div#header

Wednesday, October 15, 2008

ბათუმის საკრებულო კანონს არღვევს

ბათუმის საკრებულოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულება არ შეუფასებია. მიზეზად მერიის მიერ შესაბამისი ანგარიშების არწარდგენა სახელდება. ეს ფაქტი საკმარისი იქნებოდა ქალაქის მერის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასმულიყო, თუკი საკრებულო კანონის შესაბამისად იმოქმედებდა.

ავტორი: თედო ჯორბენაძე
ფოტოზე: ბათუმის საკრებულო

ადგილობრივი მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ არა-ერთ პრობლემასთან ერთად, ბათუმის საკრებულო დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულებასაც არ აფასებს. `ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საკრებულო ახდენს `დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების შეფასებას კვარტალში ერთხელ მაინც”.

საკრებულოს წერილის მიხედვით, ამ შეუფასებლობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ქ. ბათუმის მერიას საბიუჯეტო პროგრამების შესრულების ყოველკვარტალური ანგარიშები არ წარმოუდგენია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, `მერიის მიერ კვარტალური ანგარიშის წარმოუდგენლობა საკრებულოს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რადგან მას კანონმდებლობით აქვს ისეთი ბერკეტები, როგორიცაა ქალაქის მერის საკრებულოში დაბარება და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნის უფლება~, _ აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი გოჩა კამკია.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მიხედვით (მუხლი 39, პუნქტი 4), როგორც მერიის საქმიანობაზე, ასევე საკრებულოში შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენაზე პასუხისმგებელი ქალაქის მერია.

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში საკრებულოს მიერ ზემოთ მოყვანილი მიზეზი, არც მყარ არგუმენტად მიაჩნიათ და არც იმის სათანადო პასუხად, თუ რატომ არღვევს საკრებულო კანონს.
`საკრებულოს არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია იმისთვის, რომ მერიიდან საბიუჯეტო პროგრამების შესრულების ყოველკვარტალური ანგარიშები ყოფილიყო წარმოდგენილი. საკრებულოს შესაბამისი ღონისძიებები რომ გაეტარებინა, ზემოაღნიშნული ფაქტი ქ. ბათუმის მერის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დასაყენებლად საკმარისი საფუძველი იქნებოდა~, _ აცხადებენ ცენტრში.

ბათუმის მერის პირველმა მოადგილემ, დავით სამნიძემ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ყოველკვარტალური ანგარიშები საკრებულოს არ მოუთხოვია: `არ მოუთხოვიათ და არც წარგვიდგენია... ჩვენ ყოველკვარტალური ანგარიშების წარდგენის აუცილებლობას ვერც ვხედავდით. ვთვლით, რომ წლიური ანგარიში საკმარისია~.

ბათუმის საკრებულომ, ყოველკვარტალურად, ქალაქის ბიუჯეტის შემოსავლებიც უნდა აკონტროლოს. ასეთი კონტროლი არ ხდება. ეკონომისტ ეკა თარგამაძის თქმით, ბიუჯეტის კვარტალური და წლიური ანგარიშების განხილვა კანონის მოთხოვნაა, რაც, ძირითადად, იმ მიზანს ემსახურება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო _ საკრებულო და საზოგადოება საქმის კურსში იყოს ბიუჯეტის ხარჯვისა და შემოსავლების შესახებ.

რაც შეეხება პროგრამების შესრულების წლიურ ანგარიშებს, მათი მოსმენა და შეფასება საკრებულოში მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
თვითმმართველობის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს კი მერია საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ორი თვისა, განსახილველად წარუდგენს საკრებულოს, თუმცა შესრულების ანგარიში განხილვის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან გამომდინარე, საკრებულო საჯაროდ იხილავს და აფასებს ბიუჯეტის შესრულებას, აგრეთვე შეიმუშავებს რეკომენდაციებს მომავალი, ახალი საბიუჯეტო წლისთვის, რაც აუცილებელია საბიუჯეტო პროცესის ეფექტური წარმოებისა და სახსრების მიზნობრივად გამოყენებისთვის.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შესრულებაზე, გარდა შიდა ორგანიზაციული ზედამხედველობისა, არსებობს სახელმწიფო კონტროლიც. კერძოდ, სავალდებულო აუდიტორული დასკვნა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ეგზავნება საქართველოს კონტროლის პალატას, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაცემული მიზნობრივი ტრანსფერის, აგრეთვე სხვა ნებისმიერი დელეგირებული ფუნქციის განსახორციელებლად გაცემული სახსრების გამოყენების კანონიერებასა და მოზნობრიობაზე კონტროლი.

სტატია მომზადებულია პროექტის `ჩემი ქალაქი _ ჩემი ფული~ ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. მასალაში მოყვანილი მოსაზრებები არ გამოხატავს დონორის ოფიციალურ პოზიციას.




No comments: