ცხინვალის კონფლიქტის დაწყების წინადღით, 6 აგვისტოს, სენაკის ბაზაზე, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვის ბრალდებით 23-ე ბატალიონის 50-მდე სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. მათი უმრავლესობა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ნარკოტიკების უკანონო შენახვის ბრალდება ანგარიშსწორებაა.
ემზარ დიასამიძე/ბათუმელები
23-ე ბატალიონი თავის დროზე ბათუმში დისლოცირებული 25-ე ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა და მასში, ძირითადად, აჭარის მცხოვრებლები შევიდნენ. თავდაპირველად ეს ბატალიონი, ძირითადად, აბაშიძის ცნობილი `ობეერის~ გაწვრთნილი ჯარისკაცებისგან დაკომპლექტდა. ბატალიონი ერაყში სამშვიდობო მისიასაც ასრულებდა.
ნარკოტიკის ბრალდებით დაკავებულ 50 ჯარისკაცს შორის აჭარის რეგიონის მცხოვრებლები _ როინ მაკარაძე, გიორგი სანიკიძე, ირაკლი წუწუნავა, ვიტალი ხოზრევანიძე, დათო ქათამაძე, ზვიად ნაკაშიძე და რამაზ გელაძე აღმოჩნდნენ. მათი დაკავების ისტორია თითქმის იდენტურია.
ბრალდებულ გიორგი სანიკიძის დაცვის ინფორმაციით, სანიკიძე 6 აგვისტოს დააკავეს. იმ დღეს ჯარისკაცები, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სახლებში არ გაუშვეს. მოგვიანებით სანიკიძე ასმეთაურთან დაიბარეს, თან თხოვეს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაეცვა. ასმეთაურის კაბინეტში სანიკიძეს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. პოლიციელებმა ის გაჩხრიკეს, მაგრამ დანაშაულებრივი ნივთიერება არ აღმოუჩენიათ.
როგორც სანიკიძემ თავის ადვოკატს უთხრა, შემდეგ ის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ეზოში ჩამოაცილეს. იქ მას სამოქალაქო პირები დახვდნენ, რომლებმაც ბათუმში წამოყვანა სთხოვეს. ფოთის გადასახვევთან სანიკიძეს მანქანა გააჩერებინეს და დააპატიმრეს. `მანქანიდან ჩამოსვეს და ჩხრეკა ჩაუტარეს. ჩხრეკამდე ის გააფრთხილეს, რომ ნარკოტიკს ეძებდნენ. სანიკიძემ ეს ფაქტი გააპროტესტა, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. როგორც თვითონ თქვა, ჩხრეკის დროს უკანა ჯიბეში ნივთის ჩადება იგრძნო. მას ერთი ჩეკი ჰეროინი უპოვეს~, _ ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, ნოდარ გელაძე.
გელაძის ინფორმაციით, სანიკიძეს ნარკოტიკის უკანონო შენახვას ედავებიან. იგი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო. სანიკიძეს ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.
გელაძე არ გამორიცხავს, რომ სანიკიძის დაპატიმრება პიროვნულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს: `მათი ძველი ასმეთაური, ირაკლი სიმონიშვილი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. მას ჯარისკაცებმა ყაზარმაში სპეციალური კუთხე გაუკეთეს, სადაც იყო მისი სურათი. ახალმა ასმეთაურმა _ რატი წაქაძემ სურათი ჩამოაგდო, რასაც ჯარისკაცებთან დაპირისპირება მოჰყვა. მიცვალებულის შეურაცხყოფა ბიჭებმა ვერ აპატიეს და შეხლა-შემოხლა მოუხდათ. სიტუაცია ამის მერე დაიძაბა~.
კიდევ ერთი ჯარისკაცის, ზვიად ნაკაშიძის დაკავების ანალოგიურ ისტორიას ადვოკატი პაატა ბოლქვაძე გენპროკურორს წერს: `ნაკაშიძე ასმეთაურთან დაიბარეს. უბრძანეს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც სამხედრო პოლიციამ გაჩხრიკა (მას ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა) ის ავტომობილში ჩასვეს შსს-ს თანამშრომლებთან. ბაზიდან გასვლის შემდეგ, ნაკაშიძე მანქანიდან ჩამოსვეს და სიბნელეში სცემეს. შემდეგ კი მანქანის შუქფარების წინ დააყენეს, ხელახლა გაჩხრიკეს და ერთი ჩეკი ჰეროინიც აღმოუჩინეს. ნაკაშიძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა კითხვაზე, თუ რატომ უკეთებდნენ ამას, უპასუხა, _ `ზემოდან გვაქვს დავალებულიო~.
პაატა ბოლქვაძის განცხადებით, გამომძიებელმა კახა ქარჩავამ მას პირად საუბარში ძალოვნებთან გარიგება ურჩია: `მითხრა, ამ საქმეზე ბრძოლა უშედეგოდ დასრულდება და ჯობია საპროცესო შეთანხმებაზე წამოხვიდეო. თან დამემუქრა, რომ თუ არ დავეთანხმები, ბრალს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც დაუმატებს~.
ანალოგიური ცნობებია სხვა ჯარისკაცების დაკავების საქმეებშიც. ისინიც თავდაპირველად სამხედრო პოლიციამ ნაწილში გაჩხრიკა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში, სხვადასხვა გარემოებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები ქუჩაში აღმოჩდნენ და სამოქალაქო პოლიციამ მათ თითო ჩეკი ჰეროინი აღმოუჩინა.
ადვოკატების მტკიცებით, ჯარისკაცებისთვის ნარკოტიკული დანაშაული შეთითხნილია, რადგან ყველა ჯარისკაცს დაკავებისთანავე ჩაუტარდა ნარკოტიკული ექსპერტიზა და მოხმარების კვალი არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. მათ ნარკოტიკზე ინტენსიურად სხვა დროსაც ამოწმებდნენ, მათ შორის მოულოდნელად და არასამუშაო დღეებშიც. ამ შემოწმების თანახმად, ნარკოტიკის მოხმარების კვალი არც ერთის სისხლში არ არის დაფიქსირებული.
და ბოლოს, ამავე ბატალიონის სერჟანტი როინ შავაძეც ანალოგიური ბრალდებით დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, შავაძე 16 აგვისტოს გაქცევის მცდელობისთვის მოკლეს.
კახა ქარჩავამ, რომელიც ჯარისკაც ზვიად ნაკაშიძის საქმეს იძიებს, `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარი ამ სიტყვებით შეწყვიტა: `არაფერი არ მესმის~. გამომძიებელთან დაკავშირება ამის შემდეგ აღარ მოხერხდა.
Wednesday, October 15, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
І am regular гeader, hοω are you everyboԁy?
Thіs post ρosted аt this website is in fact niсe.
My website :: v2 coupon code
Post a Comment