შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს. თანამშრომლების ნაწილი პანიკაშია. ისინი შიშობენ, რომ სამსახურს დაკარგავენ. რექტორის თქმით, რეორგანიზაცია იმითაა გამოწვეული, რომ “უნივერსიტეტში რაც უნდა გაკეთებულიყო, ვერ გაკეთდა”.
ნათია როყვა/ბათუმელები
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ოფიციალურად, უნივერსიტეტში 34 თანამშრომელი გააფრთხილეს. ბრძანება #2-579-ში, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერილია და 6 ოქტომბრითაა დათარიღებული (ბრძანება `ბათუმელებმა~ არაოფიციალურად მოიპოვა) წერია: `უნივერსიტეტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შტატის შემცირების გამო ვბრძანებ, გაფრთხილდეს უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ~.
ამ სიაში არიან რექტორის მოადგილე ალექსანდრე ლაშხი (ყოფილი რექტორი) დეპარტამენტების უფროსები – ომარ გივრაძე და მამია ფაღავა, რამდენიმე მთავარი სპეციალისტი, პრესსამსახურის ხუთივე თანამშრომელი, კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელები...
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ლაშხი ამბობს, რომ გაფრთხილება სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ არ მიუღია: `ბათუმის უნივერსიტეტის დატოვება და თბილისში გადასვლა მე თვითონ მაქვს გადაწყვეტილი~.
კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი (რექტორის ყოფილი მოადგილე) პროფესორი ციცინო სარაჯიშვილი, რომელსაც გაფრთხილება მიუვიდა ამბობს, რომ ყველა ადამიანს უნივერსიტეტის მართვის საკუთარი ხედვა აქვს: `რექტორი რომ ვიყო, მეც ჩავატარებდი რეორგანიზაციას და ეს ტკივილის გარეშე არ ჩაივლიდა~. პროფესორს მიაჩნია, რომ ამ რეორგანიზაციას ადამიანები არ უნდა შეეწიროს.
სამეცნიერო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნოდარ ჩხეიძე, კომენტარს არ აკეთებს, რადგან `რა ხდება~ არ იცის: `გაფრთხილებას სამსახურის დატოვების შესახებ ხელი მოვაწერე, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვიცი რა ხდება~.
`ეს ჩვეულებრივი ადმინისტრაციული სამუშაო პროცესია~, თვლის სასწავლო-აკადემიური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თემურ ავალიანი, რომელსაც მსგავსი გაფრთხილებისთვის გასულ წელსაც მოუწერია ხელი.
სტუდენტთა მომსახურების სამსახურის უფროსი რეზო ოკუჯავა, ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება; წამყვანი სპეციალისტი ლაშა ბაჟუნაიშვილი კი მათი სამსახურის გაუქმებას კატეგორიულად გამორიცხავს: `კონკურსის ჩატარების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან კონკურსით ვართ შერჩეულები. ჩვენი სამსახურის გაუქმება კი დაუშვებელია~. ამავე სამსახურის თანამშრომელი, თეონა აბულაძე, კონკურსის წესით რამდენიმე კვირის წინ შეარჩია ადმინისტრაციამ.
ემუქრება თუ არა ახლად არჩეულ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლება? _ უნივესრიტეტის კანცლერის მალხაზ ნაკაშიძის თქმით, `ეს გოგონა ძალიან მოგვეწონა, ავიყვანეთ სამსახურში და შემცირება არ ემუქრება. ალბათ, რაღაც გაუგებრობაა. ვიცი, რომ მაგას არ უნდა მისვლოდა ბრძანება. თუმცა, ვისაც ბრძანება მიუვიდა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გათავისუფლდება~.
კანცლერის განცხადებით, უნივერსიტეტში რამდენიმე სამსახური უნდა გაერთიანდეს, შესაბამისად, შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა: `ვინც ხელშეკრულებით გვყავდა აყვანილი, თანამშრომლობას მათთან შევწყვეტთ, შიშისა და პანიკის საფუძველი არც ერთ თანამშრომელს არ აქვს~.
უნივერსიტეტის რექტორი ალეკო ბაკურიძე კი აცხადებს, რომ გაფრთხილებულ თანამშრომლებს `შიშის საფუძველი აქვთ, ვინაიდან ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციურ დავალებას~.
რექტორი ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანების გაცნობა ვერ მოასწრო, მაგრამ მათ საქმიანობას ხუთი თვეა აკვირდება: `დავინახე, რომ უნივერსიტეტში რაც უნდა გაკეთებულიყო, ვერ გაკეთდა, დაწყებული პრესსამსახურით და კულტურის ცენტრით დამთავრებული. ბოლო ხუთი თვის გამავლობაში ვერ ვნახე თუნდაც ერთი ქმედითი, სპორტული ან კულტურული ღონისძიება, სადაც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები მასობრივად იქნებოდნენ ჩართულები. გაფრთხილება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემცირდება, თუმცა თანამშრომლები აუცილებლად შეირჩევა კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით. მაგალითად, პრესსამსახურში ხუთი თანამშრომელი არ მჭირდება, მაშინ, როცა პროფესორები მყავს გარეთ, უხელფასოდ. კონკრეტული პიროვნება არ მაინტერესებს, სამსახურებზე ვსაუბრობ~.
ალეკო ბაკურიძემ სატელეფონო საუბარში თქვა, რომ `სამსახურები არავითარ შემთხვევაში არ გაუქმდება~. რექტორის ხელმოწერილ ბრძანებაში ისიც ხაზგასმით წერია, რომ `ბრძანება განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას, საყოველთაო გაცნობის მიზნით~. მაგრამ ეს ბრძანება, ჯერჯერობით, არც უნივერსიტეტის ვეგ-გვერდზეა განთავსებული და არც შენობაშია გამოკრული.
და ბოლოს, ქართული კანონმდებლობით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე გააფრთხილოს.
Wednesday, October 15, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment