”ბათუმელები” რუსულ-ქართულ კულტურულ ურთიერთობასა და მის მიზეზებზე გადაცემა ”წითელი ზონას” ავტორს, კინომცოდნე გოგი გვახარიას ესაუბრა.
- ბატონო გოგი, საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების კულტურის ექსპორტისთვის დღემდე საუკეთესო ადგილად რჩება. გარდა იმისა, რომ რუსეთის აუდიტორია გაცილებით დიდია, თქვენი აზრით, კიდევ რა არის ამის მიზეზი?
- რა თქმა უნდა, მენტალობა. საბჭოთა კავშირი დაინგრა ფორმალურად, მაგრამ ის ადამიანებში არ დანგრეულა. არა მგონია, ეს რუსული კულტურა იყოს, ეს საბჭოთა კულტურაა. რუსეთი ამ კულტურის მემკვიდრეა, ამიტომაც გრძელდებოდა კულტურის ექსპორტი. ეს კულტურა იმდენად არის რუსული, რამდენადაც ქართულია.
- ხშირად ამბობენ, რომ რუსეთში ქართველ მომღერლებსა თუ მსახიობებს დიდ პატივსსცემენ, რუსებს უყვართ ბუბა, ნანი ბრეგვაძე და სხვა პოპულარული ქართველები. რითაიხსნება ეს სიყვარული? ნიშნავს ეს იმას, რომ რუსებს მართლა უყვართ და ესმით ქართულიკულტურა?
- ამ სამყაროში მორალი ორ რამეს არ გააჩნია, ეს არის პოლიტიკა და სექსი. მე მგონი, რაღაც სექსუალურ ვნებასთან გვაქვს საქმე. ქართული და რუსული კულტურა თან განსხვავებულია, თან ბევრი აქვს საერთო და ეს საერთო არ არის მხოლოდ საბჭოთა მემკვიდრეობა (თუმცა საბჭოთა მემკვიდრეობამ ეს კიდევ უფრო გააერთიანა). როდესაც ერთი დოზით არსებობს საერთო და განსხვავებული, არის სექსუალური ვნებები. არ მინდა ვთქვა სიტყვა `ავადმყოფური~ ან `ამორალური~, რადგან სექსში ეს კატეგორიები არ არსებობს, მაგრამ რაღაც ფიზიკურ ლტოლვასთან რომ გვაქვს საქმე და არა სულიერთან, ეს ფაქტია.
ნანი ბრეგვაძეც, ბუბა კიკაბიძეც რუსეთში გულწრფელად უყვართ, არანაირი ფარისევლობა არ არის ამ სიყვარულში, მაგრამ ეს არის დაპყრობითი სიყვარული, სიამაყე იმით, რომ შენ დაიპყარი უცხო კულტურის ადამიანი, რომელიც გიყვარს. რესტორანი გაუხსენი და კონცერტებს უმართავ, ფულს აძლევ და თვლი, რომ მხოლოდ რუსეთში შეძლებენ ეს არტისტები კარიერის გაკეთებას და ვთქვათ, არა ევროპასა და სხვა ქვეყნებში.
- გამოდის, რუსების სიყვარული ქართული კულტურისადმი, თავისი შინაარსით, ცოტა არ იყოს, წააგავს ქართველი მამაკაცების სიყვარულს რუსი მანდილოსნებისადმი...
- ძალიან ჰგავს. სხვათა შორის, ქართველების სიყვარული რუსული კულტურის მიმართაც დაახლოებით იგივეა. მე ვთვლი, რომ ეს სიყვარული არ უნდა დაინგრეს. ყველანაირი სიყვარული, როგორი ამორალურიც არ უნდა მოგეჩვენოს, კარგია. უყვარდეთ ქართველ მამაკაცებს რუსი ქალები და რუსულ პუბლიკას ნანი ბრეგვაძე, ამაში ცუდი არაფერია, მთავარია, ეს პოლიტიკას და ისტორიას არ შეეხოს. ქვეყანა არ უნდა დაზარალდეს ამით, თორემ ამ სიყვარულში მე ცუდს არაფერს ვხედავ. როგორც კი ამ სიყვარულის გააზრება მოხდება, შეიძლება ბევრი პრობლემა მოიხსნას, მე არა მაქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი თავს დაგვანებებს, მაგრამ რაღაც პრობლემები შეიძლება გადაწყდეს. ამდენი რამ მოხდა და ვიცი, რომ ბევრს მაინც გული უჩუყდება რუსული ენის გაგონებასა და რუსული ფილმების ნახვაზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ხალხს ღირსება არა აქვს, უბრალოდ, ეს კულტურა უკვე მათშია და ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ ჩვენ ამისგან განვთავისუფლდეთ.
- საშიში ხომ არ არის, რომ ბევრი ქართველისთვის რუსულ ენას მშობლიურობის ელფერი დაჰკრავს?
- ნამდვილად საშიშია. მშობლიური ენა ერთია. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ლაპარაკობს დღემდე. არამგონია, ეს გააზრებულად კეთდებოდეს. უკვირთ, როდესაც ვეკითხები, რატომ არ თარგმნიან ფილმებსა და რუსი პოლიტიკოსების კომენტარებს ქართულად. ამბობენ, ეს ხომ ყველას ესმისო. ისინი საკუთარ თავს მაინც რუსული კულტურის ნაწილად თვლიან. ასე რომ არ იყოს, რუსეთმა ძალიან ბევრი `კარგი~ საქმე გააკეთა: ჯერ ვიზები მოიგონა, მერე გამოგვაგდო იქედან, ახლა ამოგვწყვიტა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს დისტანცია გაჩნდეს, მაგრამ ვნება რუსული კულტურის მიმართ, მაინც არსებობს.
- თუ ხელოვნება არ უნდა მოწყდეს მიმდინარე პროცესებს, როგორ უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა, ასეთ დროს პროპაგანდისტული კულტურა რომ არ მივიღოთ?
- ახლა ვერავის ვურჩევდი, ეს ამბები ასახოს კულტურაში. ბევრი რამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. პირადად მეც ასე ვარ. წერილი დამიკვეთა ჟურნალმა და უარი ვუთხარი, ძნელია დაწერო ან გააკეთო ისეთი რამ, რაც შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებს. ეს განსაკუთრებით ხელოვნებას ეხება. რა თქმა უნდა, ანალიტიკური წერილებიც უნდა დაიბეჭდოს, უნდა ვიფიქროთ იმ მიზეზებზე, რამაც დღემდე მიგვიყვანა, მაგრამ ცოტა უნდა გაცივდეს გონება. არა მგონია, ახლა ლექსების წერის დრო იყოს.
- რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველების დიდმა ნაწილმა ომის გაჩაღებაში საქართველოს დასდო ბრალი, ნაწილმა კომენტარისგან თავი შეიკავა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში კულტურის წარმომადგენლების პოზიციების დაფიქსირება და რატომ?
- ადამიანურად მესმის მათი, მათ ეშინიათ. რა თქმა უნდა, უკეთესი პოზიცია იქნება გაჩუმება და არა იმიზე ლაპარაკი, რაც არ იცი. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება და თიკა კანდელაკმა რა იცის. მე პირადად, არასოდეს მჯეროდა ორი რუსეთის არსებობის, მაგრამ ამ სიტუაციაში ნამდვილად მიხარია, რომ არიან ადამიანები რუსეთში, რომლებიც საშინელი პროპაგანდისტული წნეხის მიუხედავად, ცდილობენ თქვან სიმართლე. ზოგჯერ ისინი გაცილებით უფრო საინტერესოდ აანალიზებენ სიტუაციას, ვიდრე ჩვენი, ეგრეთ წოდებული ანალიტიკოსები. მე მგონი, უნდა შევეცადოთ, რომ ამ ადამიანების რიცხვი რუსეთში რაც შეიძლება მეტი იყოს.
No comments:
Post a Comment