div#header

Friday, September 19, 2008

ინტელიგენციის ფარისევლობის შედეგი

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ცხრა პარტია იღებს მონაწილეობას. ”ქრისტიან დემოკრატებისაპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილი პარტიაა და ბათუმელ ამომრჩეველთან ურთიერთობის დიდი ხნის ისტორია არ აქვს. იგივე ითქმის ჯონდი ბაღათურიას პარტიაზეც, ქართული დასი”, ფაქტობრივად, ერთი კაცის პარტიად მიიჩნევენ. პარტიის ოფისი ბათუმში დღემდე არ ფუნქციონირებს. ისინი პარტიული სახეების მოძიებას წინასაარჩევნოდ იწყებენ. ბათუმში ოფისი და თანაპარტიელები არც პაატა დავითაიას პარტიასჩვენ თვითონჰყოლია.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები


ეს ის პარტიებია, რომლებსაც არც წარსული აქვთ და არც მომავალი”, _ ამ შეფასებას ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიის დოქტორი, სოციოლოგი ნუგზარ ჩხაიძე იმ პოლიტიკური პარტიების მისამართით აკეთებს, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ. 90-იან წლებში იგი `მრგვალი მაგიდიდან~ აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი და ბათუმის საკრებულოს წევრიც იყო.

.. ბატონო ნუგზარ, როგორ შეაფასებდით იმ პარტიების გამოცდილებას, წარსულსა და დღევანდელობას, რომლებიც აჭარის არჩევნებში მონაწილეობენ?

.. მათი წარსული არ არსებობს, ყველა ერთია _ ერთი დღის და ერთი კაცისგან შექმნილი პარტიები. ამიტომ მათი დღევანდელი პატრიოტიზმიც ფარისევლობაა. ამ პარტიების უმეტესობა შევარდნაძის იდეოლოგიისგან იშვა. ყოფილი მოქკავშირელები არიან. არც ერთი მათგანი ეროვნულ ძალას არ წარმოადგენს, ამიტომ მათ მიმართ სიმპათიით არ ვარ განწყობილი.

.. იმ პარტიებზე რას ფიქრობთ, ვინც უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე?

.. არაფრით არ განსხვავდებიან ამათგან. პოლიტიკაში ყველა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად არის მოსული. ამიტომ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს რას წაიბურტყუნებენ. კობა დავითაშვილი, რომელიც თავს დებს პატრიოტიზმზე, მთავარი ინიციატორი იყო პასპორტიდან ეროვნული რეკვიზიტების ამოღებისა. მათი დღევანდელი მეტამორფოზა არაგულწრფელია. ბინძური ბიოგრაფია აქვს ყველას და ყველა თამაშობს ეროვნულობას.

.. ფიქრობთ, რომ ხმებს ვერ მიიღებენ?

.. ისე იქნება, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა. 18 ადგილიდან, ალბათ, 15- ნაცმოძრაობა მიისაკუთრებს, ორ ადგილს ქრისტიან-დემოკრატებს მისცემენ, ერთსაც ჯონდი ბაღათურიას გადაუგდებენ, რომ ფრაქცია შეიქმნას. ჩემი აზრით, ამას დიდი გათვლა არ სჭირდება. ამიტომ მენანება ის თანხები, რომელიც ამ ფარსზე უნდა დაიხარჯოს.

.. აჭარის უმაღლესი საბჭოს გასულ არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან, ფაქტობრივად, არც ერთი მათგან აღარ იღებს არჩევნებში მონაწილეობას.

.. გარიგებაა. ოპოზიციონერები, რომლებიც ვითომ წვენს ადენდნენ ქვას, მოხდნენ თუ არა პარლამენტში, ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცნენ. გიორგი თარგამაძე რომ ოპოზიციის ლიდერი იქნება, საოცარია. იგი ასლან აბაშიძის მთავარი იდეოლოგი იყო. კარგად მახსოვს მისი პოლიტიკური ჭიკჭიკი. ზიანის მეტი მათ ქვეყნისთვის არაფერი მოუტანიათ. დღევანდელი დღე მათ ვერ შეცვლის. პრესას მაინც გადახედონ კარგად და ნახავენ ვინ იყვნენ.

.. როგორ ფიქრობთ, ასლან აბაშიძეს კიდევ აქვს პოლიტიკური დასაყრდენი აჭარაში?

.. ასლან აბაშიძეს აქვს უზარმაზარი პოლიტიკური დასაყრდენი. აჭარის უშიშროებას აქვს ინფორმაცია, რა ხდებოდა აქ 9 აგვისტოს. ვინ სად იკრიბებოდა და ვინ სად გარბოდა. არსებობს კონფიდენციალური მასალა, რომელი მაღალჩინოსნები გაიქცნენ სარფიდან. სარფის საბაჟოზე ნახონ სია, ვინ გავიდა და რამდენი ფული გადაირიცხა უცხოეთის ბანკებში.

.. ფიქრობთ, რომ რუსული აგენტურა მუშაობს?

.. ბევრი აგენტი ჰყავთ, ოღონდ არა ისინი, ვისაც დღეს ხელს ადებენ. მოღალატეები ის გენერლები არიან, რომლებმაც სენაკში რუსებს ჩააბარეს 70 ტანკი და სხვა იარაღი; სად არის მამუკა ყურაშვილი? როცა ცოტნე გამსახურდიას დასდევენ, დააკავონ ის გენერლები, ჯარი რომ მიატოვეს და ბრძოლის ველიდან გაიქცნენ; ის ადამიანები, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს საქართველოს მოსახლეობის დაცვა. დღეს ხელისუფლებაში უზით პეტრე მამრაძე, რომელსაც იგორ გიორგაძემ პირდაპირ დაადო ხელი კრემლის აგენტობაში. მთელი ენერგორესურსები რუსებზეა გადაცემული.

.: თქვენი აზრით, უმაღლესი საბჭოს არსებობა დღევანდელი ფორმით, რამდენად გამართლებულია?

.. უმაღლესი საბჭოს არსებობას, ეფექტურობა-არაეფექტურობის კუთხით არ განვიხილავდი, რადგან რეალობამ დაგვანახა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაშლელად, ყველაზე ეფექტურად ავტონომიებს იყენებს. ამიტომ არის აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს აჭარის ავტონომია, რადგან ეს არის ლენინ-ათათურქის მიერ შექმნილი ანტიქართული წარმონაქმნი. ავტონომიას განსხვავებული ეთნიკური ნიშნის გამო აძლევენ ხოლმე, ამიტომ ძალიან სასაცილოა, რომ ავტონომია აჭარას რელიგიურობის ნიშნით მიეცა. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ამას თავის დროზე, თურქეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად გარკვეული გამართლება შეიძლება ჰქონდა, მაგრამ დღეს სრულიად არაფრისმომცემია.

.. ბევრი ავტონომიას, თვითმმართველობის შენარჩუნების არსებობით ამართლებს.

.. ესეც ადგილობრივი ინტელიგენციის ფარისევლობის შედეგია. თუ დეცენტრალიზაციასა და უფლებების გაფართოებაზეა საუბარი, ამას ავტონომია არ სჭირდება. მაგალითად, საფრანგეთში ცხოვრობენ ელზასელები, გერმანული ტომი. არავითარი ავტონომია არ აქვთ და თავსაც მშვენივრად გრძნობენ. არც მრავალეროვნულ სახელმწიფოებში არსებობს ავტონომიები. დემოკრატიას კი რეგიონალიზმი არ სჭირდება, მთელ სახელმწიფოზე უნდა ვრცელდებოდეს. როცა დღეს ევროპაში მოხსნილია ბარიერები სახელმწიფოებს შორის, ერთ ციცქნა სახელმწიფოში ხელოვნურ ბარიერებს ვქმნით. ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელმაც ძალიან კარგად იფეთქა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

.. როგორ ფიქრობთ, ბოლო პოლიტიკური მოვლენები: ომი, დამარცხება, აისახება ამ არჩევნების დროს ნაცმოძრაობის რეიტინგზე?

.. რომ იყოს სამართლიანი არჩევნები, სულ სხვა გადანაწილებას მივიღებდით, მაგრამ პარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაფერი წინასწარ კვოტირებულია. თუნდაც ამომრჩეველი არ მივიდეს, ზუსტად იმას მიიღებენ, რაც ნაციონალებს უნდათ. საზოგადოებას არავინ არაფერს ეკითხება, რადგან ხელისუფლება უზურპირებულია. თავისუფალი ინსტიტუტები არ არსებობს, მედია შეზღუდულია. კონფლიქტის შედეგებს დღეს-ხვალ შეიძლება არა, მაგრამ, საზოგადოების მხრიდან, მაქსიმუმ, ნახევარი წლის შემდეგ, აუცილებლად ექნება საპროტესტო გამოძახილი.

No comments: