div#header

Friday, September 19, 2008

22 წლის მსჯავრდებულს 18 წელი მიუსაჯეს

მოწმეს, რომელიც ჩვენებას შეცვლის, სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ელის. საქართველოს პარლამენტში მზადდება ცვლილებათა პაკეტი ამ ნაწილის შესაცვლელად. მოსალოდნელი ცვლილების თანახმად, წინასწარ გამოძიებას მოწმის დაკითხვის უფლება აღარ ექნება. ეს უფლება მთლიანად სასამართლოს გადაეცემა.

ნათია როყვა

ორი მოწმის ისტორია

სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჩვენების შეცვლის გამო მისცეს. საქმე ქობულეთში მომხდარ ყაჩაღობას ეხებოდა და ამ საქმეში მოწმე თავად დაზარალებული იყო.

მოწმე გოგონამ გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება მეორე დღეს შეცვალა და განმარტა, რომ სიმთვრალის გამო დეტალები მეორე დღეს გაახსენდა. მოწმემ ერთი კვირა ბათუმის ციხეში გაატარა, შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს, ოჯახმა ხუთი ათასი ლარი გადაიხადა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზში, მოწმე გურამ ონიანი მოსამართლე დავით გელაშვილმა დაჰკითხა. გურამ ონიანმა, რომელიც ასევე იყო დაზარალებულიც და მოწმეც, თავის დროზე 22 წლის ზურაბ გორგილაძეში თავდამსხმელი ამოიცნო. გამოძიების მასალებით, გორგილაძემ დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე, ონიანის ბინაში უკანონოდ შეაღწია. მას სხეულის განზრახ დაზიანება და ყაჩაღობაც ედებოდა ბრალად. ეს დანაშაული 22-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესზე მოწმემ თქვა, რომ ზუსტად არ ახსოვს, თავდამსხმელი გორგილაძე იყო თუ არა.

ამ ჩვენებას სასამართლო დარბაზში განსასჯელის ღრიალი მოჰყვა. ის მოწმეს სთხოვდა, მისთვის თვალებში შეეხედა და ისე ელაპარაკა… `ზუსტად არ მახსოვს~, _ გააგრძელა მოწმემ (საუბარი იყო დეტალებზე, თუ როგორი იყო ის პიროვნება, ვინც მას თავს დაესხა_ავტ).

მოსამართლემ მოწმე გააფრთხილა, რომ ის ჩვენების შეცვლის შემთხვევაში დაისჯებოდა. ახმაურებულ მხარეებს კი მოსამართლე ჯარიმით დაემუქრა...

პროცესის დასრულებას დაზარალებული არ დალოდებია. განსასჯელს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

როცა მოწმე ჩვენებას ცვლის

`მოწმეს მაშინვე ბრალს უყენებენ. პრაქტიკაში ხშირია ასეთი ფაქტი~, _ ამბობს იურისტი რამინ პაპიძე. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 370- მუხლი, ჩვენების შეცვლის შემთხვევაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასაც ითვალისწინებს. თუმცა კანონის ამ მოთხოვნას ამჟამად არავინ იყენებს~.

იურისტის თქმით, `ზოგჯერ, როცა ემოციები გადის და აღმოჩნდება, რომ შენი ჩვენების საფუძველზე ვიღაცამ რამდენიმე წელი ციხეში უნდა გაატაროს, ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, მოწმე ჩვენების შეცვლას ცდილობს~.

ეს გამოძიებისთვის უდიდესი პრობლემაა. იხარჯება სახელმწიფოს რესურსები ამა თუ იმ დანაშაულის გასახსნელად და აღმოჩნდება, რომ ჩვენება, რის საფუძველზეც რაღაც ღონისძიებები ჩაატარა ძიებამ, გამოუსადეგარია. ჩვენების შემცვლელის კანონით დასჯა სწორედ ამის გამო გადაწყდა.

მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი ან თარჯიმანი გამოძიების არასწორი ინფორმირებისთვის ისჯება თავისუფლების აღკვეთით. მაგრამ კანონით, თუ მოწმე ნებაყოფლობით განაცხადებს, რომ მან არასწორი ჩვენება მისცა, იგი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

`ბრალდების მხარე ხშირად ახირებულია და ჩვენების შეცვლის დროს მოწმეს მაშინვე ბრალს უყენებს. გამოძიება იმას არ არკვევს, რატომ მოიტყუა მოწმემ? იქნებ მაშინ უფრო ტყუოდა, როცა პირველად აძლევდა ჩვენებას. _ ამ კითხვას არავინ სვამს, რადგან გამომძიებელს საქმე უფუჭდება~, _ ამბობს იურისტი პაპიძე.

სისხლის სამართლის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებებით კი წინასწარ გამოძიებას ჩვენებების ჩამორთმევის უფლება აღარ ექნება. ამის პრეროგატივა სასამართლოს გადაეცემა. კანონში ცვლილება შევიდა და ჩვენების შეცვლა პატიმრობას ითვალისწინებს.

ვინ არის მოწმე?

მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, ვისაც არსებული საქმეზე რაიმე მტკიცებულება გააჩნია. მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და თქვას ყველაფერი, რაც საქმის ირგვლივ იცის, უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, არ გაამჟღავნოს საქმის დეტალები თუ მან ამის შესახებ გამომძიებლისგან სპეციალური დადგენილება მიიღო. ასევე, აუცილებელია მოწმემ მიცემული ჩვენება გადაიკითხოს და ისე მოაწეროს ხელი, `ხშირად ჩვენების დამახინჯებაც ხდება~.

რამინ პაპიძის თქმით, მოწმეს არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლო გამოძიებისთვის, მისი ჩვენება მტკიცებულებაა, თუმცა `მოწმის ჩვენებით არ წყდება პირი დამნაშავეა თუ არა, ის უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად~. არსებითი მნიშვნელობა აქვს ასევე მოწმის რაოდენობასაც, იურისტი ასევე ამახვილებს ყურადღებას მოწმის უსაფრთხოებაზე: `დღეს მოწმე დაუცველია, მის უსაფრთხოებაზე კი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს~.

როდის შეიძლება ჩვენების

მიცემაზე უარის თქმა?

ჩვენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ადამიანს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა, კანონი ამ შემთხვევაში ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებობს გამონაკლისი, ადამიანს შეუძლია არ მისცეს ჩვენება ოჯახის, მეუღლის, შვილის, დედის, მამის, დის ან ძმის წინააღმდეგ.

გამოძიებას არ აქვს უფლება მოწმედ დაკითხოს იურისტი, რომელმაც განსასჯელს კონსულტაცია გაუწია, ასევე კანონით იკრძალება ჟურნალისტის დაკითხვა, რომელმაც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება მოაგროვა. იკრძალება სასულიერო პირის დაკითხვა, რომელმაც აღსარების გზით მიიღო გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია. გამოძიებას არ აქვს უფლება დაკითხოს სახალხო დამცველი, როგორც მოწმე, ასევე მოსამართლეები, რომლებმაც ითათბირეს რაიმე გადაწყვეტილებაზე. კანონმდებლობით ასევე აკრძალულია მცირეწლოვანისა და ავადმყოფის დაკითხვაც, როგორც მოწმის.

No comments: