{ნათია როყვა/ბათუმელები}
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიას და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ყოველდღიური გასეირნების უფლების დაცვა მოითხოვა.
სახალხო დამცველის რწმუნებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებაში მონიტორინგისას გაირკვა, რომ დაწესებულებაში ყოველდღიური გასეირნების უფლებით მხოლოდ უვადო თავისუფლებააღკვეთილი და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულები სარგებლობენ. სხვა პატიმრებს მხოლოდ სამ დღეში ერთხელ ეძლევათ სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალება.
დაწესებულების დირექტორის, დავით მარგებაძის განმარტებით, მსჯავრდებულებს ყოველდღიურად ვერ ასეირნებენ, რადგან თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავთ და აღნიშნულ პრობლემას კადრების შევსება თუ გადაჭრის.
`პატიმრობის შესახებ~ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის `ბ~ პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ყოველდღიური ორსაათიანი გასეირნებით. ამავე კანონის მე-80 მუხლის „ბ“ პუნქტით, მკაცრ რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, ისარგებლონ ყოველდღიურად ერთსაათიანი გასეირნებით.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ციხის ევროპული წესების შესახებ მიღებული რეკომენდაციის 86-ე პრინციპის მიხედვით, „ყველა პატიმარს, რომელიც არ არის დასაქმებული გარე სამუშაოზე, ან განთავსებული ღია დაწესებულებაში, ნება უნდა დაერთოს, ყოველდღიურად, მინიმუმ ერთი საათი ისეირნოს ან ივარჯიშოს ღია ცის ქვეშ, თუ ამის შესაძლებლობას ამინდი იძლევა. თუკი არა, ეს უნდა განხორციელდეს გადახურულ ტერიტორიაზე“.
ამდენად, პატიმრის გასეირნების უფლება აღიარებულია, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო დოკუმენტებით. შესაბამისად, იგი დაცული უნდა იყოს სასჯელაღსრულების სისტემის ყველა დაწესებულებაში.
სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ბაჩო ახალაიას საკითხის შესწავლისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციით მიმართა.
Wednesday, October 15, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment