div#header

Wednesday, October 15, 2008

გიორგი თავდგირიძე: თავდაცვის მინისტრი უნდა გადადგეს

ომის წაგების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი, საქართველოშიც აუცილებლად უნდა გადადგეს, მიაჩნია სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორს, პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძეს (მან სამხედრო განათლება ევროპაში მიიღო), რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს დააკავეს და მის პირად პატიმარსაც უწოდებდნენ.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

თავდგირიძის თქმით, ხელისუფლებას დავით კეზერაშვილისთვის მარტო კითხვები კი არ უნდა დაესვა, არამედ უნდა დაეწყო გამოძიება და არა მხოლოდ საპარლამენტო დონეზე. `თუმცა, ამ ომში, კეზერაშვილი ყველაზე ნაკლებ დამნაშავედ მიმაჩნია. არა იმიტომ, რომ მას შეცდომები არ დაუშვია, არამედ იმიტომ, რომ ის არაფერს წარმოადგენს. როცა სამხედრო ოპერაცია წარუმატებელია, იქ პასუხს უმაღლესი მთავარსარდალი აგებს, რადგან არსებული სამხედრო სისტემა მან შექმნა~, _ ამბობს გიორგი თავდგირიძე.

თავდგირიძის თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეროგატივა იყო გენერალური შტაბის უფროსის შერჩევა, `მან კი პოლიციელი შეარჩია, რაც იმას ნიშნავდა, რომ პროცესები ნორმალურად არ წავიდოდა. ზაზა გოგავა არის ჩვეულებრივი პოლიციელი, მას ჯარში არ უმსახურია. არც მის მოადგილე ტატიშვილს აქვს სამხედრო გამოცდილება~.

ომის შემდეგ ბევრი სამხედრო პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თავდაცვის მინისტრისთვის კი არავის არაფერი უკითხავს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ. ომის პერიოდში და ცოტა მოგვიანებითაც დავით კეზერაშვილმა ერთი დასამახსოვრებელი რამ თქვა _ თურმე რუსეთის ქმედება ქართული მხარისთვის მოულოდნელი იყო. და კიდევ, კეზერაშვილი ომში დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვაზეც ჩნდებოდა.

გიორგი თავდგირიძის აზრით, `თავდაცვის მინისტრი ისე მოიქცა, როგორც პარტიამ უბრძანა. ეს სისტემის პრობლემაა. გენერალურ შტაბში ის პირები უნდა იყვნენ, რომლებიც ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევენ. თუ სამოქალაქო ნაწილი გადაწყვეტს, რომ ომი უნდა წამოიწყოს, სამხედროები ასაბუთებენ, რამდენად შესაძლებელია ამ ომის მოგება. ისინი უნდა ეკამათონ ხელისუფლებას გონიერების დონეზე და თუ ვერ ამტკიცებენ, რომ ეს ავანტიურაა, მაშინ სამხედროები უნდა გადადგენ~.

თავდგირიძის თქმით, ქართულ შეიარაღებულ ძალებში არ აღმოჩნდა სამხედრო პირი, ვინც ეტყოდა ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი დამღუპველია: ”სამხედროები ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს. ეს პროცესი ოქრუაშვილმა დაიწყო, როცა უამრავი ოფიცერი გაყარა და მორჩილები დააწინაურა. ძალიან შურაცხმყოფელია ოფიცრისთვის, როცა პოლიტიკოსი კარნახობს რა უნდა გააკეთოს. უსისტემობის შედეგი იყო, როცა ვერ შეძლეს ტექნიკის დაცვა _ კატერების გამორიდება და ბრძოლის პროცესის მართვა”.

თავდგირიძის ინფორმაციით, ბევრი ოფიცერი, რომელიც ომის გამო შეიძლება ხელისუფლებამ გაასამართლოს, გაჩუმებას აღარ აპირებს: ”მეგონა, პირში წყალს ჩაიგუბებდნენ, მაგრამ როგორც მითხრეს, ისინი საკუთარი უფლებების დაცვას აპირებენ. ხელისუფლება წასასვლელად ემზადება და სამხედროების დაშინებას ცდილობს. უნდათ ყველაფერი მოასუფთაონ, რაც მათ დანაშაულს ამხელს”.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე ბოლო წლებში მილიარდობით ლარი დაიხარჯა. მარტო გასულ წელს, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1,395 მილიარდ ლარს შეადგენდა. მომავალში ამ სფეროს დაფინანსება 600 მილიონი ლარით შემცირდება. თავდგირიძე ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება, რადგან, მისი აზრით, სისტემა, რომელსაც ეს ხელისუფლება ქმნის, ვერ იმუშავებს.

ომის შემდეგ ამ სისტემის ერთ-ერთი სერიოზული ნაკლი პრეზიდენტმაც დაასახელა _ რეზერვი. არადა რეზერვის შექმნაზე, სულ ცოტა 700-800 მილიონი ლარი დაიხარჯა. ომმა აჩვენა, რომ ეს წყალში გადაყრილი ფულია. `ის, რომ ომის დროს სასწრაფოდ გამოიძახეს რეზერვისტები და არაორგანიზებულად მოუყარეს თავი, სახიფათო იყო. ეს სისტემის ნაკლია და არა ცალკეული მეთაურის, _ ამბობს თავდგირიძე და იქვე დასძენს, რომ ისეთი ფორმის რეზერვს, რაც ქართულ არმიაში იყო, სამხედრო თეორია არ იცნობს. ჩვენთან პარტიული ჯარი იყო~.

ხელისუფლება ჯარში საკონტრაქტო სისტემის გაუქმებასაც აპირებს. თავდგირიძის აზრით, ეს ახალ პრობლემებს გამოიწვევს. `ჩვენთან არ არსებობენ გენიოსები, რომლებიც სამხედრო სფეროში ახალ ველოსიპედს გამოიგონებენ. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მიერ ორ დღეში ჩატარებული სამხედრო კამპანია და ისიც, რომ საქმე გვაქვს უცოდინრობისა და სიბრიყვის სიმბიოზთან~, _ ამბობს პოლკოვნიკი. მისი აზრით, სამხედრო სფეროში იმ ქვეყნების გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც სამხედრო სფეროს, ასე თუ ისე ლოგიკურად უდგებიან.

`საყოველთაო გაწვევა, პრუსიული სამხედრო სკოლის მონაპოვარია, რომელმაც ამ საუკუნეში თავი ამოწურა. ეს იყო ტოტალური ომების საჭიროებიდან გამომდინარე. ამერიკელმა სამხედროებმა ჯარის პროფესიონალიზაციის ერთადერთ გამოსავლად, საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლა მიიჩნიეს, რადგან სამხედროების მომზადებაზე ერთხელ გიწევს თანხების დახარჯვა, შედეგად კი პროფესიონალები გყავს.
ახალწვეულებზე დიდი თანხები იხარჯება, მაგრამ ნაკლებეფექტურია, რადგან წელიწადნახევრის შემდეგ ისინი მიდიან, შემდეგ კი ახალი ნაკადის გადამზადებაა საჭირო. თუ საკონტრაქტო სისტემაზე უარს ვიტყვით, ძალიან ცუდ ჯარს მივიღებთ~.

თავდგირიძის განცხადებით, საკონტრაქტო სისტემაზე ხელისუფლება იმიტომ ამბობს უარს, რომ მათ პროფესიონალების პარტიული პროპაგანდისთვის გამოყენება ვერ შეძლეს. `როცა ჯარი მობრუნდა, რიგითებმაც, კაპრალებმაც და ოფიცრებმაც დასვეს კითხვები, რომელიც ხელისუფლებას არ ესიამოვნა. ისინი კითხულობენ, სამხედრო ოპერაცია კარგად ჩატარდა თუ ცუდად. ეს დაჭერებიც იმის მაჩვენებელია, რომ ისინი სამხედროების პროტესტის ჩახშობას ცდილობენ~.

თავდგირიძის თქმით, ხელისუფლებას გაუჭირდა სამხედროების დაყოლიება 7 ნოემბრის აქციის დარბევის დროსაც. `მან ძალიან დიდი ფული დახარჯა ამისთვის. 18-20 წლის ბიჭების დაყოლიება კი გაცილებით მარტივია. ამიტომ ცდილობს ის გაწვევითი სამსახურის შექმნას~.


No comments: