ისტორია ჩაიწერა ნინო ძანძავამ/ სპეციალურად ”ბათუმელებისთვის”
7 თუ 8 აგვისტო. არავის გამოვუძახებივარ, მე იმათ შემატყობინეს, ვისთან ერთადაც ვმსახურობდი. ვაზიანში გავემგზავრეთ. იქედან გორში უნდა წავეყვანეთ დიდი ავტობუსით. სხვადასხვა ბატალიონებიდან ვიყავით, ჩვენი ხალხის ნაწილი უკვე გაეგზავნათ. ვაზიანში ფორმები მოგვცეს და აკაემის იარაღი დაგვირიგეს. ის იარაღი და ფორმები შეგვხვდა, რომელსაც რეზერვში ვიყენებდით, ფორმებს ჩვენი გვარები ეწერა.
ვაზიანში მისვლამდე, ერთი საათით ადრე, ბომბი ჩამოაგდეს, ამიტომ მხოლოდ ყაზარმები იყო განათებული, სადაც იარაღს და შმოტკებს არიგებდნენ. დაბომბვის შემდეგ თვითმფრინავების მოძრაობა გახშირდა. ბაზიდან მოშორებით დავბანაკდით. ყვითელ ავტობუსებს ორ-ორად ან თითო-თითოდ უშვებდნენ გორისკენ. ავტობუსები შუქჩამქრალები გადაადგილდებოდნენ. მათ სპეცნაზის ტოიოტას ჯიპები მიუძღოდნენ წინ. ღამის სამ საათზე წაგვიყვანეს, ერთბაშად სამი თუ ოთხი ავტობუსით. გორში გამთენიისას ჩავედით. ავტობუსში ჩაგვეძინა და თვალები რომ გავახილეთ, მთელი გორი რეზერვისტებით იყო გავსებული. მინიმუმ შვიდი ათასი ვიქნებოდით.
ნერვები მომეშალა, როდესაც ვაზიანში ტყვიები არ დაგვირიგეს. ცარიელი იარაღი მოგვცეს; კოჯრის ბატალიონის ერთ-ერთმა უფროსმა _ ნემსიწვერაძემ გვითხრა, რომ ტყვიებს გორში დაგვირიგებდნენ.
გორში ტყვიების თხოვნა დავიწყეთ. ტყვიების გარეშე იარაღი ხომ თოხია. მე ერთი რაჟოკი დავტენე. სულ სამ-სამი გვქონდა. საკვებს რაც შეეხება, ვინმე თუ იტყვის, საჭმელი არ გვქონდაო, ტყუილია. რეზერვს გორში ყველაფრის შევსება შეეძლო (წყალი, საკვები).
11-12 საათისთვის ცენტრისკენ დავიძარით. მანამდე ჰოსპიტალთან ახლოს ვიყავით. ყველა თავისუფლად მოძრაობდა. ზოგი ქუჩებში იარაღით იწონებდა თავს.
სტალინის ძეგლს გავცდით და რაღაც დიდ შენობაში შეგვიყვანეს. ამ იდიოტებმა ავტობუსები შენობასთან განათავსეს, დაახლოებით ათი ავტობუსი. თან ეს ავტობუსები ყვითელია და კარგად ჩანს.
მე მესამე სართულზე მოვთავსდი. ოთახებში ფანჯრებს დიდი მინები ჰქონდა. ზოგი მათ ქვეშ დაწვა. ჩემ გვერდით ასმეთაური თემურ გაბისონიაც იყო. ნახევარ საათში დაარტყეს. მინები ჩაიმსხვრა, ხალხი პანიკაში ჩავარდა. კორპუსი, რომელსაც ჭურვი მოხვდა, არ მინახავს. მეგობრებმა ნახეს, მაღაზიაში იყვნენ გასული და ნახეს... ტალღა იმხელა იყო, რომ ჩვენს კორპუსში ყველაფერი ჩაამსხვრია, თითქოს შუაზე გააპოო. ბიჭები კიბეებზე ჩამორბოდნენ, ერთმა ხელი მოიტეხა _ გისოსებში მოჰყვა, მის უკან კი არავინ გაჩერდა და გადაუარეს. მე კიბეებისკენ არ დავძრულვარ, ჩვენი ასმეთაური აფხაზეთში იბრძოდა და მაგასთან ვიყავი. ჩვენ, ხუთნი, ვინც ერთად ვიყავით, არ დავპანიკებულვართ.
შიშისგან ტანში ჟრუანტელმა დამიარა. როდესაც ყველამ ჩაირბინა, რუგზაკები ავიკიდეთ და ჩვენც ჩამოვედით. ვხედავ, რომ უფროსობა არაა. არც ჩვენი ბატალიონის მეთაური, არც ოფიცრობა, არც ლეიტენანტები, არც კაპიტნები, არც კორპუსში, არც გარეთ. მხოლოდ ჩვენს ასმეთაურს ვხედავ. საერთოდ, ასმეთაური რეზერვისტებიდან ირჩევა. ჩვეულებრივი პიროვნებაა, რომელსაც სამხედრო გამოცდილება შეიძლება არც ჰქონდეს.
ამ აჟიოტაჟში ჩემი ასმეთაურიც დამეკარგა. გადავწყვიტეთ, კორპუსს მოვშორდეთ. ჩვენ რომ დავრბოდით აქეთ-იქით, ექვსჯერ მაინც ჩამოყარეს ბომბები. ყველაფერი ზანზარებდა.
უფრო დასახლებული კორპუსებისკენ გავრბოდით, ვიფიქრეთ, რომ იქ არ დაატყამდნენ. გზაზე ვნახეთ ერთი ტიპი, რომელიც შიშისგან კანალიზაციის მილში ძვრებოდა. იქ ძაღლიც კი ვერ შეძვრება. პანიკაში იყო, იწვა, თავი შეეყო რაღაცნაირად. უფროსობაზე ამიტომ ვარ ნერვებმოშლილი, ასეთ სიტუაციაში დაპანიკებული ადამიანები უნდა დააწყნარო.
ერთი ფერდაკარგული იმეორებდა, სად არის ჩემი ბატალიონიო, ვეუბნები, წამოდი ჩვენთან ერთად, თავი შევაფაროთ სადმე, ეს კი დგას, ჩემს ბატალიონს უნდა დაველოდოო.
200 მეტრში ერთ-ერთ სადარბაზოში შევედით. ჩვენ შვიდს შორისაც ატყდა პანიკა - სახორცე მასალა ვართო. ტყვიებს არ გვაძლევენ, უფროსობა არ ჩანს. ზოგს აზრი გაუჩნდა, გორს როგორმე გავეცალოთო. ორმა ვთქვით, რომ როგორმე უფროსობა მოგვეძებნა.
გარეთ აჟიოტაჟია. ძებნა-ძებნაში ჩვენი ბიჭები ვნახეთ ასეულიდან. წესით 81 უნდა ვყოფილიყავით და ორმოცდაათ-სამოცამდე ვართ. ასეულში ზოგი ფიქრობს ტყეს შევაფაროთ თავი, ზოგმა თქვა, იქვე დავრჩეთ, სხვები კი თბილისში აპირებენ წასვლას.
იქვე ახლოს, სხვა ბატალიონიდან უფრო ვზროსლი ტიპები იდგნენ, რეზერვისტები. ჩხუბი აგვიტეხეს, სად მიდიხართ, დაწყნარდითო. თუმცა ცოტა ხანში მაგათაც დაიწყეს დაცლა.
კოჯორში როდესაც ვიყავი, ერთი ტიპი იყო, რეზერვისტებს აკონტროლებდა. ეს ტიპი ვიცანი, წვრთნების დროს, ბუჩქებიდან გვითვალთვალებდა. ვკითხეთ, საით წავიდეთ? გვიპასუხა, არ ვიცი, რაც გინდათ, ის ქენითო. თვითონაც პანიკაში იყო. 50-წლამდე იქნება. ბოლოს ისიც გაქრა სადღაც. არ ვიცი, როგორ ქრებოდნენ.
12-მა კაცმა, ჩვენი ასეულიდან, თბილისისკენ წასვლა გადავწყვიტეთ, ფეხით. თბილისისკენ დავიძარით. საბავშვო ბაღს მივუახლოვდით და ბიჭები ვნახეთ. გამოველაპარაკეთ. არ ვიცი, რამ დამარტყა, რა დროს თბილისისკენ წასვლაა-მეთქი. დანარჩენები ტვინს მიხვრეტდნენ, წამოდიო. მაინც დავრჩი, ისინი მას შემდეგ თვალით არ მინახავს.
ისევ დაბომბვა. თავშესაფრის ძებნა დავიწყეთ. სარდაფი ვიპოვეთ. მე ოც ადამიანთან ერთად პადვალში მოვხვდი. ტელეფონებით რადიოს ვუსმენდით, რომ გაგვეგო რა ხდება. ზოგი მშობლებთან რეკავდა, ისინი ეუბნებოდნენ, წამოდით რუსები გორისკენ მოდიანო. პანიკა შემოიტანეს. ვიღაცები წავიდნენ, გორი რეზერვისტებისგან იცლება. ვინც მიდიოდა, მათ ტყვიებს ვართმევდით. უკვე არ ვიცით, სად წავიღოთ ამდენი, ჩანთებში ვყრიდით.
ცოტა ხნით სიტუაცია მიწყნარდა, ზოგი გარეთ გამოვიდა, წამოწვა. ვინმე უფროსს ველოდებით. არავინ ჩანს. ბოლოს პატარა ყვითელი ავტობუსი დავითრიეთ, გაირკვა, რომ სადღაც აკადემიაში შტაბი გაუხსნიათ. გზაზე სხვა ავტობუსებიც ვნახეთ, რეზერვისტებით სავსე. სტადიონთანაც იკრიბებოდნენ თურმე. გადაწყვეტილებას თვითონ იღებდნენ რეზერვისტები.
მიმართულება შეგვეშალა, ამასობაში მძღოლი გაგვექცა. ვეძახდით და არ გააჩერა. აკადემიამდე ფეხით მივაღწიეთ. იქ დაგვხვდნენ უფროსები, მაგრამ ისინი არა, ვისაც წესით ჩვენ უნდა ვეკონტროლებინეთ. ერთ-ერთი ასათიანი იყო. დაიწყეს დათვლა თუ ვინ დარჩა. იქ იყვნენ კოჯრის 121-ე, 122-ე, 123-ე და სხვა ბატალიონებიდან. გაგვაფრთხილეს, ხეებს ამოეფარეთო. საღამოს შვიდისკენ ასათიანმა ძველ ქარხანაში შეგვკრიბა. სტადიონიდანაც მოიყვანეს ხალხი, გორში დარჩენილი ყველა რეზერვისტი. გორში არ ეტეოდნენ რეზერვისტები და ახლა ამ ერთ დიდ შენობაში დავეტიეთ. ასათიანი გვეუბნება _ ცხინვალისკენ მივდივართ, ბიჭებს უნდა დავეხმაროთ, ვისაც გინდათ მოდიხართ, ვინც არ, იარაღს ტოვებს და თბილისში მიდის ავტობუსებით.
როგორც მივხვდი, აქ უკვე რეზერვისტობის ამბავი კი არა, მოხალისეობა იჩითება.
უცებ ორმოციდან თხუთმეტნი თუ ოცნი დავრჩით ასეულში. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს და როდის. თან გვახლდა ოცმეთაური, ჩვეულებრივი რეზერვისტი. მან თქვა, ცხინვალისკენ წავიდეთო. ერთი დ. იყო ჩვენთან, მამამისი ცხინვალში იმყოფებოდა, თბილისში რა მინდაო, მამა ცხინვალშიაო (მერე აღმოჩნდა, რომ მამამისი თბილისშია). მეც აზარტში ვარ უკვე შესული. საბოლოო ჯამში, 20-დან ხუთმა ცხინვალზე უარი თქვა, ამ დ.-ს ძმამაც კი. უფროსი ეუბნება, თბილისში წამოდიო, უმცროსი კი ჯიუტად პასუხობს _ შენ წადი, ცოლი მოიყვანე, მე თავი დამანებეო. ვემშვიდობებით მათ ვინც მიდის. თხუთმეტნი ვრჩებით. ოცმეთაურიც რჩება, თუმცა ჩანს, რომ არ უნდა. მერე გვეუბნება, ჩვენი უფროსობა აქ არ არის და ვის წავყვეთო. არადა, ვიცით, რომ ავტობუსი უნდა მოვიდეს.
11 თუ 12 საათია. ჩვენი ბატალიონის უფროსი, ნემსიწვერაძე თურმე ქარელიდან რეკავს. არ ვიცი, ქარელში როგორ აღმოჩნდა, ალბათ შიშით... ჩემი ბრძანების გარეშე ბატალიონმა ფეხი არსად გადგასო. ბრძანება გასცა რა. ეს ამბავი ოცმეთაურმა მოგვიტანა.
ც.-მ, დ.-მ და მე მაინც ცხინვალისკენ მიმავალ კოლონაზე გაყოლა გადავწყვიტეთ. უკვე აღარ ვემორჩილები ადამიანს, რომელმაც გორში მიმატოვა დაბომბვის დროს... ოცმეთაურმა, ჩემს ბრძანებას როგორ არ ემორჩილებითო. ოცმეთაური თუ ხარ, შტაბში გამომყევი-მეთქი. შტაბში შევედით. ამან ვიღაც ასმეთაური გამომიყვანა, რომელიც მე კაპიტანი ან ლეიტენანტი მეგონა. მეუბნება, გიჟები ხომ არ ხართ, ბრძანებას როგორ არ ასრულებთო. ტვინში ამასხა. შიგნით შევვარდით სამივენი და ველაპარაკებით, რომ უფლება არ აქვს გვიბრძანოს. ის კი ჟარგონებით გველაპარაკება - ხომ არ უბერავთ, გაუპტპახტი და ა.შ. მაშინ ვუთხარი, ასათიანს, შტაბის უფროსს ვკითხოთ-მეთქი.
ეს რომ ვთქვი, ასმეთაური სადღაც გაქრა. კარებში ასათიანი შემოდის, ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო (ჩინი არ ვიცოდი, მაგრამ მეგონა რომ ასე იქნებოდა), ცხინვალისკენ გვინდა წასვლა. გვიპასუხა _ თუ გინდათ, წადით შვილებო, თუ გინდათ დარჩით. აგერ კოლონა იქნება და წაყევით. ოცმეთაური ჩაკვდა.
გარეთ სამი ავტობუსი დგას და იტენება, სახელებს და გვარებს იწერენ. ვსხდებით. ჩვენი ასეულიდან მხოლოდ სამნი ვიყავით. მეოთხე ასეულიდან ვნახე მერე ბიჭები. უცებ ოცმეთაური ამოდის, ბიჭებო, მეც მოვდივარ, ჯერ სახელებს და გვარებს ჩავიწერო. როგორც შენ არ გინახავს, ისე არ გვინახავს მერე ეგ ჩვენ.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიარეთ, ტელეფონი გამორთული მქონდა. გზა შეეშალათ. ორი თუ სამი ტოიოტას ჯიპი გზაზე სიტუაციას ამოწმებს. ავტობუსებს შუქი ჩამქრალი აქვთ და იმათ მიჰყვებიან. გზაზე ჰაუბიცების ცეცხლს ვხედავთ. ბოლოს გავჩერდით. არ ვიცი, სად.
გათენდა. ირგვლივ ტყე, მოშორებით კი სოფლები გამოჩნდა. ბიჭებმა თქვეს, ქარელში ვყოფილვართო. სოფელი გავიარეთ და ტყეში შევედით. მერე ისევ პაიოკები დაგვირიგეს, მე ძირითადად, შოკოლადი ამომქონდა, სიარულის დროს ჭამა რომ შემძლებოდა. ჩამოვსხედით.ა ისევ პანიკა. პანიკა მომენტალურად ჩნდება ხოლმე, არ იცი საიდან, როგორ. სახლში დაიწყეს ვიღაცეებმა რეკვა, ტელეფონი მთავარი პრობლემა იყო. არადა ეს ბიჭები ნებაყოფლობით წამოვიდნენ ცხინვალში საბრძოლველად. და უცებ სახორცე მასალა და იგივე საუბარი: სადღაც გვაგზავნიან, სად, არ იციან. აქ უკვე ოფიცრებიც არიან, ბლომად. და ერთი კაპიტანი _ მურვაძე მოვარდა (ვაჟკაცი იყო), დაიწყო ღრიალი. ზოგმა უთხრა, თუ იქ მიგყავართ, სადაც უნდა მოვკვდეთ, გვითხარითო. მურვაძემ, კამიკაძე კი არ ვარ, ბრძანებას ველოდები და გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთო. 300 რეზერვისტი მაინც ვიქნებოდით.
თვითმფრინავები. გვიბრძანეს, დაიფანტეთო. ბუჩქებში ვიმალებით. საღამომდე ასე ვიწექით. მანამდე ტოტები დავჩეხეთ და ავტობუსებს გადავაფარეთ.
8-9 საათია. მოვეწყეთ. 9 კაცი გვაკლდა და ოცამდე რეზერვისტი გაიგზავნა მათ მოსაძებნად. გაირკვა, რომ ჩვენ გარდა სასტავია ტყეში და მაქ იმყოფება ჩვენი ასმეთაური გაბისონია და კიდევ ორი ბიჭი.
ბატალიონის უფროსი ნემსიწვერაძეც ვნახეთ და კიდევ ცანავაა ერთი. ეგეც უფროსი. ჩვენ გვეუბნებიან: თქვენ მაგარი ბიჭები ხართ, ისინი კი, ვინც გორიდან გაიქცნენ _ მშიშრები. რა თქმა უნდა, რეზერვისტებზე ლაპარაკობს, თავის თავზე ხომ არ იტყვის. მოკლედ, თქვენ მაგრები ხართ, მაგრამ თბილისში უნდა წახვიდეთო.
მერე გავარკვიე, რომ, თურმე, ბატალიონის უფროსი ვალდებულია დარჩეს, თუკი ბატალიონიდან ერთი მაინც ადგილზეა. ეს მაშინ არ ვიცოდით. დ.-მ - უარი, მეც - უარი... აღარ ვემორჩილებით, მაგრამ არც ვჩხუბობთ, ზრდილობიანად ვეუბნებით, რომ მივდივართ. ტიპი ნერვებმოშლილია.
მოვეწყეთ. გავიგეთ, რომ ცხინვალს უკვე რუსები იღებენ, ამიტომ უკან უნდა დავბრუნდეთ. ვისაც გინდათ გორის დასაცავად წამოვსლა, მწყობრიდან გამოდით, ვისაც არა, შეგიძლიათ ავტობუსით თბილისისკენ წახვიდეთო. 50-კაცამდე გამოვედით. დანარჩენებს უთხრეს, იარაღი ჩაებარებინათ. ჩააბარეს.
სერჟანტებმა სიგარეტები, ბინტები და პაიოკები დაგვირიგეს. ჩამორთმევის პროცედურა რომ დასრულდა. ჩემმა მეგობარმა, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა, მითხრა, რომ ვინც მიდის, მას იარაღი წაართვეს, პაცნები არიან და გააცურესო. ისიც მითხრა, ომში არასოდეს არავის მისცე იარაღიო. მერე მოგიწევს განმარტება, როგორ დაკარგე, რადგან შენ გაწერიაო.
ავტობუსში ჩავსხედით, სულ 80-მდე ვიქნებოდით, ოფიცრებთან ერთად. უკვე ბნელოდა, შუქი ისევ ჩამქრალი იყო. გზაში შემოგვიერთდა ავტობუსი, რომელიც მანამდე ჩვენ სიახლოვეს იყო. სულ 120 კაცამდე შევიკრიბეთ. ჩვენ ავტობუსს ჯიპი მიუძღოდა წინ, რომელიც უცებ გაჩერდა. რაციის ხმა მოგვესმა: რომელიღაც ვიცე-პოლკოვნიკს ელაპარაკებოდა ერთ-ერთი სამხედრო, გორისკენ მივდივართ და იქ სად მოვთავსდეთო. ვიცე-პოლკოვნიკმა უპასუხა, როგორც გინდათ, ისე მოიქეცითო. რაციაში ვიღაც თქვა, სამ საათში გორს გადაუვლიან რუსები, ამიტომ გორში ნუ წახვალთო. დავიძარით, არ ვიცი, საით.
გზაზე მძიმე ტექნიკა იყო: კატუშები, ბეტეერები, ზენიტკები, ტანკები... საზენიტო დანადგარებს ტრასებზე აყენებდნენ. მე, პირადად, 6-7 ზენიტკა ვნახე. ვივარაუდეთ, რომ ამას ჩვენი უსაფრთხოების მიზნით აკეთებდნენ. ბოლოს დასავლეთის ტრასაზე გავედით. იქაც უზარმაზარი კოლონა ვნახეთ ტანკებისა და დანადგარების. გვეგონა, რომ ზუგდიდისკენ მივდიოდით. არ ვიცი, სად გაქრა მერე ეს ტექნიკა. 8-9 ტოიოტაც მიდიოდა წინ, სპეცნაზელებით სავსე. ჩვენს მოძრაობას აკონტროლებდნენ. ერთ-ერთი სპეცნაზელი ჩვენს ავტობუსში გადმოჯდა, სციოდა. მან გვითხრა, რომ სურამისკენ მივდიოდით. რადგანაც სპეცნაზელი იყო, ვიფიქრეთ, მეტი ინფორმაცია ექნებოდა. გამოვკითხეთ დაღუპულთა რიცხვზე. მან თქვა 3-ათასამდე იქნებიან ჩვენგანო. ჯარისკაცებზე ლაპარაკობდა: ვაზიანის მეოთხე ბრიგადა გაქრა, სოდ-ის 350-კაციდან 20-30-ია გადარჩენილი, აჭარის სპეცდაჯგუფებიდანაც ბევრი დაიღუპაო. შეიძლება გადააჭარბა.
ღამეა. სურამის ციხესთან ავედით. ავტობუსების რაოდენობამ მოიმატა, რვა მაინც იქნებოდა. ღამე იქ უნდა გავათიოთ.
დილით ასეულის დანარჩენი ხალხიც ვიპოვეთ (მათ შორის ასმეთაური გაბისონია). გამოჩნდა ერთი ვიცე-პოლკოვნიკი და თანამდებობის სხვა პირებიც. ჩვენ მინდორზე ვისვენებდით, ისინი იქვე თათბირობდნენ. უცებ უფროსობას შორის ხიპიში დაიწყო. ზოგი აფხაზეთში ნაბრძოლი იყო, ზოგიც _ ახალი თაობიდან. სხვადასხვა გამოცდილების გამო აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ. სერჟანტებს შორის ბევრმა უარი თქვა შემდგომი მოქმედებების გაგრძელებაზე. ერთმანეთზე გაიწიეს კიდევაც. გააშველეს. რეზერვისტებმა თქვეს, ესენი ერთმანეთს ხოცავენ და ჩვენ რას გვიზამენო.
რეზერვისტების დაშლა დაიწყო, იარაღის დატოვება. გვემშვიდობებიან. შვიდნი ერთად ვართ და წასვლას არ ვაპირებთ. მე შემეშინდა, რომ მერე სხვები იტყოდნენ აი, წავიდაო. მხოლოდ იდიოტი და მატყუარა იტყვის, არ მეშინიაო. ცხინვალში წასვლაზე როცა იყო ლაპარაკი, მაშინაც მეშინოდა. აქაც, სურამში, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ვრჩები. თან ბიჭებიც რჩებიან და ეგეც მოქმედებს. სერჟანტებმაც კი დაშლა დაიწყეს. შეიძლება, რეზერვისტს წასვლის უფლება აქვთ, მაგრამ სერჟანტებს და მათ, ვისაც ხელი აქვთ მოწერილი, რომ ემსახურებიან სამშობლოს, წასვლის უფლება არ აქვთ. ფეხებზე დაიკიდეს, ფორმებს აბარებენ. შეიძლება ვაჟკაცები არიან, მაგრამ წავიდნენ _ განხეთქილება მოხდა. ნემსიწვერაძე და ცანავაც მიდიან. სამ-ოთხ ბიჭს დაგვავალეს, ვინც იარაღიანი გამოივლის, ყველას წაართვითო.
ჩავედით. ცანავა და ნემსიწვერაძე მოდიან. მე მომერიდა. მათი ჩინის გამო კი არა, ასაკით უფროსები არიან მაინც. ჩემი მეგობარი მივიდა და ეუბნება, იარაღი დამიტოვეთო. ბატალიონის უფროსი ვარ და როგორ მეუბნები ეგეთ რაღაცასო. ცანავა გაგიჟდა, თქვენ ხომ არ უბერავთ, იარაღს ვის ართმევთო. შელაპარაკების მერე, ცანავა წყნარ საუბარზე გადავიდა: ბიჭებო, გთხოვთ, წამოდით, აგერ ავტობუსია და ჩაგიყვანთო.
მერე გავიგეთ, რომ მანამდე ეხიპიშა ქარელში ჩვენს ასმეთაურ თემურ გაბისონიას (რომელიც ახლა აქ რჩებოდა). ნემსიწვერაძეს ეგონა, გაბისონია რჩებოდა სურამში და მისი ჯგუფიც ამიტომ რჩებაო. სინამდვილეში, გაბისონიასთან შეთანხმებული არ ვყოფილვართ. მოკლედ, ცანავამ დაიწყო გაბისონიაზე ლაპარაკი, ვათქმევინებ, აფხაზეთში რომ არ უბრძოლიაო. იარაღი ვერ ჩამოვართვით. ხომ არ ვცემდით ამხელა კაცს? ნემსიწვერაძემ სახლში ცოლ-შვილი მელოდებაო. ნერვები მოგვეთხარა, ჩემი ბატალიონიდან ბიჭები ძლივს დავაწყნარე. წავიდნენ.
60-მდე დავრჩით. აქედან 18 რეზერვისტი ვართ. ბრძანებას ველით. გამოგვიძახეს. ვიღაც ვიცე-პოლკოვნიკი დაგველაპარაკა, მანამდე არ მენახა. გვითხრა, ჩვენი მიზანი რიკოთის პერევალისკენ წასვლააო. თუ იქ რუსები გამოჩნდებოდნენ, უნდა ამოგვეხოცა. უნდა შევქმნათ ახალი ბატალიონი _ `თეთრი არწივიო~. ადრე აფხაზეთში იბრძოდა ეგ ბატალიონი, ყარყარაშვილს ეკუთვნოდაო. `თეთრი არწივის~ პირველი ასეული თქვენ იქნებითო. ვისაც გინდათ, სახლში წადითო.
დაიწყო მოწყობა, ათეულებად, ოცეულებად. ზოგს გრანამიოტები დააკავებინეს, ზოგს _ ავტომატები და პულიმიოტები. მე აკაესი მერგო, მირჩევნია _ ჩქარა ვმოძრაობ. ჯავშანჟილეტები, რაჟოკები, სნარიადები გრანამიოტებისთვის. საკვებიც მოიტანეს. სხვათა შორის, საკვები სოფლიდანაც მოგვდიოდა. ეს ყველაფერი ერთ დღეში ხდება.
კილომეტრნახევარი ვიარეთ აღმართში. ღამდება. უცებ აჟიოტაჟი ატყდა. უფროსობამ სირბილი დაიწყო. ხმა გავრცელდა, რუსებმა ალყაში მოგვაქციეს, ოსეთი დაიკავეს და დასავლეთიდანაც გვიტევენო. ყველამ ყველაფერი გადააგდეთ, მხოლოდ ავტომატები დაიტოვეთო. ასეც მოვიქეცით. მე ორი ცალი სნარიადი ბუჩქებში დავმალე, რაჟოკები არ გადამიგდია. დაბლა დავეშვით. ტრასაზე აღმოვჩნდით. ისეთი ხმაურით ვმოძრაობდით, რომ ნიკარაგუაში გაიგებდნენ, ალბათ. იმაზე ფიქრი დავიწყეთ, რომ ექვსნი ჩვენი ბატალიონიდან ამათ ჩამოვშორებოდით. ერთმა სამხედრომ გვირჩია, რომ გახვალთ, იარაღი მოიშორეთ, დაშალეთ და სადმე ჩამარხეთ, რუსებს არ ჩაუვარდეთო.
ამ აყალმაყალში ოთხნი დავრჩით, სხვები დაგვეკარგნენ. პატარა გორაზე ავედით. ვიფიქრეთ, რომ იარაღს მაინც არ გადავყრიდით. მერე ნათესავებთან დავრეკეთ, გავიგეთ, რომ რუსები მართლა გვიტევენ. რომელი რემბო მე ვარ. გრაჟდანები ჩავიცვით, იარაღი დავშალე, ნემსა ამოვაგდე და ლულა გავღუნე. სხვებმაც დაშალეს და გადააგდეს. გზა განვაგრძეთ. სოფლებით გავედით. სრული სიბნელე იყო. სახლებში შუქს არ ანთებდნენ.
ხაშურის წრიულამდე ვიარეთ და იქ სომხების ოჯახმა შეგვიფარა. დაგვაპურეს. მაგარი ხალხი იყო. მეორე დღეს გავიგეთ, რუსების ამბავი ტყუილიაო. ნერვები მომეშალა, იარაღი რომ გავაფუჭე, დამუღამებული მქონდა ჩემი იარაღი. უკან დავბრუნდით. ბუჩქებში ხმა მოგვესმა, მეგობარმა თქვა გავიქცეთო, მაგრამ ეგრე რომ გვექნა, უფრო საშიში იყო. ერთს რაცია ჰქონდა. გამოგველაპარაკა, ვინ ხართო. თვითონ ქსივა დააძრო, ხაშურის პოლიციის წარმომადგენელი იყო. გაბნეულ იარაღს ეძებდნენ და უკვე საკმაოდ ჰქონდათ მოგროვებული. ჩვენც ვანახეთ სადაც გვქონდა გადამალული და მივეცით.
მე და ჩემი მეგობარი ხაშურის ვაგზლიდან მარშრუტკით წამოვედით.
აი, ასე იყო.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მცემეს და ხელი ვერ ავწიე.
No comments:
Post a Comment