div#header

Wednesday, October 15, 2008

რეტროსპექტივა: საავტორო კინო დიდ ეკრანზე

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ გაიმართება. საკონკურსო ფილმების გარდა მაყურებელს საშუალება ექნება საავტორო კინოს ცნობილი რეჟისორების - ერიკ რომერისა და ქშიშტოფ კიშლოვსკის ფილმები დიდ ეკრანზე ნახოს. რეტროსპექტივა 23-29 ოქტომბერს გაიმართება.
ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
ფოტოზე: ერიკ რომერი

ისტორიები მორალზე ”ერიკ რომერისგან


ერიკ რომერის ფილმების რეტროსპექტივა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე საფრანგეთის საელჩოსა და ალექსანდრე დიუმას ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება. რეჟისორისა და ფილმების არჩევანიც ფრანგულ მხარეს ეკუთვნის. ბათუმელ მაყურებელს კინოდარბაზში ერიკ რომერის ექვსი ფილმის ნახვის საშუალება ექნება.
ერიკ რომერი ჟან-მარი შერერის ფსევდონიმია, რეჟისორმა ფსევდონიმისთვის სახელი რეჟისორ ერიხ ფონ შტროგეიმისაგან, ხოლო გვარი მწერალ საკს რომერისაგან აიღო. რეჟისორს კინომცოდნეები საავტორო და ფსიქოლოგიური კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად მიიჩნევენ.

რომერმა კარიერა დაიწყო როგორც ლეტერატორმა. ახალგაზრდობაში კინოს საკითხებზე წერდა სხვადასხვა ჟურნალებში, 1950 წელს გოდართან და ჟაკ რივეტთან ერთად დაარსა გაზეთი `Lა Gაზეტტე დუ ჩინემა~, 1957 წელს კი გახდა გავლენიანი გამოცემის, `ჩაჰიერს დუ ჩინემა~-ს მთავარი რედაქტორი. ერიკ რომერი ჰიჩკოკის დიდი თაყვანისმცემელია, მან 1975 წელს კლოდ შაბროლთან ერთად წიგნიც კი გამოსცა ალბერტ ჰიჩკოკის შესახებ.
ერიკ რომერის კინოკარიერა 50-იანი წლების ბოლოს დაიწყო, წარმატება რეჟისორს ფილმების ციკლმა, `ექვსი მორალური ისტორია~ მოუტანა. ფილმები რომერმა ფრანგი მწერლის, ჟან-ფრანსუა მარმონტელის მოთხრობების მიხედვით გადაიღო; მე-18 საუკუნიდან მოქმედება თანამამედროვეობაში გადმოიტანა და ციკლში ოთხი სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გააერთიანა. ამ ფილმებიდან ერთ-ერთმა _ `კლერის მუხლი~, სან-სებასტიანის ფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო. კინოკრიტიკოსების აზრით, ეს რომერის ერთ-ერთი საუკეთესო სურათია. ფილმი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელიც ცდილობს საკუთარი ემოციები სრულად აკონტროლოს. `კლერის მუხლი~ რომერის სხვა ფილმებთან ერთად ბათუმის საავტორო კინოფესტივალის რეტროსპექტივაში იქნება წარმოდგენილი.



`მორალური ისტორიებიდან~ ბათუმელი მაყურებელი კიდევ სამ ფილმს, `ღამე მოდთან ერთად~, `საფუნთუშე მონსოზე~ და `სიუზენის კარიერა~-ს ნახავს.
რომერი საკუთარი ფილმების სცენარის ავტორი თავადაა. ის თავს ბუნების მონას უწოდებს. მისი სურათების საუკეთესო ეპიზოდებში რომერი მაყურებელს საშუალებას აძლევს ბუნების საოცარი პეიზაჟები ნახოს. კინოკრიტიკოსები ამბობენ, რომ რომერი გრძნობს ფერს, როგორც ცოცხალ მატერიას, ხედავს გამჭვირვალე ჰაერს, ავსებს მას დიალოგებითა და მონოლოგებით და, ამასთან ერთად, დიალოგებსაც ნივთიერ სახეს სძენს.



ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე ნაჩვენები იქნება რომერის კიდევ ოთხი სურათი: `ლამაზი ქორწილი~, `პოლინა პლაჟზე~, `ჩემი შეყვარებულის მეგობარი~ და `შარლოტა და მისი სტეიკი~. ამ ფილმებიდან ერთ-ერთმა, `პოლინა პლაჟზე~ ბერლინალეს `ვერცხლის დათვი~ მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის. სურათი რომერმა 1983 წელს გადაიღო, ეს არის მესამე ფილმი ციკლიდან `კომედიები და ანდაზები~. ფილმში მოქმედება ნორმანდიის სანაპიროზე ხდება, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რომერის ეს სურათი ჟან რენუარის ნამუშევრებს ჰგავს.
ამბობენ, რომ რომერი არ ლაპარაკობს სამუშაო პროცესის შესახებ. იმასაც ამბობენ, რომ ის ძალიან კეთილსინდისიერი და სიტყვაძუნწია, მინიმალისტი _ რომელიც მოკრძალებული რესურსებით მაქსიმალურ შედეგს აღწევს.
88 წლის ასაკში კინოკლასიკოსი ეკსპერიმენტებს აგრძელებს. მან ციფრული კამერით ისტორიულ ჟანრში გადაიღო ფილმი `ინგლისელი ქალი და ჰერცოგი~ და თავის კინობიოგრაფიაში პირველი ფილმი შპიონაჟზე - `სამმაგი აგენტი~, რომელიც 1936 წელს მომხდარ რეალურ ამბავზე მოგვითხრობს.

კიშლოვსკი: `ასეთი კოცნის გამო ღირს ფილმის გადაღება...~
ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ტრადიციული პარტნიორია. გასულ წელს ფესტივალის რეტროსპექტივაში ანდჟეი ვაიდას ფილმები იყო ნაჩვენები. პოლონური კინო წლევანდელ ფესტივალზეც იქნება წარმოდგენილი, საავტორო კინოს ფესტივალი მაყურებელს რეტროსპექტივაში ცნობილი პოლონელი რეჟისორის, ქშიშტოფ კიშლოვსკის ფილმებს აჩვენებს.
პოლონურ კინოში `ახალი ტალღას~ გამოჩენას კინომცოდნეები კიშლოვსკის სახელს უკავშირებენ. მან კინოკარიერა 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როგორც კინოდოკუმენტალისტმა, მაგრამ საკმაოდ მალე გახდა ცნობილი, როგორც მხატვრული კინოს დიდი რეჟისორი.



ყველაზე დიდი პოპულარობა ქშიშტოფ კიშლოვსკის პოლონურ-ფრანგულმა ტრილოგიამ - `სამი ფერი: ლურჯი, თეთრი, წითელი~ მოუტანა. ტრილოგიის განხილვისას ხშირად საუბრობენ ფერთა სიმბოლიკაზე (ლურჯი, თეთრი და წითელი საფრანგეთის დროშის ფერებია), ლურჯი ნიშნავს თავისუფლებას, თეთრი _ თანასწორობას, წითელი – ძმობას, მაგრამ ფერების სიმბოლიკის მხოლოდ ასეთი ახსნა ამ ფილმების გასაღებად არ გამოდგება.
თითოეული ფილმი ცალკე, დამოუკიდებელი სურათია და მხოლოდ კარგი მაყურებელი დაინახავს მათ შორის კავშირს. ტრილოგიაში ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ირენ ჟაკობი, ჟან-ლუი ტრენტინიანი და ჟულიეტ ბინოში. `ლურჯი~ 1993 წელს ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალზე, ხოლო `წითელი~ 1995 წელს `სეზარით~ დააჯილდოვეს საუკეთესო მუსიკისთვის. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერა 1994 წელს კანში შედგა, სადაც რეჟისორმა განაცხადა, რომ კინოკარიერას წყვეტდა.



კიშლოვსკის ტრილოგია ბათუმის კინოფესტივალზე რეტროსპექტივის პროგრამაში იქნება ნაჩვენები. რეტროსპექტივაში მოხვდა კიშლოვსკის სხვა ცნობილი ფილმებიც: `ვერონიკას ორმაგი ცხოვრება~, `მოკლე ფილმი სიყვარულზე~ და რამდენიმე მოკლემეტრჟიანი ფილმი.
`ვერონიკას ორმაგი ცხოვრება~ კიშლოვსკიმ თავისი კინოკარიერის დასაწყისში გადაიღო. ფილმში ირენ ჟაკობი თამაშობს, რომელიც კანის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა.



კიშლოვსკის ფილმებიდან არანაკლებ პოპულარულია `დეკალოგი~, ათი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაღებული ათი მცნების მიხედვით. `დეკალოგი~ კიშლოვსკიმ პოლონური ტელევიზიის შეკვეთით გადაიღო. ამ ციკლიდან ბათუმელი მაყურებელი ნახავს `მოკლე ფილმს სიყვარულზე~.
კიშლოვსკი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:`ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა მაყურებელი მეუბნება, რომ ეს ფილმი მის შესახებაა, რომ ჩემმა სურათმა მის ცხოვრებაში რაღაც შეცვალა.

ბერლინში, სადაც აჩვენებდნენ `მოკლე ფილმს სიყვარულზე~, ქუჩაში სეირნობისას მომიახლოვდა ქალი, რომელიც ტიროდა და მითხრა, რომ ჩემი მადლიერია. ის 50 წლის იყო და უთანხმოება ჰქონდა ქალიშვილთან. წინა დღეს ჩემი ფილმი ქალიშვილთან ერთად ნახა და პირველად 6 წლის შემდეგ, შვილმა მას აკოცა. რა თქმა უნდა, ორი დღის შემდეგ ისინი ისევ იჩხუბებენ, მაგრამ ხომ იყო რამდენიმე წამი, რომელმაც ისინი გაათბო! ასეთი კოცნის გამო ღირს ფილმის გადაღება, თუნდაც მხოლოდ ერთი ქალისთვის~.



კიშლოვსკიმ კინოდან წასვლის შესახებ 1994 წელს განაცხადა, მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მუშაობა დაიწყო ახალ ტრილოგიაზე, რომელიც სამი ნაწილისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი: სამოთხე, ჯოჯოხეთი და განსაწმენდელი, დანტეს `ღვთაებრივი კომედიის~ მიხედვით. რეჟისორმა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო, იგი 1996 წელს, 54 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა ვარშავაში.





No comments: