div#header

Wednesday, October 15, 2008

ვაქცინაცია წითელასა და წითურას წინააღმდეგ

{ნანა კვაჭაძე/ბათუმელები}

20 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში წითელა-წითურას საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაცია ჩატარდება. მოქალაქეებს პოლიკლინიკებსა და საექიმო ამბულატორიებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აცრავენ, აიცრებიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებებშიც. აცრები სავალდებულოა 1981-2002 წლებში დაბადებულ, ანუ ექვსიდან ოცდაშვიდ წლამდე პირებისთვის. აჭარაში აცრა ასი ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება. აცრა უფასოა.

წითელასა და წითურას საწინააღმდეგო აცრების შედეგად ამ დაავადებათა გავრცელებამ იმდენად დაიკლო, რომ მედიკოსები 2010 წლისთვის მის სრულ ლიკვიდაციაზე ფიქრობენ. 1980 წლისთვის აცრების საშუალებით გაქრა თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება _ ყვავილი.
რატომ არის აუცილებელი წითელასა და წითურას საწინააღმდეგო აცრის ჩატარება? _ `ბათუმელები~ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველოს უფროსს მარო ჩხაიძეს ესაუბრა:
_ ვაქცინა შეიცავს წითელასა და წითურას ცოცხალი ვირუსების დასასუსტებელ ფორმებს. ვაქცინის მეშვეობით ორგანიზმი გამოიმუშავებს დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულებს, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება ადამიანს და იცავს მას ამ დაავადებებისგან.
_ აუცილებელია თუ არა ექვსიდან ოცდაშვიდ წლამდე ადამიანმა ჩაიტაროს აცრა, თუ მას გადატანილი აქვს ეს დაავადებები?
_ აცრის ჩატარება იმ შემთხევაშიც კი აუცილებელია, თუ ექვსი წლის და მასზე დიდი ასაკის ბავშვი აცრილია ამ დაავადებებზე.
კამპანია არ მოიცავს 6-წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან ამ ასაკის ბავშვებში მიღწეულია გეგმიური აცრების მაღალი მაჩვენებელი წითელასა და წითურას წინააღმდეგ.
_ გააჩნია თუ არა ამ ვაქცინას უკუჩვენება?
_ ვაქცინის უკუჩვენებათა რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. უკუჩვენება არის ონკოლოგიური დაავადებები, შიდსი, ორსულობა. ორსული მართალია არ იცრება, მაგრამ თუ შემთხევით მაინც აიცრა, არ არის საჭირო აბორტის გაკეთება. ასევე სასურველია აცრის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ მოხდეს დაორსულება. მართალია, ლიტერატურაში არ არის დაფიქსირებული გართულებები ორსულობის შემთხვევაში ჩატარებული აცრის შედეგად, მაგრამ სამიზნე კონტიგენტი დიდია, ამიტომაც ვფრთხილობთ.
თუკი ექვსიდან ოცდაშვიდ წლამდე პირმა 2 ნოემბრამდე რაღაც მიზეზით ვერ შესძლო ვაქცინის გაკეთება, მას შემდეგშიც ექნება საშუალება, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიკლინიკასა თუ ამბულატორიაში უფასოდ აიცრას.
კამპანიის ინიციატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ტექნიკური და ფინანსური მხარდამჭერები კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვიშნევსკაია როსტროპოვიჩის ფონდი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ამერიკის განვითარების სააგენტო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. კამპანიის ორგანიზატორია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.




No comments: