div#header

Friday, September 19, 2008

ნატო-ს სხდომის შედეგები

საქართველოში ორი დღით ნატო- წევრი ქვეყნების ელჩები იმყოფებოდნენ. გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა. თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ბლიც-ინტერვიუში ამ სხდომის შედეგებს აფასებს:

ირმა ზოიძე/ბათუმელები

_ ხელშესახები, კონკრეტული, რაც საქართველოს ამ სხდომამ მოუტანა, კომისიის შექმნაა. საქართველომ ამ გადაწყვეტილებით გარკვეული პრივილეგიები მიიღო. თუ საქართველო ჩათვლის, რომ მის სუვერენიტეტს რაიმე ემუქრება, მას შეუძლია კომისიის სხდომა მოიწვიოს. ამ პრივილეგიით ნატო- წევრი ქვეყნები სარგებლობენ.

_ და თუ საქართველო მიმართავს, რას მოიმოქმედებს ეს კომისია ან ნატო?

_ მას შეუძლია აამოქმედოს სერიოზული დიპლომატიური ბერკეტები. ჯერჯერობით, სამხედრო დახმარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს რუსეთთან კონფრონტაციას გულისხმობს.

_ საქართველოს ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავაც შეიარაღება სახელდება. იმ დროს, როცა MAP-იც კი არა აქვს, რამდენად სავალდებულოა საქართველოს შეიარაღება ნატო- სტანდარტებს შეესაბამებოდეს?

_ ნატო- მკაცრი მითითებაა, რომ ფული, ძირითადად, თავდაცვაზე ორიენტირებულ შეიარაღებაზე დაიხარჯოს. ჩვენ, ძირითადად, თავდასხმაზე გვქონდა ფული დახარჯული. დიდი რაოდენობით ტანკი თავდასხმის იარაღია. დაცვისთვის გაცილებით უკეთესია ანტისაჰაერო და ანტისატანკო დანადგარები. ჩვენ ბევრი ტანკი გვქონდა. სააკაშვილმა საკმაოდ მკაფიო სიგნალი მიიღო, რომ დემოკრატიული რეფორმები უნდა დაჩქარდეს. საქართველოს არ შეუძლია ისეთი ჯარი შექმნას, რომ რუსეთს გაუმკლავდეს ან გადაჭრას ამოცანები ავღანეთსა და ერაყში. საქართველოს რაც შეუძლია, დემოკრატიის გამყარებაა. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ის დასავლური ტიპის სახელმწიფოა.

_ ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველო აღარ იღებს. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას და თუ ასეა, მაშინ ნატო ხომ არ არის ის ორგანიზაცია, რომელმაც შეიძლება საქართველოს მომავალი განსაზღვროს ტერიტორიებთან დაკავშირებით?

_ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება რუსეთის მომავალი. ბოლო მოვლენები მოწმობს, რომ რუსეთს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნა თავისი დამოკიდებულებების გამო. ამერიკიდან, ევროპიდან ამუშავებულმა ბერკეტებმა თავისი შედეგი მოიტანა. საქართველოს სტაბილურობა და განვითარება ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადაჭრას. ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებით, უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური მიმართულებით წინსვლა და დემოკრატიული რეფორმები.

_ ამ ჩამონათვალში ნატო არ გიხსენებიათ.

_ ნატო- თავისი ბერკეტები აქვს. ის, რაც ნატო- უკვე გააკეთა რუსეთთან მიმართებაში, რუსეთს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მათ აღარ აქვთ ინფორმაცია ნატოს-გან _ ჯარები სად მიდის, რა ხდება, სად არიან განლაგებული. აქამდე მათი ურთიერთობა ღია და გამჭვირვალე იყო. ეს ყველაფერი მორჩა. ცხადია, ეს რუსეთის პარანოიას გაზრდის და აიძულებს შეიარაღებაზე დანახარჯები გაზარდოს, რაც მის ეკონომიკას ტვირთად დააწვება.

_ ამ შეხვედრებიდან ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა თუ გამოჩნდა?

_ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რა გვინდა, ნატო-მაც უნდა მოიფიქროს მას რა უნდა. აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ უნდა მოხდეს. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ნატო-ში ჩვენ ამ ტერიტორიებით უნდა შევიდეთ. ამიტომაც ტერიტორიების დაბრუნებაზე უნდა ვიმუშაოთ. შესაძლებელია, MAP- მივიღოთ.

_ კი მაგრამ რუსეთი...

_ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ არ მეგონა, რომ რუსეთის ეკონომიკას ასეთი რამ დაემართებოდა, მაგრამ მისი ეკონომიკა შეუქცევადად ეცემა. უკვე განახევრდა რუსული საფონდო ბირჟის ინდექსი. რუსეთი გაცილებით ძლიერი მეგონა.

_ ნატოში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის გარეშე რამდენად შესაძლებელია?

_ დასავლეთ გერმანია აღმოსავლეთის გარეშე შევიდა ნატო-ში, მაგრამ აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი გაერთიანებაზე ოცნებობდა. ჩვენთან სხვა ვითარებაა. აფხაზეთსა და ოსეთიდან ქართველები გამოაძევეს. დარჩენილი მოსახლეობა კი ჩვენთან გაერთიანებაზე არ ფიქრობს. ამიტომაც ტერიტორიების დაბრუნებაზე პარალელურად უნდა ვისაუბროთ. ასეთი პრეცედენტი ნატო- ისტორიაში არ ყოფილა.

_ მედვედევმა თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს ამ ალიანსის კონფლიქტში ჩათრევას მომავალშიც. მედვედევის რჩევას ხომ არ გაითვალისწინებენ?

_ მედვედევის რჩევებს უკვე არავინ გაითვალისწინებს.

_ სხეფერის მითითებებს თუ გაითვალისწინებენ საქართველოში?

_ ამას, პირველ რიგში, პოლიტიკური ნება სჭირდება. თუ ასეთი ნება არ იქნა, ქვემოდან ეს პირობები არასოდეს შეიქმნება. ყოველთვის შეიძლება მთავრობამ თქვას, რომ საზოგადოება ამისთვის მზად არ არის; ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა შეიძლება მართლაც დაბალია, მაგრამ თუ მთავრობა ხელს არ შეუწყობს მის ამაღლებას, ის ასევე დაბლა დარჩება. ამას ხელი, პირველ რიგში, სასამართლო რეფორმით უნდა შეუწყოს. დღეს სახელმწიფოს ეს სჭირდება და მთავრობამ ეს უნდა გააცნობიეროს.

No comments: