div#header

Wednesday, September 24, 2008

დავით ამაღლობელი: სწორი პოლიტიკა ინფლაციას გამორიცხავს


უცხოეთიდან დაპირებული დახმარებების მიღების სავარაუდო ვადებზე, მისი განკარგვის მეთოდებსა და იმაზე, როგორ დაიხარჯება ეს თანხები, `ბათუმელებთან" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ამაღლობელი საუბრობს:

ირმა ზოიზე/ბათუმელები
ფოტოზე: დავით ამაღლობელი

დ.ა: არსებობს წინასწარი ინფორმაცია, ქვეყანამ რა მოცულობის დახმარებები შეიძლება მიიღოს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ისე ცალკეული ქვეყნებიდან. მაგალითად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გააჟღერა, რომ ამერიკის მთავრობა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს საქართველოს. გადაწყვეტილება მიღებულია და 450 მილიონი დოლარი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიყოფა. დანარჩენ თანხას, სავარაუდოდ, მომავალ წელს მივიღებთ. ერთადერთი, უკრაინამ განაცხადა, რომ 10 მილიონი დოლარით დაეხმარებოდა საქართველოს და ეს თანხა გადმორიცხა კიდეც.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აქ პოზიცია ბოლომდე გაჟღერებული ჯერ არ არის. ოქტომბრის მეორე ნახევარში დაგეგმილია მეორე საერთაშორისო კონფერენცია ბრიუსელში, სხვა საერთაშორისო ორგანზაციები და ქვეყნები იქ უკვე საბოლოოდ დაადასტურებენ, თუ რა მასშტაბის დახმარება გაეწევა საქართველოს უახლოეს წლებში. ნაწილი პირდაპირ ბიუჯეტში ჩაირიცხება და, შესაბამისად, იქვე გაიწერება მისი დახარჯვა. დანარჩენი ნაწილი ცალკეულ პროექტებზე იქნება მიმართული.
ბათ: როგორ მოხდება მათი განკარგვა?
დ.ა. საქართველოში პროექტების აღსრულების მექანიზმები მსოფლიო ბანკს აქვს ჩამოყალიბებული და, შესაძლოა, მისი საშუალებით მოხდეს ამ თანხების განკარგვა. საუბარია, რომ ინფრასტრუქტურის აღსადგენი პროექტებისთვის სახსრები მუნიციპალური განვითარების ფონდის საშუალებით გაიცეს.
ბათ: თანხები თავიდანვე მიზნობრივად გამოიყოფა, თუ ქართული მხარე შესთავაზებს პროექტებს?
დ.ა. ეს ორმხრივი პროცესია. თანხის ერთი ნაწილი დაზიანებული სამოქალაქო ობიექტების აღდგენას მოხმარდება, მაგრამ ასევე დიდი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის აღსადგენ პროექტებზე. გზებში ჩადებული ინვესტიცია, ასევე ენერგეტიკაში, წყლის სისტემებში, ჯანდაცვასა და განათლებაში დახარჯული თანხა ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.
ბათ: დაახლოებით რა თანხაზე შეიძლება საუბარი?
დ.ა. შეიძლება ორი-სამი მილიარდი დოლარი იყოს. ჩვენ ამ თანხის ერთბაშად მიღებაზე არ ვლაპარაკობთ. ეს სამი-ოთხი წლის განმავლობაში მოხდება.
ბათ: ზარალი, ალბათ, სამ-ოთხ მილიარდზე დიდია.
დ.ა. პირდაპირ ზარალს თუ გულისხმობთ, ზარალი გაცილებით ნაკლები იყო. რაც შეეხება, არაპირდაპირს, ანუ შეუსრულებელ საინვესტიციო პროექტებს, აქ გათვლა სწორედ იმაზეა გაკეთებული, რომ რაღაც პერიოდში, დაახლოებით ერთი-ორი წლის შემდეგ, ძველი ინვესტიციები ისევ დაიწყებს შემოსვლას. ამას ხელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დასახულმა ღონისძიებებმა უნდა შეუწყოს.
ბათ: საქართველოს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც საკმაოდ დიდი თანხები გადმოეცა, მაშინ სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ აღებული ვალდებულებები დღეს ქვეყანას ტვირთად აწევს. ხომ არ არის იგივე მოსალოდნელი?
დ.ა. შემოსული თანხის დიდი ნაწილი ამ ქვეყნების საჩუქარია. რაც შეეხება სესხებს, რა თქმა უნდა, ესეც იქნება, მაგრამ შეღავათიანი პირობებით. იგი ქვეყანას მძიმე ტვირთად არ დააწვება, რადგან ვალის მოცულობა ჩვენი ეკონომიკის მოცულობასთან შედარებით საკმაოდ დაბალია.
ბათ: როგორია ეროვნული ბანკის როლი თანხის განკარგვის საკითხში?
დ.ა. პრიორიტეტებს მთავრობა განსაზღვრავს. ჩვენი როლია უზრუნველვყოთ მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რათა ინფლაციური საფრთხეები არ შეიქმნას.
ბათ: ინფლაცია მოსალოდნელია?
დ.ა. თუ ყველაფერი სწორად იქნება დაგეგმილი და განხორციელებული, არ არის მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის სახარჯო პოლიტიკა შესაბამისობაში იყოს ეროვნული ბანკის ერთიან მაკროეკონომიკურ მიზნებთან.
ბათ: რამდენად დამოუკიდებელია ეროვნული ბანკის საბჭო თავის გადაწყვეტილებაში?
დ.ა. ბანკი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს.
ბათ: დღეს რა კონკრეტული რეკომენდაციები აქვს ეროვნულ ბანკს მთავრობის მიმართ და თუ ითვალისწინებენ მას?
დ.ა. ჩვენ ვეუბნებით მთავრობას თუ რა მოცულობის დეფიციტი შეიძლება დაგეგმოს. ეს მაჩვენებელი შემდგომ მთლიან მაკროეკონომიკურ სურათს განსაზღვრავს, მოახდენს გავლენას მონეტარული მასის მოცულობაზე ქვეყანაში, რომელიც ინფლაციის მთავარი ფაქტორია. ჩვენი ამოცანაა დეფიციტი, რომელსაც ქვეყანა დაგეგმავს, ეროვნული ბანკის მიერ დასახულ ინფლაციურ ამოცანებთან შესაბამისობაში იყოს.
როცა ჩვენ ვნახავთ 2009 წლის ბიუჯეტს, რომელიც 1 ოქტომბერს უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში, უფრო კონკრეტულად გავაკეთებთ პროგნოზს. შეგვიძლია კონკრეტული ციფრობრივი მაჩვენებლები დავდოთ.
ბათ: დონორების მიერ გადმოსარიცხ თანხებთან დაკავშირებით რას სთავაზობთ ხელისუფლებას?
დ.ა. მეეჭვება, ახალ ბიუჯეტში, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში იქნება წარდგენილი, სრული მასშტაბით იყოს გაწერილი საერთაშორისო დახმარებები. რადგან ჯერ არ არის სრული ინფორმაცია.
საერთოდ, დიდი დახმარების შემოსვლაც პრობლემაა, მაგრამ ერთობლივი კოორდინირებული მუშაობით ამ თანხის სწორად განკარგვა შესაძლებელია. მისი დიდი ნაწილი სასურველია გაიწეროს ინფრასტრუქტურაში, ჯანდაცვასა და განათლებაში. ეს ყველაფერი გაზრდის მთლიან შიდა პროდუქტს. თანხა ნაკლებად უნდა დაიხარჯოს პენსიებზე, დახმარებებსა და ასეთი ტიპის სოციალურ პროექტებზე.
ბათ: მაგრამ ჩვენთან დევნილების დაბინავების პრობლემაა, მათთვის დახარჯული თანხა კი სამომხმარებლო ხარჯებში გადის.
დ.ა. მათ იმდენი უნდა მიიღონ, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. დახმარების კუთხით გასაცემი თანხა იმდენად დიდი მოცულობის არ არის, რომ პრობლემა შექმნას.
ბათ: გათვლილია დევნილებისთვის დასახარჯი თანხის რაოდენობა?
დ.ა. დიახ, ბიუჯეტში ეს უკვე გაიწერა და ეროვნულმა ბანკმა გაწერილ თანხებზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო, დადებითი დასკვნა გააკეთა. ამ ეტაპზე სრულიად მისაღებია სახელმწიფომ გაზარდოს ხარჯები, რადგან კერძო სექტორი ამ დროს ხარჯებს ამცირებს. ეკონომიკური ზრდა რომ არ შეჩერდეს, ეს აუცილებელია.
ბათ: ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეყნის რესურსებით ხდება ომის შედეგების რეაბილიტაცია?
დ.ა. სახელმწიფოს ჰქონდა დანაზოგი, რომელიც გამოიყენა. ბიუჯეტი, ხარჯვითი ნაწილი, 323 მილიონი ლარით გაიზარდა. ეს თანხა, ძირითადად, სწორედ დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად იქნება მიმართული.
ბათ: ანუ, ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმია?
დ.ა. რაღაც ნაწილში მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ რაღაცა უკვე კონკრეტულად გადაწყვეტილია. ის, რომ ამერიკა 450 მილიონი დოლარით წელს დაგვეხმარება, ეს უკვე ვიცით. სახსრები კონკრეტულ დროში რომ გაიწეროს, შემდეგ კონკრეტულ სახელმწიფოებთან გვექნება კონსულტაციები.



No comments: