div#header

Friday, September 19, 2008

შეზღუდვები ბიზნესსესხებზე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იმისათვის, რომ მკვეთრად არ შემცირდეს ბანკებიდან სესხების გაცემა, რეფინანსირების ოპერაციები დაიწყო. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შემუშავდა სპეციალური ინსტრუმენტი _ 150 მილიონი ლარის საბანკო სექტორზე მიწოდებისათვის.

ირმა ზოიძე/ბათუმელები

მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა კვლავ მისცა შესაძლებლობა კომერციულ საფინანსო სტრუქტურებს გაეცათ სესხები, ბათუმში არსებული ბანკების ფილიალთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ და ყველა იმ ოპერაციას ასრულებენ, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის დადგომამდე სთავაზობდნენ კლიენტებს. მათ შორისაა, საკრედიტო ბარათებით თანხის გაცემა, სამომხმარებლო, იპოთეკური და სასწავლო სესხები.

საკრედიტო ბარათებს აჭარაში ოთხი ბანკი გასცემს: ბანკი `რესპუბლიკა~, `ტაოპრივატბანკი~, `თიბისი~ და `საქართველოს ბანკი~.

თუმცა გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაშია ბიზნესსესხებზე. ოფიციალური ცნობით, ბანკთა ნაწილი ჩვეულებრივ გასცემს ბიზნესსესხებს, თუმცა არაოფიციალურად ცნობილია, რომ ბანკებიდან სესხის გამოტანა გაცილებით უფრო გართულდა.

`ტაოპრივატბანკი~, საომარი მდგომარეობის გამო შექმნილი რისკების გათვალისწინებით, მაქსიმალურ ზღვრულ თანხად, რომელიც ამ ეტაპისთვის შეიძლება ბიზნესზე გაიცეს, 20 ათას დოლარს ასახელებს.

`ეროვნული ბანკის~ მიმართვაში მითითებული იყო, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ სესხების გაცემის პროცესს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, კრედიტორი გადახდისუნარიანი იყოს, მაგრამ ეს მითითება გავითვალისწინეთ და ამ ეტაპისთვის მაინც დავაწესეთ მაქსიმალური ზღვრული ნორმა _ 20 ათასი დოლარი~ _ ამბობს `ტაოპრივატბანკის~ კორპორატიული კლიენტების მენეჯერი, ნინო იოსავა.

`პროკრედიტ ბანკის~ ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ დაკარგული დროის ანაზღაურებას აპირებენ და ამიტომ თანხების გაცემაში არავითარი შეზღუდვა არ იქნება.

სესხი ბიზნესისთვის გაიცემა `ბაზის ბანკშიც~. როგორც აქ გვითხრეს, განსაკუთრებული ყურადღებით მაინც სტუდენტური სესხების აღების საბანკო ისტორიას სწავლობენ.

კვლავ ფრთხილობენ `ვითიბი~ და `საქართველოს~ ბანკებში, _ ისინი ამ დროისთვის ბიზნესკრედიტებს არ გასცემენ. თუმცა ამავე ბანკებში სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების მიღება კვლავაც შესაძლებელია.

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, გასცენ თუ არა ბიზნესსესხები, როგორც ჩანს, ჯერ არ მიუღიათ `თიბისი~ ბანკში, საიდანაც დიდი მცდელობის მიუხედავად, ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

No comments: