ვისაც უყვარს ლიტერატურა, მისთვის პაულო კოელიოს სახელი უცხო არ არის. უკანასკნელი წლების განმავლობაში მთელს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, კოელიოს რომანები ლიტერატურულ მოდად იქცა. სანამ კრიტიკოსები მისი შემოქმედების ლიტერატურულ ღირებულებებზე დაობენ, კოელიოს წიგნები ბესტსელერებად რჩება.
ნათია კოპალიანი/ბათუმელები
გოგონებს ვკითხე, რატომ უყვარდათ კოელიო ასე განსაკუთრებით: `იმიტომ მიყვარს, რომ ადვილი საკითხავია, არ ვიღლები კითხვის დროს და ყოველთვის მიჩნდება სურვილი, რომ ამ ავტორის უფრო მეტი წიგნი წავიკითხო. თანაც ჩვენი დროა ასახული~, _ ამიხსნა ერთ-ერთმა მათგანმა, თამილა აბაშიძემ.
წიგნების მაღაზიის გამყიდველიც ამბობს, რომ კოელიოს წიგნები კარგად იყიდება. თუმცა ამ ავტორის წიგნები შარშან უფრო მეტი გაიყიდა.
იმის გასარკვევად, თუ რაში მდგომარეობს კოელიოს პოპულარობის საიდუმლო, `ბათუმელები~ ფილოლოგს, ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ნათია მიქელთაძეს ესაუბრა.
ნათია მიქელთაძის თქმით, კოელიოს პოპულარობა ყველაზე მეტად იმან განაპირობა, რომ მისი წიგნები ადამიანებისთვის ადვილად გასაგებია. `პატივს ვცემ მის შემოქმედებას, რაღაც მომენტში სიამოვნებაც კი მივიღე. მაგრამ ისიც ვიცი, რომ კოელიოს მეორედ აღარ დავუბრუნდები, მისი ახალი ნაწარმოებები, რაღაც დროს შემდეგ, ჩემთვის საინტერესო აღარ იქნება~.
`ხშირად ხდება ისე, რომ მწერლის პოპულარობა დროის გამოცდას ვერ უძლებას, _ ამბობს ნათია მიქელთაძე, რომელიც ეჭვობს, რომ კოელიოს ნაწარმოებები პოპულარული სამოცდაათი წლის შემდეგაც იქნება. - კოელიოს რაიმე ახალი არ უთქვამს. უბრალოდ, უფრო გასაგებად მოყვა ამბები, რომელსაც მანამდეც ყვებოდნენ მარკესი, დოჩანაშვილი, ჭელიძე და სხვები. მან ლიტერატურა მასებამდე დაიყვანა~.
ლიტერატორის თქმით, კოელიოს სხვადასხვა ასაკის ხალხი კითხულობს. ზრდასრულებს ის მისი პოპულარულობის გამო აინტერესებთ, ხოლო ახალგაზრდები მისი წიგნებით ცდილობენ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ: `ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა~, ძალიან აქტუალურია მოზარდებისთვის. ახალგაზრდები, რომლებსაც თავი ვერ უპოვიათ ამ სამყაროში, ან გაუცხოვებას განიცდიან, პოულობენ ანალოგიურ განცდას, რომელიც ამ წიგნში ძალიან მარტივად და გასაგებად არის გადმოცემული~.
თავად ნათია მიქელთაძეს ყველაზე მეტად `რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი~ მოსწონს. ამბობს, რომ გაუჭირდა `ალქიმიკოსის~ წაკითხვა, რადგან ლიტერატორის თვალით წაიკითხა და ბევრ შეუსაბამობას წააწყდა.
`მე კოელიოს მკითხველი არა ვარ. თუ მხატვრულ ღირებულებაზე, წერის მანერასა და სამწერლობო გემოვნებაზე ვისაუბრებთ, ცხადია, მორჩილაძე უფრო ღირებულია, ვიდრე კოელიო. მაგრამ შეიძლება ის ყველასთვის გასაგები არ იყოს. ქართველ კლასიკოსებზე გაზრდილ მკითხველს არ აკმაყოფილებს კოელიო, მას უფრო მეტი სულიერი საზრდო სჭირდება~, _ დასძინა ნათია მიქელთაძემ.
პაულო კოელიო არა მარტო ცნობილი, არამედ ამ ათასწლეულის ყველაზე უფრო ავტორიტეტული მწერალია _ ასეთ შესაფასებას აძლევს პოპულარულ ბრაზილიელ მწერალს ერთ-ერთი ინტერნეტ საიტი. კოელიოს მკითხველი 150-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს, მისი წიგნები ინტენსიურად ითარგმნება 56 ენაზე.
ქართულ ბაზარზე კოელიოს წიგნები საკმაოდ მაღალი ტირაჟით იყიდება. ყველაზე მეტი პოპულარობით `ალქიმიკოსი~ სარგებლობს, რომელმაც მწერალს მსოფლიო წარმატება მოუტანა. მისი ბოლო რომანი - `პორტობელოელი ჯადოქარი~ ქართული წიგნის ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და მკითხველი მას უკვე იცნობს. საკმაოდ ბევრ ავტობიოგრაფიულ დეტალს შეიცავს მისი `ზაჰირი~, რომელიც მწერალმა თავის ცოლს მიუძღვნა. კრიტიკოსების რისხვა არც ერთ მათგანს არ მოჰკლებია, მაგრამ `11 წუთი~ ყველაზე უფრო სკანდალური გამოდგა.
`ვერინიკამ სიკვდილი გადაწყვიტა~ პაულო კოელიომ ფსიქიატრიული საავადმყოფოში მოხვედრიდან 30 წლის შემდეგ დაწერა. ექიმის თქმით, იგი ავად არ იყო, მას, უბრალოდ, უნდოდა ესწავლა ცხოვრება ამ ქვეყანაში. `ვიცი, რომ შეიძლება დავკარგო საყვარელი ქალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვცდილობ ბოლომდე მივიღო სიამოვნება ცხოვრებისგან: მინდა ვიგრძნო ის მადლი, რაც დღეს ღმერთმა მომანიჭა. არ არსებობს ბანკი, რომელშიც მისი დაბანდება შეიძლება, რომ მერე, როცა დავმშვიდდები, ისევ გამოვიყენო. თუ ახლა ვერ დავტკბები ცხოვრებით, სამუდამოდ დავკარგავ ამ შანსს~, _ ამბობს კოელიო.
ნათია მიქელთაძე ამბობს, რომ ლიტერატურაშიც არსებობს ცნება `მოდური~, მაგრამ ხელოვნებას კარგი თვისება აქვს, ის ძალიან შეუბრალებელია. რაც ღირებულია, ის დროს უძლებს და მარადიული ხდება.
სანამ კოელიო დროის გამოცდას ჩააბარებს, მისი წიგნები მილიონიანი ტირაჟებით იყიდება და მოდურიცაა.
Wednesday, October 15, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment