცზე _ 2,5 ლ, წვნიანი (ასორტიმენტი) _ 10 ლ, ხორცი ან თევზი _ 10,5 ლ, დესერტი _ 5 ლ. სულ 31,2 ლარი.

თუ ვახშმის ფასებსაც გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ დღეში ოთხსულიანი ოჯახი, ნორმალური კვებისათვის, 63 ლარს ხარჯავს, რაც თვეში 1890 ლარს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ერთმა ადამიანმა ნორმალური კვებისათვის, დღევანდელი ფასებით, თვეში 472 ლარზე მეტი უნდა დახარჯოს. საარსებო მინიმუმი კი ამჟამად სულ რაღაც 135 ლარს შეადგენს.

ოფიციოზის მონაცემებით საქართველოში 900 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ანუ ამ ადამიანებს სახელმწიფო იმიტომ ეხმარება, რომ შიმშილობის ზღვარზე არიან. ამ მონაცემებით ინგა ნაკაშიძის ოჯახი არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა (მისი მეუღლე ტაქსისტად მუშაობს), მაგრამ არც კვების რაციონის შესაბამისი შემოსავლები აქვს.
2003 წლის ანუ რევოლუციის შემდეგ სხვადასხვა საქონელზე ფასები დინამიურად, რამდენჯერმე გაიზარდა. სულ ბოლოს ეს ერთი კვირის წინ მოხდა. ფასების მომატება კვლავაც მოსალოდნელია.

ადამიანის სხვა მოთხოვნილებები
ფაქტია, რომ ადამიანებს კვების გარდა სხვა რამეც სჭირდებათ, მაგალითად, მედიკამენტები. ფასები წამალზეც გაიზარდა. მედიკამენტების მწარმოებელმა `ბათფარმამ~ ფასები 10 პროცენტით გააძვირა და ესეც მოგების შემცირების ხარჯზე. ჯი-პი_სი-ს სააფთიაქო ქსელის მენეჯერის, ირმა ფუტკარაძის თქმით, ფასები ყველა წარმოების მედიკამენტზე აიწია. მაგალითად, ვენტოლინის აეროზოლი, რომელიც 6.20 ლარი ღირდა უკვე 7.20 ლარი ღირს. ერთი კოლოფი ნოშპა 16 ლარი იყო, ახლა _ 18 ლარი ღირს.

ერთ კვირაში 17-20 პროცენტით გაძვირდა ელექტრო-ტექნიკური საქონელი. მაგალითად, ის სარეცხი მანქანა, რომელიც 10 ნოემბრამდე 1000 ლარი ღირდა, უკვე 1200 ლარი ღირს; ფასებმა `მობის~ ტელეფონების მაღაზიაშიც მოიმატა, 1251-ლარიანი `სამსუნგი I900~ ახლა 1309 ლარი ღირს. ელიტ ელიქრტონიქსის ადმინისტრატორის, ინგა იაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით, ძნელია იმის პროგნიზი, სამომავლოდ რა იქნება.

ფასები გაიზარდა სამშენებლო მასალებზეც. მაგალითად, ზური დავითაძე, რომელიც საღებავებს ყიდის, ამბობს, რომ საღებავი, რომელიც 65 ლარი ღირდა, ახლა 75 ლარი გახდა. დაახლოებით ამ ოდენობით გაიზარდა ფასი ცემენტზეც.

`ელიტ ელექტრონიქსის~ ადმინისტრატორის, ინგა იაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით, ძნელია იმის პროგნიზი, სამომავლოდ რა იქნება.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, გია ხუხაშვილის პროგნოზი კი ასეთია: `ჩემი პროგნიზი არასახარბიელოა. ფასების ზრდის პროცესი დაწყებულია და 15-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ეს, ძირითადად, იმპორტირებულ საქონელს ეხება, ჩვენ კი სამწუხაროდ, ამ საქონელზე ვართ ორიენტირებული. ასეთ დროს, როდესაც ხალხი ცხოვრობს გაკოტრების რეჟიმში, ანუ მისი ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს, ყველა ძლიერ სახელმწიფოში იზრდება საარსებო მინუმუმი. საარსებო მინიმუმი ჩვენთანაც აუცილებელად უნდა გაიზარდოს~.

"აფხაზებსაც და სხვებსაც იგივე კითხვა მინდა დავუსვა"

{ივანე შანიძე}

`ბათუმელების~ 43-ე ნომერში დაიბეჭდა ბ-ნ იონა არშბას მოსაზრება აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. ამას მინდა შევეხმიანო და თავიდანვე განვაცხადო, რომ ვეთანხმები მისი მოსაზრების ძირითად ლაიტმოტივს, აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობების საკითხებს: ობიექტურობის დაცვის თვალსაზრისით მეტი სიფრთხილე და სიფაქიზე უნდა გამოვიჩინოთ.

როგორც ჩანს, ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერ-ისტორიკოსები და ლიტერატორები ზოგჯერ ისეთ რამეებს წერენ და ამას ბ-ნი ი. არშბას მიერ მოყვანილი მაგალითებიც მოწმობს, რომ არ შეიძლება ამან გარკვეული უკმაყოფილება და უკურეაქცია არ გამოიწვიოს. მაგრამ მე ამ მტკივნეულ საკითხს, ასე ვთქვათ, სხვა მხრიდან მინდა მივაპყრო ბატონი ი. არშბას და უფრო მეტად სხვა ადამიანთა ყურადღება. იმათი, ვისაც გულწრფელად სტკივა და აწუხებს ჩვენი იარები, აფხაზთა, ოსთა და ქართველთა ისტორიული ერთობისა და ურთიერთ სიყვარულის აღდგენის იმედი ასულდგმულებს.

1978-1983 წლებში ვმუშაობდი ბათუმის მეთევზეთა კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარედ და სამსახურებრივი მოვალეობების გამო ხშირი ურთიერთობა მქონდა სოხუმელებთან, კერძოდ, სოხუმის საკოლმეურნეობათაშორისო გემთშემკეთებელი ქარხნის კოლექტივის ხელმძღვანელობასთან, რომლის დირექტორი იყო აწგანსვენებული რაულ ეშბა, რომელიც როგორც მოგვიანებით გავიგე, ჟიული შარტავასთან ერთად დაღუპულა (დაუხვრეტიათ). სატელევიზიო გადაცემაში ვნახე, თუ როგორ შეიპყრეს და როგორ ექცეოდნენ მათ, რაც ძალზე განვიცადე.

პირადად მე იმ პერიოდში არ მიგრძვნია ქართველებისადმი ცუდი დამოკიდებულება, მაგრამ ჩემი კოლექტივის წევრები არც თუ ისე იშვიათად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას და საყვედურს, ქართულ ენაზე მოლაპარაკეთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ზოგიერთი წარმომადგენლის აგრესიული დამოკიდებულების გამოვლინების გამო. მოგეხსენებათ, ეს მეტად ფაქიზი საკითხი იყო და რადგან არ შედიოდა საწარმოო საკითხების სფეროში, ამიტომ შეხვედრებზე ვერიდებოდი ამ საკითხის წამოწევას (იმასაც ვიტყვი, რომ არაერთი მეგობარი თუ ნაცნობი მყავდა აფხაზთა შორის, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან და შემდგომ მუშაობისას გაცნობილნი). მაგრამ, ერთხელ, საქმიანი თათბირის დაწყებამდე რ. ეშბას კაბინეტში ყოფნისას, დიდი მორიდებით მივმართე მას: ძვირფასო რაულ, მე ისე გავიზარდე და ასე ვიცი, რომ აფხაზები და ქართველები ერთნი ვართ. ამას მასწავლიდნენ ჩემი მასწავლებლები, ის წიგნები, რომლებსაც მე ვკითხულობდი და ჩემი მშობლები. რატომ ავლენენ გარკვეულ აგრესიას ზოგიერთი აფხაზები ქართველებისადმი-მეთქი?! რაულმა კი ხისტად მიპასუხა: ცუდად გასწავლიდნენო (საუბარი მიდიოდა რუსულად). მე მივხვდი რაც ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ მაინც შევუბრუნე კითხვა: ნუთუ ის არის ცუდი, როცა გვასწავლიდნენ, რომ ჩვენ ერთნი ვართ, ძმები ვართ და არა უცხონი ერთმანეთისათვის-მეთქი?!
ახლაც ეს კითხვა მინდა გავუმეორო და დავუსვა აფხაზებს და სხვებსაც. ნუთუ ეს არის ქართველთა დანაშაული, ეს არის ქართველთა სიცუდე?!

მე ხელთ არ მაქვს ცნობილი ისტორიკოსის, ნ. ბერძენიშვილის ხსენებული წიგნი, რა და როგორ ეწერა მასში, რა არგუმენტები მოჰყავდათ აფხაზებისა და ქართველების შესახებ, არ ვიცი. შეიძლება, აფხაზები ეთნიკურად მართლაც სხვა ეთნოსია, შეიძლება ნ. ბერძენიშვილი შეცდა ან თუნდაც პატრიოტულ ან სხვა მოსაზრებებით `უღალატა~ მეცნიერებას, მაგრამ ეს არ უნდა გამხდარიყო პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი და საფუძველი.
უფრო სწორი იქნებოდა, თუ ნ. ბერძენიშვილის ხსენებული დებულება მეცნიერულად იქნებოდა გაანალიზებული და ამის შესახებ გამოქვეყნდებოდა აკადემიურად შეჯერებული აზრი. ამიტომ ქალბატონი შეკრილის ხელმძღვანელობით აფხაზ ინტელიგენტთა ერთი ჯგუფის მიერ მოწყობილი გამოსვლები და მოთხოვნები, ჩემი აზრით, აფხაზი და ქართველი ხალხის არაკეთილმოსურნეთა მიერ ინსპირირებული პროვოკაცია უფრო იყო, ვიდრე აფხაზთა ბედით და მის ეთნოსზე ზრუნვით ნაკარნახები.

სამწუხაროდ, არც ქართველებში და არც აფხაზებში, ჩვენი ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის რიგებში (ხალხში ყოველთვის იყო და არის, მაგრამ ისინი ვერ მართავენ მოვლენათა განვითარებას), არც მაშინ და არც შემდგომ არ მოიძებნა ისეთი ადამიანები, ვინც გულთან მიიტანდა ამ სახიფათო ტენდენციას და ხსენებულ, მზაკვრულად გათვლილ პროვოკაციებს დაუპირისპირებდა მართალ, გაწონასწორებულ, მეცნიერულად დასაბუთებულ სიტყვას და საქმეს. შეიძლება ჩვენ: აფხაზები და ქართველები არც ვართ ერთი ეთნოსის ხალხი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, ნუთუ მრავალსაუკუნოვანი ერთად ცხოვრება არაფერს ნიშნავს?! ის, რომ IX-X საუკუნეებიდან მაინც თითქმის XVI-XVII საუკუნეების ჩათვლით აფხაზები და ქართველები ერთი კულტურული ფენომენის, ენისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის არეალში იმყოფებოდნენ, ან ის, რომ იმ სახელმწიფოს ჩამოყალიბება და წარმოქმნა, რომელსაც ჩვენ დღეს ერთიან საქართველოს ვუწოდებთ, დაიწყო აფხაზთა მეფეების მიერ ჯერ ლიხის მთის დასავლეთით მცხოვრები ქართული ტომების, ხოლო შემდგომ ლიხის მთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების მცხოვრებლების პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევით. რაც XI საუკუნის დასაწყისისთვის ერთიანი აფხაზთა და ქართველთა სამეფოს ჩამოყალიბებით დაგვირგვინდა, ქართველ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლის, ბაგრატ III-ის გამეფებით, რომელიც დედით აფხაზთა მეფეების მემკვიდრეც იყო.

ისიც ცნობილია, რომ გაერთიანებულ აფხაზთა და ქართველთა სამეფოს თბილისის კარზე, XII საუკუნის ჩათვლით, აფხაზ დიდებულებს პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავათ, ხოლო თამარ მეფემ თავის პირმშოს აფსუურ ენაზე ლაშა ანუ მანათობელი დაარქვა. ეს ამ ხალხისადმი, ერისადმი მშობლიურობისა და პატივისცემის გრძნობით იყო ნაკარნახევი. ან იმას რა ვუყოთ, რომ დღევანდელი აფხაზების თუ უპირატესი არა, დიდი ნაწილი მაინც გააფხაზებული მეგრელები არიან, რომელთაც დასავლეთ ქართული, ანუ ეგრების სისხლი უჩქეფთ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართველთა და აფხაზთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს.

აფხაზები იყვნენ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გნებავთ ეთნოსი უწოდეთ მათ, გნებავთ ხალხი, რომლებმაც შექმნეს და დღემდე მოიტანეს სხვა ქართველებთან ერთად ის სახელმწიფო, რომელსაც საქართველო ჰქვია. ვგონებ საჭირო არ უნდა იყოს, ხალხების ისტორიაში ჩახედული კაცისთვის, რომ ევროპის (არა მარტო ევროპის) არაერთი ერი, თუნდაც ფრანგები და ინგლისელები, გნებავთ სხვა, ჩამოყალიბდა და თავის თავში აერთიანებს არაერთ ეთნოსს, მაგრამ ეს არ გამხდარა პოლიტიკური, გნებავთ სახელმწიფოებრივი სეპარატიზმის საგანი. და ამ ნიადაგზე ძმათამკვლელი დაპირისპირების მიზეზი, თუ ეს არ იყო გარე იმპერიული ძალების მიერ წაქეზებული, რომელთა უმთავრესი დევიზი იყო: გათიშე და იბატონე.

ბატონი ი. არშბა ერთ ადგილზე წერს, რომ დღემდე არ არის ცნობილი, ვინ დაიწყო პირველმა ომი. ვფიქრობ, ამას არც აქვს პრინციპული მნიშვნელობა. სამწუხაროდ, არც ე. შევარდნაძემ და არც ვ. არძინბამ და მათმა გარემოცვამ არ მიიღეს სათანადო ზომები, რომლებიც ძირშივე აღკვეთდა ამ ძმათამკვლელ კონფლიქტს.
ეს ომი, როგორც ყველა ომი, თანმდევი სავალალო შედეგებით, არ ემსახურებოდა ხალხის ინტერესებს, ამაზე ბევრი რამ მოწმობს. ეთნოსის შენარჩუნება და განვითარება კი, მიუხედავად გლობალური მოვლენებით გამოწვეული წინააღმდეგობებისა, სავსებით შესაძლებელია არა თუ სახელმწიფოებრივი ავტონომიური წარმონაქმნის ფარგლებში, არამედ კულტურული ავტონომიის ფარგლებშიც კი, უფრო ეფექტურად, სწორედ ისტორიული წარსულით, ერთობლივი მრავალსაუკუნოვანი ცხოვრებით გადანასკვულ ერთან ერთად. უნდა ვიფიქროთ, რომ ბატონ ნ. ლომოურს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში.
ამავე თემაზე:
იონა არშბა: თუ ჩემს ეთნოსს დავკარგავ, ენას, კულტურას, ეს რის ხარჯზე მოხდება მნიშვნელობა არ აქვს.
აფხაზური ენა - კომუნიკაციის პერსპექტივა აჭარაში