div#header

Wednesday, October 15, 2008

მაპი: რეალობა თუ ფიქცია

ავტორები: ზვიად დიასამიძე (პოლიტოლოგი), ბექა ნაცვლიშვილი (პოლიტოლოგი)
სპეციალურად ”ბათუმელებისთვის”

ქართული საზოგადოება დიდი იმედით ელოდა დეკემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტს, სადაც ნატოს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ საქართველოსათვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის, ეგრეთ წოდებული მაპის გადაცემის საკითხი. ალბათობა იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას იმედი გაუცრუვდება, საკმოდ დიდია.

ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ბოლო კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მან ეჭვქვეშ დააყენა საქართველოსთვის მაპის გადაცემის შესაძლებლობა, სწორედ ამ მოსაზრებას ადასტურებს. ამ სიტყვებით ანგელა მერკელმა კიდევ უფრო გაამაგრა უცხოელი და ქართველი ექსპერტების აზრი ნატოს წევრ ქვეყნებში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციაზე.

გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი წარმოადგენენ ნატოს წევრ ქვეყანათა იმ ჯგუფს, რომლებიც კვლავინდებურად უარყოფენ საქართველოსთვის ნატოს სამოქმედო გეგმის გადაცემის შესაძლებლობა. საქართველოზე ნატოს სამოქმედო გეგმის მინიჭებით რუსეთის გაღიზიანების საშიშროება, ის მთავარ დამაბრკოლებელი ბარიერია, რომლის გადასალახავად დასაველეთ ევროპის წამყვანი ქვეყნები დღეს მზად არ არიან.
ეს განპირობებულია მათი დამოკიდებულებით რუსეთის ენერგორესურსებსა და მათ სურვილზე ჩართონ რუსეთი ევროპის ერთიან ენერგო სისტემაში. აგრეთვე ნაკარნახევია რუსეთის, როგორც ევროპული პროდუქციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზრის მნიშვნელობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, საქართველომ, როგორც კასპიის აუზში მოპოვებული ენერგორესურსების მთავარმა დერეფანმა, შეიძლება მალე დაკარგოს მნიშვნელობა. ყაზახეთი და თურქმენეთი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგორესურსების მომწოდებლები, თავს იკავებენ შეუერთდნენ კასპიის ენერგოსატრანსპორტო პროექტს, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ენერგორესურსებით მომარაგებას ითვალისწინებს.

არსებული პროექტები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი ამ ქვეყნების მონაწილეობის გარეშე მალე დაკარგავენ მნიშვნელობას, რადგან აზერბაიჯანის ენერგორესურსების მარაგი საკმაოდ შეზღუდულია.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ საქართველო დღევანდელი ინსტიტუციონალური განვითარებით ვერ აკმაყოფილებს ნატოს წევრობის კრიტერიუმებს. დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტემ, მოუგვარებელმა ტერიტორიულმა კოფლიქტებმა, რომელმაც აგვისტოს მოვლენების შემდგომ საბოლოოდ შეარყია საქართველოს, როგორც სტაბილური ქვეყნის იმიჯი, ნულამდე დაიყვანა ქვეყნის ევროპისთვის სანდო პარტნიორად ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს თავისი ჩრდილო ატლანტიკური მოკავშირეები საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაში.
ამერიკის ეს გადაწყვეტილება არა მარტო საქართველოს, როგორც დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ეტაბლირების სურვილით, არამედ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობითაა განპირობებული. ნატოში მყოფი საქართველო დააბალანსებდა ძალთა გადანაწილებას დსთ-ს ქვეყნების სივრცეში; ხელს შეუწყობდა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას კავკასიაში, შეასუსუტებდა რუსეთის გავლენას მასზე და რეგიონში არსებულ ენერგო-სატრანსპორტო სივრცეზე. საყურადღებოა ისიც, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში საქართველო მოიაზრება ირანისა და ავღანეთის მიმართულებით შესაძლო ოპერაციების მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, შეიძლება, მოიაზრებოდნენ ევროპულ სივრცეში ამერიკის საგარეო პოლიტიკის გამტარებლებად. ეს ეგრეთ წოდებული `ძველი~ ევროპის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ამერიკის საგარეო პოლიტიკისგან ემანციპირების განეიტრალებას ითვალისწინებს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიცია ნაკარნახევია ისტორიული გამოცდილებით, რაც გულისხმობს ამ ქვეყნების ტრადიციულ შიშს რუსეთის მიმართ და ამ ქვეყნების საზოგადოების კოლექტიური მახსოვრობით, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს იმ ძალას, რომელმაც ამ ქვეყნებს საშუალება მისცა თავი დაეღწიათ რუსეთისაგან დომინირებული საბჭოური სივრციდან.

მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველო დარჩება მაპის გარეშე, ახლად შექმნილი ნატო-საქართველოს კომისიაა. რადგან ნატოს წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას კონსენსუსის შედეგად იღებენ, ჩანს, რომ მათ მიაგნეს იმ შუალედურ გზას, რომლის მიხედვითაც ორივე ჯგუფის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ დეკემბრის სამიტამდე სამი თვით ადრე ურთიერთობის ამ ფორმატში უმიზნოდ არ გადაიყვანდნენ. ეს ფორმატი უზრუნველყოფს ნატო-საქართველოს დიალოგის გაგრძელებას და არც რუსეთის ზედმეტ გაღიზიანებას გამოიწვევს.



No comments: