div#header

Wednesday, October 15, 2008

არჩევნებისა და სიყვარულის ადგილი

ეთერ თურაძე/ბათუმელები

მახსოვს, აჭარის ტელევიზიამ ერთხელ ისეთი რესპონდენტის მოძებნაც კი შეძლო, რომელმაც თქვა, საქალაქო ტრანსპორტზე ფასების მომატებით ძალიან ბედნიერი ვარო. სასაცილო ამბავი იყო. ჟურნალისტს დაავალეს, რომ ფასების მომატებით უკმაყოფილო რესპონდენტები კმაყოფილებით დაებალანსებინა. როგორი დასაბალანსებელია, არა? მაგრამ დააბალანსა _ აი, ის ერთი ადამიანი დაიყოლია...

აჭარის ტელევიზიაში ორი დღის წინ კიდევ ერთი კადრი ვნახე. ერთი კაცი ამბობდა, ძალიან კარგადაა ყველაფერი და მჯერა, ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო ბევრ კარგ რამეს გააკეთებსო. სიუჟეტი ნაციონალების საარჩევნო კანდიდატს ეძღვნებოდა, კონკრეტულად რომელს არ მახსოვს.

ტელევიზიას თავისი პლუსი აქვს: ინფორმაციას ვიზუალურად აფორმებ, შეგიძლია აჩვენო ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა. თუ ამ სიტყვების ავტორი ახალგაზრდა, ზომაზე მეტად გამხდარი მამაკაცია, რომელსაც წინა კბილები ნაადრევად ჩამოსცვენია და ამას მის გამომეტყველებასაც დაამატებ, ხვდები, რომ პროპაგანდის მსხვერპლი ხარ, რადგან ამ კადრებსა და ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი გიყვება, არაფერი აქვთ საერთო. იმასაც თუ გაიხსენებ, რომ ტვინის გამორეცხვას შენი ფულით გიტარებენ, თავს შეურაცხყოფილად გრძნობ, შეიძლება გაბრაზდე კიდეც (წელს აჭარის ტელევიზიას ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი).

ვიცი, ყოველი არჩევნების წინ ბევრ რამეს ატყუებენ პოლიტიკოსები და ამომრჩევლები ერთმანეთს. ვის არ გვინახავს მათი `ტრფიალი~; ეს ჩემთვის ყველაზე აღვირახსნილი სიყვარულის მაგალითია. სიყვარული, რომელიც ქვეყანას, პერიოდულად, რამდენიმე მილიონი უჯდება.

მართალია, ეს ყველაფერი ომამდე იყო. თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ცნობიერებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს გორის დაბომბვის დღეს მივხვდი. იმ დღეს, ბათუმში, ლენინის ქუჩაზე (ახლა გამსახურდია ჰქვია, მაგრამ ყველა მაინც ლენინს ეძახის) `სულერთია~ მამაკაცებით თუ ახალგაზრდა ბიჭებით სავსე ტოტალიზატორები საკუთარი თვალით ვნახე. როგორც მეგობრებმა მითხრეს, დარი-დურის ხმა იმ დღეებში თბილისში, სანაპიროს რესტორნებშიც არ შეწყვეტილა. კი ბატონო, მაშინ ვაღიარე, რომ ამ ქვეყანაში ტვინს მეტნაკლებად ხარისხიანად გირეცხავენ...

ომზე არ მინდა წერა. არც იმაზე მინდა ფიქრი, რომ `მეორე გროზნო გვემუქრება~, როგორც მედიის ერთ-ერთმა სპეციალისტმა მითხრა. მაგრამ თუ ხვდები, რომ ქართული ტელევიზიები თითქმის ყველაფერს გატყუებენ, ალბათ, ისიც უნდა იფიქრო, რომ რაღაც მნიშვნელოვანს გიმალავენ.

ეს ძალიან კარგად ახსნა სოზარ სუბარმა, როცა თქვა, რომ ჰიტლერს `რუსთავი 2~ რომ ჰქონოდა, გერმანელი ერი დღემდე ვერ გაიგებდა, მეორე მსოფიო ომი რომ წააგო.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

თუმცა, მეჩვენება, რომ ტელევიზიებში პროპაგანდამ სხვა მასშტაბებს მიაღწია. აბა სხვა როგორ ავხსნა, როცა მეუბნებიან, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ ბათუმი გამონაკლისია, აქ აშენება და დამშვენება არ შეჩერდებაო.
`აი, რა კარგი სტატია მოუმზადებია ამერიკელ ჟურნალისტს~, _ მითხრა ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. Hერალდ თრიბუნე-ის კორესპონდენტის ეს სტატია საქართველოში დემოკრატიის ხარისხსა და მედიის მდგომარეობას ასახავს.

ის ჟურნალისტი წერს: `როდესაც ნიუ-იორკში ბოლო ვიზიტისას სააკაშვილს ატლანტიკურ საბჭოში მედიის თავისუფლებაზე ჰკითხეს, მან აღიარა, რომ საქართველოს „სჭირდება უფრო მეტი დებატები და გამჭვირვალობა“. ამავე დროს ის ამტკიცებდა, რომ „აკრძალვები არ არსებობს“ .

ეს ამერიკელი ჟურნალისტი თავის სტატიას ასე ამთავრებს: `პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენელი ნონა ყანდიაშვილი ამბობს, რომ ოჯახს გასაჩივრებული აქვს ქეის უფლებამოსილება ტელეარხის მმართველობაზე. ამასობაში, ქართველმა ჟურნალისტებმა, „იმედს“, ხელისუფლების მხარდაჭერის გამო, სახელი მოუძებნეს - „რუსთავი 3“ .
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მხოლოდ ის ვიცი, რომ მისი ბიუჯეტი 25 მილიონ ლარამდე გაიზარდა.



No comments: